რატომ არ აქვთ ქართველ ბიზნესმენებს მსოფლიო ბაზრებზე გასვლის ამბიცია

რატომ არ აქვთ ქართველ ბიზნესმენებს მსოფლიო ბაზრებზე გასვლის ამბიცია

მართალია, ანტიმონოპოლიური სამსახური რამდენიმე წლის წინათ გაუქმდა, როგორც თავისუფალი ბიზნესის ხელშემშლელი სტრუქტურა. თუმცა არა მხოლოდ ანტიმონოპოლიური, მას ბევრი სხვა სამსახურიც მიჰყვა, მაგრამ არა მხოლოდ იმის გამო, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, საქართველოს პარლამენტში რამდენიმე ხალხის რჩეულმა ახალი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა წარადგინა (სხვათა შორის, ამ  ტიპის კანონმდებლობისა და, შესაბამისად, სამსახურის არსებობას კარგა ხანია, დაჟინებით ითხოვენ ევროკავშირელი პარტნიორებიც). რამ გამოიწვია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის რეანიმაციის აუცილებლობა და რა როლის შესრულება შეუძლია მას ამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესებაში, –  თემაზე დემურ გიორხელიძე გვესაუბრება.

– ცოტა შემოვლითი გზით გიპასუხებთ: რას წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკა და რა არის დასავლური ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიგნება, რამაც ისინი აქცია იმად, როგორებიც არიან – წარმატებულ, მატერიალურად უზრუნველყოფილ ქვეყნებად. ეს არის ანონიმური თამაშის წესები ლეგალურ სფეროში ყველასთვის, როდესაც სახელმწიფო არის მთელი ამ თამაშების არბიტრი. დასავლური ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა კონკურენციაა. სწორედ კონკურენციამ, ადამიანის ნიჭისა და უნარის თავისუფალი გამოვლინების ნებამ, შექმნა ეს სამყარო. ხოლო, თუ შენ ამ თამაშის წესების დამცველი არც სახელმწიფო გაქვს და ცრუ და ყალბი რეფორმებით ატარებ ორდოქსულ პოლიტიკას, მარქსიზმის ანალოგიურ სახეცვლილებას, თუმცა სხვა ლექსიკის გამოყენებით, ბუნებრივია, შედეგი კატასტროფული იქნება. დასავლეთი შეცვალა კანონმდებლობამ, რომელმაც შეზღუდა მონოპოლიური ჯგუფები და დღევანდელი სახე დასავლურმა სამყარომ მიიღო სწორედ ამ კანონმდებლობების მაქსიმალურად გონივრულ ფარგლებში ამოქმედებით. თუ შენ არ იცავ თამაშის წესებს და არ გაქვს  ანტიმონოპოლიური სამსახური, მაშინ ბაზრის წესები ვერ ყალიბდება. ცრუ ლიბერალები ამბობენ, ბაზარი თვითონ არეგულირებსო, რადგან ბაზარი არაფერსაც არ არეგულირებს, კარგად წაიკითხონ ადამ სმიტი და დარწმუნდებიან. როდესაც კონკურენცია არ არის, მაშინ ბაზარზე ძლიერის, მუშტის კანონები ყალიბდება. აქ ჩვენ არ გვაქვს საუბარი არც საბაზრო ეკონომიკაზე და არც კონკურენციაზე და, რაკი ცუდად მიდის საქმე, ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით, იძულებითი გახდა ამ კანონმდებლობის მიღება. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ეს ევროკავშირის მოთხოვნით ხდება.

განვმარტოთრომ კონკურენცია თავისთავად იწვევს უნარიანიგონიერი ადამიანების გამოვლენას და მათი შეჯიბრი ქმნის სწორედ სიახლეს?

– მართლაც, რა საჭიროა ეს ანტიმონოპოლიური სამსახური? იმიტომ რომ, თუ კონკურენცია არ არის, მოთხოვნაც არ არის ნიჭიერ მმართველზე, ნიჭიერ ფინანსისტზე, ნიჭიერ ინჟინერზე.

ნიჭიერ დურგალზე.

– დიახ და ასე შემდეგ.  თუ შენ არ თამაშობ ამ თამაშის წესით და შენი ერთადერთი რესურსი ხელისუფლების მაღალჩინოსნის კეთილგანწყობაა, შენ არ გჭირდება კონკურენცია და აღარ ხარ ამბიციური. ქართველი, სამწუხაროდ, არაამბიციური ადამიანი აღმოჩნდა: მას არ უნდა მსოფლიო ბაზრებზე გასვლა. თბილისური,  ქართული მასშტაბი ძალიან მცირეა: გქონდეს რესტორნის ფული, გმფარველობდეს ხელისუფლების მაღალჩინოსანი, გყავდეს „ჯიპი“ და ერთი-ორი საყვარელი. ეს კი პრიმიტივის არეალია.

საბჭოთა სტანდარტს ჰგავსარა?

– მაგრამ ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ბიზნესი ამბიციური გამოდგა: აიღეთ აზერბაიჯანული, ყაზახური ბიზნესები. ეს უკვე სულ სხვა მასშტაბები და გაქანებაა. იქ დიდი რაღაცეები ხდება  და ის ხალხი მსოფლიო დონეზე თამაშობს უკვე. ჩვენი ბიზნესი კი არ თამაშობს მსოფლიო დონეზე. კონკურენცია აიძულებს ბიზნეს-ჯგუფს, ეძიოს საუკეთესო, რადგან ეს საუკეთესო სჭირდება იმისთვის, მისი საქმეები უკეთესად წავიდეს, იმიტომ რომ იმ ბაზრებზე, რომლებისკენაც ის უნდა მიისწრაფოდეს, ნიჭი სჭირდებათ. რა არის დღეს მთელ მსოფლიოში პრობლემა? რა არის დეფიციტური?

გონიერება?

– იდეების გენერაცია, ინტელექტით სავსე შემოქმედი ადამიანი. ეს არის ნომერი პირველი პრობლემა და სხვა არაფერი. ფული მთელ დასავლეთსა და აღმოსავლეთში არანორმალური რაოდენობითაა, მთავარია, სად წავიდეს ეს ფული, ამიტომ ეძებენ ნიჭიერ ადამიანს. უნდათ მისი რეალიზება და მისი იდეების ხელში ჩაგდება. აიღეთ შეერთებული შტატები: მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნადირობენ ნიჭიერ ადამიანებზე. ერთადერთი ქვეყანა, სადაც არავის აინტერესებს მაღალპროფესიული, წესიერი, დიდი პასუხისმგებლობის მქონე სპეციალისტი, ეს არის საქართველო. აქ არც ქვეყნის შიგნითაა კონკურენცია და ქვეყანა არც გარეთ კონკურირებს არავისთან. რით არის მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკა და დემოკრატიული სამყარო? ერთადერთი რამით: ის არის ანონიმური და აძლევს ყველა ადამიანს ამ თამაშის ფარგლებში განვითარების საშუალებას.

ესალბათერთადერთი გზაარომ ადამიანმა თავისი შესაძლებლობების მიხედვით მოიპოვოს სოციალური სტატუსირაც პირადად მე ძალიან მხიბლავს დასავლურ სამყაროში.

– ადამიანს სჭირდება არა მარტო კეთილდღეობა, არამედ მაღალი სოციალური სტატუსიც. რაკი მაღალი სოციალური სტატუსი სჭირდება, მას სჭირდება თავისი ნიჭისა და უნარის მაქსიმალური გამოვლენაც. მთელი დასავლური სამყარო იმითაა გამორჩეული, რომ ის ამის საშუალებას აძლევს ადამიანს. ეს უკვე აღმოსავლეთშიც აითვისეს და იმავეს აკეთებდნენ. ავიღოთ ჩვენი მეზობელი თურქეთი, მართალია, იქ უზარმაზარი ცვლილებებია და აღარ არის ის თურქეთი, რომელიც წელიწად-ნახევრის წინათ იყო, მისი ისლამიზაცია ხდება, მაგრამ ის სახელმწიფოზეა ორიენტირებული. გასაქანს აძლევენ შიდა რესურსებს და იმიტომაც ხდება ის პროგრესი, რომელსაც თურქული სახელმწიფო განიცდის. ჩვენ კი, ისევ ტყემალზე მსხდომთ, გვიხარია, რომ რაღაც გვაქვს და არაფერს არ ვუკვირდებით.

თუ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ინიცირება ევროკავშირის ზეწოლის შედეგი არ გგონიათესე იგიჩვენს ქვეყანაში ნიჭიერებაზე გაჩნდა მოთხოვნა?

– ხელისუფლების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი საკმაოდ გონიერი ადამიანია და რეალობას აღიქვამს ისე, როგორც უნდა აღიქვამდეს. როგორი ფიარ-კამპანიაც არ უნდა მოაწყო, რეალობა ოფიციალური სტატისტიკაა. რაკი ცუდი მდგომარეობაა, რადგან ასეთი მიზერული შემოსავლები დღეს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის, ისევე, როგორც სიღარიბისა და უმუშევრობის ამხელა დონე. ფაქტობრივად, სამუშაო ადგილების პერსპექტივა არ ჩანს. დასაქმების ერთადერთი სტაბილური ადგილი სახელმწიფო სექტორი იყო, მაგრამ იქაც სტაბილურობის არანაირი ნიშანი არ არის: ბოლო ერთ წელიწადში 16 000 ადგილზე მეტია შემცირებული. აი, ასეთ პირობებში, ბუნებრივია, იძულებითია ამ კანონის შემოღება, თორემ იმ ფსევდორეფორმატორების ნამოქმედარი აუცილებლად ნელ-ნელა შეიცვლება და გინდაც ეს ხელისუფლება დარჩეს, ის ნელ-ნელა ამას გაასწორებს. ფსევდორეფორმებით ადამიანი აბსოლუტურად უუფლებო გახდა, უუფლებო ადამიანი კი პროდუქტიული ვერ იქნება. მონებს კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არაფერი შეუქმნიათ. ამერიკელებს აქვთ ასეთი გამოთქმა: დასავლეთი ამბიციური მამაკაცების მიერ შეიქმნა, ის წარმატებაზე ორიენტირებულმა ადამიანებმა შექმნეს. მონას, ღარიბს, დაბეჩავებულ ადამიანს შემოქმედების უნარი არ აქვს, მისი არსებობის ერთადერთი მიზანია ლუკმაპურის შოვნა, რომ სული შეინარჩუნოს. დაბეჩავებული ადამიანი მკვდარია საზოგადოებისთვის.

ვერაფრით ვხსნი: „ჩაკრულო“ გლეხების სიმღერააანუ დაბეჩავებულების?

– გლეხი მონა არ ყოფილა და პატრონყმობის ინსტიტუტი საქართველოში ძალიან განსხვავებული რამ იყო. სამწუხაროდ, ჩვენი ისტორია არ გვაქვს გააზრებული. ჩვენ ვიცით შტამპებზე აგებული ისტორია, რომელიც უფრო ჩვენს გამოთაყვანებას უწყობს ხელს და მხოლოდ წარსულის ამბებს გვიყვება. ჩვენ არ ვიაზრებთ წარსულს, რაც მომავალში გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება. ასეთ სიტუაციაში მოხდა ის, რაც ხდება: როდესაც ხელისუფლება იძულებულია, არა თავად, არამედ დეპუტატების გარკვეული ჯგუფის მიერ მოახდინოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ინიცირება. რა თქმა უნდა, მთავარი მაინც შედეგია, მაგრამ ამ საქციელშიც ვხედავ ლოგიკას. ვიმეორებ: საქართველოს მომავალი და მისი გამდიდრება ნამდვილად ლიბერალურ რეფორმებშია, ნამდვილად დემოკრატიაშია. ამაზე უკეთესი სხვა მოდელი ჯერჯერობით არ არსებობს, თორემ, როდესაც უკეთესი იქნება, დემოკრატიას ჩვენც გადავაგდებთ, ისევე, როგორც დასავლეთის ქვეყნები გადააგდებენ. რაკი ასეა საქმე, მაშინ სიტყვებს უნდა მივცეთ თავისი შინაარსი: ლიბერალური რეფორმები უნდა იყოს ნამდვილად ლიბერალური რეფორმები. ლიბერალური რეფორმები, რომლებიც ადამიანს ღარიბსა და უუფლებოს ხდის, უსახო არსებად აქცევს და მხოლოდ რამდენიმე ჯგუფის სასარგებლოდ არის მიმართული, ბუნებრივია, შედეგიანი ვერასდროს იქნება. უნდა გამოსწორდეს ეს? გინდა თუ არა, უნდა გამოასწორო. იძულებული ხარ, მით უმეტეს, როდესაც შენი ქვეყანა მთლიანად იმპორტზე დაკიდე და საკუთარი მოხმარებაც კი მინიმალურ დონეზე გაქვს უზრუნველყოფილი. ამ იმპორტის უზრუნველყოფისთვის ვალუტა გჭირდება. ამ ვალუტის წყარო არ გაგაჩნია, მაშინ რა უნდა ქნა? ბიზნესი უნდა გახსნა და ბიზნესმა კანონიერ სივრცეში უნდა შეძლოს ადამიანების დასაქმება. თუ ანტიმონოპოლიურ კანონს არ შემოიღებ, იმ ოლიგარქიულ ჯგუფებს, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან ასოცირებული, არასდროს გაუჩნდებათ დამოუკიდებლად სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა: ისინი არ დაუშვებენ კონკურენციას. სიხარბეს საზღვარი არ აქვს. ეს დასავლეთმა უკვე გამოსცადა და როდესაც მიხვდა, რომ კატასტროფამდე მივიდოდა, რომ იტყვიან, ხელკეტი დაიკავეს ხელისუფლებებმა და ჩასცხეს ყველას, ვისაც მადა ღორულ მასშტაბებამდე გაეზარდა.

თქვენი ვარაუდითეს იქნება არა კანონი კანონისთვისარამედ კანონი მონოპოლიებისა და ფარული კარტელური გარიგებების წინააღმდეგ?

– კანონი კანონისთვის უაზრობა იქნებოდა, რადგან შედეგზე არ იქნება ორიენტირებული, სიტუაცია ისეთია, რომ რაღაც შედეგი უნდა მივიღოთ. მე საუკეთესო ვარიანტიდან ვუყურებ ამ კანონს, საქართველოს მომავალი არის ევროპული მიდგომები, რადგან ქვეყანა უნდა გამდიდრდეს, ქვეყანაში უნდა იყოს სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობა. ამას კი ყველაზე საუკეთესოდ ევროპული გზა იძლევა. ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა და არა –  ვიღაცის საწინააღმდეგოდ. ის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელიც, დღეს ჩვენდამი ყველაზე მტრულად განწყობილი სახელმწიფოც, იმავე გზას ადგას, იმიტომ რომ დასავლეთის გარეშე არც მას აქვს მომავალი.

ასე რომ, ვფიქრობ, ეს იძულებითი კარგი ნაბიჯია და მას სხვა საკანონმდებლო ინიციატივებიც უნდა მოჰყვეს. აუცილებლად უნდა აღდგეს სურსათის კონტროლის სამსახური, ყველა ის სამსახური, რომლის გარეშე არ არსებობს სახელმწიფო. არ შეიძლება, შენი სახელმწიფო იყოს სანაგვე, სადაც მსოფლიოს ნარჩენები და ისეთი პროდუქტები იყიდება, რომლებსაც არც ერთი თავმოყვარე ადამიანი არ ყიდულობს. რაკი შენ გიჭირს, თითქოსდა ლიბერალური რეფორმებით, მოხსენი ეს კონტროლი და გამოვიდა, ოღონდ რაღაც ეყაროს შენს ქვეყანაში და რა მნიშვნელობა აქვს, რა?! არადა ახლა ისეთი სიტუაციაა  ქვეყანაში, რომ იმპორტჩამნაცვლებელი წარმოების განვითარებისთვის შესანიშნავი პირობებია. მაშინ, როდესაც მსოფლიოში პროდუქტებზე ფასები იზრდება, შენი აუთვისებელი აგრარული სექტორი –  დიდი პოტენციალის მქონე, მიტოვებულია. არაფერს ვამბობ ბევრ სხვა ისეთ რამეზე, რის წარმოებაც წარმატებით შეიძლება საქართველოში. ესეც გადაფარული იქნა ისეთი არანორმალურად უაზრო განცხადებით, რატომ უნდა ვაწარმოოთ ჩვენ, თუ შეიძლება, რომ გარედან შემოვიტანოთო. მაშინ, ამ ლოგიკით, საერთოდ რატომ უნდა ვარსებობდეთ ჩვენ, თუკი გარეთ სახელმწიფოები შესანიშნავად არსებობენ?!