„თავად აირჩიეს ციხე, რომ თავიდან აიცილონ არჩევნებში მარცხი“

„თავად აირჩიეს ციხე, რომ თავიდან აიცილონ არჩევნებში მარცხი“

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ოფისიდან დაპატიმრებას პოლიტიკური დაძაბულობის ახალი ტალღა მოჰყვა. ოპოზიცია სამართლებრივ დევნას პოლიტიკური ანგარიშსწორების კონტექსტში განიხილავს, ხელისუფლება კი კანონმდებლობის უმკაცრეს დაცვაზე საუბრობს. საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის უგულებელყოფას, რაც უკვე სამი ოპოზიციური ლიდერისთვის შეფარდებული სასჯელით დასრულდა.

7 თვით პატიმრობა შეეფარდა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს, ხოლო მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. ახლა სასჯელის მოლოდინში არიან წინასწარ პატიმრობაში მყოფი „ახალის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია. შესაძლოა, ასევე, დააპატიმრონ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელსაც გირაო აქვს გადახდილი. არ არის გამორიცხული პასუხისგებაში მიეცეს ექს-პრემიერი გიორგი გახარიაც, რომელიც ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე საგამოძიებო კომისიაზე უკვე მეორედ დაიბარეს.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისიდან თანაგუნდელებს მიმართა და ოპოზიციური გაერთიანების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ახლა ბრძოლის დროა, ყველა ოპოზიციონერი კოლეგა უნდა დავარწმუნოთ, რომ ერთად დგომა გადამწყვეტია“.

ამ განცხადებას წინ უძღოდა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების ერთობლივი ბრიფინგი, სადაც ბადრი ჯაფარიძემ ხაზგასმით თქვა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. განცხადების შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერები „ლელოს“ ოფისში შეიკრიბნენ, მათ შორის იყო ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მმართველი გუნდის ლიდერებმა ოპონენტების დაკავება მკაფიო სამართლებრივი საფუძვლით ახსნეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ „საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ყველა მსგავს ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“.

„პოლიტიკურია პატიმრობა, როდესაც უკანონოდ, პოლიტიკური მოტივებით და მიზნებით იჭერენ ადამიანს. ასე ყველაფერზე ლაპარაკი, რომ პოლიტიკურია... ასეთი მარტივი არც ერთი საქმე არ ყოფილა - არგამოცხადება ისჯება კანონით. არ გამოცხადდნენ და დაისაჯნენ. სად არის პოლიტიკა? და თავად თუ ვინმეს უნდა თავის შეფარება ციხისთვის, იმიტომ რომ მეტი არაფრის თავი არ აქვს, არც არჩევნებში ღირსეული მონაწილეობის, არც შედეგის მიღწევის და ა.შ. ეს მათი საქმეა. ეს იგივეა, მე რომ წავიდე და ვიღაცას სპეციალურად თავში ჩავარტყა იმისათვის, რომ დამიჭირონ, იმიტომ რომ გარეთ არ დამედგომება.

ეს თუ უნდა ვინმეს, ჩვენ რა გავაკეთოთ? დემონსტრაციულად, სახალხოდ ჩაიდინეს დანაშაული და რა უნდა ქნა ამ დროს? ან უნდა თქვა, რომ სახელმწიფო არ არსებობს, რასაც სულ იგონებენ, რომ არალეგიტიმურია კომისია, არალეგიტიმურია სახელმწიფო, თქვენ არალეგიტიმურად სხედხართ აქ, მე რომ უმრავლესობის შემდეგ ბრიფინგს ვატარებ, ესეც არალეგიტიმურია და საერთოდ, ვთამაშობთ ახლა ჩვენ სახელმწიფოში კი არ ვცხოვრობთ. აი, ეს უნდათ, სახელმწიფოს ჩამოქცევა უნდათ. ან ეს უნდა გაითვალისწინო, ან დანაშაული ჩაიდინეს და მართლები ვყოფილვართ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ „პოლიტიკური პატიმრობა“ ეს არის ფრაზა, აბსოლუტურად სპეკულაციური“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი საზოგადოებას შეახსენეს, რომ „კანონის წინაშე ყველა თანასწორია“ და ხაზი გაუსვეს იმას, რომ მსგავსი სამართლებრივი რეგულაციები ევროპის ქვეყნებშიც გაცილებით მკაცრად აღსრულდება.

მიუხედავად ხელისუფლების მოწოდებისა კანონის პატივისცემისკენ, ოპოზიცია მოვლენებს ერთმნიშვნელოვნად სამართლებრივად ვერ აფასებს. მათი შეფასებით, საქმე გაცილებით ღრმა პოლიტიკური მოტივაციის მქონე პროცესთან გვაქვს. გაერთიანებისკენ მოწოდებები, ოფისში გამართული შეკრებები და საერთაშორისო მხარდაჭერის მოლოდინი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ამ პროცესიდან პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობს.

ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-თან აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს მხოლოდ მაშინ მიენიჭებოდა, თუკი დაპატიმრებები კანონის დარღვევით განხორციელდებოდა.

„როდესაც ნებისმიერი მოქალაქე, იქნება ეს რიგითი ადამიანი თუ პოლიტიკოსი, არღვევს კანონს, დემოკრატიულ ქვეყანაში პასუხისგება არ ეკისრება პოლიტიკური ნიშნით, არამედ - კანონის შესაბამისად. პოლიტიკურ პარტიებს, მათ ლიდერებს ან წევრებს არანაირი ინდულგენცია არ აქვთ. არავის აქვს უფლება და პრივილეგია, დაარღვიოს კანონი, მიუხედავად იმისა, პოლიტიკურ ოპონენტს წარმოადგენს თუ არა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი ცდილობს წარადგინოს, თითქოს მათ აქვთ სრული უფლება, შეურაცხყონ ოპონენტები, ჩაარტყან პოლიციელს, ესროლონ მოლოტოვის კოქტეილები და პიროტექნიკა. ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, თუმცა მათი დაპატიმრება თურმე არავის შეუძლია. ეს ღრმად მცდარი წარმოდგენაა. კანონის უზენაესობა ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქე ერთნაირად ექვემდებარება მას“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე შეფასებით, როდესაც სახელმწიფო მართლაც სახელმწიფოს ჰგავს, არავის გააჩნია ინდივიდუალური პრივილეგია. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში ოპოზიციურ პოლიტიკოსებს არ აქვთ უფლება, დანაშაულზე პასუხი არ აგონ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ოპოზიციაში არიან.

„რაც შეეხება ხაზარაძისა და ჯაფარიძის შემთხვევაში 7-თვიანი და 8-თვიანი აღკვეთის ღონისძიებებს, ეს ცხადად აჩვენებს, რომ ქვეყანაში კანონი კანონობს და ის პოლიტიკურ სტატუსზე მაღლა დგას. ამჯერად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიზანმიმართულად წავიდნენ კანონის დარღვევაზე, რაც რამდენიმე მიზეზით არის განპირობბეული: იციან, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა მკვეთრად იკლებს; დღეს 200 კაციც ვეღარ გამოჰყავთ ქუჩაში; პოლიტიკური ველზე ტივტივს ცდილობენ მხოლოდ იმით, რომ რამდენიმე თვე გაატარონ საპატიმროში და შემდეგ თქვან - „ციხეში ვისხედით, არჩევნებში ვერ მივიღეთ მონაწილეობა“. ეს მათთვის გამოსავალია, რომ დააღწიონ თავი მორიგ პოლიტიკურ კრახს. ადგილობრივ არჩევნებში მარცხი გარდაუვალია და ისინი ამ მარცხსაც ტაქტიკურად გაურბიან“, - ამბობს ახვლედიანი.

მისი თქმით, ამით თან იღებენ საერთაშორისო გამოხმაურებას და ცდილობენ პოლიტიკური გაკოტრების ფონზე ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით იმიჯის შენარჩუნებას.

„დღეს ციხეში ჯდომა მათთვის უფრო სასურველია, ვიდრე არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც მორიგი პოლიტიკური ნგრევით დასრულდება“, - განმარტავს ანალიტიკოსი.

გიორგი ახვლედიანის თქმით, წარსულში იგივე პოლიტიკოსებმა - გვარამიამ, მელიამ, ჯაფარიძემ, ხაზარაძემ - მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა შემდეგ პარლამენტში არ შევიდნენ და ქუჩაში დარჩნენ. შემდგომ არჩევნების წინ კი საკუთარი თავი დააპატიმრებინეს ხელისუფლებას.

„ეს მარგინალიზაციის გზაა. მათ საკუთარი ხელით გაიყვანეს თავი პოლიტიკური ველიდან. ახლა თვლიან, რომ ციხეში ყოფნით გაივლიან „წმენდას“ და მომავალში იტყვიან: „ჩვენ ციხეში ვისხედით, ჩვენგან რა პასუხისმგებლობა უნდა მოითხოვოთ?“ შემდეგ სცენაზე მათი დასავლელი ლობისტები გამოჩნდებიან- იუკნავიჩიანე, გრეგოროვა, კუბილიუსი და ატეხენ ხმაურს. ესაა მათი პოლიტიკური გეგმა, რომელსაც მიზანმიმართულად მიჰყვებიან“, - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

მარბიელი სათაური სულელურია, არჩევნების მარცხის თუ ეშინოდათ, არც მიირებდნენ მონაწილეობას! ტრამალის მგელი იყოს ხაზარაძის თანამგრძნობი, მაგრამ სისულელე არ უნდა დაწეროთ და რაღაცით უნდა გამოირჩეთ ხაბე-ვაშაძისაგან
3 საათის უკან
დოი ეს იყო და არის ოპოზიციის დიდი სპექტაკლი.ხაზარაძე რომ დასაჭერია ეს ყველა იმ ბიზნესმენმა თქვას,ვისაც უკვე სააკას რეჟიმისგან გაკოტრებულებს,სესხს აძლევდა ბოლომდე დასანახად!... გუშინ რაც მოაწყვეს არ მისვლით და მერე ვითომ გმირობის საჩვენებლად,სასაცილო იყო,სატირალი თუ არა...
1 წუთის უკან