ეკა ბესელია:

ეკა ბესელია: "ნუ ველოდებით აბდალაძისგან რაიმე ადეკვატური ნაბიჯის გადადგმას"

[როზი ჯღამაია]

ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ თავმჯდომარე ეკა ბესელია გლდანის მე-8 საპყრობილეში გია აბდალაძესთან მაშინ შევდა, როცა ჟურნალისტები ციხის გარეთ მორიგ საპროტესტო აქციას მართავდნენ. ბესელია, ჯერ კიდევ, თავის დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრამდე ვარაუდობდა, რომ გია აბდალაძე საპროცესო შეთანხმებას გააფორმებდა.

ციხის გარეთ გამოსულმა ადვოკატმა კი, პრესაგე.ტვ-თან გია აბდალაძესთან შეხვედრის  დეტალებზე ისაუბრა:

რა მდგომარეობაშია გია აბდალაძე და თუ შეგიძლია კონკრეტულად ისაუბრო დღევანდელი შეხვედრის დეტალებზე?

- შესვლისთანავე გამომძიებელი და პროკურორი აცხადებდნენ, რომ მათ ჰქონდათ დამატებითი კითხვები, რათა გაერკვიათ ის უზუსტობები, რაც იყო პირველ ჩვენებასთან დაკავშრებით. მე მოვითხოვე, რომ გასულისყვნენ გარეთ და მარტო დავეტოვებინე გია აბდალაძესთან სასაუბროდ. აბდალაძესთან ზუსტად 15 წუთის განმავლობაში დაგვტოვეს. თუმცა, დღეს, გიორგი აბდალაძე პრაქტიკულად ვერ საუბრობდა ვერაფერზე. მივხვდი, რომ ის ზეწოლის ქვეშ იყო და მას აკრძალული ჰქონდა ჩვენთან რაიმე განმარტების გაკეთება.

მან ასევე ითხოვა, რომ ვიდეოკამერების დასწრებით არ მომხდარიყო საუბარი, თუმცა იქვე თქვა, რომ არ უნდოდა განმარტებების გაკეთება და კითხვებზე პასუხის გაცემა, რადგან დარწმუნებული არ იყო რომ მიეცემოდა ამის შესაძლებლობა.

აბდალაძე მხოლოდ ერთადერთ ფრაზას ამბობდა - „არ დამტოვოთ“ და მივხვდი, რომ იქ ხანგრძლივად დარჩენას და საუბარს აზრი არ ჰქონდა. შემდეგ მან ითხოვა შემოსულიყვნენ გამომძიებელი და პროკურორი. ამის შემდეგ მას ჰკითხეს რაიმეს დაზუსტება ხომ არ სურდა? თავად გამომძიებელს კი დამატებითი კითხვები ჰქონდა მომზადებული, პირველი - რასაც ვარაუდობდით - 2000 წელს მოხდა თუ 2002 წელს მისი ცხინვალში დაკავება. ამაზე მას ათქმევინეს (ათქმევინეს, რადგან წინასაწარ ჰქონდათ მისთვის ტექსტი მიცემული და გამომძიებელიც დარწმუნებული იყო, რომ აბდალაძე ზუსტად ამ ტექსტით ისაუბრებდა), რომ მისი დაკავება მოხდა არა 2002 წელს, არამედ 2000 წელს.

გარდა ამისა, რამდენიმე კითხვა დაუსვეს, რითაც დამატებითი გარემოებები დაზუსტდა -  თითქოს, აბდალაძის მიერ, სტენოგრამის მოპოვება მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო განყოფილების საქაღალდედან. კერძოდ, ერთ-ერთ ოთახში იდო სტენოგრამა და რომელზეც ხელი მიუწვდებოდა თანამშრომლებს. გარდა ამისა, აბდალაძეს რამდენიმე ფოტოსურათი წარუდგინეს და ჰკითხეს - ხომ ვერ ამოიცნობდა ფოტოებზე იმ პიროვნებას, ვინც ცხინვალში მასზე ძალადობას ახორციელებდა. მე ამ პროცედურას არ ვესწრებოდი, მაგრამ ვიცი, რომ მას „ამოუცვნია“ პიროვნება, რომელიც თითქოს მას ფიზიკურად გაუსწორდა.

როდესაც დაკითხვა დასრულდა, აბდალაძემ ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მე მას ვკითხე, იცოდა თუ არა ამ საპროცესო შეთანხმების არსის დეტალები, რაზეც მან თქვა, რომ დაახლოებით იცოდა, მაგრამ პირობებთან დაკავშირებით ვერაფერს იტყოდა.

ამის შემდეგ მე დავწერე, რომ არ ვადასტურებ აბდალაძის ჩვენების სისწორეს, რადგან ის ვერ იძლეოდა ჩვენებას თავისუფალი ნების პირობებში. მე ვხედავდი მორალურად გატეხილ, დათრგუნულ ადამიანსს, რომელიც გატეხა სახელისუფლებო მანქანამ, რომელმაც მიზანმიმართულად იმუშავა მის წინააღმდეგ ამ პერიოდის განმავლობაში.

ამ შემთხვევაში, აბდალაძის ჩვენება რამდენად გამოადგება გამოძიებას?

- ასეთ პირობებში მიღებულ ჩვენებას, ბუნებრივია იურიდიული ძალა ვერ ექნება და ეს ჩემს ნახევარგვერდიან შენიშვნაში დავაფიქსირე. დავწერე, რომ არც აბდალაძე და არც მე ვიცნობთ საქმის მასალებს. დავაფიქსირე, რომ აბდალაძე ვერ იძლევა ჩვენებას თავისუფალი ნების პირობებში და ამიტომ, მე ვერ დავადასტურებდი ამ ჩვენების სისწორეს. ასევე დავწერე ის, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ ვუჭერ მხარს რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის მისი ინტერესების საზიანო და ამით ვერ დადგინდება სიმართლე. ჩემი ეს შენიშვნა დაადასტურა სამივე ადვოკტმა. მათ მოაწერეს ხელი და დაეთანხმნენ ამ განცხადებას.

ასევე განცხადება დაწერა გიორგი აბდალაძემ, მას საპროცესო შეთანხმება უნდა და გათავისუფლებას ითხოვს, ანუ, - პირობით სასჯელს. ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი მის ამ განცხადებასაც და დავწერე, რომ არ ვეთანხმებოდით მის ამ მოთხოვნას, რადგან საზიანოა მისივე ინტერესებისთვის. მე გავაკეთე განმარტება, რომ არ მჯერა მისი ჯაშუშობის და ამიტომ, ვერ დავეთანხმებოდი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საქმის არსებითი განხილვის გარეშე. ესეც დაადასტურა სამივე ადვოკატმა. ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელი შემოიყვანეს და მან დააფიქსირა, რომ ჩვენ ეს ხელმოწერები გავაკეთეთ.  

ახლა გამოძიება დგას დილემის წინაშე. მას აქვს აბდალაძის განმარტებები, რომელიც არ არის დადასტურებული მისი არც ერთი ადვოკატის ხელმოწერით და პოზიციით, რაც უკვე ნიშნავს, რომ ამ განმარტებებს არ აქვს იურიდიული ძალა. ასევე, აქვს საპროცესო შეთანხმების თაობაზე განცხადება, რომელსაც არ ეთანხმება მისი არც ერთი ადვოკატი.

ეს რას შეცვლის?

- ეს თავდაყირა აყენებს გამოძიების მცდელობას, რომელმაც ძალიან დიდი ძალისხმევა დახარჯა იმისთვის, რომ მიეღო ეს განმარტებები, თანხმობის პირობებში. დაცვის მხარე თუ არ ადასტურებს ჩვენების სისწორეს, ეს ნიშნავს, რომ ეს ჩვენება არ მიიღება, როგორც უტყუარი მტკიცებულება და, ბუნებრივია, ის დგება ეჭვის ქვეშ. ამიტომ, ეს უკვე აღარ არის რაიმე ძალის მატარებელი. თუ გამოძიება საპროცესო შეთანხმებით დაასრულებს ამ საქმეს და ჩვენ ამაში მხარს არ დავუჭერთ, ანუ არ ექნება ჩვენი მონაწილეობის შესაძლებლობა, არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ასეთ შემთხვევაში.

თუ გამოძიება გააგრძელებს საქმეს და სასამართლო განხილვას ჩაატარებს, ჩვენ ვიქნებით იქ და დავიცავთ ამ ადამიანის უფლებებს, მაგრამ თუ ისინი წავლლენ იმ გზით, რა გზითაც მიდიან, ანუ საპროცესო შეთანხმებას გააფორმებენ, არც ერთი ადვოკატი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს.

აბდალაძე თავდაპირველად არ აღიარებდა ბრალს, მან თავის კი გასწირა, მაგრამ შემდეგ უცებ შეიცვალა პოზიცია, ოჯახის წევრებზე ხომ არ ემუქრებოდნენ?

- მთელი სახელისუფლო მანქანა დღეს აბდალაძის მორალური გატეხვისთვის მუშაობს. ემუქრებიან ოჯახის წევრებზე ფიზიკური ზემოქმედებით. ყოველ შემთხვევაში, აბდალაძის მინიშნებებით მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

იგი ვერ ლაპარაკობს, დღეს კი, აბსოლუტურად ვერ ახერხებდა ჩვენთან კომუნიკაციას. მივხვდი, რომ ის ისეთი ზეწოლის ქვეშ არის, რომ პირდაპირ მთხოვს, არ გავაკეთო განცხადებები და არ ვილაპარაკო ამ დარღვევებზე. მე ვუთხარი, რომ არ შემიძლია ვთქვა ტყუილი და არ ვთქვა ის, რასაც ვხედავ.

ამჟამად, თუ არსებობს ადვოკატების ხელთ რამე ბერკეტი, თუ თქვენც უძლურები ხართ შეცვალოთ რამე?

- ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ამ სიტუაციაშია შესაძლებელი - ჩვენ პოზიციებს ვაფიქსირებთ საქმეში ოფიციალური განცხადებებით და ამას ვაკეთებთ საჯაროდ. ამაზე მეტის გაკეთება დღეს ფიზიკურად შეუძლებელია.

რამდენად მძიმეა აბდალაძისთვის მისივე ჩვენება, რომელიც დღეს უკვე დაზუსტებულია?

- ეს არის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები, დაუჯერებელი და არარეალური ფაქტები. უკვე ის, რომ ორი დღის განმავლობაში განსხვავებულ ფაქტებზე ისაუბრა, იმაზე მეტყველებს, რომ ამ ჩვენებებს არ აქვთ იურიდიული ძალა. გამოძიება ძალიან უსუსურად იქცევა, ისეთ შეცდომებს უშვებს, რომ ცხადად ჩანს - ისინი მხოლოდ ძალის დემონსტრირებას ახდენენ და ეს არ არის ახლოს რაიმე ტიპის გამოძიებასთან, უტყუარი სამხილების მოპოვებასთან, ჭეშმარიტების დადგენასთან. როგორც ჩანს, გამოძიებას ეს რესურსი არ გააჩნია, ამიტომ მთელი ძალისხმევა მიმართეს იქითკენ, რომ მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები. მაგრამ, მიიღეს არა აღიარება, არამედ სრული აბსურდი და სისულელე. სახელმწიფო მანქანა დღეს მუშაობს ამ სისულელეზე, უკვე თვითონვე დაიბნენ და ვეღარ ხვდებიან, რა უნდა გააკეთონ. როგორც ჩანს, ისინი არ ელოდებოდნენ ჩვენგან ასეთ რეაქციას და ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ.

ალბათ, ხვალ მორიგ შეცდომას დაუშვებენ. ფაქტია, რომ თუ ამ ქვეყანაში არსებობს ერთი მოსამართლე მაინც, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ სიმართლე დაადგინოს და მართლმსაჯულებას ემსახუროს, საკმარისია, მან ჩაიხედოს ამ საქმეში და ყველაფერი შავით თეთრზე ჩანს.

თუ არის გია აბდალაძე საქმის კურსში, რა ხდება გარეთ? მხედველობაში მაქვს ჟურნალისტების პროტესტი.

- მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა, მაგრამ იგი უძლურია, გამოხატოს რაიმე ტიპის პოზიცია. ნუ ველოდებით აბდალაძისგან რაიმე ადეკვატური ნაბიჯის გადადგმას. ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ ამ სახელისუფლებო მანქანის წინააღმდეგ, არის ის, რომ ვცდილობთ გადავლახოთ ეს ზეწოლა. ერთდერთი პრევენცია, ეს არის საქმეში განცხადებების გაკეთება, დარღვევების დაფიქსირება და საჯაროდ საუბარი.

ჩვენ დავაფიქსირეთ ყველა დარღვევა და ზეწოლა, რაც მასზე ხორციელდება. ვფიქრობ, რომ ახლა გამოძიება ჩიხშია. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხვალ 9 საათზე უნდა მოხდეს შეკრება ციხეში. არ ვიცი, რას აპირებენ. თვითონაც ამბობენ, რომ არ იციან, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ქურციკიძის შესახებ, მასზე პრაქტიკლად არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება?

- სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით.