დეკანოზი საბა თავაძის სპექტაკლზე: მიმაჩნია, რომ ეს არის ზნედაცემულობის და ღმერთდაკაგულობის ფსკერი - არის საკითხები, სადაც გაჩუმება დანაშაულია. ამის გატარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

დეკანოზი საბა თავაძის სპექტაკლზე: მიმაჩნია, რომ ეს არის ზნედაცემულობის და ღმერთდაკაგულობის ფსკერი - არის საკითხები, სადაც გაჩუმება დანაშაულია. ამის გატარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

დეკანოზი საბა (ჭიკაიძე) რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეო-ქადაგებას ავრცელებს.

მისი თქმით, აუცილებელია, სახელმწიფო, სამთავრობო დონეზე მოხდეს სპექტაკლის დაგმობა და ასევე, უნდა დაგმონ თავად თეატრალებმა, ხელოვნების მოღვაწეებმა, რადგან „მსგავსი სპექტაკლები მათაც უსვრის სახელს“.

„მე მინდა, აუცილებლად შევეხო იმ მძიმე თემას, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაწუხებს. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ერთი თეატრის დასმა, რომელიც თავის თავს „სამეფო უბნის თეატრს“ უწოდებს და კონკრეტულად რეჟისორმა დათა თავაძემ, დადგა რაღაც სპექტაკლი, რომელსაც თავისუფლება უწოდა - „ლიბერტე“. სხვათა შორის, ეს მნიშვნელოვანია, რომ „თავისუფლება“ უწოდა, რადგან როგორც ჩანს, მათ ასე ესმით თავისუფლება და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია - როგორ გაუკუღმართებულად ესმით დღეს ადამიანებს თავისუფლება. ჩვენ წარმოუდგენელი ღვთის გმობა ვიხილეთ.

ჩემთვის ყველაზე მძიმე იცით, რა არის? - იმაზე მეტად, რომ თავისთავად ეს სპექტაკლი არსებობს და დაიდგა. გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც გამოთქვეს სურვილი ამ სპექტაკლში მონაწილეობის, რომლებიც გაეცნენ სცენარს, მსახიობებს ხომ შესთავაზეს - აი, შენ ეს როლი უნდა ითამაშო, ეს ტექსტი გაქვს სათქმელიო. მათ ეს ტექსტი დაისწავლეს - წარმოიდგინეთ რა! სახლში ისხდნენ, მუშაობდნენ და სწავლობდნენ, როგორ ეთქვათ კარგად, გამოთქმით.

კიდევ უფრო მძიმე ჩემთვის იცით რა არის? - რომ ამ სპექტაკლს მაყურებელი ჰყავს და საკმაოდ მრავალრიცხოვანი. როგორც მითხრეს, ეს სპექტაკლი ოქტომბრიდან მოყოლებული ანშლაგებით გადის და ბილეთის შოვნა ძალიან რთულია. ზოგიერთ იმასაც კი ამბობს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია, რაც კი ოდესმე უნახავთ. ეს ნამდვილად ტრაგედიაა, ჩემო კეთილო ადამიანებო! ნამდვილად ტრაგედიაა!

ღვთის გმობაცაა და ღვთის გმობაც. არსებობს რაღაც გარკვეული საზღვრები. როგორ არ მოგვისმენია, როგორ არ გვინახავს წლების განმავლობაში, წაგვიკითხავს, გაგვიგია, თუ როგორ აშკარად გმობდნენ ღმერთს ადამიანები. სხვა არის ღმერთის გმობა - ხანდახან ეს შეფარულად ხდება, ხანდახან ირიბად, მაგრამ სხვაა, როდესაც ეს ხდება პირდაპირ, დაუფარავად და ხდება ღმერთის გინეა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, სამების გინება, ისეო ქრისტეს გინება, შებილწვა. წარმოუდგენელი, ყურში რომ არ შეიშვება, ისეთი სიტყვების თქმა და სწორედ ეს მაოცებს, რომ ამ მსახიობს ნუთუ არაფრის ეშინია?! ან რეჟისორს, ნუთუ არაფრის ეშინია?! ასეთი უღმერთოები როგორ არიან?! ასეთი ღმერთდაკარგულები როგორ არიან, რომ ჯერ ამ როლზე დათანხმდე და მერე დაისწავლეს. ისე გამოთქმით ამბობენ! ეს ხომ არ არის მხატვრული ფილმი, სადაც ერთხელ იტყვი და ის ფილმში ჩაიწერება. ეს არის სპექტაკლი, თეატრი, სადაც შენ ყოველ ჯერზე, როდესაც გამოდიხარ ამ სპექტაკლში გიწევს ისევ ამ სიტყვების გამეორება. ისევ ისე რიხით, ისევ უნდა შეხვიდე როლში ბოლომდე და გამოთქვა შენი სათქმელი“, - განაცხადა მამა საბამ.

მისივე თქმით, ყოველთვის ცდილობს, ყოველი ადამიანის ქმედებას გამართლება მოუძებნოს. ეს კი ის შემთხვევა, რომლისთვისაც რაიმე გამართლების მოძებნა უჭირს.

„მართლა ვერ ვხვდები, საიდან უნდა გავამართლო?! მიმაჩნია, რომ ეს არის ზნედაცემულობის და ღმერთდაკაგულობის ფსკერი. ეს მსახიობები და თავად რეჟისორიც თავიანთი სულით, არჩევანით უკვე ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ბოროტი ძალის, ეშმაკის თანაზიარი არიან. ძალიან მინდა, რომ ისინი მიხვდნენ, სანამ ცოცხლობენ, სანამ ამ ქვეყანაზე არიან, სანამ პირში სული უდგათ და სანამ სინანულისთვის დრო აქვთ განკუთვნილი ღვთისგან. ძალიან დიდი სურვილი მაქვს და არ ვიცი, ეკლესია აუცილებლად ილოცებს მათთვის. მე პირადად ვილოცებ. გული დამეწვა, რომ ვუყურებდი, როგორ შეიძლება ქართველი ადამიანი, 100 ათასი ქართველის შთამომავალი ადამიანი, ასეთ დონეზე დაეცეს! ასეთ დონეზე დავარდეს! ასე ფსკერამდე დავიდეს ქართველი მოწამეების შთამომავალი, რომლებიც დაუფიქრებლად სწირავდნენ ქრისტესთვის თავს! ხატზე ფეხს არ აბიჯებდნენ და თავიანთი და შვილების სიცოცხლეს სწირავდნენ! დღევანდელი ქართველები, ჩემი შვილების თაობა, იმდენად დაეცნენ, რომ ასეთ უკადრებელს კადრულობენ! ეს წარმოუდგენელია, ჩემო ძვირფასებო. არის საკითხები, სადაც გაჩუმება დანაშაულია. ამის გატარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! ყოველმა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველმა აუცილებლად უნდა აიმაღლოს ხმა ყველამ თავისი ტრიბუნიდან თავისი სათქმელი აუცილებლად უნდა თქვას. მთელმა ქვეყანამ, მთელმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ერმა - ჩვენ ხომ გვაქვს ამის ამბიცია, ამის პრეტენზია, რომ მართლმადიდებელი, თავდადებული ქრისტიანები ვართ. ერთხმად უნდა გამოვხატოთ, ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ.

აუცილებლად უნდა დაიგმოს სახელმწიფო სამთავრობო დონეზე, უნდა დაგმონ თავად თეატრალებმა, ხელოვნების მოღვაწეებმა უნდა დაგმონ ეს ყველაფერი, რადგან მსგავსი სპექტაკლები მათაც უსვრის სახელს“, - განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, საქართველოს არაერთი ღირსეული მსახიობი ჰყავს, რომელთა ნაწარმოებებზე, სპექტაკლებზე თაობები გაიზარდნენ და მათ ეპოქა შექმნეს, ისინი ზნეობას ქადაგებდნენ.

სოციალურ ქსელში დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლიდან „ლიბერტე“ აუდიონაწყვეტი გავრცელდა. შინაარსმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის გამო.