„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე განაჩენები 23 ივნისს გამოცხადდება. ოპოზიციონერ ლიდერები საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ისინი არ გამოცხადნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ხაზარაძეს და ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, რაც მათ კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ექსპერტულ წრეებში არ გამორიცხავენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ არ ელოდება ხაზარაძის და ჯაფარიძის დაკავებას, რადგან მათ დაკისრებული გირაო გადაიხადეს: „არ მგონია ისინი დააკავონ, რადგან გადაიხადეს გირაო - მათ იგნორირება არ გაუკეთებიათ სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოს კანონებისთვის. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ისინი შესაძლო დააპატიმრონ“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ სიმკაცრისკენ მიდის და ცდილობს პოლიტიკოსის მანტია არ იყოს ერთგვარი დამცავი ფარი კანონებისგან. მისივე შეფასებით, არ არის გამორიცხული ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებების სერია გაგრძელდეს:
„ერთი რამ თვალში საცემია, რაც ოპოზიციას კარგად გაცნობიერებული არ აქვს - ხელისუფლების სტრატეგია იცვლება ნელ-ნელა და ცდილობს პროტესტის პოზიცია არ იყოს ერთგვარი დამცავი სასჯელისგან. იყო პერიოდი, როდესაც პოლიტიკურ პარტიად გადაქცევა იცავდა ამ პარტიას სამართლებრივი დევნისგან - თავად ხაზარაძემ პოლიტიკისკენ გადაინაცვლა ამ განწყობილებების ფონზე, რომ მას ხელს არ ახლებდნენ. სწორედ ასე იყო მანამდე დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ დღეს აშკარად ცდილობენ ხელისუფლებაში, რომ ეს სტრატეგია შეცვალონ და ხანდახან ზედმეტადაც კი, ხაზს უსვამენ იმას, რომ ისინი კანონის დარღვევის შემთხვევაში დასჯიან ადამიანებს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური პოზიცია უკავია. თუკი ადამიანს ეთქმოდა, რომ მას ოპოზიციონერობის გამო დევნიან, მის მიმართ დამოკიდებულება რბილდებოდა, მაგრამ ახლა მგონი, შერბილების ეგ ფორმულა მოიხსნა. აქედან გამომდინარე, ველოდები მათ მიმართ იმ სანქციების განხორციელებას, რაც სხვის შემთხვევაშიც განხორციელდა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ოპოზიციას „ქართული ოცნების“ ისეთ კონკურენტად არ აღიქვამს, რომ „ოცნებას“ მისი „მოშორება“ გადაეწყვიტოს.
„არ აქვს ამ ოპოზიციას ის რეიტინგი თქვა, რომ ისინი ციხეში თუ არ წაიყვანეს, ხელისუფლებას წაართმევენ „ოცნებას“. ხელისუფლება ცდილობს, რომ პოლიტიკური ოპოზიციონერობა არ იყოს თავშესაფარი“, - დასძინა საყვარელიძემ.
ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მის პარტიაზე ნებისმიერი სახის ზეწოლა ბრძოლას ვერ შეაჩერებს და ეს მის გუნდს მხოლოდ გააძლიერებს.
„ჩვენმა ადვოკატებმა დღეს საბოლოო სიტყვა თქვეს და იქ გამოჩნდა კარგად, რომ აბსოლუტურად შეთითხნილია ეს საქმე, არის უამრავი კანონდარღვევა მათი მხრიდან, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელ სასამართლოს პირობებში არის გამამართლებელი განაჩენი, იმიტომ რომ დარღვეულია ყველაფერი, რისი დარღვევაც შეიძლებოდა.
ჩვენზე ზეწოლა, ჩვენზე ნებისმიერი ძალადობა, მათ შორის, ვითომ კანონის გამოყენებით, ბრძოლას ვერ შეაჩერებს. ჩვენი პარტია გააგრძელებს ბრძოლას ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ქვეყნის თავისუფლებისთვის. პარტია უფრო მეტად გაძლიერდება. თუკი იქნება ბრუტალური ზემოქმედება ან ბრუტალური გადაწყვეტილება ლიდერების მიმართ, ასე პარტიას ვერ გატეხენ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.