ტერაქტების რისკი იზრდება - როგორ და რა ფორმით შეიძლება აშშ-ზე ირანის შურისძიება განხორციელდეს?

ტერაქტების რისკი იზრდება - როგორ და რა ფორმით შეიძლება აშშ-ზე ირანის შურისძიება განხორციელდეს?

რას ნიშნავს ირანის გაფრთხილება და მუქარა ამერიკის მიმართ და შურისძიებისთვის რისი შესაძლებლობა აქვს თეირანს? - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ ქვეყანა „იტოვებს ყველა ვარიანტს“ თავდაცვისთვის, ანალიტიკოსების აზრით, პირდაპირ მუქარას წარმოადგენს როგორც ვაშინგტონის, ისე მთელი რეგიონული უსაფრთხოების მისამართით.

აშშ-ის მიერ 22 ივნისს განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ირანის ბირთვულ ობიექტებზე, ოფიციალური თეირანი მძიმე შეფასებით გამოეხმაურა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ეს ქმედება არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმასა და წესს.

„ამ დილის მოვლენები შოკისმომგვრელია, სამარცხვინო და ექნება ხანგრძლივი შედეგები“, - განაცხადა არაღჩიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო უნდა აღშფოთდეს აშშ-ის „უკიდურესად საშიში, უკანონო და დანაშაულებრივი ქცევის“ გამო.

22 ივნისის ღამეს აშშ-მ საჰაერო იერიში მიიტანა ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე - კერძოდ ფორდოს, ნატანზისა და ისფაჰანის ობიექტებზე. მათ შორის ფორდო, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების ნაგებობად ითვლება, ყველაზე ძლიერად დაზიანდა - ობიექტზე ამერიკულმა სამხედროებმა სრული საბრძოლო საბომბე დატვირთვა ჩამოაგდეს.

ირან-ამერიკის დაპირისპირების ფონზე, შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, for.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ შურისძიების საფრთხე აშშ-ის წინააღმდეგ რეალურია და ირანი სხვადასხვა მიმართულებით საბრძოლო სცენარებს განიხილავს. გენერალი ამბობს თუ რა სახის ქმედებებს შეიძლება მიმართოს ირანმა და რამდენად რეალურია ტერაქტების რისკი თავად აშშ-ის ტერიტორიაზე.

მისი ვარაუდით, მოსალოდნელია, რომ ირანი გამოიყენებს თავისი გავლენიან პროქსი-დაჯგუფებებს რეგიონში, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰუსიტები, სირიის შიიტური მილიცია, რათა მიყენოს ზიანი აშშ-ის ინტერესებს. მისი თქმით, ტერაქტების რისკი იზრდება როგორც რეგიონში, ასევე აშშ-ის საელჩოებსა და სამხედრო ბაზებთან მიმართებაში.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ირანი წარსულში აქტიურად იყენებდა კიბერშეტევებს, როგორც შურისძიების იარაღს. ეს მოსალოდნელია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თეირანი არ გადაწყვეტს ფიზიკური იერიშების განახორციელებას. კიბერუსაფრთხოების ექსპერტები უკვე საუბრობენ აშშ-ის საწარმოო ობიექტებზე და ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმების პოტენციურ საფრთხეზე.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მათ მოლაპარაკებებისკენ ნაბიჯი გადადგეს და სწორედ ამ დროს დაბომბეს თეირანი. აბას არაღჩის თქმით, „აგრესიაზე პასუხი იქნება აგრესია“.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა აგრძელებს ირანის ტერიტორიის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხალხის დაცვას ყველა საჭირო საშუალებით არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აგრესიისგან, არამედ ისრაელის რეჟიმის უგუნური და უკანონო ქმედებებისგანაც. შტატებმა არა მხოლოდ ირანს უღალატა დიპლომატიისადმი ჩვენი ერთგულების ბოროტად გამოყენებით, არამედ საკუთარი ამომრჩევლებიც მოატყუა. ჩვენ დიპლომატიას კარი ერთხელ გავუღეთ, მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა დაბომბეს თეირანი. მოლაპარაკებებისთვის სივრცე ყოველთვის რჩება, თუმცა აგრესიაზე პასუხი იქნება აგრესია!

ასეთი აშკარა თავდასხმის შემდეგ, დუმილს მსოფლიო უპრეცედენტო საფრთხისა და ქაოსის ზღვარზე მიჰყავს. ირანის ისლამური რესპუბლიკა მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, მოიწვიოს საგანგებო სხდომა, რათა ცალსახად დაგმოს შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულებრივი აქტი და პასუხისგებაში მისცეს ვაშინგტონის ადმინისტრაცია, გაეროს ქარტიის ფუნდამენტური პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევისთვის“, - აღნიშნა აბას არაღჩიმ.

„ირანის მხრიდან ნებისმიერ შურისძიებას გაცილებით უფრო დიდი ძალით მოჰყვება პასუხი. ირანის მხრიდან გონივრული იქნებოდა, თუ ამ სიტყვებს გაითვალისწინებდა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, თავდასხმამ „გაანადგურა“ ირანის ბირთვული პროგრამა, თუმცა გავლენა არ მოუხდენია ირანელ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.

პიტ ჰეგსეთის განცხადებით, გუშინდელი დარტყმები ირანის ბირთვული შესაძლებლობების „დაქვეითების“ და „განადგურების“ მიზანს ემსახურებოდა.

„ბევრი პრეზიდენტი ოცნებობდა ირანის ბირთვული პროგრამისთვის საბოლოო დარტყმის მიყენებაზე, მაგრამ ვერცერთმა ვერ შეძლო ამის გაკეთება ტრამპამდე. ირანზე ოპერაცია თამამი და ბრწყინვალე იყო. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს, მსოფლიომ უნდა მოუსმინოს. აშშ-ის გარდა, ვერცერთი სხვა ქვეყანა ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა შეიქმნას, ის მშვიდობას ეძებს და ირანმა ეს გზა უნდა აირჩიოს“, – განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.

ვახტანგ კაპანაძე for.ge-თან ამბობს, რომ ირანის მხრიდან გარკვეული შურისძიების რისკები აშშ-ის მიმართ ნამდვილად არსებობს და ეს საფრთხეები, უდავოდ, გათვლილი ექნებოდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას. მისი თქმით, ირანი რამდენიმე მიმართულებას განიხილავს, რაც შეიძლება გამოიყენოს ამერიკის წინააღმდეგ შურისძიების მიზნით.

„შეიძლება ირანმა დარტყმა მიაყენოს ამერიკულ სამხედრო ბაზებს ერაყში, სადაც შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებები მოქმედებენ. ასევე მოსალოდნელია ტერაქტების მოწყობა აშშ-ის ტერიტორიაზე. შეიძლება ორმუზის სრუტის ჩაკეტვაც სცადოს და ამ გზით ამერიკული და მოკავშირეთა გემების გადაადგილება დაბლოკოს. ირანს ასევე შეუძლია შეუტიოს ამერიკულ ავიამზიდებს“, – განმარტავს კაპანაძე და აღნიშნავს, რომ ეს არის ის ძირითადი სცენარები, რაც ირანს ამერიკაზე შურისძიების მიზნით შეუძლია განახორციელოს.

თუმცა გენერალი ფიქრობს, რომ ირანის მოქმედებები და რესურსები ამ ეტაპზე საკმაოდ შეზღუდულია.

„ისრაელის მიმართულებით ირანმა უკვე გაუშვა ათიოდე ბალისტიკური რაკეტა, თუმცა, პრაქტიკულად, ერთადერთი მობილური პლატფორმაც განადგურდა. ჰაერში უპირატესობა ამერიკის და ისრაელის მხარეს არის და რაკეტების უმეტესობა გაუვნებელდება გაშვებისთანავე. ავიამზიდებზე თავდასხმაც რთული იქნება – თითოეულზე განთავსებულია დაახლოებით 90 თვითმფრინავი და ამერიკას საკმაოდ მძლავრი თავდაცვითი მექანიზმები აქვს“, – ამბობს კაპანაძე.

მისი თქმით, უფრო რეალურია ტერორისტული ტიპის შეტევები ამერიკულ ბაზებზე, განსაკუთრებით უპილოტო აპარატების გამოყენებით.

„ამერიკული ბაზები უკვე მაღალი მზადყოფნის რეჟიმში არიან გადაყვანილნი – ე.წ. „კარანტინზე“, რადგან ყველა საფრთხე მათთვის მოსალოდნელია. რეგიონში კიდევ ერთი საფრთხის წყარო შეიძლება გახდეს ომანის და ჰუსიტების ჩართვა კონფლიქტში. მათ უკვე განაცხადეს ომში ჩართვის მზადყოფნა. თუმცა თუ მათ რეალურად ექნებათ აგრესიული ქმედებები, სავარაუდოა, რომ ამერიკისგან მიიღებენ შესაბამის პასუხს, როგორც ირანმა მიიღო“, – ამბობს ის.

მისივე განმარტებით, თუ ამერიკულ სამხედრო კონტინგენტზე იქნება მნიშვნელოვანი ზემოქმედება ან შეტევა, აშშ მყისიერად უპასუხებს.

„როგორც ტრამპმა და ამერიკის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნეს, პასუხი იქნება უმკაცრესი. ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური და რეალური საფრთხე აშშ-სთვის სწორედ ტერაქტებია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე იმ სახელმწიფოებში, სადაც ამერიკის საელჩოებია. ტერორისტებისთვის დამახასიათებელი ხელწერაა თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებზე და დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე. სწორედ ამ კუთხით არსებობს ყველაზე მაღალი რისკი“, – აცხადებს გენერალი.

მისი თქმით, სამხედრო საფრთხე იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის, რამდენადაც ტერორისტული აქტების რისკი იზრდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ამერიკაში მაღალია ემიგრანტების რაოდენობა და იზრდება პროტესტის მუხტი, მათ შორის პალესტინის საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ ყველაზე რეალურ საფრთხედ ახლა სწორედ ამ მიმართულებით განიხილება შესაძლო დარტყმები.

რაც შეეხება ტრამპის თავდაპირველ გადაწყვეტილებას ორკვირიანი ტაიმაუტის გამოცხადების შესახებ და შემდეგ მის გადახედვას, გენერალი განმარტავს: „როგორც ჩანს, ტრამპს რეალურად სურდა საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა და დროის ფანჯრის გამოყენება, მაგრამ სამხედრო კაბინეტმა მას ურჩია დაუყოვნებელი სამხედრო რეაგირება. ამიტომაც მან სწრაფად შეცვალა პოზიცია“, – ამბობს კაპანაძე.