"არა მგონია, რუსეთმა ვინმეს მხარი დაუჭიროს, რადგან ყველა „რუსის კაცია“.

[მანანა ნოზაძე]

26 აგვისტოს დაგეგმილ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე ქართულ მხარეს განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს. ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია.

ეტყობა, ქართულმა მხარემ თავისებური დასკვნა ჯერ კიდევ ბაღაფშის გაპრეზიდენტების დროს გამოიტანა. იმ პერიოდში ბაღაფშმა ქართველების მოლოდინი არ გაამართლა, მიუხედავად იმისა, რომ მისი პროქართველობის ბევრს სჯეროდა, თუნდაც იმიტომ, რომ მეუღლე ქართველი ჰყავდა. მეუღლის გარდა, იყო სხვა ფაქტორიც, რაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობის საფუძველს იძლეოდა. კერძოდ, როცა ბაღაფში „ჩერნომორ-ენერგოში“ მუშაობდა, ამ პერიოდში საკმაოდ კარგი ურთიერთობა იყო ქართველებსა და ბაღაფშს შორის. თანაც, ეს ხდებოდა ომის შემდგომ პერიოდში. თუმცა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოვლენები პირიქით წარიმართა.

სწორედ „ჩერნომორ-ენერგოში“ ქართველებთან თბილმა დამოკიდებულებამ აიძულა ბაღაფში გაპრეზიდენტებისას ბევრად უფრო რადიკალური ყოფილიყო და უფრო მეტად დაემტკიცებინა რუსებისთვის, რომ ის რუსების ერთგული კაცი გახლდათ.  ამდენად, ქართულ-აფხაზური თბილი ურთიერთობები, როგორც ჩანს, გადამწყვეტი არაა, როცა რუსეთის ფხიზელი თვალი აკონტროლებს აფხაზეთის ხელისუფალთ. 

26 აგვისტოს დაგეგმილი არჩევნებისთვის აფხაზეთის პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე გა­ნაცხა­დი უკ­ვე სა­მი­ვე რე­ა­ლურ­მა კან­დი­დატ­მა შეიტანა: მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მის ლი­დე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბელ­მა ალექ­სან­დ­რე ან­ქ­ვაბ­მა, აფხა­ზუ­რი მთავ­რო­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა სერ­გეი შამ­ბამ და ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა რა­ულ ხა­ჯიმ­ბამ. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნოდ სა­მი­ვე კანდიდატი სა­კუ­თარ თავს რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის დამცველად წარ­მო­ა­ჩენს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ადა მარშანია პრესაგე.ტვ-ს საშუალებით მოუწოდებს ქართულ ოფიციოზს, აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილე და ნეიტრალიტეტი გამოიჩინოს, ვიდრე ეს წლების წინ იყო, როცა ბაღაფშის გაპრეზიდენტება ქართველების ნაწილმა ლამის გამარჯვებად აღიქვა.    

„როგორ გგონიათ,  აფხაზეთში პროქართული ძალა იქნება?! შესაძლოა, პროქართულად განწყობილი ცალკეული პიროვნებები იყვნენ, მაგრამ პროქართული საპრეზიდენტო კანდიდატი იქ არავინ არის“, - გვითხრა ადა მარშანიამ და დასძინა, რომ „რუსეთი ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებს, რაც მის გამჭრიახობაზე მიუთითებს“.

„ვურჩევ ჩვენს სახელმწიფოსაც, ამ თემის ირგვლივ არანაირი განცხადებები არ გააკეთოს, გარდა ზოგადი განცხადებებისა. ცხადია, აფხაზეთში ნებისმიერი არჩევნების ჩატარება ქართული მოსახლეობის გარეშე სრული უკანონობაა და ჩვენ მათ არ ვცნობთ. ზუსტად ასევე იქნება, თბილისში რომ ჩავატაროთ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები, აფხაზეთის პრეზიდენტი და დეპუტატები ავირჩიოთ. ეს ხომ უკანონო იქნება? რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატის კარგად მოხსენიებით გავაფუჭებთ საქმეს“, - აღნიშნმა მარშანიამ.  

მარშანიას აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ერთხელ უკვე დაუშვა მსგავსი შეცდომა: „თავის დროზე ხომ გააკეთეს არჩევნების წინ განცხადება, ბაღაფში პროქართული არის, ძალიან გვიყვარს, არიქა, მხარი დავუჭიროთო და გალის მოსახლეობა ხმას აძლევსო?! ამით ადამიანს იქ ძალიან გაუფუჭეს საქმე“.

მაინც ხომ გაიმარჯვა ბაღაფშმა?

- მერე რა, რომ გაიმარჯვა ბაღაფშმა, პოლიტიკურად არანაირად პროქართული არ ყოფილა. უკვე დიდი ხანია, აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატები მეტ-ნაკლებად კრემლის მიერ კონტროლირებადნი არიან. რომელი ერთი შეცდომა არ დაუშვა ჩვენმა ხელისუფლებამ - შეცდომა თუ შეგნებული „ხტუნვა“, არამდგრადობა და არასერიოზულობა. რუსეთს დღეს მართავს „ფეესბე“, ამ ყველაფერს კი სახელად კრემლი ჰქვია. პარტია რომ აქვთ „ედინაია რასია“, ვითომ ოპოზიცია ვართო და ვითომ დეპუტატები, სინამდვილეში, ამას ჰქვია კრემლი. მეტ-ნაკლებად სამივე კანდიდატს, სამწუხაროდ და საუბედუროდ, აკონტროლებს კრემლი, ყველას სხვადასხვა დოზით. გააჩნია, პიროვნებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ეს არჩევნები ჩვენთვის რამეს შეცვლის?

- შეცვლის იმ შემთხვევაში, თუ ძალიან სწორ პოლიტიკას გავატარებთ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელს აირჩევენ. მთავარია, უკვე მოგვიანებით იმ კანდიდატურასთან ან აფხაზეთის მიმართ ჩვენ როგორ პოლიტიკას გავატარებთ, ამას ექნება მნიშვნელობა. ჩვენი აუტანელი და არანორმალური ხელისუფლების ხელში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ. ჩვენს ხელისუფლებას შეიძლება დავარქვათ პროვოკატორი. ამ ხალხის ხელში, პირიქით მეშინია, რომ აფხაზეთის რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერი განცხადება არ გააკეთონ. ამიტომ თქვენი მეშვეობით ვემუდარები, არ გააკეთონ არანაირი განცხადება, განსაკუთრებით, პერსონალიების მიმართ.     

„ექსპერტთა კლუბის“ წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო აფხაზეთის არჩევნები საქართველოზე არანაირად არ აისახება.

- დე ფაქტო არჩევნები ალბათ უფრო გრძელვადიან პერიოდში აისახება საქართველოზე, რადგანაც, ყველა შემთხვევაში, აფხაზეთში სიტუაცია დაიძაბება, რადგან რუსეთი გადავა უფრო აქტიურ მოქმედებებზე. დღეს აქტიურად განიხილება სამი კანდიდატი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავრცელდა, რომ რაულ ხაჯიმბა ამ არჩევნებზე ვლადისლავ არძინბას მეუღლესთან ერთად წყვილში ერთად წასვლას აპირებს, შანსებზე საუბარი, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. თუ ადრე შეგვეძლო იმის თქმა, რომ ანქვაბსა და შამბას უფრო თანაბარი შანსები გააჩნდათ, ახლა შეიძლება ითქვას, რომ ხაჯიმბამ ამ ნაბიჯით დააახლოვა შანსები ამ ორ მოწინააღმდეგესთან. ამიტომ, როგორ გადაწყდება აფხაზეთის ბედი, აბსოლუტურად გაურკვეველია.

ასეთი დიდი ძალა აქვს არძინბას მეუღლეს, რომ გადაწონის სიტუაციას?

- არძინბას მეუღლეს არანაირი პოლიტიკური ძალა არ გააჩნია. მას გააჩნია მხოლოდ მორალური ძალა. ჩვენ ვიცით, რომ არძინბა ერთგვარი ხატია აფხაზებისთვის. შესაბამისად, მისი სახელის გამოყენება პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იქნება. ხაჯიმბას მხარს უჭერს ვეტერანთა ორგანიზაცია „აიაარა“, მის საწინააღმდეგოდ კი მოქმედებს მეორე ორგანიზაცია „ამცახარა“, რომელიც ბაღაფშს უჭერდა მხარს და მისი გარდაცვალების შემდეგ, ალბათ, უფრო ანქვაბისკენ გადაიხრება. ის, რომ გარდაცვლილი არძინბას სახელი ამ არჩევნებზე გაისმის, შესაძლოა, გარკვეული განხეთქილება შეიტანოს ისევ ამ ვეტერანებში, რომლებიც ფაქტობრივად, არძინბას თანამებრძოლები არიან. შესაბამისად, შესაძლოა, ამ ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა მხარი დაუჭიროს ხაჯიმბას. სწორედ ამ სახელის გამოყენების გამო დღეს ხაჯიმბას შესაძლებლობამ საკმაოდ აიწია და არა იმიტომ, რომ სვეტლანა ჯერგენია (არძინბას მეუღლე) რაიმეს წარმოადგენს.

რუსეთი მხარს ვის დაუჭერს და რა იგულისხმეთ, როცა თქვით, რუსეთი აქტიურ მოქმედებებზე გადავაო?

- არა მგონია, რუსეთმა ვინმეს მხარი დაუჭიროს, რადგან ფაქტობრივად, ყველა ერთნაირად „რუსის კაცია“. თვითონ ხაჯიმბა ფე-ეს-ბეს გენერალია, შამბა ყველანაირად მიბმულია რუსეთზე, ანქვაბი ცოტა განცალკევებულად გამოიყურება, მაგრამ ისიც, ფაქტობრივად, რუსეთის ინტერესებს გაითვალისწინებს.

ამ სამიდან აფხაზებისთვის არავინ ზრუნავს?

- ამ სამივეს წარმოუდგენია, რომ აფხაზებზე ზრუნვა გადის რუსეთის ინტერესთა დაცვაზე. ცოტა ხნის წინ „ნეზავისიმაია გაზეტაში“ დაიბეჭდა, რომ რუსეთი გააქტიურდა. სოფელ აიბგას ირგვლივ გააქტიურდნენ რუსები. საქმე იქამდეც მივიდა, რომ რუსეთის პოლიციის დელეგაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ამ სოფელში იყო ჩასული და დაჰპირდა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ იქ გაგზავნიან  უბნის რუს ინსპექტორს, რომელიც, ფაქტობრივად, იქ ბატონ-პატრონი იქნება. ეს აფხაზეთის მოსახლეობისთვის მწვავე საკითხია, რაც ნიშნავს, რომ როგორც კი ყველაფერი ჩამთავრდება, ამ მიმართულებით, აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი. არჩევნები ჩაივლის და რუსეთი წავა კონკრეტულ ექსპანსიაზე და ამ ტერიტორიას მიითვისებს.

გალის ქართულ მოსახლეობაზე განხორციელდება ზეწოლა, არჩევნებზე მათი გაყვანის მიზნით?

- დღეს მოქმედი კანონი აფხაზეთის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას იმ მოქალაქეებს უკრძალავს, რომლებსაც აფხაზური მოქალაქეობა არ გააჩნიათ. ამიტომ გალის მოსახლეობას (ძირითადად ქართველები გალში 8 ათასამდე არიან) აღებული აქვთ აფხაზური პასპორტი. შესაბამისად, ეს 8 ათასი ადამიანი შეძლებს, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, სხვა დანარჩენები კი ვერ მიიღებენ. ეს პასპორტები აღებული ჰქონდათ წინა არჩევნებზე, რათა გამოერიცხათ ქართველების ხმის გავლენა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე.

აფხაზეთის მოსახლეობის სიმპათია ვისკენ უფრო იხრება?

- ერთმნიშვნელოვანად ამის თქმა საკმაოდ რთულია. იქ ბევრი მომენტია გასათვალისწინებელი. ბაღაფშს ჰყავდა საკუთარი მომხრეები. როცა ბაღაფში მოდიოდა, მაშინ მოსახლეობა ბაღაფშს არძინბას ადარებდა. შეძლებს თუ არა ბაღაფში გააგრძელოს არძინბას კურსი?! - ასეთნაირად ფიქრობდნენ აფხაზები. დღეს აფხაზეთის საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. ერთს სურს, რომ ბაღაფშის კურსი გაგრძელდეს, მეორეს სურს, ისევ არძინბას კურსი აღდგეს, ხოლო მესამეს - რაღაც ახალი სურს. არძინბას კურსი უფრო აფხაზებზე იყო ორიენტრებული, ვიდრე - ბაღაფშის.

ჩვენ რატომ გვქონდა მოლოდინი, რომ ბაღაფში ჩვენს მხარეს დაიჭერდა, ცოლის ფაქტორის გამო?

- ვის ჰქონდა მოლოდინი? პირადად მე მოლოდინი არ მქონია. ვინც იცნობდა ამ სიტუაციას, მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო. „ჩერნომორ-ენერგოში“ ბაღაფშის მუშაობის დროს საკმაოდ კარგი ურთიერთობები იყო ქართველებსა და ბაღაფშს შორის. გარდა ამისა, ბევრი რამ ენგურჰესთან დაკავშირებით ხდებოდა, „ჩერნომორ-ენერგოსთან“ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ურთიერთობებში. შესაბამისად, სწორედ ეს გარემოება აიძულებდა ბაღაფშს, პრეზიდენტად მოსვლის შემთხვევაში, ქართველებთან რადიკალურად წინააღმდეგი ყოფილიყო, რადგან ყველა ამბობდა, რომ ბაღაფში იქნებოდა პროქართული. ამ დროს კი ბაღაფშს მთელი ეს პერიოდი უნდა დაემტკიცებინა, რომ ის უფრო პრორუსულია, ვიდრე ნებისმიერი რუსი.

შინაგანადაც ასე იყო, რუსებისთვის ერთგული?

- იცით  რა, შინაგანად ცოტა სხვანაირი ადამიანი იყო ბაღაფში, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ბაღაფშის მაგივრად, იქ რომ ყოფილიყო სუფთა აფხაზი, რომელსაც არ ჰქონდა ქართველებთან არანაირი კავშირი, ის არ დაიწყებდა ამის მტკიცებას და რუსზე მეტ რუსად ყოფნას. შესაბამისად, ბაღაფში ყველანაირად ცდილობდა, საქართველოსთვის კარი დაეხურა და გაეღო რუსებისთვის.

ქართულმა განცხადებებმაც, რომ ბაღაფში ჩვენი მომხრე იქნება, ალაბათ მას დათური სამსახური გაუწია.

- ალბათ, რადგან ჩვენი მომხრე დღეს იქ არავინ არის. მართალია, აფხაზები უკმაყოფილონი არიან რუსეთის პოლიტიკით, მაგრამ ისინი არ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთან უფრო ახლოს ყოფნა სურთ.

არც  უბრალო აფხაზი ხალხი არ ფიქრობს ქართველებთან შერიგებას?

- არ გამოვრიცხავ, შესაძლოა, ვინმე მართლაც ასე ფიქრობდეს. მაქვს ინფორმაცია, რომ აფხაზები შედარებითი ტონით საუბრობენ და ქართველებსა და რუსებს ერთმანეთს უდარებენ. ამ შემთხვევაში, მათი პოზიციები ხშირად ქართველების მხარეს უფრო იხრება, მაგრამ ხმამაღლა იმის თქმას, რომ ქართველებთან გვინდა და მათ უნდა დავუახლოვდეთო, ჯერ ვერ რისკავენ. მოსკოვსა ან სხვა ქალაქებში ერთი-ერთზე საუბარში აფხაზები ამას იოლად ამბობენ, არ ეშინიათ და საკმაოდ თბილი ურთიერთობებიც აქვთ ქართველებსა და აფხაზებს, მაგრამ, როგორც კი ორი-სამი აფხაზი ერთად დაჯდება, ისინი ამის თქმას ვერ ბედავენ.