„მოღალატე“ VS „გაბახებული“

„მოღალატე“ VS „გაბახებული“

[მერაბ ბრეგაძე]

ირაკლი ოქრუაშვილმა „მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლევან გაჩეჩილაძეს „მოღალატე“ უწოდა. მისი თქმით, „არსებობდა კონკრეტული გეგმა მისი საქართველოში ჩამოსვლის, თუმცა ეს გეგმები გაჩეჩილაძემ ხელისუფლებას გააცნო და ამაში ფული აიღო“.

თვითონ ირაკლი ოქრუაშვილს სამართლიანი არჩევნების არ სჯერა და ისევ რევოლუციისთვის ემზადება: „მე, ეროსი კიწმარიშვილი, სოზარ სუბარი სახლში ვერ წავალთ“.

ოქრუაშვილს მიაჩნია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლას ელოდება. მისი თქმით, პარტიას ძალების აღდგენისთვის რამდენიმე თვე სჭირდება: „ძალების აღდგენისთვის გვჭირდება დრო. სექტემბრის ბოლოსთვის გვეცოდინება, რამდენად შევძლებთ ძალების აღდგენას“.

„მაესტროს“ ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ აფინანსებს „ქართულ პარტიას“, ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ ამ ადამიანებს საჯაროდ არასდროს დაასახელებს: „არ ვთვლი თავს მდიდრად. მე არ მაქვს არსებობის პრობლემა, მაქვს გარკვეული შემოსავალი, რომლითაც ჩემს თავს და მეგობრებს, რომელთაც სჭირდებათ, ვინახავ“.

უახლოეს წარსულთან დაკავშირებით, ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ „ქართული პარტია“ მაისის რევოლუციის რუსული ტანკებით მოწყობას არ აპირებდა.

„ლევან გაჩეჩილაძემ ბურჯანაძე დაარწმუნა, რომ ჩვენ რუსული ტანკებით ვაპირებდით რევოლუციის მოწყობას, რაც სრული აბსურდია, თუმცა ძალიან მიკვირს, რატომ შეშინდა რუსული ტანკების გაგონებაზე ბურჯანაძე, რომელიც მოსკოვში პუტინთან და სხვებთან ერთად აღლუმს იბარებდა“, - აცხადებს ოქრუაშვილი და დასძენს, რომ „ქართული პარტიის“ გეგმა რუსული ტანკებით საქართველოში შემოსვლას არ გულისხმობდა. ეს იყო რევოლუცია და სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, რისთვისაც თავის დროზე „ქართული პარტია“ შეიქმნა“.

ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მაისის რევოლუციის გეგმა ოპოზიციონერ ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან განიხილებოდა. მისივე თქმით, „მას შემდეგ, რაც ლევან გაჩეჩილაძემ ღალატი ჩაიდინა და სამოქმედო გეგმა ხელისუფლებას მიჰყიდა, ბურჯანაძე „ქართული პარტიის“ ლიდერებს სრულად გაემიჯნა“.

ამავდროულად, ოქრუაშვილის განცხადებით, „ქართული პარტია“ ბადრი ბიწაძის პრაგმატულობაში შეცდა: „ბურჯანაძეს რომ 0,1% ჭკუაც არ ჰქონდა, მანამდეც ვიცოდით, მაგრამ მისი მეუღლის ბადრი ბიწაძის პრაგმატულობასთან დაკავშირებით ნამდვილად შევცდით. ლევან გაჩეჩილაძემ დაარწმუნა ბურჯანაძე, რომ ჩვენ რუსული ტანკებით ვაპირებდით რევოლუციის მოწყობას, რაც სრული აბსურდია, თუმცა ძალიან მიკვირს, რატომ შეშინდა რუსული ტანკების გაგონებაზე ბურჯანაძე, რომელიც მოსკოვში პუტინთან და სხვებთან ერთად აღლუმს იბარებდა? ჩვენ რომ ბურჯანაძის სცენარში არ ვყოფილიყავით, იგი ვერაფერს იზამდა, ხოლო ბურჯანაძე რომ ჩვენს სცენარში არ ყოფილიყო, პრობლემა არ იყო. ჩვენ მაინც მივაღწევდით მიზანს, ლევან გაჩეჩილაძეს რომ სცენარი არ გაეყიდა“.

თავდაცვის ექს-მინისტრი მის ყოფილ პარტნიორ ლევან გაჩეჩილაძეს „მოღალატედ“ აცხადებს და განმარტავს, რომ „25 მაისის გამარჯვების გეგმა სწორედ გაჩეჩილაძემ გაყიდა“. ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მისი საქართველოში არჩამოსვლის მიზეზი სწორედ ღალატი გახდა და მოღალატეთა შორის პირველი ადგილი სწორედ გაჩეჩილაძეს უკავია.

„მიზეზი, რომლის გამოც სქართველოში ვერ ჩამოდევი, ღალატი იყო. სცენარი გათქვეს და ხელისუფლებასთან მიიტანეს. ეს ჩაიდინა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის - ლევან გაჩეჩილაძემ, ე.წ. „გრეჩიხამ“. სწორედ მან შეუშალა ხელი იმ გეგმის განხორციელებას, რომლითაც ჩვენ ისეთი დარტყმა უნდა მიგვეყენებინა ხელისუფლებისთვის, რომელიც მას დაამთავრებდა“ - აცხადებს  თავდაცვის ექს-მინისტრი და აქვე დასძენს, რომ „გათქმული გეგმის სანაცვლოდ გაჩეჩილაძემ მერაბიშვილისა და სააკაშვილისგან 5 მლნ დოლარი მიიღო“.

„გაარკვიეთ, რა ვალები ჰქონდა გაჩეჩილაძეს 25 მაისამდე და რამდენი აქვს ახლა“ - მიმართა ჟურნალისტებს ოქრუაშვილმა და აქვე დასძინა, რომ „როდესაც ამხელა ვალი გაწევს კისერზე, 5 მილიონი ალბათ, მიმზიდველი თანხაა. გაჩეჩილაძე არის ადამიანი, რომელმაც 3 წლის განმავლობაში მინიმუმ 3-ჯერ გაყიდა საკუთარი ხალხი“.

ამასთან, ოქრუაშვილის მტკიცებით, მას „ლევან გაჩეჩილაძის შენახვა და მისი ფინანსური მადის დაკმაყოფილება ძალიან ძვირი უჯდებოდა“. კონკრეტული თანხები მას არ დაუსახელებია, თუმცა ეკრანზე წარმოადგინა გაჩეჩილაძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, რომელშიც დაფიქსირებულია, თუ რამდენს ითხოვდა ოქრუაშვილისგან ეს უაკანასკნელი.

ამ განცხადებების საპასუხოდ, „ქართული პარტიის“ ყოფილმა წევრმა კოკა გუნცაძემ პარტიის თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილს „გაფარჩაკებული და გაბახებული კაცი“ უწოდა.

„ჩამოდი თუ კაცი ხარ, რას გვპირდები და პოზირებ კამერასთან, ჩამოდი, ჩაჯექი ციხეში ან იბძოლე და ჩამოაგდე“, - ასე მიმართა კოკა გუნცაძემ ირაკლი ოქრუაშვილს „მაესტროს“ ეთერით.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარეობს სერიალების გადაღება, სათაურით „ფარდის უკან ვიღაც დგას. მაინტერესებს, რამდენი ადამიანია, ვინც ფარდის უკან იმალება, გამოდით, გამოჩდით, ერთი დაგვენახეთ რამდენი ხართ. საქართველოში რომ ჩამოხვიდე, კაცი უნდა იყო, გაფარჩაკებული და გაბახებული კაცები საქართველოში დიდებით და გამარჯვებით ვერ ჩამოდიან. არ მჯერა, რომ ოქრუაშვილი აქ ჩამოსვლის ერთი ადგილის მქონეა“.

კოკა გუნცაძე ბლეფს უწოდებს, რომ ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ლევან გაჩეჩილაძემ და ნინო ბურჯანაძემ შეუშალეს ხელი. მანვე „ქართული პარტიის“ შექმნას „შეცდომა“ უწოდა. გუნცაძისვე შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილი „იგორ გიორგაძეზე უარესი გახდა“.