„ქართული ოცნების“ ახალი ინიციატივის მიხედვით, ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს. ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავების პარალელურად, მთავრობა კანონმდებლობის გამკაცრებისკენ იხრება, რამაც საზოგადოებაში ახალი კითხვები და მოლოდინები გააჩინა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის კორუფციული დანაშაულის ბრალდებით დაკავების შემდეგ, გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა, ეს დაკავებების სერიის დასაწყისი ყოფილიყო. For.ge-ი, წყაროზე დაყრდნობით, უკვე წერდა, რომ ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის მინისტრობის პერიოდს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმაურიანი დაკავებები, სავარაუდოდ, გაგრძელდება.
ოპოზიციური ძალები კი აქტიურად აპელირებენ, რომ შემდეგი სამიზნე, შესაძლოა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ შეკითხვაზე პირდაპირ არ პასუხობენ, მათი ორაზროვანი განცხადებები ოპოზიციას სპეკულაციების სივრცეს უტოვებს. თუმცა, ერთი რამ ცხადია - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კორუფციას ღია ომი გამოუცხადა.
მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, მიზნად ისახავს სისტემის საბოლოო გაწმენდას და პრევენციული ეფექტის შექმნას. კობახიძის თქმით, კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ კორუფციული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკოსებისთვის სანქცია მხოლოდ პატიმრობით არ შემოიფარგლოს.
„როდესაც საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, პოლიტიკოსი ჩადის კორუფციულ დანაშაულს, უნდა ახსოვდეს, რომ ვერ შემოიფარგლება კონკრეტული ვადით, პატიმრობის მოხდით. დიდი ხნის განმავლობაში, მას საკუთარი სახსრების დეკლარირება დასჭირდება, შესაბამისად, გაუჭირდება მოპარული ფულის გამოყენება. ჩვენი მიზანია, ბოლომდე გაიწმინდოს სისტემა კორუფციისგან“, - ამბობს პრემიერი ირაკლი კობახიძე.
კანონპროექტის მიხედვით, სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დამნაშავეებს 30 წლის განმავლობაში მოუწევთ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენა ანტიკორუფციული ბიუროსთვის.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე კი მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა პრევენციის მნიშვნელოვანი საშუალებაა.
„თუ ვინმეს აქვს იმის მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, როცა წესით, ქვეყანასა და ხალხს უნდა ემსახურებოდეს, ხალხის ფულით შეეცდება, თავისი ჯიბე გაისქელოს და შემდეგ ეს შერჩება, მომავალში, ეს შესაძლებელი არ იქნება“, - განაცხადა გორდულაძემ.
ამ მოვლენების ფონზე, ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილში, ის განმარტავს, რომ ესპანეთში შეძენილი სახლი, მისი ოჯახის მიერ, 2025 წელს არის ნაყიდი, ხოლო მისი დეკლარირების ვალდებულება 2024 წლის შემოსავლებს ეხებოდა.
„ის, რომ საზოგადოებას მედიის საშუალებით სამართალდამცავი ორგანო აწვდის ინფორმაციას, თითქოს, ესპანეთში შეძენილი სახლი არ შევიტანე დეკლარაციაში, აღნიშნული არის სიცრუე“, - წერს ბურჭულაძე.
მისი თქმით, სახლის შეძენა ოჯახის მიერ რამდენიმე უძრავი ქონების გაყიდვით დაფინანსდა, რომელთაგან ზოგიერთი მათ ოჯახის საკუთრებაში 15 წლის წინაც იყო. ბურჭულაძე იმედოვნებს, რომ „ეს უსამართლობა უმოკლეს დროში დასრულდება“.
ამჟამინდელი სიტუაცია აჩვენებს, რომ მთავრობა მზადაა, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, მკვეთრი ნაბიჯები გადადგას. რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება ეს ინიციატივა და გაგრძელდება თუ არა მაღალჩინოსნების დაკავებების სერია, მომავალი გვიჩვენებს.
ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლების ბრძოლა კორუფციასთან, თანაც საკუთარ რიგებში, ყველაზე დიდი მიღწევაა. ახვლედიანის მოსაზრებით, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ეს ბრძოლა მხოლოდ ფასადური არ არის და რეალურად, ძალიან მკაცრ დონეზეა აყვანილი.
„ბუნებრივია, როცა საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლება არ მალავს და არც ცდილობს საკუთარ რიგებში მყოფი, კორუფციაში მხილებული ადამიანების დაკავებას, ეს დიდ ნდობას აჩენს ჩვენს მოსახლეობაში. არის შემთხვევები, როცა ხელისუფლებაში იციან, რომ კორუფცია არსებობს, მაგრამ ამას ყველა ეგუება. როდესაც ასეთი რამ გამოვლინდება, ბუნებრივია, მასზე მაშინვე ხდება რეაგირება. ეს მნიშვნელოვანი პოზიტივია. მე გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ ვინ შეიძლება იყოს შემდეგი. ამაზე მკითხაობა არასწორი იქნება.
თუმცა, სიმართლე გითხრათ, თუ შესაბამის სამსახურებს და გამოძიებას ვინმეზე მტკიცებულებები ექნება, ეს გამოძიება ფაქტებით იქნება გამყარებული, რაც საზოგადოებას მკაფიოდ დაანახებს, რომ ეს რეალურად კორუფციასთან ბრძოლაა და არა სხვა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მკაფიო ნიშანია, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება და ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის. კორუფციის ფაქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება. თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ღიად ებრძოლოს კორუფციას, ძალიან დიდი პლუსია“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, როგორც აღმოჩნდა, მაღალი თანამდებობის პირებს წაუცდათ ხელი და ისინი დაკავებულები არიან, ამას პოლიტიკური კონტექსტი ეძლევა, ოპოზიცია კი ამის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას ცდილობს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ დაბალ თუ მაღალ ეშელონებში, ვისაც კორუფციაზე ხელი წაუცდა, ყველა დააკავეს. გამოძიებამ ყველას მიაგნო. ეს ყველაფერი ოპოზიციის ხმაურის საგანი და პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოსაყენებელი ხდება. თუმცა, როდესაც ყოფილი მინისტრის, გუბერნატორის მოადგილე და სხვები, მოულოდნელად, სკანდალის ეპიცენტრში ხვდებიან, ეს ხდება ხმაურის საგანი. ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია და არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში რაღაც ხდება და ყველაფერი ინგრევა. პირიქით, ეს სახელმწიფოს დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებაა, რასაც ნამდვილად დიდი შედეგი და გავლენა ექნება ქვეყნის განვითარებისთვის. ეს იქნება მაგალითი სხვა ჩინოვნიკებისთვის, რომ ქვეყნისა და ხალხის ფულის მოპარვა არავის შერჩება“, - ამბობს გიორგი ახვლედიანი.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება და სახელმწიფო ეძებს და ავლენს იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას არაპატიოსნად მოექცნენ.
„ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ მაღალი თანამდებობის პირების ირგვლივ არ მოეჭიდება ყულფი, მაგრამ თუ ასე მოხდება, ესეც მხოლოდ პოზიტივი იქნება სახელმწიფოსთვის. რაც შეეხება კანონმდებლობის გამკაცრებას, ეს ძალიან დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც კანონით ქვეყანას და ხალხს გაძარცვავს, დარჩენილი ცხოვრება, ამის გამო პასუხისმგებლობა მოუწევთ, მუდმივად იქნება დაკვირვებისა და ეჭვის ქვეშ. ამიტომ, ამის შემდეგ, ვინმეს ნაკლებად გაუჩნდება ასეთი ცდუნება და ქვეყნისთვის ფულის მოპარვას ვეღარ გაბედავს“, - ამბობს ახვლედიანი.
რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ როგორ იმოქმედებს კანონის გამკაცრება „ოცნების“ ამომრჩეველზე და რა გავლენას მოახდენს არჩევნებზე, ახვლედიანი მიიჩნევს, რომ პირიქით, მმართველი გუნდი ამით მხარდამჭერებში ნდობას და მხარდაჭერას კიდევ უფრო გააძლიერებს, შედეგად კი ხელისუფლება უფრო დიდ მხარდაჭერას მიიღებს.