"ქრონიკის" კითხვებს პასუხობს კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი... ამ კოალიციის ხსენებაზე სულ ირინა სარიშვილის მოსწრებული ფრაზა მახსენდება, ერთიანი ოპოზიცია კი ჰქვიათ, მაგრამ მე რომ ბიძინა ივანიშვილი დავირქვა, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მილიარდერი გავხდებიო...
ბატონო ირაკლი, როგორც ვიცი, საარჩევნო გარემოთი ძალიან უკმაყოფილო ხართ...
- საარჩევნო გარემო რაც იყო, ისევ ის დარჩა, არაფერი შეცვლილა. სამწუხაროდ, ორი პოლიტიკური ძალის ხელშია ყველა საარჩევნო ბერკეტი. გამოცნობა არ გაგიჭირდებათ, ვისზე ვლაპარაკობ... საარჩევნო კომისიები მონოპილიზებული აქვთ, ფინანსები მათ ხელშია. ვიცი, რასაც და როგორც უნდა აკეთებენ, შეხმატკბილებულად არიან თბილისშიც და რეგიონებშიც და ერთად გვებრძვიან ჩვენ და სხვა ოპოზიციურ სუბიექტებს. ჩვენ გამორჩეულად გვერჩიან, რადგან ხედავენ, რომ მათი ერთობლივი მონოპოლიის დამხობა ამ არჩევნებში, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. საპრეზიდენტო არჩევნებისას იგივე ხდებოდა და ახლაც იგივეა. კი, ხალხის დასანახად ლანძღავენ ერთმანეთს და ვითომ ოპონენტობენ, მაგრამ მაგათ რომ იდილია აქვთ, ძნელად რომ სადმე ნახო კაცმა.
ზეწოლის ახლი ფაქტები ხომ არ დაფიქსირებულა თქვენი კოალიციის კანდიდატებზე?
- რაც იყო, ის არ კმარა? ჩვენი რამდენიმე კანდიდატი აიძულეს, მოეხსნა კანდიდატურა... ისე, ეს პროცესი კიდევ გრძელდება. ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატს, ქალს ავტომატი ჩაუდეს საძინებელში, საწოლში და ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა მომხდარიყო? სუს-ი აქტიურად მუშაობს, ისევე როგორც ამას ადრე კუდ-ი აკეთებდა. სახელი შეუცვალეს ამ ავადსახსენებელ სამსახურს, მეტი არაფერი შეცვლილა. ხალხიც ისევ ის მუშაობს, სააკაშვილის დროს ადამიანის გაუბედურება ხელობად რომ ჰქონდათ ქცეული. ამ ხალხმა იცის, ხელისუფლების სასარგებლოდ როგორ უნდა იმუშაოს საარჩევნოდ. გუშინ "ნაციონალებს" ემსახურებოდნენ, დღეს "ქართული ოცნებისთვის" მუშაობენ.
განსხვავება არ არის "ნაცმოძრაობის" მიერ ჩატარებულ და ამ არჩევნებს შორის?
- განსხვავება როგორ არ არის. დღეს აღარ კლავენ ადამიანებს, არ იტაცებენ და მიწაშიც არავის მარხავენ, მაგრამ ამაზე მადლობას არ ვეტყვი ხელისუფლებას. ეს დრო რომ დამდგარიყო, ჩვენ, ნინო ბურჯანაძემ და მისმა გუნდმა, ბევრი ვიბრძოლეთ, მეც ბევრი უბედურება გადავიტანე ამის გამო და მარტო ხელისუფლების დამსახურება არ არის. ხალხს მარტო ამისთვის არ აურჩევია ეს ხელისუფლება, გაცილებით მეტი უნდა გაეკეთებინათ. დღეს ოპოზიციას აღარ უნდა სჭირდებოდეს იმაზე ლაპარაკი, რომ არჩევნების ბედს ისე სუს-ი და სხვა ძალოვანი სტრუქტურები წყვეტენ. ეს მეგონა, გავიარეთ და ისევ ერთ ადგილას ვდგავართ. კი, აღარ კლავენ და ხალხს აღარ აწიოკებენ, მაგრამ ახლა სხვა მეთოდებით ჩაგრავენ რეალურ ოპოზიციას, აი, რომ იტყვიან, ტექნიკურად _ ზეწოლა, საარჩევნო მანიპულაციები...
ამ არათანაბარი საარჩევნო გარემოს პირობებში, რისი იმედი გაქვთ ამ არჩევნებზე?
- შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ვნახოთ, არ მინდა ვიმარჩიელო... ჩვენს კოალიციას თბილისის მერობის ყველაზე სერიოზული და წონადი კანდიდატი ჰყავს, დიმიტრი ლორთქიფანიძე. თუ არჩევნები არ გააყალბეს, პირველსავე ტურში უნდა მოიგოს, მინიმუმ მეორე ტურში გავა. თბილისელ ამომრჩეველთა განწყობა კარგად ვიცი და ამას იმიტომ ვამბობ. სხვაგანაც ძალიან რეიტინგული, მართლა ძლიერი კანდიდატები გვყავს. თუმცა, პირობებია არათანაბარი. სატელევიზიო რეკლამა მაგათია, თბილისი მარტო ნიკა მელიასა და დავით ნარმანიას ბილბორდებითაა აჭრელებული, ასეა რეგიონებშიც, ყველგან მაგათი რეკლამაა, ჩვენი კოორდინატორები მოხალისეებად მუშაობენ და ამათ, ამ ორ სუბიექტის პარტიულ ოფისებს უზარმაზარი დაფინანსება აქვთ.
ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ განცხადებას გაგახსენებთ, - ოპოზიციის გამარჯვებას არსად არ დავუშვებთო. როგორ ფიქრობთ, რა იგულისხმა, ყველგან "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს თუ "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ერთად მოვიგებთ ამ არჩევნებს და სხვას არ გავაჭაჭანებთო?
- თუ "ქართული ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" სიამტკბილობას გავიხსენებთ, შეიძლება, ნამდვილად ამ ორი პარტიის გამარჯვება იგულისხმა, - პირველ-მეორე ადგილს გავიყოფთო... სიმართლე გითხრათ, სიმპათიებით ვარ განწყობილი ახალგაზრდა პრემიერის მიმართ, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ფრაზეოლოგიით ლაპარაკი პოლიტიკაში დაუშვებელია, ეს ძალიან საგანგაშო განცხადება იყო. დიქტატორებიც კი არ ლაპარაკობენ ამ ენით, ფრანკო რომ ფრანკოა, ის არ იტყოდა, ოპოზიციის გამარჯვებას არ დავუშვებო. ეს იყო მითითება სახელისუფლებო სტრუქტურებისადმი, რომ ყველაფერი გააკეთონ არჩევნებში ოპოზიციის დასაჩაგრად. კი, მასე რომ ფიქრობს, ვიცი, მაგრამ ეს რამ ათქმევინა, ვერ გავიგე.
ბატონო ირაკლი, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ნინო ბურჯანაძე მესამე ადგილზე გავიდა და დღემდე აცხადებთ, რომ ხელისუფლებამ "ნაციონალთა" კანდიდატის, დავით ბაქრაძის სასარგებლოდ გააყალბა არჩევნები და ბურჯანაძის ხმები მას გადაულოცა. თუმცა, ამას ხმაურიანი პროტესტი არ მოჰყოლია თქვენგან და ერთგვარად, შეეგუეთ ამას. ამ არჩევნებზეც იგივე რომ მოხდეს, რას აპირებთ? კვლავ განცხადებებით შემოიფარგლება თქვენი პროტესტი?
- "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" ემზადება ძალიან სერიოზული რეზულტატის დასადებად. თუ დავინახეთ, რომ სერიოზული შედეგი გვექნა, ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა დაგვიჭირა მხარი და ამათ გააყალბეს, ამას არ შევეგუებით. რეაგირება იქნება და ძალიან მწვავეც. პოლიტიკური ბრძოლის თუ რაიმე ხერხი არსებობს, ყველას გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ხმები დავიცვათ. ეს ნინო ბურჯანაძემაც განაცხადა და ვურჩევ ხელისუფლებას, გონს მოვიდეს და ჩვენს უამრავ მხარდამჭერს ნუ დაიპირისპირებს.
ანუ შეიძლება ხმების დასაცავად ქუჩაშიც გამოხვიდეთ?
- კი, ქუჩის საპროტესტო აქციებიც ხომ პოლიტიკური ბრძოლის საშუალებაა. ყველაზე მწვავე მეთოდსაც არ დავერიდებით. საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება შერჩათ, მაგრამ ამ არჩევნებზე, ერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ.
ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, დავით უსუფაშვილმა მარნეულში გამგებლობის "ნაცმოძრაობის" კანდიდატის მოხსნა მთხოვაო. უსუფაშვილმა ეს ფაქტი არ დაადასტურა, მაგრამ გოგორიშვილთან რომ მოლაპარაკებები ჰქონდა, ეს კი განაცხადა, თან თავიც იმართლა, ხელისუფლების დავალებით ვაწარმოებდი გოგორიშვილთან მოლაპარაკებებსო. საქართველოში არჩევნების გაყალბების დიდოსტატის, ხათუნა გოგორიშვილისა და უსუფაშვილის ეს ფარული კომუნიკაცია გაგანია წინასაარჩევნო პერიოდში, რაზე მიანიშნებს?
- ეგ თქვენც კარგად იცით. სხვა რა ექნებოდათ სალაპარაკო, არჩევნების გაყალბებისა და ხმების გაყოფის გარდა? არც არაფერი. სამწუხაროდ და საუბედუროდ, უკვე დასტურდება ყველაფერი თვითაღიარებით, რასაც ამდენი ხანია ვლაპარაკობთ. ესენი მართლა დიდი გაყალბებისთვის ემზადებიან და აგერ, ბატონო, დასტურიც. ახლა უსუფაშვილი იმას არ იტყოდა, გაყალბებას ვაპირებთ და ამაზე ვთანამშრომლობთ და ამაზე ვილაპარაკეთო, მაგრამ ეს არაპირდაპირი აღიარება იყო. არა, თქვენი თქმისა არ იყოს, ხელისუფლების დავალებით რაღა ხათუნა გოგორიშვილთან გამართა დიალოგი პარლამენტის თავმჯდომარემ? როდის აქეთ გახდა გოგორიშვილი "ნაცმოძრაობის" ისეთი წონიანი ლიდერი, რომ მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე მოლაპარაკებებს ეგ მართავს ხელისუფლებასთან?