„უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოების კონტროლი ქვეყანაზე - არ გამოვრიცხავ, თბილისში ტერორისტული აქტები განხორციელდეს“

„უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოების კონტროლი ქვეყანაზე - არ გამოვრიცხავ, თბილისში ტერორისტული აქტები განხორციელდეს“

აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს დიდი შეშფოთება მოჰყვა ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში. ამასთან, ბევრმა სახელმწიფომ დაგმო აღნიშნული ქმედება და დასძინა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად მხარეები მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ, სხვა შემთხვევაში, ირანზე აშშ-ის თავდასხმამ, შესაძლოა, რეგიონული კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად გადააქციოს. მიმდინარე პროცესებს ქართულ რეალობაში თუ გადმოვიტანთ, გამოითქვა მოსაზრება, რომ ქვეყანაში ხელისუფლებამ უსაფრთხოების ნორმები უნდა გააძლიეროს, რათა თავიდან აირიდოს მოსალოდნელი დაპირისპირება აშშ-, ირანისა და ისრაელის მოქალაქეებს შორის.

ერთ-ერთი თურქეთია, რომელმაც ფატს შემაშფოთებელი უწოდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტის უფრო ფართო გლობალურ ომში გადაზრდა არ უნდა დაუშვან და მხარეებს მოუწოდებს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული დავის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებებს შეუძლია.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით კი, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები წარმოუდგენელი და უდიდესი წარმატება იყო, რომელმაც ქვეყნის ბირთვული პროგრამა გაანადგურა. ჰეგსეთმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზუსტი დარტყმები კონცენტრირებული, ძლიერი და მკაფიო იყო.

გუშინ ღამით, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე ზუსტი დარტყმა განახორციელა ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების ან მისი სერიოზული დეგრადაციის მიზნით. ეს წარმოუდგენელი და უდიდესი წარმატება იყო. ჩვენი მთავარსარდლისგან მიღებული ბრძანება იყო მიზანმიმართული, ძლიერი და ნათელი. ჩვენ ირანის ბირთვული პროგრამა გავანადგურეთ. პრეზიდენტ ტრამპის გაბედული ლიდერობისა და ძალის მეშვეობით მშვიდობისადმი მისი ერთგულების წყალობით, ირანის ბირთვული ამბიციები განადგურებულია“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.

მისივე მტკიცებით, ოპერაციის სამიზნე მხოლოდ ირანის ბირთვული ობიექტები იყო და არა ირანელი ჯარისკაცები, ან მშვიდობიანი მოსახლეობა: „აღსანიშნავია, რომ ოპერაცია არ იყო მიმართული ირანელი ჯარების ან ირანელი ხალხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ ირანის სამხედრო პოტენციალი შედარებით დაბალია ისრაელისა და აშშ- გაერთიანებულ შესაძლებლობასთან, თუმცა არ გამორიცხავს ირანის საპასუხო დარტყმას, რომელიც შეიძლება საკმაოდ სერიოზული და ძლიერი იყოს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანზე დარტყმის შედეგად, ძალიან სერიოზულად გაიზარდა კონფლიქტის გაფართოების და ესკალაციის საფრთხე - როგორ უპასუხებს ირანი, დამოკიდებული იქნება იმაზე, რა შესაძლებლობები დარჩა მას პასუხისთვის. გასაგებია, რომ ირანის სამხედრო პოტენციალი, ეკონომიკური პოტენციალი და სხვა შესაძლობები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება აშშ- და ისრაელის გაერთიანებულ პოტენცია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვვარაუდობ, რომ ირანს ჯერ კიდევ შეუძლია მიაყენოს როგორც აშშ-, ისე ისრაელს, საკმაოდ მტკივნეული დარტყმები, ასიმეტრიული პასუხის მეშვეობით - როგორი იქნება ეს ასიმეტრიული პასუხი, ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის პასუხს შეარჩევს ირანის ხელმძღვანელობა, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

რაც შეეხება საქართველოს საკითხს, ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმები გაძლიერდეს, რადგან ტერორისტული აქტების შესაძლებლობა თბილისში საკმაოდ მაღალია.

საქართველოს კონტექსტში რომ გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი, ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ და გავაძლიეროთ უსაფრთხოების კონტროლი ქვეყანაზე, კონკრეტულად კი ქვეყნის საზღვრებზე და არ დავუშვათ უკონტროლო მიგრაცია, რისი პოტენციური საფრთხეც არსებობს. ამასთან, საქართველოში ცხოვრობს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ირანული დიასპორა. იქიდან გამომდინარე, თუ რა განვითარებას მიიღებს ეს კონფლიქტი, არ გამოვრიცხავ, რომ განხორციელდეს გარკვეული სახის ტერორისტული აქტები როგორც ისრაელის, ასევე აშშ- საელჩოებზე ან უწყებებზე, რომლებიც თბილისშია განთავსებული, ან ამ ქვეყნების მოქალაქეებზე თავდასხმები. შესაბამისმა სტრუქტურებმა კონტროლქვეშ უნდა აიყვანოს სიტუაცია და შეეცადონ რომ ამის პრევენცია მოახდინონ, - განგვიცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.