„ქართულ ოცნებაში“ საკადრო წმენდა აუცილებელი და გარდაუვალია

„ქართულ ოცნებაში“ საკადრო წმენდა აუცილებელი და გარდაუვალია

for.ge–ს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საკადრო ცვლილებები იგეგმება აღმასრულებელ ხელისუფლებაში. არ არის გამორცხული ხელისუფლებაში ახალი სახეები გამოჩნდნენ. ის, რომ ცვლილებები იქნება და ამჯერად, ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება გუნდში დაწინაურება, ამის შესახებ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის განცხადებით, მხოლოდ პროფესიონალიზმი და თავდადებული შრომა განსაზღვრავს კადრების ცვლას. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ გუნდში უნდა იყოს ის, ვინც კარგად ემსახურება გუნდის ინტერესებს და გუნდის ინტერესები უნდა იყოს მხოლოდ ხალხის სამსახური.

„ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება გუნდში დაწინაურება და ადგილების ხანგრძლივი დაკავება. მხოლოდ პროფესიონალიზმი და თავდადებული შრომა განსაზღვრავს კადრების ცვლას და ამ სისტემას მე შემოვიტან და ვაჩვენებ საზოგადოებას, რომ მთელი გუნდი იქნება ვალდებული და მე გავაკეთებ ამის მობილიზებას, რომ ჩადგეს ხალხის სამსახურში. ამით მე მოვახერხებ, რომ დავარწმუნო საზოგადოება, გაჰყვნენ მათ, ვინც მათ სამსახურშია და გულწრფელად ემსახურება“, – განაცხადა „იმედი ლაივის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის პოზიციას იზიარებს შს მინისტრი. გიორგი გახარია თვლის, რომ მთავრობის მუშაობის ხარისხი განისაზღვრება პროფესიონალიზმით და არა ერთგულებით.

„ეს განცხადება არ გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილს პირველად. რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვამბობდით და ის ხშირად უსვამდა ხაზს, რომ მთავრობის მუშაობის ხარისხი დღეს არის პრიორიტეტი და ხარისხი განისაზღვრება პირველ რიგში, პროფესიონალიზმით და არა ერთგულებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ქართულ ოცნებაში“ რომ საკადრო წმენდა აუცილებელი და ამავე დროს გარდაუვალია, ამის შესახებ საუბრობენ ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებით, საკადრო პოლიტიკაში დაშვებულია შეცდომა, როდესაც აქცენტის გაკეთება ხდებოდა არაკვალიფიციურ და ამავე დროს ერთგულების ნიშნით შერჩეულ კადრებზე. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საკადრო ცვლილებებს ელოდება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომელის შეფასებით, ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

„საკადრო ცვლილებები იქნება. ველოდები, რომ ეს იქნება არჩევნების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რა შედეგებს მიიღებენ საპრეზიდენტო არჩვენებზე. საკადრო ცვლილებებს ველოდები მთავრობაში. აქ მნიშვნელოვანია პარლამენტის საკითხი, რამდენიც არ უნდა უნდოდეს ივანიშვილს პარლამენტის დათხოვა, ვერ დაითხოვს, თუ დაითხოვს მაგას რა ჯობია, მაგრამ რომელ მინისტრს დანიშნავს და რომელს დააბრუნებს ვერ გეტყვით. ალბათ, იქნება რეორგანიზაცია. მაგრამ არა მგონია, რომ ამ რეორგანიზაციამ რაღაცა დიდი შედეგი მოუტანოს ქვეყანას და თვითონ მმართველ გუნდს. პრობლემები გაცილებით ღრმა არის, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის თუნდაც კოსმეტიკური ცვლილება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა პერსონალიებშიც არ არის. მთავარი პრობლემა არის მართვის ალგორითმში - როგორ მართავ. იგი თვლის, რომ პირველ რიგში, აღსადგენია ინსტიტუციური წესრიგი. ადამიანი, რომელიც თანამდებობაზეა, მან უნდა იცოდეს თავისი კომპეტენცია, უფლებამოსილება, რაზეც პასუხისმგებელიც უნდა იყოს.

„ჩვენთან ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად აღრეული. ვინ რა პასუხისმგებლობას იღებს და რაზეა პასუხისმგებელი, ამ მხრივ სრული ქაოსია. საბოლოო ჯამში მივიღეთ უპასუხისმგებლობო ხელისუფლება, სადაც ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალია. ჯიხურის დონეზეც კი, არის საუბარი, რომ თვითონ კარგი ბიჭები არიან, მაგრამ ბიძინამ მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, ეს მანკიერი სისტემა არის დასალაგებელი.

ამის შემდეგ პერსონალურადაც პროფესიონალური ნიშით უნდა დაკომპლექტდნენ თავიდან. მმართველობიდან მეექვსე წელს რომ მიხვდები პროფესიონალები გჭირდება და არა ნდობით აღჭურვილი პირები, ამაზე კომენტარსაც კი არ გავაკეთებ, არადამაჯერებელია, იმიტომ, რომ  ქვეყანა არ აინტერესებს, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის, ვერ მოვიგებ - ვიყიდი, ვიღაცა ნაძირალამ ვერ გაამართლა, უარეს ნაძირალას მოვიყვან... აბა რას ნიშნავს ზვიად ჯანყარაშვილის დანიშვნა აღმასრულებელ მდივნად, რომელიც ორი დღის წინ დანიშნეს?“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

ჯანყარაშვილის აღმასრულებელ მდივნად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია, "ქართული ოცნებაში" გადავამოწმესთ თუმცა for.ge-ს აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს.