მთავრობას თბილისის ანძის მფლობელი კომპანია "ალფა-კომი" ელექტრონულ აუქციონზე გამოაქვს. კომპანიის მართვის უფლების მოპოვების ღირებულება 100.000 ლარია.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იუწყებიან, კომპანიის დებიტორული დავალიანება 6.988.202 ლარია, ხოლო კრედიტორული - 2.917.158.59 ლარი. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიის ახალი მმართველი ვალდებულია მას პროფილი ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს და 12.000.000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. აუქციონი 1-ელ აგვისტოს გაიმართება.
ანძის გასხვისებას საზოგადოებაში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ექსპერტების შეფასებით 1955 წელს აშენებული თბილისის ანძა სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია და სახელმწიფოს საკუთრება უნდა იყოს. ლაპარაკია იმაზეც, რომ გასხვისებულ ანძას ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მედიის შესავიწროებლად გამოიყენებს. კონკრეტულად, სარელეო გადასახადებზე მაღალ ტარიფებს დააწესებს, რასაც სახელისუფლებო ტელეკომპანიები იოლად გადაიხდიან, დამოუკიდებელ ტელევიზიებს კი მაუწყებლობის შეწყვეტა მოუწევთ. თბილისის ანძაში 35 სატელევიზიო და 34 რადიოარხია ჩართული.
შპს "ალფა-კომი", სწორედ ამ სახელწოდებით არის გამოტანილი ტელეანძა აუქციონზე, აუქციონის გამოცხადებიდან სულ რაღაც 20 დღეში უნდა გადავიდეს ახალი მმართველის ხელში. აუქციონის გამჭვირვალედ ჩატარებაზე ეჭვს ეს მცირე ვადაც აჩენს. დამოუკიდებელი ტელემაუწყებლების მფლობელები ფიქრობენ, რომ ტელეანძას ისევ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დაეპატრონებიან, რათა მთავრობამ კიდევ მეტი დაბრკოლება შეუქმნას მისთვის არასასურველი მედიასაშუალებების მუშაობას.
დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:
- მოსაზრებები, რომლებიც არსებობს სატელევიზიო ანძის მართვის უფლების გადაცემაზე, და ეს არ არის ქონების გასხვისება, ანუ პრივატიზაცია, შედეგია იმ უნდობლობისა, რომელიც გაჩნდა ხელისუფლებასა და მაუწყებლების დიდ ნაწილს, ან ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. დამოუკიდებელი ტელეკომპანიები, რადიომაუწყებლები ხვდებიან, რომ კომპანიამ, რომელიც ანძის მართვის უფლების მფლობელი გახდება, შესაძლოა ხელისუფლების კარნახით იმოქმედოს და როგორც ჩანს, ასეც იქნება. იმ დავალიანების ფონზე, რომელიც არსებობს, იმ მეთოდებით, რომელიც დამკვიდრებულია ქვეყანაში, არა ერთი მაუწყებელი იძულებული გახდება, შეწყვიტოს საქმიანობა.
ბუნებრივია, ეს არ არის ისეთი მომგებიანი ბიზნესი, როგორიც ჩვენში სარესტორნო ბიზნესია, მაგრამ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთი მონოპოლისტის გაჩენა კი საფრთხეს ქმნის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ტენდერი ანძის მართვის გადაცემაზე ფაქტობრივად დახურულია. ეჭვს ბადებს ასევე დუმილი შესაბამისი უწყებებისა და მით უფრო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსი. ასე რომ, ვფიქრობ, ხმაური უსაფუძვლოდ არ არის ატეხილი.
როგორც მაწუყებლები ამბობენ, ის დებიტორული დავალიანება, რომელიც ტელემაუწყებლებს აქვთ, შეიძლება ახალმა მფლობელმა ხისტი მეთოდებით ამოიღოს. მთავრობა არ გადასცემს მართვის უფლებას კომპანიას გასუფთავებული ფინანსური მდგომარეობით. სურვილის შემთხვევაში ამ პრობლემას ხელისუფლება მოაგვარებდა ვალების რესტრუქტურიზაციის ან მათი ჩამოწერის გზით. მოგეხსენებათ, დამოუკიდებელ მაუწყებლებს არ აქვთ სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა სრულიად გასაგები მიზეზების გამო. მათ შორის არის მონოპოლიზებული სარეკლამო ბაზარი, ხელისუფლების ზეწოლა და ა.შ. ბუნებრივია, თუ დებიტორული დავალიანების ამოღების საკითხი ხისტად დადგება, ანძის ახალ მფლობელს შეუძლია შეუწყვიტოს ხელშეკრულება კონკრეტულ მაუწყებელს. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ანძის გასხვისება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედიაზე ზეწოლის, მასზე კონტროლის გამკაცრების საშუალებად, მით უფრო, რომ წინასაარჩევნოდ ეს კიდევ უფრო ხელსაყრელია.
- ეს არის ბერკეტი, რომელიც ბუნებრივ მონოპოლიას აქვს?
- მართლაც არის ამის საშიშროება და ხელისუფლებაც ფაქტობრივად ამძაფრებს ამ შიშს, მით უმეტეს, რომ უფლებამოსილ პირებს განმარტება არ გაუკეთებიათ.
- როგორც ბუნებრივი მონოპოლია, ანძა ხომ შედის შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს რეგულირების არეალში?
- თავისთავად ამ საკითხის გადაწყვეტა, ვის გადაეცემა მართვის უფლებით სატელევიზიო ანძა, არ შედის მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციაში. მთავარია, მთავრობა არ უნდა გადასცემდეს მართვის უფლებას იმ ფორმით, რა ფორმითაც აკეთებს. ხალხი ხელისუფლებას რომ ენდობოდეს, მერწმუნეთ, ეს საკითხი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი არ გახდებოდა.
- ფიქრობთ, რომ შეიძლება მოკლე ხანში სატელევიზიო ბაზარზე რამდენიმე მაუწყებლით ნაკლები იყოს?
- ჩვენ ბავშვები არა ვართ და კარგად ვიცით, რომ შემთხვევითი ადამიანი სატელევიზიო ანძის მართვის უფლებას ვერ მოიპოვებს. სავარაუდოდ, ხელისუფლებას უკვე შერჩეული ეყოლება კომპანია. რას გააკეთებს შემდეგ ის, შეიძლება მხოლოდ ივარაუდო. თუმცა, იმას რომ გააკეთებს, რაც ზემოთ მოგახსენეთ, გამორიცხული სულაც არ არის.