„ვაი შენს პატრონს“

„ვაი შენს პატრონს“

[მერაბ ბრეგაძე]

პრეზიდენტი სააკაშვილი ბათუმში, სასტუმრო „რედისონის“ გახსნაზე აცხადებს, რომ „საქართველოში მიმდინარე მშენებლობებისა და ქვეყნის აღმშენებლობის კრიტიკა მხოლოდ ყვითელი პრესიდანაა“. მისი თქმით, „ბათუმი მთელი რიგი კომპონენტებით ნიცას სჯობს და საქართველოში ოდნავ მაინც რამის დანახვა თუ შეუძლია ადამიანს, ხედავს, რომ ქვეყანა ვითარდება“.

სააკაშვილმა კრიტიკოსების განცხადებები მოიყვანა სხვადასხვა სტატიებიდან, სადაც გააანალიზებულია საქართველოში მიმდინარე მშენებლობები, მათ შორის აღმაშენებელზე და რიყეზე. პრეზიდენტის მიერ „შერისხულთა“ ნუსხაში მოხვდა ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“ დაბეჭდილი, თამარ ამაშუკელის სტატია:

„ერთი მცირეტირაჟიანი ფერადი ჟურნალი წერს, ვის რად უნდა შენი კიჩი არქიტექტურული ბიჟუტერია. ამ კიჩის სანახავად მე თვითონ უარს ვამბობ სიღნაღში სიარულზე. ამაზე ერთადერთი პასუხია – ვაი შენს პატრონს.

მე არ ვსაუბრობ მის გონებრივ შესაძლებლობაზე, არავინ მინდა გავაკრიტიკო, მაგრამ ამას ხომ ჰგონია თავი ძალიან განათლებული, ეს არის რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული მონის კლასიკური ტიპი, რომელსაც ჰგონია, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ჩამორჩენილები, მახინჯები, გამოუსწორებლები და ჩვენგან არასოდეს არაფერი დადგება. ამ აზროვნებას ანგრევს რედისონი და შერატონი“.

სააკაშვილის თქმით, ვისაც საქართველოში ოდნავ მაინც რაღაცის დანახვა შეუძლია, ყველა ლაპარაკობს საქართველოს ეკონომიკურ სასწაულზე და ეკონომიკურ მოდელზე:

„ვის წარმოედგინა აბაშიძის ჩაბნელებული, ჩამტუტებული ძველი ბათუმი ასეთი, როგორიც დღესაა. შარშან „სი-ენ-ენის“ კორესპონდენტმა თქვა, ბევრი სასწაული მინახავს მსოფლიოში, მაგრამ ყველაზე დიდი სასწაული ბათუმიაო. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არ არის „რუსთავი 2“, „იმედი“ და არც „კავკასია“. ეს არის მსოფლიოს ყველაზე წამყვანი ტელევიზია“.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“ დაბეჭდილი მისი სტატიის მიმართ კრიტიკა „არაკორექტული ფორმით გამოხატა“. მისი თქმით, არ მიაჩნია სწორად, როდესაც პრეზიდენტი მაღალი ტრიბუნიდან იყენებს ისეთ გამოთქმას, როგორიცაა „ვაი შენს პატრონს“.

გარდა ამისა, ამაშუკელის თქმით, პრეზიდენტმა ციტატა კონტექსტიდან ამოგლეჯილად წაიკითხა და სტატია სრულიად სხვაგვარად წარმოაჩინა:

„სტატიის აზრი ის იყო, რომ ჩვენი ბათუმი და სიღნაღი ნიცასაც და მონტე-კარლოსაც მირჩევნია. როდესაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი არქიტექტურულ-ურბანული ქალაქების რაღაცად ქცევას, ამას ვეძეხი მე კიჩს – როდესაც შენ არ გაკმაყოფილებს შენი და ცდილობ, სხვას მიამსგავსო“.

მისივე თქმით, საქართველოში ტურისტი სწორედ რაღაც განსხვავებულისა და ეგზოტიკურისა და არა პარიზის სანახავად ჩამოდის. ამაშუკელი ამბობს, რომ სტატიის რეალური არსი ეს იყო და პრეზიდენტმა ის სრულიად სხვა კუთხით წარმოაჩინა:

„ამ სტატიის ავტორი თურმე ვერასოდეს ვერაფერს გაიგებს და რუსეთის მონად გამომიყვანა, რომელსაც არაფერი მოსწონს. პირიქით, მე მომწონს ჩემი ქალაქი და მინდა ჩემი XIX საუკუნის თბილისი იყოს XIX საუკუნის თბილისი და არა ბლოკით აშენებული პარიზს მიმსგავსებული თბილისი. მე მომწონს ჩემი კულტურული მემკვიდრეობა და ვიცავ მას. ის კი ცდილობს, ამ კულტურული მემკვიდრეობის სხვისთვის მიმსგავსებას, რადგან ეს არ აკმაყოფილებს“.

„ინტერპრესნიუსი“ ჟურნალის მთავარ რედაქტორ ნინო ლომაძესაც ესაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადება იმის მანიშნებელია, რომ მისთვის ნებისმიერი სახის კრიტიკა მტკივნეულია:

„ვფიქრობ, ყოველთვის საინტერესოა განსხვავებული აზრის მოსმენა ისე, რომ არ გაბრაზდე და არ გაცხარდე. ესეც კრიტიკის კულტურის მანიშნებელია – რამდენად ვიღებთ განსხვავებულ აზრს მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს დილეტანტის დაწერილი არ არის“.

პრეზიდენტის მიერ გაკრიტიკებულთა ნუსხაში მოხვდა ასევე, კინომცოდნე, რადიო „თავისუფლების“ ბლოგერი გოგი გვახარია:

„ერთი ინტელექტუალი წერს ამას წინათ – დასვენების დღეებში, რიყის პარკთან მანქანის გაჩერება საკმაოდ რთულია. პარასკევს საღამოს, მთელი ეს ტერიტორია, მეტეხის ხიდი, საფეხმავლო, მშვიდობის ხიდი, ახალი პარკი, აბანოთუბანი ხალხით იყო სავსე. ზუსტად ვერ გავიგე, რას აკეთებდნენ. ბავშვებიც მოიყვანეს.

ეს ახალგაზრდები რაღამ მოიყვანა აქ? აქეთ-იქით დადიოდნენ, აი, ჩემი მშობლები რომ ამბობდნენ, რუსთაველზე ვსეირნობდითო, ისე. აბა სხვა რა უნდა გაეკეთებინათ მაშინ? არ მესმის, მართლა არ მესმის, რატომაა სასიამოვნო სეირნობა. არაფრით არ მესმის რა უხარია ამ ხალხს. ესენი ვერასოდეს ვერ გაიგებენ. დაცინვა ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ამის ავტორი არ შემიძლია არ გავაშაყირო“.

„აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს წერილი წაკითხული არ ჰქონდა და ციტატა კონტექსტის გაუთვალისწინებლად წაიკითხა , - ამბობს თავის მხრივ კინომცოდნე გოგი გვახარია. მისი თქმით, ისურვებდა, რომ პრეზიდენტმა ის წყარო დაასახელოს ხოლმე, საიდანაც ციტირებს:

„მას რომ ეთქვა აი, „ინტელექტუალი გვახარია წერს რადიო „თავისუფლების“ ბლოგზე ამას და ამას“, ჩემს ბლოგს ხომ ის ხალხიც წაიკითხავდა, ასეთი ყურადღებით რომ უსმენდა მას სასტუმროს გახსნის ცერემონიალზე. ჰოდა, ბლოგს რეიტინგი გაეზრდებოდა. ამის მერე აღარ იტყოდნენ „გვახარია არარეიტინგულიაო“. დავიცვათ სავტორო უფლებები და დავასახელოთ ხოლმე წყარო. ისე, მაინტერესებს, პრეზიდენტები სასტუმროს გახსნის ცერემონიალებში რატომ მონაწილეობენ?“