დღეს ქართულმა მედიამ უაპელაციოდ გაავრცელა დასავლური მედიის აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოს პატრიარქ ილია მეორისა და რუსეთის პატრიარქ კირილის შეხვედრა იყო ქართულ-რუსული პოლიტიკის ერთი ჩველულებრივი ფრაგმენტი. Stratfor-მა სპეციალური სტატია მიუძღვნა იმის მტკიცებას, რომ ილია მეორემ კირილთან შეხვერდა საქართველოს პრეზიდენტის გამოსაწვევად დაგეგმა და ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც მასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის ურთიერთობა დაიძაბა. სწორედ ასეთი სათაურით დაბეჭდა ზემოთ ხსენებული სტატია დასავლურმა გამოცემამ, ხოლო ქართულმა მედიამ ასევე, ყოველგვარი განმარტების გარეშე, თარგმნა მისი სათაურიც და შინაარსიც: „ილია მეორემ ხელისუფლების გამოწვევა გადაწყვიტა და მოსკოვთან კავშირების დამყარებას ცდილობს.“
სტატიის ავტორი ზედაპირულად მიმოიხილავს საბჭოთა პერიოდში მართლმადიდებლური ქვეყნების რელიგიურ პრობლემას და ასკვნის, რომ „მაშინ მოსკოვი რელიგიას თავისი იდეოლოგიის გავრცელებისა და ჯაშუშების ქსელის შექმნისთვის იყენებდა.“ დასანანია, რომ ავტორმა არ იცის მართლამდიდებლური ეკლესიების ბრძოლის ისტორია რუსული იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ. კიდევ უფრო დასანანია, რომ ამ სტატიის გამავრცელებელი ქართული გამოცემები კომენტარის გარეშე ტოვებენ ამ ბრალდებას. ალბათ, აქაც უცოდინრობასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ეკლესიის მიზანმიმართულ შეურაცხყოფასთან. ქართული მარეთლმადიდებლური ეკლესია როგორც საბჭოთა პერიოდში, ასევე წინა პერიოდშიც, მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის პოლიტიკის გავლენის ქვეშ მოექცა, იყო ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის თითქმის ერთადერთი პლაცდარმი. ქართველი კათალიკოსები საკუთარი სიცოცხლით ეწირებოდნენ ამ ბრძოლას. თავად ილია მეორემ მთელი თავისი მოღვაწეობა, რომლის დიდი ნაწილი საბჭოთა პერიოდში გაატარა, მიუძღვნა სწორედ ეროვნული იდეის გადარჩენას. ქართველი დისიდენტები, რომლებსაც ებრძოდა და დევნიდა საბჭოთა ხელისუფლება, ეკლესიებს აფარებდნენ თავს. მათთვის ყველაზე დიდი ტრიბუნა იყო საქართველოს საკათედრო ტაძარში, სიონში, პატრიარქის მიერ გამართული საკვირაო წირვები, საიდანაც პატრიარქი პირდაპირ ამბიონიდან უქადაგებდა მათ თავისუფლებისთვის, ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ცნობილი დისიდენტები პატრიარქის სტიქაროსნები იყვნენ. ეს და კიდევ მრავალი ფაქტი იმას მოწმობს, რომ რუსეთის პოლიტიკამ ვერასდროს ჩაითრია საქართველოს ეკლესია თავის პროპაგანდისტულ მანქანაში და ამის უარყოფა არა მხოლოდ მართლმადიდებელი ქართველების, არამედ მთელი ერის შეურაცხყოფაა.
Stratfor-ის სტატია მკითხველს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არწმუნებს იმაში, რომ უკრაინაში ილია მეორისა და კირილის შეხვედრა საქართველოზე რუსული პოლიტიკის გავლენის გაზრდის მიზნით მოხდა, რომ ილია მეორემ ამ შეხვედრით შური იძია სქართველოს პრეზიდენტზე, რომელმაც არ გაითვალისწინა რელიგიური გაერთიანებების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება. ასეთი განცხადება აკნინებს არა მხოლოდ პატრიარქის ღირსებას, არამედ ხაზს უსვამს საერთოდ ეკლესიის როლს ქართული სახელმწიფოს შექმისა და აღმშენებლობის საკითხში, განსაკუთრებით თანამედროვე ეტაპზე. სტატიის ავტორი ილია მეორეს ირიბად განიხილავს როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის იდეის მოღალატეს, მის პირისპირ მდგარს, რომელსაც შეუძლია შურისძიების მიზნით რუსული პოლიტიკის თანამონაწილე გახდეს. სამწუხარო ის არის, რომ ქართველი საზოგადოების მხრიდან ამ პუბლიკაციას არ მოჰყვა ადეკვატური რეაგირება. ვერავინ გაბედა პატრიარქისა და მართლმადიდებლური ეკლესიის დასაცავად ხმის ამოღება. დღეს რამდენიმე ინტერნეტსაიტზე უკომენტაროდ გავრცელდა პუბლიკაცია, რომელიც მიზნად ისახავს ეკლესიისა და მისი წინამძღოლის ღირსების შელახვას. სტატიაში პირდაპირ წერია, რომ „პატრიარქმა გადაწყვიტა რუსეთისკენ კურსის აღება, რადგან ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა გაფუჭდა და ამიტომ გადაწყვიტა ილია მეორემ უგანოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მან ხელისუფლების გამოწვევა გადაწყვიტა და მოსკოვთან კავშირის დამყარებას ცდილობს.“
შემთხვევითი არ არის, რომ პატრიარქის კავშირის ადრესატად დასახელებულია მოსკოვი და არა რუსეთის ეკლესია. „მოსკოვში რუსეთის ხელისუფლება იგულისხმება თავისი იმპერიალუსტური მიზნებით საქართველოს მიმართ. ბრალდება პატრიარქის მიმართ ძალზე საშიშია - დასავლურმა მედიამ იგი რუსეთის ხელისუფლებასთან პოლიტიკური კავშირების გაბმის მცდელობაში დაადანაშაულა. ქართველმა ჟურნალისტებმაც სიტყვასიტყვით და თანმიმდევრულად გადმოიწერეს ეს ბრალდება. საინტერესოა, მათთვის მისაბაძ რომელიმე დასავლურ გაზეთში პატრიარქის მიმართ სიტყვა „ჯაშუში“ რომ გამოიყენონ, ქართული ჟურნალ-გაზეთები მაშინაც სიტყვასიტყვით და უკომენტაროდ თარგმნიან ასეთ ფრაზას?
არსებობს ზღვარი, სადაც ადამიანები, პროფესიის მიუხედავად, თავს ხრიან. კარგია, თუ ასეთი ზღვარი ჟურნალისტისთვის იქნება ეკლესიის კარი და არა სხვა სახლებისა და სასახლეების კარებები, სადაც ისინი მუდამ თავდახრილები და წელში მოხრილები შედიან.