რატომ გახდა გენერალი მაზნიაშვილი იძულებული, დაეტოვებინა სოჭი

რატომ გახდა გენერალი მაზნიაშვილი იძულებული, დაეტოვებინა სოჭი

სოჭი ამჯერად ოლიმპიადაზე წასვლა-არწასვლის გამო მოექცა ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა, თუ ისტორიას გადავხედავთ, იყო დრო, როდესაც დღეს ამ ერთ-ერთ რუსულ ქალაქში, მართალია, 1918 წლის 6 ივლისიდან 1919 წლის 8 თებერვლამდე, მაგრამ მაინც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდებოდა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელ სიმონ კილაძესთან ერთად გავიხსენებთ ამ ჩვენს არცთუ შორეულ ისტორიას.

რატომ გაუჩნდა საქართველოს მთავრობას სოჭის დაქვემდებარების სურვილი?

– რამდენიმე მიზეზის გამო: ამიერკავკასიაში ამიერკავკასიის სეიმი და კომისარიატი იყო, როდესაც აფხაზეთში ბოლშევიკური მოძრაობა დაიწყო. მათ მოაწყვეს აჯანყება და სოხუმის ოლქში, ანუ დღევანდელ აფხაზეთში გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება. ჩამოაყალიბეს რევკომი და არც საბჭოთა რუსეთთან შეერთების სურვილს მალავდნენ. აფხაზი ბოლშევიკების დაპირებებით მოხიბლულმა გლეხთა კარგად შეიარაღებულმა რაზმებმა, ჩრდილოკავკასიელი კომუნისტების დახმარებით, 1918 წლის 26 მარტს ქალაქი სოხუმი დაიკავეს. მაისში კი სოხუმის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭომ მიიღო დადგენილება საბჭოთა რუსეთთან შეერთებაზე. გარდა ამისა, ისინი უახლოეს მიზნად ამიერკავკასიის კომისარიატის დამხობასაც, ანუ თბილისისკენ წამოსვლას მიიჩნევდნენ, რომ თავიანთი ხელისუფლება გაევრცელებინათ. რა დასამალია და, აფხაზი ბოლშევიკების ლოზუნგს: „მიწა –  გლეხებს“, წამოეგო სამურზაყანოს, ანუ გალის მაზრის გლეხობის ნაწილი, რამაც ვითარება უფრო დაძაბა. ასეთ პირობებში ამიერკავკასიის სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება სოხუმის ოკრუგში წესრიგის აღდგენის შესახებ.

როგორ ჰგავს ეს ამბავი სულ ახლახან, 2008 წელს ჩვენს თავს გადამხდარ ისტორიას.

–  განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სეიმმა ეს დადგენილება სოხუმის ოლქის მმართველი ადგილობრივი ორგანოს თხოვნით მიიღო, რომელთა წევრები იყვნენ გავლენიანი თავადები: შერვაშიძე, მარშანია და სხვები. მართალია. თბილისისადმი დაქვემდებარების მომხრენი, მაინცდამაინც, არ იყვნენ, მათ მთიელთა რესპუბლიკასთან კავშირი უფრო იზიდავდათ. მაგრამ ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად იმედის თვალი მაინც ქართველ მენშევიკებს მოაპყრეს. აი, ამ დროს გამოდის ასპარეზზე ქართველი მხედართმთავარი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. მან დაწერა მემუარები და როგორც თავად იხსენებს: „1918 წლის აპრილის შუა რიცხვებში, როდესაც ჩემი რაზმი ჯერ კიდევ ნატანებში იდგა, ჩემთან მოვიდა დეპუტაცია სოხუმიდან, რომელიც შედგებოდა სოხუმის მოურავისგან და აფხაზთა სახალხო საბჭოს სამი წევრისგან. მათ მომმართეს თხოვნით, ბოლშევიკებისგან გამეწმინდა როგორც სოხუმი, ისე მთელი აფხაზეთი.“ მაგრამ გენერალმა მაზნიაშვილმა დელეგაციას უთხრა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა და აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებელი იყო საქართველოს მთავრობაზე. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საკითხი სახალხო გვარდიის უფროსს, ჯუღელს დაავალა.

ესე იგიშემდეგ აფხაზეთიდან დელეგაციამ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა?

– დიახ და ჯუღელმა სახალხო გვარდიის მეშვეობით განახორციელა შეტევა. მათ დაიკავეს კოდორის ხიდი, მტერს უკან დაახევინეს, საკმაო სამხედრო ალაფი ჩაიგდეს ხელში და ბოლშევიკები გაყარეს ახალი ათონიდანაც. მაგრამ არც ბოლშევიკები ისხდნენ გულხელდაკრეფილები, მათ დახმარება მიიღეს ჩრდილო კავკასიიდან, საიდანაც ავტომანქანებით, დაახლოებით, 2 000-კაციანი ქვედანაყოფი გადმოისროლეს. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ საბჭოს, ანუ ადგილობრივ მთავრობას რთული სიტუაცია შეექმნა დუშეთის მაზრაში, სადაც აჯანყება დაიწყო ბოლშევიკების ხელმძღვანელობით და ძალები დაიქსაქსა. შესაბამისად, ბოლშევიკებმა 20 ივნისს ისევ დაიკავეს ახალი ათონი და ისევ დაემუქრნენ სოხუმს. აი, ამ დროს გერენალ მაზნიაშვილს შეატყობინეს, რომ ის დანიშნულია აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და, იმავდროულად, საქართველოს შავიზღვისპირეთის ფრონტის ჯარების სარდლად. მისი ბრძანებით საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში მყოფი რეგულარული საარმიო ნაწილები გუდაუთისკენ გაიგზავნა. 19 ივნისს მაზნიაშვილი სოხუმში ჩავიდა და აქედან იწყება მაზნიაშვილის შეტევა სოჭის მიმართულებით. 22 ივნისს მან  გუდაუთა გაათავისუფლა ბოლშევიკებისგან, 28 ივნისს –  გაგრა, საქართველოს სამხედრო ნაწილები შევიდნენ პილენკოვოში, დღევანდელ განთიადში და მიადგნენ მდინარე ფსოუს, სოჭის ოლქის საზღვარს.

რატომ არ გაჩერდა მაზნიაშვილი ფსოუზე?

– გიორგი მაზნიაშვილი იგონებს: „როგორც თბილისისგან, ისე აფხაზეთის ეროვნული საბჭოსგან მივიღე ბრძანებები, წამეწია წინ და დამეჭირა სოჭი. მიზეზი, როგორც გადმომცეს ტელეგრაფის პირდაპირი მავთულით, იყო სოჭში მცხოვრები ქართველების თხოვნა-მუდარა. ხოლო აფხაზეთის ეროვნული საბჭოს ზოგიერთი წევრი მარწმუნებდა, რომ აფხაზეთს ეკუთვნოდა არა მარტო სოჭი, არამედ აფხაზეთის საზღვრები უძველეს დროში ანაპამდეც კი მიდიოდაო. ამ ბრძანების შემდეგ მთელი ერთი კვირა წინ არ მივდიოდი, მაგრამ ნელ-ნელა მზადებას შევუდექი სოჭის ასაღებად. გვეუბნებოდნენ, რომ იქ მცხოვრები ქართველები მოუთმენლად ელიან ქართული ჯარის მისვლასო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ის იყო, რომ, სანამ სოჭში ბოლშევიკები იქნებოდნენ, მათი შემოსევის საფრთხე მუდმივად იარსებებდა.“

ისტორიულად ქართველები საიდან მოხვდნენ სოჭში?

– ამის მიზეზები მეცხრამეტე საუკუნეში უნდა ვეძებოთ. როდესაც რუსეთის იმპერიამ სოჭის მხარის ათვისება დაიწყო, იქ ძალიან მცირერიცხოვანი მოსახლეობა იყო და ამიტომ დასავლეთ საქართველოდან ჩაასახლა ხალხი: იმერეთიდან, სამეგრელოდან და მეცხარმეტე საუკუნის 90-იან წლებში სოჭში უკვე საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობდა.

მხოლოდ ქართველებს ასახლებდნენ?

– არა, ბევრი ხალხი ჩამოასახლეს იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან, ბალტიისპირეთიდან და ასე შემდეგ. მთავარი ის იყო, რომ რუსეთის იმპერიას მიზნად ჰქონდა, ეს სანაპირო კავკასიის რივიერად გადაექცია და გარკვეული კონკურენცია გაეწია ფრანგული და იტალიური რივიერებისთვის.

მიხეილ სააკაშვილის მსგავსი სურვილები ჰქონიათ.

– დიახ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ რუსეთის იმპერიამ ეს განახორციელა. იყო ასეთი მოსკოველი კომერსანტი ტერნოპოლსკი, რომელსაც იმპერიის მთავრობამ მისცა უფლება, სოჭში საკურორტო ინფრასტრუქტურა აეშენებინა და 1913 წლისთვის იქ უკვე იყო აგებული სასტუმროების კომპლექსი –  „კავკასიის რივიერა“, რომელიც შედგებოდა 4 სასტუმროსგან, საკუთარი სამედიცინო ცენტრით, ელექტროსადგურით, წყალსადენით, კვების ობიექტით, საცურაო აუზით, სპორტული კომპლექსით, საკონცერტო დარბაზებით, ბიბლიოთეკებით. ეს იმ დროისთვის დიდი მიღწევა იყო და „კავკასიის რივიერა “ არაფრით ჩამოუვარდებოდა უცხოეთის მნიშვნელოვან კურორტებს.

მეცხრამეტე საუკუნემდე რა ხდებოდა ახლანდელი სოჭის ტერიტორიაზე?

– რუსეთ-თურქეთის ომების შემდეგ ეს ტერიტორია მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში უკვე რუსეთს ეჭირა, მაგრამ აუთვისებელი იყო. შემდეგ, როდესაც რუსეთის იმპერია გაძლიერდა, საჭირო იყო კომუნიკაციების მშენებლობა, მით უფრო, რომ რუსეთს შავ ზღვაზე ფლოტიც ჰყავდა და ამ დროს დაიწყო ამ ტერიტორიების ათვისება.

ისევ ჩვენს ძირითად თემას დავუბრუნდეთვინ იყო გენერალ მაზნიაშვილის ჯარის მოწინააღმდეგეძალიან მარტივად მიიწევდა წინ.

–  ბოლშევიკების შეიარაღებული ძალები. საკმაოდ სასტიკი ბრძოლებიც გაიმართა. მათ საკმაოდ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ხვდებოდათ. სხვათა შორის, ქართული შეიარაღებული ჯარების შტაბი სწორედ „კავკასიის რივიერაში“ განთავსდა. თუმცა იმდროინდელი მენშევიკური პრესა, განსხვავებით ოპოზიციური პრესისგან, ამას არ განიხილავდა, როგორც ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებას. 1918 წლის 27 ივლისს ჩვენმა ჯარმა ტუაფსეც დაიკავა, რადგან არსებობდა ასეთი მოსაზრება: ჯობია, ბოლშევიკები ბოლომდე გავანადგუროთ, რომ სოჭი დაცული იყოსო. მართალია, ქართული გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი თავის მოგონებებში წერს, რომ ქართული ჯარის ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობა არ იყო გამართლებული, მაგრამ ისტორიაში დარჩა, რომ 1918 წელს ქართულმა ჯარმა განახორციელა ძლევამოსილი გარღვევა და რეიდი მტრის ღრმა ზურგში: გადავიდა უღელტეხილზე, დაიკავა ჩრდილო კავკასიის მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ცენტრი, ქალაქი ბელორეჩინსკი, საიდანაც იხსნებოდა გზა ეკატერინოდარისკენ, დღევანდელი კრასნოდარისკენ და მაიკოპისკენ. მაგრამ წარმოიქმნა პრობლემები: 1918 წლის ივლისში რუსეთის სამხრეთში ჩამოყალიბდა მოხალისეთა არმია, ანუ თეთრი არმია. ხელმძღვანელობდა ანტონ დენიკინი, რომლის მიზანიც მონარქიის აღდგენა იყო და მისთვის არაფერს წარმოადგენდა არც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი. ამიტომაც ქართულ ჯარს უკან დახევა და დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება მოსთხოვა.

სოჭიანად?

–  რასაკვირველია. მაზნიაშვილმა, ბუნებრივია, ეს თბილისს აცნობა და თბილისიდან ეკატერინოდარში დენიკინთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრა დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორის მეთაურობით. სხვათა შორის, არსებობს ამ მოლაპარაკების სტენოგრაფიული ჩანაწერიც. მაგრამ მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა. საქართველოს დელეგაცია თბილისში დაბრუნდა. სოჭში ჩატარდა პოლიტიკური პარტიების ყრილობა, რომელსაც რუსული პარტიებიც ესწრებოდნენ და მათ დაადგინეს, რომ სოჭის ოლქი უნდა შეუერთდეს საქართველოს. ეს ერთადერთი გამოსავალია მშვიდობის დასამყარებლადო, თუმცა იყო ჩვენთვის ერთი არასასიამოვნო მომენტიც: შეუერთდეს დროებით. ასე იყო თუ ისე, საქართველოს მთავრობა სოჭის ოლქს დე-იურეც აკონტროლებდა და დე-ფაქტოც, რაც გაგრძელდა 1919 წლის თებერვლის დასაწყისამდე.

1919 წლის თებერვალში რაღა მოხდარატომ გახდა მაზნიაშვილი იძულებულიუკან გამოსულიყო?

– 1919 წლის თებერვლის დასაწყისში ჩვენ კატეგორიულად მოგვთხოვეს ამ ტერიტორიის დაცლა. 1918 წლის ივლისში საქართველო გერმანიის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ გერმანია დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში და გაიმარჯვა ანტანტამ, რომელიც დენიკინს მფარველობდა. ჩვენ, რაკი ერთი მფარველი მოგვცილდა, მაგრამ გაურკვეველ ვითარებაში აღმოვჩნდით: გვინდოდა ანტანტის მფარველობა, ანტანტა მფარველობდა დენიკინს, დენიკინი კი გვთხოვდა ტერიტორიას. ამდენად, 1919 წლის თებერვლის დასაწყისში ომის საშიშროების წინაშე დავდექით. იმ დროისთვის სოჭის ოლქში ძალიან მცირერიცხოვანი ქართული ჯარი იდგა, სოჭის გარნიზონი 500 კაცს არ აღემატებოდა; ძალიან არეული იყო სიტუაცია თვითონ ქვეყანაშიც: ბოლშევიკები აწყობდნენ აჯანყებებს და ჯარი და გვარდია მუდმივი გადასროლა-გადმოსროლის პროცესში იყო. ამას გარდა, შეიქმნა ყარსის მთავრობა, რომელმაც არა მხოლოდ მოითხოვა ახალქალაქი და ახალციხე, არამედ დაიკავა კიდეც ეს ტერიტორიები და ბორჯომისკენ დაიძრა. ამ საშიშროების გასანეიტრალებლად სოჭის ფრონტიდან ჯარები გადმოისროლეს. ერთი სიტყვით, არ გვყავდა საკმარისი ძალები. ამასობაში დენიკინმა დაგვასწრო და სოჭს შემოუტია. სოჭის ქართული გარნიზონი ალყაში აღმოჩნდა... დაიწყო გააფთრებული ბრძოლები... 1919 წლის 9 თებერვალს იძულებული გავხდით, უკან დაგვეხია და სოჭი დაგვეტოვებინა.. გადმოვედით ფსოუზე... დენიკინელები ფეხდაფეხ მოგვდევდნენ... დაიკავეს გაგრაც და მოვიდნენ მდინარე ბზიფამდე... ბზიფთან დენიკინი დიდმა ბრიტანეთმა გააჩერა; შეიქმნა ნეიტრალური ზონა მდინარე ბზიფსა და მეხადირს შორის და სწორედ იქ ჩადგა პირველად სამშვიდობო ძალები აფხაზეთში და ეს ბრიტანეთის სამშვიდობო ძალები იყო.

ჩვენ რაღაც მუდმივად ისტორიის ერთსა და იმავე სცენარზე ვტრიალებთიცვლებიან მფარველ-მოკავშირე-მტრებიმაგრამ ჩვენთვის ტრაგიკული სიუჟეტი იგივე რჩება.

– საქართველოს მთავრობას რამდენჯერმე ჰქონდა სოჭის ოლქისკენ ხელახლა გაჭრის მცდელობა, მაგრამ იძულებული იყვნენ გაჩერებულიყვნენ ბრიტანელების მოთხოვნით. მალევე იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დენიკინი აკონტროლებდა, დაიწყო გლეხთა აჯანყება, მათ მწვანეებსაც უწოდებდნენ, რადგან ტყეებში იმალებოდნენ. სხვადასხვა წყაროთი ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობა უწევდა სამხედრო დახმარებას მწვანეებს. ამასობაში ჩვენებმა დაიკავეს გუდაუთა, გაგრა, თუმცა, მოგვიანებით, წინსვლა შეჩერდა. ასე დაიწყო 1920 წელი; 1920 წელს კი წითლებმა დენიკინის არმია ძალიან შეავიწროეს. აპრილში მისი ძირითადი ნაწილი გაანადგურეს და ჩრდილოეთ კავკასია გაწითლდა. სოჭის ოლქში ბოლშევიკთა პირველი რაზმები 1920 წლის აპრილში გამოჩნდნენ და ისინი მდინარე ფსოუს ნაპირებს მოადგნენ. იმ პერიოდში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმაც წაიწიეს წინ და შეიქმნა გაგრის გამაგრებული რაიონი.

სად იყვნენ ამ დროს ბრიტანეთის სამშვიდობო ძალები?

–  როდესაც ნახეს, რომ დენიკინი დამარცხდა, გუდა-ნაბადი აიკრეს და წავიდნენ, თუმცა თბილისში ისევ იყო მათი სამხედრო წარმომადგენლობა, ბათუმში კი დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო ნაწილები იდგა. ამ დროს მოსკოვში რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება მიდიოდა, რაც 1920 წლის 7 მაისის საზავო ხელშეკრულებით დამთავრდა, რომელშიც ჩაიწერა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვარი გადის მდინარე ფსოუზე.