ვეფხვაძე VS ალასანია

ვეფხვაძე VS ალასანია

[თეონა ხარაბაძე]

პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქციის შექმნა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გამაღიზიანებელი ისევ ოპოზიციისთვის აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, მათი მხრიდან უფრო მეტად ცინიკური განცხადებები კეთდება, ვიდრე უმრავლესობიდან.

„ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ ისიც კი განაცხადა, რომ ამ ფრაქციის შექმნა ალასანიას ბურჯანაძესთან და ნოღაიდელთან შესაძლო გაერთიანებაზე მიანიშნებს.

მან ამ ფრქაციის შექმნის დღეს სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ იგი ზურაბ ნოღაიდელის, ირაკლი ალასანიას და ნინო ბურჯანაძის ერთ საარჩევნო სუბიექტად ჩამოყალიბების პერსპექტივას მიესალმება.

როგორც ლევან ვეფხვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ქრისტიან-დემოკრატები“ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის მომხრე არიან, განსაკუთრებით ისეთის, რომელიც პოლიტიკური ძალების გამსხვილებას ემსახურება.

მისი თქმით, ფრაქცია ნიშნავს, პოლიტიკური ძალების გარკვეულ კავშირს ან წარსულში, ან აწმყოში, ან მომავალში და თუ მათ წარსული არ აკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ მომავალში მათი გამსხვილების შესაძლებლობა არსებობს.

„იმედი მაქვს, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ახალ ფრაქციაში არიან, ექნებათ პოლტიკური რესურსი, რომ გამსხვილდნენ და საარჩევნო სუბიექტად ჩამოყალიბდნენ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი ოპოზიციური ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისათვის“ პრეზენტაცია პარლამენტში ორშაბათს გაიმართა.

ფრაქციის შემადგენლობაში არიან „ქართული დასის“ ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, ზურაბ ნოღაიდელის პარტიის წევრი პეტრე მამრაძე, „სახალხო კრების“ გამგეობის წევრი კარლო კოპალიანი, თამაზ დიასამიძე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი და ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე. უკვე ცნობილია, რომ ფრაქციის თავმჯდომარე როტაციის პრინციპით აირჩევა და პირველი თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი იქნება.

როგორც პრეზენტაციისას ითქვა, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ უმცირესობის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს და მათი მიზანი პარლამენტში რეალური ოპოზიციის შექმნაა.

შესაძლოა, სწორედ ასეთი განცხადებებიც გახდა იმის მიზეზი, რომ საპარლამენტო ოპოზიციიდან ასეთი რეაქცია მოჰყვა.

ყოველ შემთხვევაში, თავად გია ცაგარეიშვილი ამ განცხადებებს სწორედ ოპოზიციის გაღიზიანებით ხსნის.

„მე მესმის მათი შეშფოთების, მაგრამ არ მესმის აღშფოთების. ცხადია, ჩვენი ფრაქცია მათ გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის, რადგან ჩვენ ვიქნებით რეალური ოპოზიცია და ეს უკვე პარლამენტში კონკურენციის გაჩენას ნიშნავს. ამიტომაც მათი არ მიკვირს, როდესაც მათ შეშფოთებას ვგრძნობ. მით უმეტეს, რომ უკვე წინასაარჩევნო პერიოდი იწყება. მაგრამ მე არ მესმის, თუ რატომ არიან ასე აღშფოთებულები. თუკი რეალური ოპოზიცია ხარ, ოპოზიციური ფრაქციის შექმნა უნდა გიხაროდეს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

ცხადია, ოფიციალურად და ღიად „ქრისტიან-დემოკრატები“ არც აღშფოთებას გამოხატავენ და არც შეშფოთებას, მაგრამ ვეფხვაძის ეს განცხადება, რა თქმა უნდა, ძალზე საგულისხმოა.

თუკი იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ფრაქციის შექმნაზე დიდი ხანია, მიმდინარეობს საუბარი და მხოლოდ მას შემდეგ შეიქმნა, რაც „რვიანი“ დაიშალა, გასაკვირი აღარ არის, რომ „ქრისტიან-დემოკრატების“ მხრიდან ეს მათ ჯიბრზე გაკეთებულად აღიქმებოდეს.

სხვათა შორის, ვიდრე „რვიანი“ დაიშლებოდა, კულუარებში იმაზე იყო საუბარი, რომ ფრაქციის შექმნას სწორედ ალასანია ეწინააღმდეგებოდა, რადგან არ უნდოდა, ეს „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ „რვიანიდან“ წასვლის საბაბი გამხდარიყო.

„რვიანის“ დაშლის შემდეგ კი, ამ ფრაქციის ასე მოკლე ვადაში შექმნა, ცხადია, პირდაპირ ალასანიას გავლენაზე მიუთითებს, ეს რაც არ უნდა უარყონ „თავისუფალმა დემოკრატებმა“.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ახალი ფრაქცია უკვე პარლამენტში „ექვსიანის“ მხარდამჭერად აღიქმება, რაც აპრიორი „ქრისტიან-დემოკრატებთან“ და „ახლებთან“ დაპირისპირებას ნიშნავს, რომ აღარაფერი ვთქვათ „ნაციონალებსა“ და სხვა წვრილ-წვრილ პარტიებზე.

მით უმეტეს, რომ ამ ფრაქციას სათავეში ალასანიას პარტიის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი უდგას. ამასთან, ფრაქციის შექმნის წინა დღეს ახალი ფრაქციის წევრებმა კონსულტაციები ირაკლი ალასანიასთან გაიარეს.

ცხადია, ირაკლი ალასანიას წინასაარჩევნოდ ტრიბუნა სჭირდება. ეს ტრიბუნა კი პარლამენტში ექნება. თანაც მარტო ცაგარეიშვილი კი არ იბრძოლებს ალასანიას „იდეების“ გასატარებლად, არამედ, მთელი ფრაქცია.

ისიც უნდა ითქვას, რომ „ქრისტიან-დემოკრატებს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ დაახლოებით ერთი და იგივე ელექტორატი ჰყავთ და მათ შორის დაპირისპირება სწორედ ამომრჩევლის გულის მოგების ნიადაგზე მოხდება.

ამიტომაც გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, თუკი ეს ორი ფრაქცია სექტემბრიდან ერთმანეთის ჯიბრზე მწვავე განცხადებებით გამოვა.

გია ცაგარეიშვილმა უკვე ისიც განაცხადა, რომ საზოგადოებას შემოდგომისთვის ძალიან ბევრ სიურპრიზს ჰპირდებიან. განსაკუთრებით კი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით.

„ჩვენი ფრაქციის და „ექვსიანის“ ურთიერთობა, შესაძლოა, ბევრად უფრო ინტენსიური გახდეს, როდესაც საარჩევნო კოდექსის განხილვა დაიწყება და გამორიცხული არ არის, დაუმორჩილებლობის აქციებიც აგორდეს. ასევე, შესაძლოა, „ექვსიანმა“ უამრავი ახალი პროექტი შემოგვთავაზოს და მე ახლა ამას არ გეტყვით. ეს სხვა დროს გამჟღავნდება, მაგრამ ახლა იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ხელისუფლებას უამრავი სიურპრიზი ელოდება“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

ფაქტია, რომ შემოდგომაზე პარლამენტს საარჩევნო კოდექსი ექნება მისაღები. სწორედ კოდექსი იქნება ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაზეც პარტიები მქუხარე განცხადებებით გამოვლენ.  ხელისუფლებასთან საკამათო თემა ოპოზიციას სწორედ საარჩევნო კოდექსზე ექნება. თუმცა, პარლამენტის შიგნით მყოფი ოპოზიცია, შესაძლოა, ერთმანეთთან ქიშპობით ისე გაერთოს, რომ კოდექსი საერთოდ დაავიწყდეს.