პაატა ზაქარეიშვილი: „ხელისუფლებებთან შეთანხმების გარეშე, პატრიარქების მოქმედება ეფექტური ვერ იქნება“

პაატა ზაქარეიშვილი: „ხელისუფლებებთან შეთანხმების გარეშე, პატრიარქების მოქმედება ეფექტური ვერ იქნება“

[გერა მამულაშვილი]

რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, პატრიარქ კირილისა და სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის შეხვედრის დრო და ადგილი ცნობილია. მოსკოვის საპატრიარქოს ინფორმაციით, სულიერი ლიდერები ერთმანეთს 26 ივლისს, საღამოს, კიევო-პეჩორის ლავრაში შეხვდებიან. პატრიარქ კირილთან დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რადიოსადგურ „ეხო მასკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობდა.

„ურთიერთნდობა დღეს დარღვეულია, თუმცა, არა ბოლომდე. ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ ერთმანეთის მიმართულებით და არა - პირიქით და აუცილებლად მივალთ ერთმანეთთან“, - ბრძანებდა პატრიარქი.

ალექსეი ვენედიქტოვის შეკითხვაზე, რა როლი შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, პატრიარქმა უპასუხა, რომ ამ საკითხში რუსულმა ეკლესიამ დიდი სიბრძნე გამოავლინა.

„მან შეუნარჩუნა იურისდიქცია ქართულ ეკლესიას აფხაზეთსა და ცხინვალში. ჩვენი ეკლესიები ხალხების დაახლოებაში კიდევ უფრო მეტის კეთებას შეძლებენ. 25-30 ივლისს მე უკრაინის სტუმარი ვიქნები. იქ ჩამოდის რუსეთის პატრიარქიც. 26 ივლისს ერთმანეთს შევხვდებით და ძმური ურთიერთგაგებით ვისაუბრებთ“, - აღნიშნა პატრიარქმა.

კიევში დაგეგმილ შეხვედრაზე და მოსალოდნელ შედეგებზე ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრებით.

პაატა ზაქარეიშვილი: სასულიერო ლიდერებს ქვეყნების ურთიერთობაში განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლიათ. პერევის ფაქტის სახით, თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს. საპატრიარქომ ინიციატივა გამოიჩინა, ხელისუფლებამ კი ეს ყველაფერი უგულებელყო და გააბითურა. შეჩერდა პერევიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანა და ა.შ. ასე რომ, ხელისუფლებებთან შეთანხმების გარეშე, პატრიარქების მოქმედება ეფექტური ვერ იქნება. თუმცა, ეკლესიათა მეთაურების ძალისხმევები ყოველთვის მისასალმებელია.

კიევის შეხვედრის შემდეგ, საერო ხელისუფლებებს შორის დიალოგის დაწყება რამდენად მოსალოდნელია?

– ამას არ ველი. პრეზიდენტი სააკაშვილი ყველანაირად ებრძვის პატრიარქის ავტორიტეტს.  ყველგან მის დამცირებას და შეუარაცხყოფას ცდილობს. ამიტომ, მას არ აწყობს პატრიარქის აქტიურობა. პირიქით, ამ პროცესს ყურადღებასაც არ მიაქცევენ.

აქედან გამომდინარე, ქართულ–რუსულ დამოკიდებულებაში გარღვევას არ ველი. შეიძლება დათბეს ორი ქვეყნის ურთიერთობები ეკლესიების დონეზე, მაგრამ ეს პოლიტიკურ ჭრილში არ მოხდება.

ეკლესიების დონეზე რა შედეგის იმედი შეიძლება ვიქონიოთ?

– განიხილება ე.წ. აფხაზური ეკლესიის საკითხი. არ არის გამორიცხული საუბარი იყოს, აფხაზეთში მიმდინარე პროცესების კონტროლზე. თბილისი იქ სიტუაციას პირდაპირ ვერ აკვირდება. მოსკოვს პირდაპირი კონტროლის უფლება არ აქვს, ეკლესიური სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე.

რაღაცაზე მაინც შეთანხმდებიან, რომ არცერთი მხარე უკმაყოფილო არ იყოს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებით. ალბათ, შეხვედრის ძირითადი თემა ეს იქნება. შეუძლიათ ამ საკითხში წარმატებას მიაღწიონ. ამაში საერო ხელისუფლებები ვერ ჩაერევიან. 

გაგრძელდება თუ არა „აფხაზური ეკლესიის“ არაღიარების პროცესი?

– ორ აზრი არ არსებობს, რომ ეს პოლიტიკა არ შეიცვლება. აფხაზეთის ეკლესიის არაღიარება უფრო მყარი და მდგრადია, ვიდრე აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის არცნობა. ზოგადად, ეკლესიური სამართალიც უფრო მკაცრი და მძიმეა, ვიდრე საერთაშორისო სამართალი. ამაზე განსხვავებული აზრი არც შეიძლება იყოს.

თქვენი დაკვირვებით, კრემლში რამდენად ითვალისწინებენ მათი სასულიერო ხელისუფლების მოსაზრებებს?

– რუსეთის მთავრობა თავის ეკლესიას უფრო მეტ პატივს სცემს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება. იქაური სასულიერო წრე პოლიტიკურ საკითხებშიც უფრო მეტად არის ჩართული. თუმცა, მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში ეკლესიის ადგილი ნაკლებადაა. როგორც კი ეკლესია პოლიტიკაში აღმოჩნდება, ის მაშინვე პოლიტიზებული ხდება. ამ დროს, საზოგადოება მას აღარ ენდობა. ამიტომ ჩვენი, დამოუკიდებელი ეკლესიის სტატუსი უფრო სანდო და მყარია, ვიდრე რუსეთში არსებული პოლიტიზებული ეკლესიისა.

მაინც რა ნაბიჯებს შეუძლია თბილისი–მოსკოვის გაყინული ურთიერთობების მცირედ გალღობა?

– პირველ რიგში, ამისთვის პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს. ხელისუფლება გამწარებულია რუსეთის მთავრობაზე იმის გამო, რომ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ამიტომ, მის ჯინაზე რაღაც ნაბიჯებს დგამს ჩრდილოეთ კავკასიაში. მაგალითად, ჩერქეზების გენოციდი აღიარეს, რუსულენოვანი არხი – პიკი შეიქმნა, უვიზო რეჟიმი შემოიღეს, რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე.

ხელისუფლება ასეთ ნაბიჯებს არ უნდა დგამდეს. ისეთი ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომლებიც ერთდროულად რუსეთის და საქართველოს ინტერესებშია. მაგალითად, ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესები ორივე სახელმწიფოს ინტერესებშია. იგივე უვიზო რეჟიმის შემოღება, რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით შეგვეძლო. ხომ შემოიღო ეს რეჟიმი ირანთან, ოღონდ ჯერ ოფიციალურ თეირანს შეუთანხმდა.

გენოციდის აღიარება კი ნამდვილად არ იყო აუცილებელი. დაძაბულობის ზრდის გარდა, ამას არაფერი მოუტანია. დღევანდელი ხელისუფლებისგან კი გააზრებული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი არ მაქვს.

თქვენ „აფხაზური პასპორტების“ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე დაშვებაზე განაცხადეთ, რას მოიტანს ეს ნაბიჯი?

– თუ ეს პასპორტები არ ვაღიარეთ, ამით აფხაზებს უფრო მეტად დავკარგავთ. ეფექტური ნაბიჯები უნდა გადავდგათ, აფხაზების შემოსატრიალებლად. ერთ–ერთი ნაბიჯი სწორედ ეს იქნება. აფხაზების დიდ ნაწილს უფრო მეტი ნდობა ექნებოდა ქართული სახელმწიფოს მიმართ. ჩამოვიდოდნენ და აქ იმკურნალებდნენ თავიანთი პასპორტებით, ისწავლიდნენ და ა.შ. ეს საქართველოს შიდა მოხმარების პასპორტები იქნებოდა.

გარდა ამისა, აფხაზურნომრიანი მანქანები უნდა შემოვუშვათ. ადმინისტრაციულ საზღვარზე კი ვატარებთ, მაგრამ მერე ზუგდიდში ბაზართან ერთი ადგილია, სადაც ყველა აფხაზური მანქანა ჩერდება. ბაზარს აქეთ ვეღარ გადმოდიან. დანარჩენ საქართველოში უნდა გადმოვუშვათ. დაე იარონ, ჩამოვიდნენ ბაზრობებზე, იყიდონ პროდუქცია, ბათუმში ჩავიდნენ და ა.შ. თუ ეს პროცესი გაამართლებს, მერე შეგვიძლია მომდევნო, ასეთი ტიპის  ნაბიჯები გადავდგათ.

მაგალითად, 2012 წლიდან თბილისსა და ანკარას შორის ძალაში შევა ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები თურქეთში პირადობის მოწმობებით გადავლენ. ძალიან კარგია და ვთქვათ, რომ აფხაზური პასპორტი ჩვენი, ქართული პირადობის მოწმობაა და აფხაზები თურქეთის მიმართულებით გავატაროთ. ეს მეორე ეფექტურ ნაბიჯად უნდა იქცეს.

ვთხოვოთ, გავაგებინოთ მეზობელ სახელმწიფოებს, რომ ეს დოკუმენტები ჩვენი შიდა მოხმარებისაა და ეს ადამიანები თავიანთ ტერიტორიაზე გაატარონ. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი აფხაზი თავისი მანქანით დაიძვრება და საქართველოს ტერიტორიით იმოგზაურებს სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში და სხვა ადგილებში. ასე რომ, ამ მიმართულებით უამრავი კარგი რამის გაკეთება შეიძლება. ჩვენ კი ერთ ადგილს ვტკეპნით და ნაბიჯსაც არ ვდგამთ.