უპრეცედენტო ოდენობის ფულის გათეთრების საქმე - რა სასჯელი ემუქრება დამნაშავეს და როგორია პოლიტიკური შეფასებები

უპრეცედენტო ოდენობის ფულის გათეთრების საქმე - რა სასჯელი ემუქრება დამნაშავეს და როგორია პოლიტიკური შეფასებები

უპრეცედენტო ოდენობის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, საქმე ფულის გათეთრების მუხლითაა აღძრული. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არნახულ თანხებზეა საუბარი და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა სქემა იყო აწყობილი. ოპოზიციისთვის კი წარმოუდგენელია მსგავსი მასშტაბის დანაშაული პოლიტიური მფარველობის გარეშე ყოფილიყო ჩადენილი.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყოს გამოძიების სამიზნე, რომელიც მთავრობას ხელმძღვანელობდა 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 იანვრამდე, მმართველი პარტიაში პასუხობენ, რომ "წარმოუდგენელია".

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

პროკურატურას დაკავებულის ვინაობა არ გაუსაჯაროვებია, მათ შორის არც ინიციალები და არც ის, არის თუ არა ის საქართველოს მოქალაქე.

რას ამბობენ მართველ პარტიაში

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ არნახულ თანხებზეა საუბარი".

ვნახეთ, რომ მართლაც არნახულ თანხებზეა საუბარი, რომელიც საქართველოში შემოდიოდა იმ მიზნით, რომ მომხდარიყო კონვერტაცია სხვა ვალუტაში. პროკურატურა ჩაეძიება მთლიანად ამ საკითხს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სქემა იყო ასეთი აწყობილი, როდესაც ასეთი თანხები მოკლე დროში ტრიალებდა საქართველოში",- აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, თუ საბაჟოზე ვინმე თვალს ხუჭავდა, გამოძიების ნაწილი ესეც არის, გამოიძიოს ვინმე ხუჭავდა თუ არა თვალს. კითხვაზე, გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილი ყოფილიყო ამ საქმეში ჩართული, პაპუაშვილი აღნიშნავს: წარმოუდგენელი მგონია, ვინმე იყოს ჩართული". მისივე თქმით, ვინმეს რაიმეს დამალვა რომ ნდომებოდა, ფაქტის შესახებ ვერავინ გაიგებდა.

ადამიანია, რომლის სახელი და გვარი არავის გაუგია. ბაჩიაშვილმა როგორ გააკეთა, რაც გააკეთა? ბაჩიაშვილი, რომელმაც საუკუნის აფერა ჩაიდინა, სასამართლო პროცესი მიდიოდა, შესაბამისი შეზღუდვები ჰქონდა და მანქანა გადააკეთა, ლამის შემდუღებლად თავად იმუშავა და ისე გაძვრა ქვეყნიდან. ვინმეს რაიმეს დამალვა რომ ნდომებოდა, ამას ვერ გაიგებდით. გამოძიება მიყვება რასთან გვქონდა საქმე, თავისი არსითაც ცოტა უცნაური დანაშაულია",- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, სწორი იქნება თუ არა, გამოძიებამ კითხვები დაუსვას ირაკლი ღარიბაშვილს, პაპუაშვილი აღნიშნავს: არა, რა თქმა უნდა".

კითხვები არ ისმევა პოლიტიკური დაკვეთით და კეზერაშვილის სურვილით. გამოძიება სვამს კითხვებს, იქიდან გამომდინარე, რაც საქმის ინტერესშია", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

"ხალხის ძალოს წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ "რა თანხაა, საიდანაა და რა მიზნით გამოიყენებოდა, ეს გამოძიების საკითხია"

ვფიქრობ, უმოკლეს დროში იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში აქტიურდება ზეწოლები როგორც განცხადებებით, ასევე რეზოლუციებით, ფულის მოწოდებით, ტროტილებით, ჰექსოგენებით" და რევოლუციური გზამკვლევებით. შესაძლოა, ესეც ამ სქემის ნაწილი იყოს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა მოხდეს და დესტრუქციულ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებისთვის ხელი შეეწყოს", - განაცხადა ხუნდაძემ.

კითხვაზე, რა კავშირია ხელისუფლების შეცვლასა და 600 მლნ დოლარს შორის, ხუნდაძემ უპასუხა, რომ "შესაძლოა ეს კავშირი იყოს".

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ ეს 600 მილიონი დოლარი გავლენიანი მფარველების გარეშე ვინმეს გაეთეთრებინა ქვეყანაში, ხუნდაძე ამბობს, რომ თუ ვინმე მფარველობდა და მით უმეტეს ხაზი მიდის დესტრუქციისკენ, რომელიც დესტრუქციულ ოპოზიციას ახასიათებს, რა თქმა უნდა, პასუხისგების გარეშე არავინ დარჩება".

დამატებით შეკითხვაზე, მიდის თუ არა კვალი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ხუნდაძემ უპასუხა, რა საფუძველია, რომ კვალი მათთან მიდიოდეს და არა დესტრუქციულ ოპოზიციასთან. ეს მათი და მათი დამკვეთების ხასიათი და სურვილია".

რას ამბობენ ოპოზიციაში

"ლელოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული დანაშაულის მფარველობა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ხდებოდა.

ჩვენ ძალიან დიდი ხანია უკვე ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო გადააქცია ბინძური რუსული ფულის სამრეცხაოდ და ეს დადასტურდა კიდევ ერთხელ. მე მგონი ყველა ხვდება, რომ აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ მსგავსი მასშტაბის დანაშაული ქვეყანაში განგრძობითად ჩადენილი ყოფილიყო ისე, რომ უმაღლეს დონეზე არ ყოფილიყო პოლიტიკური მფარველობა ამ დანაშაულის.

"ახლა რაღაც შიდა მიზეზებით დასჭირდათ ამ დანაშაულის გამჟღავნება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო დიდი რაოდენობით ფულის რეცხვას აწარმოებს დღეს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში, სხვა ფუნქცია საქართველოს, ფაქტობრივად, აღარ დაუტოვა ამ რეჟიმმა და შედეგად მდიდრდება ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი და ღატაკდება ქართველი ხალხი, რომელსაც ესაუბრებიან რაღაც ფიქციურ ეკონომიკურ ზრდაზე, როდესაც ნებისმიერი წესიერი საქართველოს მოქალაქის ცხოვრება ყოველდღიურად უარესდება და ის ყოველდღიურად ღარიბდება და ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება, რაც შეიძლება სწრაფად," - განაცხადა სამადაშვილმა.

აღნიშნულს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი წერეთელიც ეხმიანება.

"როგორ შეიძლება ამხელა თანხები მოძრაობდეს, მის გათეთრებაზე იყოს საუბარი და ახლა, სამი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ასეთი რამ ხდებოდა. არადა ჩვენ ძალიან ხშირად ვისმენთ, რომ ზოგს აკავებენ რამდენიმე კოლოფი სიგარეტის გამო, სულ არის საბაჟოდან ცნობები, რომ ეს დავაკავეთ, ის დავაკავეთ, თუნდაც მცირე ნარკოტიკის გამო და ახლა, ასე საბარგულებით თუ შემოდიოდა ფული, რაც ბუნებრივია, ეკონომიკაზე გავლენას ახდენდა, ეს ხდებოდა უყურადღებოდ, გულგრილობით, თუ დაინტერესდებით, ძალიან მძიმე ფაქტია.

სად მივა ეს გამოძიება ვერ გეტყვით. დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მართავს, ებრძვის არამარტო საწინააღმდეგო აზრს, არამედ მან თავის რიგებშიც უკვე დაიწყო თავის პირმშოების განადგურება. ბევრი გვარი სახელდება, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ დიდ და ორგანიზებულ საქმეს უპატრონოდ არავინ მიუშვებდა", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

პროკურატურის განცხადება

უწყების ინფორმაციით, პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, ,,ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.

"დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სისტემატიურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას.

"ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები.

ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.

"აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული.

დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის და სხვა აქტივების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

"პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ ფაქტებზე, პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში წარსულში გასამართლებულია 7 პირი, რომელთაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაახლოებით 13 მილიონი ლარის ღირებულების აქტივები ჩამოერთვათ",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.