ირაკლი მოსეშვილი: „ანძის გასხვისება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს“

ირაკლი მოსეშვილი: „ანძის გასხვისება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს“

[მანანა ნოზაძე]

თბილისის ანძის პოტენციური ინვესტორები ობიექტის ადგილზე გასაცნობად ჯერ არ მისულან. როგორც ჩანს, ისინი ზეპირი გათვლებით ხელმძღვანელობენ და სრულად ენდობიან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, რომლის საიტზეც ანძის შესახებ მეტად მწირი ინფორმაციაა.

ამის მიუხედავად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ირწმუნება, რომ ანძის მართვის უფლებით გადაცემის პროცესი მთლიანად ტრანსფარენტული და გამჭვირვალეა.

გამჭვირვალეობისა რა მოგახსენოთ, მაშინ, როცა თავად „საქართველოს ტელერადიოცენტრის ადმინისტრაციამ თბილისის ანძის „ალფა-კომად“ გადაკეთების შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს შეიტყო და ახალი დასახელება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

როგორც  შპს „ალფა-კომის“ დირექტორის მოადგილე ბორის ადამია აცხადებს, ანძას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალები ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში დაუგროვდა. სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ვალის რესტრუქტურიზაცია მოხდა. ვალის გადახდის დაწყების თარიღად 2010 წელი განისაზღვრა და ანძამაც ვალის გადახდა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის წინაშე არსებულ ვალებში ყველაზე დიდი წილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდის.
ანძის გასაყიდად ელექტრონული აუქციონი 1–ელ აგვისტოს გაიმართება. აუქციონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, რომელიც 12 მილიონიანი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, გააუმჯობესებს სერვისს და ახალ ტექნიკას შეიტანს. ახალ კომპანიას ანძის მმართველობა 4 წლიანი ვადით გადაეცემა.  კომპანიის მართვის უფლების მოპოვების ღირებულება 100 000 ლარია, ხოლო
კომპანიის დებიტორული დავალიანება 6 988 202 ლარი, კრედიტორული დავალიანება კი – 2 917 158.59 ლარი.

ხელისუფლების წარმომადგენლები თვითონაც გრძნობენ, რომ ანძის გაყიდვა არაპოპულარული და წინასწარ განუჭვრეტადი გადაწყვეტილებაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი ფაქტის წინაშე უსუსურნი არიან. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი აცხადებს, რომ ტელეანძა სტრატეგიულ ობიექტად დარჩება, თუმცა დავალიანებების გამო მისი გასხვისება გარდაუვალია.

რატომ გადაწყვიტეს ანძის გასხვისება და ამით რა მოგებას ნახავს სახელმწიფო?

– სამწუხაროდ, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ეს კომუნიკაციების კომისიის კომპეტენცია არ არის და ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა, მაგრამ, როგორც რიგითმა მოქალაქემ, შემიძლია დაახლოებით ვივარაუდო. საქმე ისაა, რომ ტელეცენტრს აქვს ძალიან დიდი დავალიანება. შესაძლოა, სწორედ ეს არის ამის მიზეზი, რომ ახალმა მმართველმა ამოიღოს დავალიანება. ამას ემატება ვალდებულება, რომ 12 მილიონი ლარის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდეს. „აუქციონ. გე“-ზე როგორც წერია, იქ არის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები. კონკრეტულად, რა დავალიანებებია, ნამდვილად არ ვიცი.

ეს დავალიანებები ბოლო წლებში დაგროვდა?
– დიახ, რა თქმა უნდა. კონკრეტულად რაც მახსოვს, იყო ორი ფაქტი, რომელიც გაჟღერდა და მე უშუალო შეხება მქონდა ამასთან. კერძოდ, რადიო „საქართველოს ხმას“ ჰქონდა რამდენიმე ათეულ ათასი ლარის დავალიანება. გასული წლის ბოლოს  თუ წელს იანვარში ტელეცენტრმა იგი გათიშა, შემდეგ ტელეცენტრსა და „საქართველოს ხმას“ შორის შეთანხმება მოხდა და ვალი გადაუნაწილეს. ეს გახლდათ  ანძის მომსახურების, იქ განთავსებული გადამცემების, ადგილის ქირაობის, სხვადასხვა ტექნოლოგიური მომსახურების დავალიანებები. რამდენადაც მახსოვს, იგივე პრობლემა ჰქონდა „პირველ სტერეოს“, იქაც შეთანხმებას მიაღწიეს და მაუწყებლობა აღდგა.

თუკი დავალიანებები გადაუნაწილეს და ისინი ვალდებულნი არიან, თვეების განმავლობაში ეტაპობრივად დაფარონ ვალი, მაინც აუცილებელია ანძის გაყიდვა?

– ვერ გეტყვით, ეს ჩემი შეხების სფერო არ არის. ალბათ, წინა მმართველობას დაახლოებით 8 მილიონამდე ვალი დაუგროვდა და ვერ ამოიღო ეს თანხა. მას თვითონ აქვს ბიუჯეტის ვალი, დაახლოებით 3 მილიონამდე, ყოველ შემთხვევაში, მის მოცემულობაში ასე წერია. ეტყობა, წინა მმართველობამ ვერ ამოიღო თანხა და ახლა, ალბათ, ახალი მმართველობის მეშვეობით შეეცდებიან, რომ ფინანსური მდგომარეობა გამოასწორონ.

როგორც ვიცი, მაუწყებლობებისთვის გადასახადის გაზრდას თქვენ არ გამორიცხავთ. რამდენით შეიძლება გაიზარდოს და რამდენად დაარტყამს ეს ე.წ. ოპოზიციურ ტელევიზიებს?

– დიახ, ვადასტურებ და არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულწილად, თანხა შეიძლება გაიზარდოს. სწორედ ამიტომ რამდენიმე დღის წინ მოწოდებით მივმართე იმ კომპანიას, ვინც აუქციონს ატარებს, ანუ „ალფა-კომს“, და ახლაც იმავეს გავიმეორებ. პირველი, ძალიან კარგია, რაც მათ უწერიათ, რომ არ შეიცვალოს ანძის პროფილი, რადგან დღევანდელ საქართველოში ასეთი ქმედებები გამორიცხული არ არის. მეორე, არ დაწესდეს იმაზე მაღალი ტარიფები, რაც აქამდე იყო და არ იქნას მოთხოვნილი, ძველი დავალიანების მყისიერი გადახდა. ეს პრობლემას შეუქმნის პატარა კომპანიებს, პატარა ტელე და რადიოსადგურებს, რომლებიც ანძას თავიანთი საქმიანობისთვის იყენებენ. ეს გახლავთ სიხშირული სპექტრი, სარელეო მომსახურება და ა.შ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ახალმა მფლობელმა და მმართველმა გათიშა რომელიმე ტელე ან რადიოარხი, ან შეუწყვიტა მას მომსახურება, ეს კომპანიები საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. შემდეგ უკვე, სამწუხაროდ, ჩაერთვება მაუწყებლობის შესახებ კანონი, სადაც პირდაპირ წერია, რომ 90 დღის განმავლობაში, თუ რომელიმე მაუწყებელი არ მაუწყებლობს იმ ლიცენზიით, იმ სიხშირესა და იმ არეალში, რომელზედაც მას აქვს ლიცენზია, მერე უკვე კომუნიკაციების კომისია ვალდებული გახდება, საქმე შეისწავლოს, ან გააფრთხილოს და შემდგომ სხვა ფინანსური სანქციები დაუწესოს ასეთ კომპანიებს.

როგორ გგონიათ, თქვენს მოწოდებას „ალფა-კომი“ და ანძის ახალი მმართველი გაიზიარებს? და კიდევ ერთი საკითხი, ოთხი წლის განმავლობაში, შესაძლოა, მართლაც არ შეიცვალოს ანძის პროფილი, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ რა მოხდება?

– ანძის მმართველობას იღებენ ოთხი წლით, მეხუთე წელს მმართველობას არ იღებენ. მე, ისევე, როგორც კომუნიკაციების კომისიას, სამართლებრივად არ შეგვიძლია, სხვაგვარად ვიმოქმედოთ, რადგან კომისიის რეგულირების სფერო სულ სხვა რეგულირების სფეროა. ეს ორი კერძო კომპანიის საქმეა – ანძისა და იმ კომპანიის, რომელიც დებს ხელშეკრულებას. გაიზიარებენ თუ არა ჩემს მოწოდებას, ეს მათი გადასაწყვეტია. 

მეხუთე წელს ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდება ანძა?

– ანძა, როგორც ასეთი, რჩება სტრატეგიულ ობიექტად. როგორც მივხვდი, აქ მარტო მმართველობის გადაცემაზეა საუბარი და არა ანძის გაყიდვაზე მთლიანად. რადგან ანძა გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ის საწყისი ფასი, რაც მითითებულია, 100 ათასი ლარის ოდენობით.

„მაესტროსა“ და ტელეკომპანია „კავკასიის“ წარმომადგენლები ანძის აუქციონზე გატანას პოლიტიკურ და საარჩევნო ჭრილში თავისუფალ მედიაზე დარტყმად განიხილავენ. მართლაც, ხომ არ არის საშიშროება, რომ, სურვილის შემთხვევაში, ისინი გათიშონ კიდეც? უკვე ეჭვი ამ მიმართულებით არსებობს.

– „მაესტროს“ არ აქვს სიხშირული მაუწყებლობის ლიცენზია. „მაესტრო“ არის საკაბელო მაუწყებელი. ასე რომ, ამ შემთხვევაში, თუ საუბარია „მაესტროსა“ და „კავკასიაზე“ თბილისის ზონის ფარგლებში,  „მაესტროს“, ნაკლები პრობლემა შეექმნება. ეს იმის მიუხედავად, რა სიგნალიც შეიძლება გაავრცელოს ანძამ, რადგან „მაესტრო“ საკაბელო მაუწყებელია. თუმცა, პრობლემები შეექმნება იმავე სარელეო სიგნალის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ უფრო რთულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ტელეკომპანია „კავკასია“.

ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, მათ აქვთ თუ არა ანძის ან ყოფილი ტელეცენტრის დავალიანება, რომელსაც ახლა „ალფა-კომი“ ჰქვია, მაგრამ, თუ მათ ასეთი დავალიანება აქვთ და ახალმა მფლობელმა მოსთხოვა  ამ დავალიანების აღმოფხვრა, პრობლემები ნამდვილად შეექმნებათ.

ანძა სტრატეგიული ობიექტია, რამდენად მიზანშეწონილი იყო მისი სხვისთვის გადაცემა? არ შეიძლებოდა, ვთქვათ, სპონსორს გაესტუმრებინა დავალიანებები, თუ მართლაც დავალიანებების გამო აპირებენ მის გასხვისებას?

– იცით, როგორ არის? წინასწარ ვერ ვიტყვით. არ ვიყოთ მიკერძოებული და სააუქციონო დებულებაში ისიც წერია, რომ ახალმა მმართველობამ 12 მილიონის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ამას რა ფორმით განახორციელებს ახალი კომპანია, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის: თვითონ ჩადებს ფულს, რომ მერე ამოიღოს თუ შეეცდება კომპანიებისგან ამოიღოს? ეს ჯერ კიდევ საკითხავია. მეორე მომენტია, რომ დავალიანების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, მოდის ალბათ მსხვილ კომპანიებზე, ისეთებზე, როგორიცაა „რუსთავი 2“ და „იმედი“.

კი, მაგრამ, რამდენადაც  ახლო წარსულიდან გვახსოვს, მათი დავალიანებების ჩამოწერა ხდება.

– მესმის. თუ ისეთი მექანიზმი განახორციელეს, რაც შარშან იყო... რეგიონალურ მაუწყებლებს რომ ჰქონდათ პრობლემა, ოღონდ საგადასახადოს კუთხით, მაშინ ყველა კომპანიას ჩამოეწერა. თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა იმის გამო, რომ ახალი მმართველობა იღებს ვალდებულებას, ოთხი წლის ვადაში 12 მილიონი ჩადოს ამ საქმიანობაში.

ახალ მმართველობას სულ რაღაც ორკვირიანი ვადა მისცეს საქმის გასაცნობად. როგორ ფიქრობთ, ამ ორ კვირაში ახალი მფლობელი შეისწავლის ანძის მდგომარეობასაც და მის დავალიანებებსაც?

– ვერ გეტყვით, რადგან ეს კომისიის კომპეტენციაში არ შედის. ანძა აუქციონზე ეკონომიკისა და მდგრდია განვითარების სამინისტრომ გაიტანა.

არსებობს საშიშროება, რომ, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე,  ანძის მფლობელებმა საქართველოს მოსახლეობას დაუმალონ თუნდაც ექსტრემალური ინფორმაცია და არ შეატყობინონ მიწისძვრისა და კატაკლიზმების შემთხვევა? ამ საფრთხეებს ხედავთ?

– ბუნებრივია, გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. მაგრამ მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ანძის გაყიდვაზე საუბარი არ არის, არამედ მხოლოდ მმართველობის გაყიდვაზე ოთხი წლის ვადით. სამართლებრივად ასე გამოდის, რომ სახელმწიფო ანძას არ ყიდის. რეალური საფრთხეები კი არსებობს. განსაკუთრებით, ეს ეხება პატარა კომპანიებს, რომლებსაც სავარაუდოდ, არ ექნებათ იმის ფინანსური საშუალება, რომ დავალიანება სწრაფად გაისტუმრონ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ანძის მმართველი ვინ გახდება და რა პირობებს დაუწესებს კომპანიებს. უბრალოდ, მოვუწოდებ ახალ მმართველობას და ვინც ატარებს აუქციონს, პროფილი არ შეცვალოს, (მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობებშიც წერია). არ მოხდეს ისე, რომ ერთ ან ორ წელიწადში შეცვალონ პროფილი ან სხვა მიმართულება მიიღონ. არ გაეზარდოს ტარიფი იმ კომპანიებს, ვისაც აქვთ გარკვეული დავალიანება და  მათთვის ამ დავალიანების მყისიერი მოთხოვნა არ მოხდეს.

უცხოეთშიც ასე ხელაღებით ასხვისებენ ანძებს?

– არ მაქვს ინფორმაცია. თუ ეს რთულ ფორმებს მიიღებს, რისი ვარაუდიც არსებობს, მაშინ დავინტერესდები ამ საკითხითაც.

და ბოლოს, თუკი რომელიმე ტელეკომპანია ვერ გადაიხდის დავალიანებას, მოსალოდნელია, რომ დაიხუროს?

– თუ რომელიმე კომპანია სამი თვის განმავლობაში გათიშული იქნება იმ სამაუწყებლო არეალში, რა არეალშიც მას აქვს ლიცენზია, პირველი სანქცია, კანონის მიხედვით, არის გაფრთხილება. მეორე სანქცია – ფინანსური ჯარიმა, მესამე სანქცია – ისევ ფინანსური ჯარიმა. შემდეგ – ლიცენზიის დროებით შეჩერება და მეხუთე პუნქტია უკვე ლიცენზიის ჩამორთმევა. არა მგონია, ასე შორს წავიდეს საქმე. მმართველობის გადაცემის შემდეგ პირველივე პერიოდში გამოჩნდება, თუ საითკენ მიდის მდგომარეობა. ერთიცაა აღსანიშნავი, თუ რომელიმე კომპანიას ვინმეს მიმართ დავალიანება აქვს, ბუნებრივია, უნდა გადაიხადოს. აქ საუბარია, რომ არ მოხდეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ჩაძირვა და კონკურენტული გარემო შენარჩუნდეს.

ელემენტარულ მაგალითს მოგიტანთ, ბევრი კომპანია, თუნდაც „მაესტრო“ გადის თანამგზავრზე, მომსახურების საფასურისთვის „თურქსატს“   სოლიდურ თანხას უხდის. თუ არ გადაუხდის, ბუნებრივია, „თურქსატი“ მას გათიშავს. დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა, უბრალოდ აქ საქართველოა, ქართული რეალობაა და ყველანი უნდა გამოვიდეთ ქართული რეალობიდან. ერთია, რომ ვალები ადრე თუ გვიან გასასტუმრებელია, მეორეა, არ მოხდეს ამ კომპანიების ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, მათ უბრალოდ, ვერ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება.

რამდენით შეიძლება გაძვირდეს ტელეკომპანიებისთვის მომსახურება?

– არ გამოვრიცხავ ტარიფის გაზრდას, მაგრამ ოდენობას ვერ ვიტყვი. უბრალოდ, შეიძლება მათემატიკურად დავითვალოთ. უხეშად რომ ვთქვათ, ახალ მმართველობას ყველა კომპანიისგან 7 მილიონი აქვს ამოსაღები. ამასთან, თვითონ აქვს ბიუჯეტის ვალი, დაახლოებით, სამი მილიონი. სავარაუდოდ, ამ ფარგლებში შეიძლება ვიტრიალოთ და გავითვალისწინოთ, რომ 12 მილიონი უნდა ჩადონ ოთხი წლის განმავლობაში. როგორ, რა ფორმით განახორციელებენ ამას, არ ვიცი.