სახელისუფლებო კულუარებში მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებაზე უკვე დაიწყო საუბარი და შეცვლის მთავარ კანდიდატებად ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრები სახელდებიან. ეს ეჭვი კი განსაკუთრებით ბაქრაძის გუშინდელმა განცხადებამ გაამყარა, როდესაც აღნიშნა, რომ პარლამენტს იანვრის შუა რიცხვებში რიგგარეშე სხდომის ჩატარება აუცილებლად მოუწევს.
ამგვარი სხდომის გამართვისათვის ჯერჯერობით არავითარი საფუძველი არ ჩანს. განსახილველი კანონპროექტიებიდან, ფაქტობრივად, არც ერთი არ არის, რომლის მიღებაც საჩქაროდ და გადაუდებლად ითვლება. იმ კანონებიდან, რასაც პარლამენტი იხილავს, უმეტესობა მესამე მოსმენით დღეს იქნება მიღებული
სამაგიეროდ, თუკი მთავრობაში ერთი წევრი მაინც შეიცვლება, პარლამენტს ნამდვილად მოუწევს შეკრება და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის თავიდან გამოცხადება.
ძნელი სათქმელია, პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინდელი მთავრობის შეცვლის თარიღი დააკონკრეტა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ დეპუტატები რიგგარეშე სხდომის გამართვისთვის გაფრთხილებულნი არიან.
როგორც გუშინ ბიუროს სხდომაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, პარლამენტს იანვრის შუა რიცხვებში რიგგარეშე სხდომის ჩატარება აუცილებლად მოუწევს, მაგრამ მას არ დაუსახელებია ის მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა დეპუტატები ნაახალწლევს უნდა შეაწუხოს.
სხვათა შორის, დიდი ინტერესი არც უმრავლესობის წევრებს გამოუთქვამთ და არც ოპოზიციის. თუმცა გასათვალიწინებელია ისიც, რომ ბიუროს სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ თორთლაძე და დავითაია ესწრებოდნენ და, შესაძლოა, მათთვის არც კი ჰქონდეს იმას მნიშვნელობა, რიგგარეშე სხდომა რა თემაზე გაიმართება. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ბიუროს სხდომაზე მყოფთათვის რიგგარეშე სხდომის მიზეზი ცნობილიც იყოს.
მაგრამ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არავის სურს და რატომღაც ყველა იმას აცხადებს, რომ როდესაც სხდომა გაიმართება, მიზეზს მაშინ გავიგებთ.
ცხადია, სხდომის გამართვისას მიზეზი გაცხადდება, მაგრამ არსებობს კითხვები, თუ ეს სხდომა რას შეიძლება უკავშირდებოდეს. კანონპროექტიებიდან, ფაქტობრივად, არც ერთი არ არის, რომლის მიღება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყოს. იმ კანონებიდან, რასაც პარლამენტი იხილავს, უმეტესობა მესამე მოსმენით დღეს იქნება მიღებული. ამასთან, თუ საქმე ეხება იმ კანონპროექტებს, რომელიც 1 აინვრიდან უნდა ამოქმედდეს, ცხადია, ეს უახლოეს დღეებში უნდა იქნას მიღებული და იანვრის შუა რიცხვებში რიგგარეშე სესიის გამართვა ვერაფერს შეცვლის.
რაც შეეხება ორ უმთავრეს საკითხს - საარჩევნო კოდექსსა და საკონსტიტუციო ცვლილებას, პირველის მიღება დღეს მესამე მოსმენით მოხდება და შესაბამისად, მიღებული პრინციპების განხორციელებას ხელს არაფერი შეუშლის. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც გადასახადების შემოღების თუ გაზრდის საკითხის რეფერენდუმით ითვალისწინებთ, ეს საკითხი დღეს პირველი მოსმენით მიიღება. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ პრინციპს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საჩქარო არაფერი არ არის, იმის სათქმელად, რომ დემოკრატიული რეფორმები ხორციელდება, ცვლილების პირველი მოსმენით მიღებაც საკმარისი იქნება.
სამაგიეროდ, თუკი მთავრობაში ერთი წევრი მაინც შეიცვლება, პარლამენტს ნამდვილად მოუწევს შეკრება და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის თავიდან გამოცხადება, ვინაიდან, მთავრობის ერთი მესამედი უკვე შცვლილია და კანონმდებლობით, თუკი ერთი მინისტრი კიდევ შეიცვლება, პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს.
რაც შეეხება სავარაუდოდ შესაცვლელ მინისტრებს, უნდა ითქვას, რომ სამთავრობო კულუარებში საუბარი რამდენიმე მინისტრთან დაკავშირებით მიმდინარეობს. შეცვლის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად კი ეკონომიკის მინისტრი სახელდება. მოხსნის საბაბი რა გახდება, ან მმართველი გუნდი მისით უკმაყოფილო რატომ არის, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ის საკითხები, რისი შეუსრულებლობაც ჟვანიას დაბრალდა, ისევ მოუგვარებელია. რაც მთავარია, როგორც ამბობენ, მის შემცვლელად რომელიღაც ბიზნესმენთან მიდის აქტიური მოლაპარაკება, თუმცა ამ ბიზნესმენის ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ.
ასევე შეცვლის კანდიდატებად სახელდებიან გარემოს დაცვის, საგარეო ურთიერთობათა და, როგორც ყოველთვის, ჯანდაცვის მინისტრი.
ცხადია, დაბეჯითებით იმის თქმა, რომ ეს ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება, ძნელი სათქმელია. მით უმეტეს, პრეზიდენტის ხასიათის გათვალისწინებით, მაგრამ, ფაქტია, რომ უახლოეს სამ კვირაში რიგგარეშე სესიის ჩატარება დაანონსებულია და სხდომის ჩატარების მიზეზი კატეგორიულად არ ხმაურდება.