რატომ იჭერენ საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით?

რატომ იჭერენ საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით?

[მარიამ ლოლაშვილი]

ფოტორეპორტიორების საქმეს „გრიფით საიდუმლო“ დაედო და ისინი პროცესუალური შეთანხმების შედეგად გათავისუფდნენ. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ასეთი მორიგების შემდეგ მათი „ჯაშუშობის“ შესახებ ინფორმაციას ვერასდროს გავიგებთ. თუმცა, ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება, სადაც არც არაფერია აგენტობის დამადასტურებელი. თორემ ცნობილი აგენტების, მათ შორის, რუდოლფ აბელის, გასაიდუმლოებულ საქმეებს დიდი ხანია „გრიფით საიდუმლო“ მოეხსნა.  

ქართველი ფოტორეპორტიორების საქმე აგენტურული მრავალფეროვანი ისტორიებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. მათ ვერც ცარიელგვერდებიანი მონეტები აღმოუჩინეს, რომლითაც რუდოლ აბელი დაშიფრულ ინფორმაციას გადასცემდა, და ვერც სხვა სამხილები. თუმცა ერთი წინსვლა მაინცაა. 2006 წელს სამშობლოს ღალატისთვის გასამართლებული სიმონ კილაძისგან განსხვავებით, ფოტორეპორტიორებს მაინც დაუდგინეს, რომ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდნენ, სიმონ კილაძემ კი დღესაც არ იცის, რომელი ქვეყნის ჯაშუში იყო. გამოძიებამ ეს უმნიშვნელოვანესი დეტალი საერთოდ „ვერ“ დაადგინა.

საქართველოს უახლოესი ისტორიის პირველი „ჯაშუშის“ სიმონ კილაძის საქმე მაშინაც სკანდალურ მოვლენებს დაემთხვა. კერძოდ, გირგვლიანის მკვლელობის ამბავს, როცა ხალხში მღელვარება მატულობდა და სისხლში ჩახშობილ ციხის ბუნტს. გარდა ამისა, პრეზედენტის ადმინისტრაციაში მომუშავე კილაძე არც ისე უწყინარი ყოფილა. იგი საქართველოში აშშ-ის საელჩოსაც აწვდიდა პრესის ანალიტიკურ მიმოხილვას, სადაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან მიმართებით, უარყოფითი პუბლიკაციებიც აისახებოდა.  

რატომ იჭერენ საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით? ამის შესახებ პრესაგე.ტვ სამხედრო ექსპერტს გიორგი თავდგირიძეს ესაუბრა.

- საქართველოში აღიარებითი ჩვენებების დამაჯერებლობა ცოტა საეჭვოა, იმის გამო, რომ ფუნქციონირებს საპროცესო შეთანხმება. აქედან გამომდინარე, ძნელია, ისაუბრო, რამდენად დამაჯერებელია აღიარებითი ჩვენება. ყველაზე სარწმუნო იქნებოდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არა მარტო აღიარებით ჩვენებაზე დაყრდნობით გამოიტანდა განაჩენს, არამედ შეისწავლიდა ობიექტურ ფაქტებს და მას ექნებოდა პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოების მიერ წარდგენილი საკმაოდ მყარი მასალა.

აქედან გამომდინარე, გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ფოტორეპორტიორებმა თურმე დანაშაული აღიარეს, ვერ გახდება დასაყრდენი მსჯელობაში. თუნცა მინდა ვთქვა, რომ ჯაშუში შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, მისი პროფესიის, ეროვნებისა და წარსულის მიუხედავად.

სპეცსამსახურებს არ ერჩივნათ, გამოცდილი ადამიანები მოეძებნათ, ვიდრე ჯაშუშობის საქმეში არაპროფესიონალები?

- გამოცდილი ჯაშუში არ არსებობს. უცხოეთის სპეცსამსახურებს აინტერსებთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება. მათი გადაბირების სხვადასხვა მეთოდი არსებობს, როდესაც ადამიანს გააჩნია ვალები, ცუდი მიდრეკილებები, ასეთ შემთხვევაში, იყენებენ ფოტოებს. გარდა ამისა, გადაბირების ერთ-ერთი მეთოდი ფინანსური მოტივაციაცაა.

ახლობლების ფოტოებზე რას გვეტყვით? რომ ცხინვალში ყოფნის ერთი დღის განმავლობაში სპეცსამსახურებს მოუსწრიათ ერთ-ერთი რეპორტიორის ახლობლების ფოტოების მოძიება და ამით მისი დაშინება?

- ახლობლების ფოტოები ნაკლებად გამოიყენება. ჯაშუშის გადაბირება ასე ჰაერზე არ ხდება, გადაბირება საკმაოდ რთული პროცესია და მას წინასწარ ამზადებენ, რადგან ჩავარდნილი საქმის შემთხვევაში, ემისარი, წარმომადგენელი თავისთვად გაშიფრულია. ამიტომ ამ შემთხვევაში, პრობლემა შეექმნებათ დანარჩენებისაც. აქედან გამომდინარე, ეს შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია.

ანუ დამაჯერებლად არ გეჩვენებათ, რომ ვიღაც ჩავიდა ცხინვალში და ერთ დღში გადაიბირეს?

- რა თქმა უნდა, ასე არ ხდება. თუმცა, არიან სუსტი ადამიანებიც, რომლებსაც ფსოქოლოგიური შიში აქვთ და შეიძლება, გადაიბირონ. ამიტომ კონკრეტული ფაქტებით მსჯელობა, იყო თუ არ იყო ჯაშუში, საკმაოდ ძნელია. აქ საუბარია, თუკი ადამიანს  სახელმწიფო საიდუმლოებასთან აქვს დაშვება, მისი შესწავლა ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა მოხდეს და ის მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს. აქედან გამომდინარე, არ უნდა ხდებოდეს მისი აყვანა რომელიმე ერთ კონკრეტულ ფაქტზე. მეტიც, გამოვლენილი ჯაშუშების დაჭერა არ ხდება ხოლმე. როგორც წესი, ხდება მათი გადაბირება ან მათი მეშვეობით ყალბი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული მხარისთვის.

აქედან გამომდინარე, იმ სპეციალისტებისთვისაც კი, რომლებიც დაკავებულნი არიან უშიშროების პრობლემატიკით, მათთვისაც საკმაოდ ძნელი იქნება კლიშეების მოძებნა. ყველა შემთხვევა განსხვავებულია, ყველა მათგანს აქვს წინა ისტორია.

რუსეთი დადებდა ფსონს ასეთ ადამიანებზე, 150-200 ლარად ფოტოების იგორ გიორგაძის მომხრეების ფოტოების გადაღება ჯდება აგენტურულ ინტერესში? თუ ეყოლებოდა ცოტა უფრო სოლიდურ ანაზღაურებადი ჯაშუშები?

- თავიანთი პროფესიული მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ ნებისმიერი სურათის გადაღება უწევთ. ამის გამო, ეს არ უნდა იყოს საფუძველი, რომ დაბრალდეთ ჯაშუშობა, რომ თურმე ისინი სურათებს ავრცელებდნენ. იგორ გიორგაძის პარტიის წევრების აქციებზე ფოტოების გადაღება ნებისმიერ ფოტორაფს შეუძლია და ამისთვის აგენტი არ არის საჭირო. სურათების გადაღება ჩვეულებრივი ამბავია. თავისთავად, ეს არის მათი შემოსავლის წყარო. კარგ პასაჟებსა და სურათებს თუ გაყიდიან, ეს მათი პროფესიაა. ეს არ უნდა გამხდარიყო მათთვის ბრალდების წაყენების საფუძველი.

ვიცი ასეთი პრაქტიკის შესახებ, როდესაც ჟურნალისტს ჩაუვარდება ხელში რაიმე საიდუმლო მასალა და მას გამოაქვეყნებს. როგორც წესი, არის ორმაგი დამოკიდებულება, მაგრამ მთავარია, სახელმწიფომ მოახერხოს იმ მასალის გასაიდუმლეობა და შენახვა, თუ ის საიდუმლოა. ხოლო დანარჩენი მასალა, რაც ჩაუვარდება ჟურნალისტს, ეს მისი ნებაა, გამოაქვეყნებს თუ არა. ანუ, თუ მასში შინაგანი ცენზურა, პატრიოტული საზღვრები არსებობს, მისი პრობლემაა გამოაქვეყნებს თუ არა. 

ანუ სახელმწიფოს უნდა დაეცვა საიდუმლოდ მიჩნეული მასალა და არა ჟურნალისტს?

- რა თქმა უნდა. თუ სადმე კანონის დარღვევით შეღწევა მოხდა, ეს უკვე სხვა მოვლენაა. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ფოტორეპორტიორს ხელში აქვს ფოტოაპარატი და დასაშვებია გადაღება, ცხადია, ის იღებს. ეს არ შეიძლება იყოს აკრძალული.

ცნობილი პოლიტიკოსების შეხვედრისას ფოტორეპორტიორების დასწრება დასაშვებია მხოლოდ ხუთი წუთის განმავლობაში. გამოდის, ხუთი წუთის შემდეგაც ბოლომდე დაასწრეს ფარულ, პრივატულ შეხვედრებს და სტენოგრამაც გააკეთებინეს? რამდენად დამაჯერებელია არგუმენტი სტენოგრამების მომზადების თაობაზე ფოტორეპორტიორთა მიერ? 

- ჩვენ ვისმენთ ინფორმაციას, რომელიც ადამიანების მიერაა მომზადებული და გადმოცემული. მით უმეტეს, ახლა საინფორმაციო საუკუნეში ვცხოვრობთ, ინფორმაციის მასა მოედინება. უამრავ ინფორმაციას შორის საკმაოდ ადვილია, ამა თუ იმ ინფორმაციის დროსა და სივრცეში მოდიფიცირება და შესაბამისად, ის იქცევა ვიღაცის წინააღმდეგ ბრალდებად. ჩვენ არ ვიცით, რა სტენოგრამაზეა საუბარი და რამდენად დანაშაული იყო ამ სტენოგრამის გადაღება და დასაშვებობა. რაკი გადააღებინეს, ე.ი. არ იყო საიდუმლო.

ფოტორეპორტიორების დაკავებას ზოგიერთები რელიგიური თემის, ზოგი კი სხვადასხვა საკითხის გადაფარვის მცდელობად აღიქვამდა. 

- ასეთი გლობალური გადაფარვების არ მჯერა. საქართველოში ძალიან ძნელია, ერთი თემა მეორე თემით გადაფარო, რადგან ჩვენში ნებისმიერი თემა აქტუალურია. რა თქმა უნდა, აქ იყო „კვირის პალიტრის“ პრობლემატიკაც, რელიგიური თემა, არის სხვადასხვა თემები, მაგრამ გადაფარვა საკმაოდ ძნელია, რადგან ეს თემები პარალელურად არსებობს და ახდენენ ადამიანებზე გავლენას. უბრალოდ, შემთხვევითობის გამო ამ თემებმა დროსა და სივრცეში ერთდროულად მოიყარეს თავი და არანაირი გადაფარვა არ მომხდარა.

სახელმწიფოსთვის დღეს ყველაზე უფრო მომგებიანი გახლდათ საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ამ შემთხვევაში, არც მწვადი დაიწვებოდა და არც შამფური, შენარჩუნდებოდა მუნდირის ღირსებაც, და მეორე მხრივ, ფოტორეპორტიორებიც არ იქნებოდნენ გისოსებს მიღმა. ხომ ცხადია, რომ ქართული სახელმწიფო არ დგას ტრადიციებზე, ქართული სახელმწიფო ახლა ეწყობა. ამდენად, აბსოლუტურად სუბიექტურ ფაქტორებზე იყო დამოკიდებული მათი გამოშვება.