ამხანაგი ივანოვისთვის (სტალინისთვის) სრულიად საიდუმლო სპეცშეტყობინებებიდან:
1941 წლის 22 ივლისს სამშობლოს ღალატისთვის დაიხვრიტნენ გენერლები: პავლოვი, კლიმოვსკიხი, გრიგორიევი და კორობკოვი.
პოლიტბიუროს ბევრი წევრი უცებ მზად არ აღმოჩნდა, ომის პირობებში მათთვის გამოყოფილ სამუშაო უბნებზე ემოქმედა და სტალინს მოუწია სხვა თანამდებობებზე მათი გადაადგილება.
მაგალითად, ლაზარ მოისევიჩ კაგანოვიჩი, რომელიც 1941 წლის ზაფხულში ევაკუაციის კომიტეტში შეიყვანეს და ტრანსპორტის მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი, საწოლი დასასვენებელ ოთახში დაიდგა და სამსახურიდან, პრაქტიკულად არ მიდიოდა. ცხოვრების ასეთივე წესი დაუდგინა თავის მოადგილეებს. მისი მრავალსაათიანი თათბირები სამუშაოზე უფრო მეტად, სიქას აცლიდა ადამიანებს, მათ ხომ თავიანთი სახალხო კომისრის გრძელი მონოლოგების მოსმენა უხდებოდათ. ამასთან, თავის ქვემდგომებს უხეშად ექცეოდა, შეურაცხყოფდა. გენერალი ერმოლინი იხსენებს, როცა სამხედრო ეშელონების სტალინგრადის რაიონისკენ მოძრაობა შეფერხდა, სტალინმა იგი კაგანოვიჩთან გაგზავნა დავალებით – გაერკვია დაბრკოლების მიზეზები. ერმოლინი კაგანოვიჩის კაბინეტში შევიდა და სტალინის დანაბარები გადასცა კაგანოვიჩს. პასუხის ნაცვლად კი მან იყვირა: მე, ძველი ბოლშევიკი ვარ! – ხელი მოიქნია და ისე ძლიერად დაარტყა მუშტი მაგიდას, რომ მაგიდაზე დადებული მინა გასკდა. ერმოლინმა მშვიდად ჰკითხა: მაშ, ამხანაგ სტალინს უნდა გადავცე, რომ თქვენ ძველი ბოლშევიკი ხართ? ფერდაკარგულმა კაგანოვიჩმა მომენტალურად შეცვალა ტონი და შეეცადა, მონაცემები, რომლებსაც მისგან ელოდნენ, მოეცა. სტალინმა დანიშნა კომისია სახალხო კომისარიატის მუშაობის შესასწავლად. ამ კომისიის დასკვნიდან გამომდინარე – მალენკოვის მოხსენების შემდეგ, მან კაგანოვიჩი ჩამოაშორა ტრანსპორტის სახალხო კომისარიატს და ხრულევთან შეთავსებით, გზათა მიმოსვლის სახალხო კომისრად დანიშნა. სტალინმა გაითვალისწინა პოლიტბიუროს წევრების შეზღუდული შესაძლებლობები, რაც ან სამუშაოთი გადატვირთვის ან აუცილებელი მონაცემების არქონით იყო განპირობებული და მოადგილეებად ორგანიზატორული უნარის მქონე პროფესიონალები დაუნიშნა. მოლოტოვის ნაცვლად, რომელიც თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტში ტანკების წარმოებაზე იყო პასუხისმგებელი, სატანკო დარგს ხელმძღვანელობდა სახალხო კომისარი ვიაჩესლავ მალიშევი. მიქოიანს, რომელიც სურსათით, საქონლითა და ტყვია-წამლით ფრონტის მომარაგებაზე იყო პასუხისმგებელი, მოადგილედ ჰყავდა წითელი არმიის ზურგის უფროსი ხრულევი. მალენკოვი პასუხისმგებელი გახლდათ საავიაციო მრეწველობაზე, რაშიც იმდენად არაკომპეტენტური იყო, რომ სტალინი ყველა ტექნიკურ საკითხს სახალხო კომისრის მოადგილესთან, თავის პირად მრჩეველთან და მთავარ საავიაციო სამმართველოს უფროსთან, იაკოვლევთან განიხილავდა. სახალხო კომისრებს სტალინი ხაზგასმული პატივისცემითა და ნდობით ეკიდებოდა, მაგრამ ეს ნდობა ეფუძნებოდა მათი საქმიანობის უმკაცრეს კონტროლს, რომელსაც მძლავრი სახელმწიფო აპარატი ახორციელებდა. საკმარისია, ითქვას, რომ ოფიციალურ კონტროლს განახორციელებდა „ცეკას“ შესაბამისი განყოფილებები და გენერალური პროკურატურა, ხოლო ფარულს – სახელმწიფო უშიშროების ორგანოები და სტრატეგიული კონტრდაზვერვა. გენერლების ამონაწერი, საქმის განაჩენიდან, რომლებსაც დახვრეტა მიესაჯათ: „აღმოჩნდნენ მშიშრები, გამოავლინეს ძალაუფლების უმოქმედობა, მოშალეს ჯარების მართვა”. განაჩენში აგრეთვე ლაპარაკია იმაზე, რომ მსჯავრდებულები იყვნენ ანტისაბჭოთა შეთქმულების მონაწილენი. ეს წინადადება პუბლიკაციისთვის დამტკიცების დროს ამხანაგმა სტალინმა ამოშალა: თუ ამას გამოვაქვეყნებთ, წითელარმიელები და წითელფლოტელები იფიქრებენ, რომ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში შემორჩნენ მოღალატეები და აღარ ენდობიან მეთაურებსო. მაშინ, როცა 1941 წლის 21 ივნისს საღამოს ოლქების ყველა სარდალი თავის საკომანდო პუნქტზე იმყოფებოდა, არმიის გენერალი პავლოვი თეატრში იყო. როცა მოახსენეს, რომ საზღვარზე ისეთი რამ ხდება, რაც ომის დაწყებას ჰგავსო. უპასუხა: „აი, ბოლომდე ვნახავთ, სპექტაკლს და მაშინ გავარკვევთ”. გენერალ პავლოვის დახვრეტასთან დაკავშირებით გენერალმა ჟუკოვმა თქვა: „წინასწარ კარგად იყო ცნობილი, რასაც წარმოადგენდა პავლოვიო. მისი დონე რომ დივიზიის მეთაურობაა, ეს ყველამ იცოდა და მიუხედავად ამისა, იგი ფრონტს სარდლობდა. ამიტომაც თავი ვერ გაართვა იმას, რისთვისაც თავის გართმევა არ შეეძლო“.
სამშობლოს მოღალატე ვლასოვთან ყველაზე ახლოსაა მე-19 არმიის შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი მალიშკინი, რომელიც გერმანელების მხარეს გადავიდა. ომამდე, 1938 წელს მალიშკინი დააპატიმრეს და როგორც ხალხის მტერს, მიუსაჯეს დახვრეტა, რაც არ აღსრულებულა. ომის დაწყებისთანავე გაათავისუფლეს და აღადგინეს სამსახურში – წითელი არმიის რიგებში. დასავლეთის ფრონტის შტაბში ყოფნის დროს მოლოტოვს გენერალ ჟუკოვთან მოუხდა კონფლიქტი. მოლოტოვი დაუშვებლად უხეში ფორმით დაემუქრა ჟუკოვს დახვრეტით, თუ დასავლეთის ფრონტის ჯარები, მისი მეთაურობით, მოსკოვის მისადგომებთან დაკავებული პოზიციებიდან ერთი მეტრითაც უკან დაიხევდნენ. ამასთან, მოლოტოვმა თავს უფლება მისცა დილეტანტურად ჩარეულიყო წმინდა სამხედრო-სტრატეგიულ საკითხებში. ჟუკოვმა დამცინავად უხეში ფორმით უპასუხა მოლოტოვს: „თქვენ, უწინარეს ყოვლისა, საკუთარი თავი დახვრიტეთ. სწორედ თქვენ, ვისაც, ამდენ წელს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა გეკავათ, დამნაშავე ხართ იმაში, რაც ახლა მოსკოვის მისადგომებთან ხდება. თუ ჩემზე უკეთ გესმით მოსკოვის მისადგომებთან შექმნილი საომარი ვითარება და შეგიძლიათ, გაიმარჯვოთ გერმანელებზე, დაიკავეთ ჩემი ადგილი და უსარდლეთ. თუ მზად არ ხართ, დაიკავოთ დასავლეთის ფრონტის სარდლის თანამდებობა, წაეთრიეთ აქედან და ხელს ნუ მიშლით მუშაობაში“. ამის შემდეგ ჟუკოვის შტაბში მოლოტოვი – თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არ გამოჩენილა.
ხრუშჩოვში საოცრად იყო შერწყმული პატივმოყვარეობა და ქვემძრომობა, დაუნდობლობა და სიმხდალე, გონებაშეზღუდულობა და დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე. სწორედ ხრუშჩოვმა, კაგანოვიჩთან და მოლოტოვთან ერთად, ხელი მოაწერა დადგენილებას მაცხოვრის ტაძრის დანგრევის შესახებ და მხოლოდ სტალინმა არ მისცა უფლება ხრუშჩოვს, გაენადგურებინა ვასილი ნეტარის ტაძარი წითელ მოედანზე. სტალინის სიკვდილის შემდეგ, სპეციალური ჯგუფები არქივებში ანადგურებდნენ დოკუმენტებს, რომლებიც ხრუშჩოვისა და მისი თანამებრძოლების დამნაშავეობას ადასტურებდა. სახელმწიფო უშიშროების მოსკოვის სამმართველოს ძველი თანამშრომლები იხსენებდნენ თათბირებს, რომლებზეც საკ. კპ მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივანი ხრუშჩოვი „გაცოცხავდა“ ხოლმე მათ ხელმძღვანელებს და მოითხოვდა რეპრესირებულთა რიცხვის გაზრდას, რათა ამ მაჩვენებლით გაესწრო სხვა ქალაქებისთვის. სხვების მიმართ რომ დაუნდობელი იყო, თვითონ ხრუშჩოვი ფრიად მშიშარა გახლდათ. მარშალმა ჟუკოვმა ერთხელ, თავის მეგობრებთან რომ იჯდა, გაიხსენა, ხრუშჩოვთან ერთად იყო მივლინებაში ფრონტზე. მათ მანქანას აედევნა გერმანული თვითმფრინავი, რომელმაც რამდენჯერმე შეუტია – თავს დაუარა, ესროდა ტყვიამფრქვევიდან, მაგრამ მძღოლი ყოველ ჯერზე მანევრით იცდენდა ცეცხლს. ბოლოს და ბოლოს თვითმფრინავმა ჩამოაგდო ბომბი. აფეთქების ტალღამ ავტომობილი გადააბრუნა და თხრილში ჩააგდო. ყველა გადარჩა, მანქანა კი უმნიშვნელოდ დაზიანდა და შეეძლო გზა განეგრძო. მანქანა ბორბლებზე რომ შევაყენეთ, ყველანი შიგ მოვთავსდით და გზა განვაგრძეთ, მაგრამ სალონში განავლის სუნი დადგა. ხრუშჩოვს დათვის ავადმყოფობა დაემართა. თუმცა, ერთ შემთხვევას ხრუშჩოვი კინაღამ შეეწირა. საბჭოთა ჯარების ხარკოვთან დამარცხების შემდეგ, ხრუშჩოვმა, რომელიც არმიათა ჯგუფის სამხედრო საბჭოს წევრი იყო, მიატოვა ჯარები და მოსკოვში გაიქცა. სტალინთან ახსნა-განმარტების მისაცემად რომ გამოიძახეს, შეეცადა დაემტკიცებინა, რომ გამოძახებით ჩამოვიდა. მას შემდეგ, რაც სტალინმა ბრძანა დაეპატიმრებინათ და დაეხვრიტათ ხრუშჩოვი, იგი ყვირილით მუხლებში ჩაუვარდა ბელადს: მამავ მშობელო! შემიცოდე! გამოვისყიდი! ამ სცენას შეესწრო მოლოტოვი, შეეცოდა ხრუშჩოვი და დაუდასტურა სტალინს, რომ ხრუშჩოვი მან გამოიძახა.