ციხიდან გამოსულ ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირს და ამბობს, რომ ძალიან ბევრ რამეზე საუბრის უფლება არ აქვს. შესაბამისად, "რეზონანსის" შეკითხვებზე ძირითად ნაწილში აბდალაძე თავს იკავებს პასუხისგან, თუმცა ჩვენი მკითხველისთვის ისეთ შეკითხვებიდანაც კი, რომელზეც ფოტორეპორტიორმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, ბევრი რამ გახდება ცხადი.
რა გეგმები აქვს გიორგი აბდალაძეს, აპირებს თუ არა სასამართლო განაჩენის გასაჩივრებას? ხორციელდებოდა თუ არა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ციხეში და ამიტომ დაწერა თუ არა აღიარებითი ჩვენება? ამ და სხვა საკითხებზე "რეზონანსი" გია აბდალაძეს ესაუბრა.
რა გეგმები გაქვთ, რას აპირებთ მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოხვედით?
გია აბდალაძე: ჯერჯერობით გაურკვევლობაში ვარ. უნდა გავარკვიო, რა მდგომარეობა მაქვს. ანუ, ჯერ არ შემიძლია პასუხის გაცემა.
მე კი მაქვს დიდი სურვილი, რომ ისევ ფოტორეპორტიორად ვიმუშაო, მაგრამ მაქვს თუ არა აკრედიტაციის მიღების უფლება, ჯერ არ ვიცი, და ამიტომ ამ ეტაპზე, სანამ იურიდიულ დეტალებს არ გავარკვევ, ვერაფერს ვერ გეტყვით.
"რ": გაზეთმა "ალიამ" შემოგთავაზათ, რომ მათთან გააგრძელოთ მუშაობა..
გ. ა.: ეს ის რედაქციაა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე ახლა თქვენ გესაუბრებით. მე თუ გარეთ ვარ, ცოცხალი ვარ, ყველაფერი მათი დამსახურებაა, ბატონი გიორგი რომ არა და რომ არა ჟურნალისტების მხარდაჭერა, მე, ალბათ, ცოცხალიც არ ვიქნებოდი.
"რ": ანუ გია, თუ იურიდიულად რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორები არ იქნება, მიიღებთ მათ შემოთავაზებას და ძველ საქმიანობას დაუბრუნდებით?
გ.ა.: დიახ, დანარჩენი, წესით, ხელს არ შემიშლის.
"რ": თქვენ კვირის პალიტრასთან საუბარში აღნიშნეთ, რომ თქვენი, როგორც რეპორტიორის, კარიერა დასრულდა, თუმცა, საზოგადოების 72%-ს არ სჯერა თქვენი ჯაშუშობის და, შესაბამისად, ალბათ, გაქვთ მორალური უფლება, ძველი საქმე გააგრძელოთ, რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი, როგორც ფოტორეპორტიორის, კარიერა დასრულდა?
გ. ა.: არა, ასე აღარ ვფიქრობ. აქ იურიდიული საკითხებია, თორემ სხვა მხრივ მეც გადავწყვიტე, რომ მინდა, ჩემი საქმე ვაკეთო.
"რ:" თქვენი იურისტები ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება გაქვთ, ხომ არ აპირებთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას?
გ.ა.: არა, ეს პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ არა. თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან.
"რ": რაც შეეხება საუბარს იმაზე, რომ ციხეში თქვენზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და ამიტომ დაწერეთ აღიარებითი ჩვენება და დათანხმდით საპროცესო გარიგებას, ამაზე რას იტყვით?
გ. ა.: თავს შევიკავებ ამაზე პასუხისგან.
"რ": თქვენ ხელი გაქვთ მოწერილი დოკუმენტებზე, რომელიც დუმილს გავალდებულებთ და, ალბათ, ამიტომაც არ სცემთ ჩემს შეკითხვებს პასუხს, რადგან შესაძლოა, საუბრის გამო ციხეში დაგაბრუნონ..
გ. ა.: დიახ, მე არ მაქვს უფლება, ვისაუბრო და ინტერვიუ მოგცეთ და ყველა კითხვაზე გიპასუხოთ. ეს ისეთი შეკითხვებია, რომელიც არ ეხება ჩემს მომავალ საქმიანობას. არანაირი უფლება არ მაქვს, სხვა რამეზე გიპასუხოთ.
იმედი მაქვს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. მტერს არ ვუსურვებ ცხეში მოხვედრას. თქვენი გვერდში დგომა რომ არ ყოფილიყო, მე ციხიდან ცოცხალი გამოვიდოდი თუ არა, არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გითხრათ ამ მხარდაჭერისთვის. მე მსგავსი მხარდაჭერა მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მიგრძვნია და ეს არასოდეს არ დამავიწყდება. ღმერთმა დაიფაროს ყველა, მაგრამ ნებისმიერ ჟურანლისტს რომ გაუჭირდეს, პირველი მე დავდგები მათ გვერდით, მათ დასაცავად. კიდევ ვიმეორებ, ღმერთმა ნუ ქნას, რომ განმეორდეს მსგავსი რამ ოდესმე.
"რ": და ბოლოს, მინდა, გკითხოთ, დაკავების პირველი 5 დღის განმავლობაში, კოლეგებს მუდმივად გვიგზავნიდით წერილებს, სადაც ამბობდით, რომ ჯაშუშობას არ აღიარებდი და ბოლომდე იბრძოლებდი, ასევე სთხოვდით ჟურნალისტებს, რომ ისინიც ბოლომდე თქვენს გვერდით ყოფილიყვნენ. დღევანდელი გადასახედიდან, ისევ ის პირველი 5 დღე რომ იყოს, გააკეთებდით თუ არა იგივეს და დაწერდით თუ არა იგივე შინაარსის წერილებს?
გ. ა.: კი, აუცილებლად იგივეს ვიზამდი.