ღია წერილი მის აღმატებულებას, აშშ-ის ელჩს საქართველოში - ბატონ ჯონ ბასს

ღია წერილი მის აღმატებულებას, აშშ-ის ელჩს საქართველოში - ბატონ ჯონ ბასს

აღნიშნული წერილი ერთმა რიგითმა ქართველმა, სოლომონ თერნალელმა (მისი ნამდვილი სახელი და გვარი თითქმის არავინ იცის) facebook-ის მეგობრებს ინგლისურ ენაზე დაუგზავნა. წერილი ამერიკის ელჩამდე, ჯონ ბასამდე უნდა მივიდეს, ასეთია სოლომონ თერნალელის და ჩვენი, მისი მკითხველების (ალბათ, დიდი უმრავლესობის) სურვილი. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება, წერილს ჯონ ბასი გაეცნობა. შესაძლოა ვერასოდეს გავიგოთ მისი აზრი ამ წერილზე, მაგრამ იმედს ვიტოვებ, ამერიკის ელჩისთვის ეს იქნება მნიშვნლოვანი გზავნილი ქართველი ერის მნიშვნელოვანი ნაწილისგან და იგი ყურადღების მიღმა არ დარჩება.

წერილის ტექსტს უცვლელად გთავზობთ:

თქვენო აღმატებულებავ,

გადავწყვიტე მოგმართოთ ამ წერილით, რადგან ვფიქრობ, რომ შემიძლია გამოვხატო იმ მრავალი ჩემი თანამემამულის გრძნობები და გულისწუხილი, ვისაც გულწრფელად გვჯეროდა, რომ ქვეყანა, რომლის ინტერესებსაც თქვენ წარმოადგენთ, საბჭოთა კავშირის იმპერიის დაშლის შემდეგ გახდებოდა როგორც საერთაშორისო არენაზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის და დემოკრატიული რეფორმების გატარების საქმეში საქართველოს ხელახლა დაბადებული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი და პარტნიორი.

მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ აშშ-ის მთავრობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ხელისუფლება ოდესმე საქართველოს დაეხმარება საკუთარი ინტერესების საზიანოდ, მაგრამ დღესაც ვთვლი, რომ ბევრ სფეროში და მიმართულებით ამ ინტერესთა თანხვედრა თვალსაჩინოა.

მაგრამ პრობლემა, რომელიც მე დღეს ძირეულად მიმაჩნია აშშ და საქართველოს ურთიერთობებში, მდგომარეობს იმაში, ვინ მიაჩნია აშშ ხელისუფლებას, და როგორც მისი ინტერესების გამტარებელს - თქვენდამი რწმუნებულ საელჩოს - თავის პარტნიორად და საქართველოს ინტერესების სრულყოფილად გამომხატველად: საქართველოს ხელისუფლება და პირადად მიხეილ სააკაშვილი, თუ - ქართველი ხალხი?!

ვინაიდან დღეს, ეს ორი კატეგორია არის აბსოლუტურად გამიჯნული და ერთმანეთს დაპირისპირებული.

პრაქტიკულად ერთადერთის - რუსეთთან დამოკიდებულების გარდა, თითქმის აღარ დარჩა არცერთი საკითხი, რომელშიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ უპირისპირდებოდეს. მე არ შევეცდები ამ საკითხებს დეტალურად შევეხო, რადგან მიმაჩნია, რომ თქვენ საკმაოდ ინფორმირებული უნდა იყოთ იმის თაობაზე, რას წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლება და იმედს ვიტოვებ, რომ მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი არ გაძლევთ არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ მკაცრი განცხადებების გაკეთების უფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ პირადად, ისევე როგორც თქვენი წინამორბედნი, ხშირად და ხმამაღლა აცხადებთ, რომ ამერიკის მთავრობა, სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ საელჩო და თავადაც მხარს უჭერთ სწორედ ქართველ ხალხს, სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი ამის შესახებ. რაც უფრო მეტად მკრეხელური, ამაზრზენი და აბსოლუტურად ანტიდემოკრატიული ხდება საქართველოს ფსევდოდემოკრატიული და გაყალბებულ PR-ზე დაფუძნებული დღევანდელი ნეობოლშევიკური რეჟიმი და მისი ცრუპენტელა და გულბოროტი ლიდერი, მით უფრო მეტი ჩემი თანამემამულე  ეკითხება დღევანდელ საქართველოში საკუთარ თავს და იმათ, ვისაც ენდობიან, საყოველთაო შიშზე და მოსმენებზე დამყარებულ დღევანდელ ჩვენს რეალობაში - რატომ უჭერს მხარს ამერიკის მთავრობა იმ ხელისუფლებას, რომელიც აბსოლუტურად სხვა ინტერესებს და მცნებებს ემსახურება, და არა იმათ, რაც აშშ-ის კონსტიტუციაში და თავისუფლების დეკლარაციაში არის აღიარებული?

ძირითადად შევეხები იმ ბოლო ფაქტს, რაც დღეს ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა - 5 ფოტორეპორტიორის დაკავებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში ბრალდების შესახებ.

დიახ, არ შემშლია, ბატონო ბას - სწორედაც რომ 5! რადგან თავიდან ასევე დაკავებული იყო Associated Press-ის საშტატო თანამშრომელი შაჰ აივაზოვიც, რომელიც სწორედ თქვენი საელჩოს მხრიდან აქტიური ჩარევის წყალობით გაანთავისუფლეს.

მადლობის მეტი რა გვეთქმის თითქოს, რომ თქვენი გამოისობით ერთი ადამიანი მაინც გადაურჩა იმ საშინელებას, რასაც დღეს „საგამოძიებო პროცესი“ და „ქართული სასამართლო“ ჰქვია! იმედია, ეჭვი არ გეპარებათ, რომ, რომ არა თქვენი ჩარევა და აივაზოვის დაკავებიდან რამდენიმე საათში განთავისუფლება, დღეს შესაძლოა მისი „აღიარებითი ჩვენებაც“ უკვე ხელმოწერილი ყოფილიყო!

იმ ქვეყანაში, სადაც ადვოკატებს ათასნაირ პრობლემებს უქმნიან დაკავებულთან დროულად შესახვედრად... სადაც სახაზინო ფსევდოადვოკატების მთელი არმია ჩამოყალიბდა, რომელთა ერთადერთი „პროფესიული ნიჭი“ დაკავებულის უსწრაფესად დარწმუნებაა, რომ მან აღიარებით ჩვენებას ხელი მოაწეროს... სადაც სასამართლო მხოლოდ ბრალდების არგუმენტებს ითვალისწინებს და განჩინებათა მხოლოდ 0.06% არის გამამრთლებელი (სტალინის „ტროიკების“ დროსაც კი ეს მაჩვენებელი 7%-ზე დაბალი არ ყოფილა!!)... სადაც შსს მინისტრი, დეპუტატები და თავად პრეზიდენტიც, რომ არაფერი ვთქვათ იმ „ნაციონალურ“ მედიასაშუალებებზე, რომელთა მფლობელობის საკითხის გარკვევას არაფრით დაადგა საშველი - ჯერ კიდევ სასამართლომდე თავს უფლებას აძლევენ ბრალდებულის ბრალზე ისე ილაპარაკონ, როგორც აქსიომაზე და ამით გავლენა მოახდინონ ბრალდებულის ოჯახის წევრებზე და მთლიანად საზოგადოებაზე... სადაც არა მტკიცებულებები, არამედ აშკარა ზეწოლის შემდეგ მიღებული აღიარებითი ჩვენება გამხდარა ისეთივე „მტკიცებულებათა დედოფალი“, როგორც ეს სტალინის გენერალური პროკურორის - ვიშინსკის დროს იყო მიღებული... - თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ ჩვეულებრივ ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა ვერ უძლებს ზეწოლას, ახლობელი ადამიანებისადმი ძალადობის მუქარის ფსიქოლოგიურ წნეხს და დაშინებას და ხელს აწერს იმ აბსურდულ აღიარებით ჩვენებებზე, რასაც შემდეგ სააკაშვილის მთავრობა ამაყად აფრიალებს მთელი მსოფლიოს დასაბრმავებლად? როგორ გგონიათ, აშშ საელჩოს რამდენი თანამშრომელი გაუძლებს, თუ მათ გამომძიებელი განუცხადებს, რომ მათ შვილებს „პრობლემები შეექმნებათ“, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრების მიმართ შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა,  რომ ანახონ ფოტომონტაჟი, სადაც ისინი გამოსახულნი იქნებიან მაკომპრომეტირებელ გარემოებებში... განსაკუთრებით, გაითვალისწინეთ, როცა ეს ხდება ქვეყანაში, სადაც რამდენიმე კვირის წინ ხელისუფლებამ მაღაზიის თავზე დაყრილი ხელფეხშეკრული ადამიანების გვამები „ელექტროდენით გარდაცვლილებად“ გაასაღა, ხოლო მიტინიგის შემდეგ გამქრალი რამდენიმე ათეული ადამიანის ბედი ბოლომდე გაურკვეველი რჩება!

ბატონ ბას, რა ვქნათ, თუ ყველა დაკავებული ფოტორეპორტიორი არ აღმოჩნდა ამერიკული მედია საშუალების საშტატო თანამშრომელი?

რამდენად გამართლებულია ტაქტიკა, როცა თქვენ მხოლოდ შაჰ აივაზოვის განთავისუფლებაზე შეწუხდით, ხოლო გერმანიის ელჩი - EPA PressPhoto-ს თანამშრომლის ბედით? არ მოვიდა დრო უფრო გლობალურად შევხედოთ ამ პრობლემას, რომ ქვეყანა, რომლის ხელისუფლება თავისი ფსევდოიმიჯის განსამტკიცებლად და შესანარჩუნებლად ასეთ სპექტაკლებს დგამს და არ ერიდება ჟურნალისტების უპრეცედენტო დევნას და თან გამოძიებაზე „საიდუმლო“ გრიფის დადებას, როდესაც თავდებით განთავისუფლება კატეგორიულად არ გამოიყენება, როდესაც უაპელაციოდ აცხადებენ, რომ პროცესი დახურული იქნება, როდესაც პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის აღიარებითი ჩვენება მისი ასევე დაკავებული მეუღლის განთავისუფლებიდან 30 წუთში „ფორმდება“, როცა ბრალდებულ აბდალაძეს ძალოვანი უწყებიდან ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მან 26 მაისს გადაღებული დარბევის ფოტოკადრები მათთან უნდა მიიტანოს, როცა შსს მინისტრი აღიარებს, რომ მას სხვა სამხილი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული 2004 წელს რამდენჯერმე ტელეფონით ესაუბრა (საუბრების შინაარსი არ ქვეყნდება!) იმ პირებს, რომლებიც შემდეგ გრუ-ს აგენტებად იყვნენ აღიარებული?..

- რა უნდა ჰქნას ასეთ ქვეყანაში თავისუფალმა ჟურნალისტმა, რომელიც ხელისუფლების დანაშაულებათა გამოაშკარავებით არის დაკავებული?

- რა ჰქნან ნანა ლეჟავამ, ნინო ზურიაშვილმა, ნათია მიქიაშვილმა და ნესტან ცეცხლაძემ? რომელ უცხოურ სააგენტოს ევედრონ შტატში აყვანას, რომ ამ ხელისუფლებისაგან დაცულობის შეგრძნება ჰქონდეთ?

განა ვინმესთვის საიდუმლოს უნდა წარმოადგენდეს, რომ დაკავებულმა ჟურნალისტებმა - ირაკლი გედენიძემ, ზურაბ ქუციკიძემ და გიორგი აბდალაძემ - მთავრობის რისხვა მათ მიერ 26 მაისს დემონსტრაციის დროს პოლიციისაგან და ზონდერბრიგადებისაგან გამოჩენილი სიმხეცის და უბრალო ადამიანებისადმი სასტიკი მოპყრობის ამსახველი ფოტო- და ვიდეოკადრების გამო დაიმსახურეს? სწორედ იმის გამო, რომ ეს კადრები უცხოურ სააგენტოებში მოხვდა და სააკაშვილის „რეფორმატორობაზე“ მოკამათე უცხოურ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა,  რომ მიტინგების დაშლაში საქართველოს „დემოკრატი“ ხელისუფალი არაფრით განსხვავდება დიქტატორ ლუკაშენკოსაგან!

ბატონო ბას, თქვენ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობა მედიასთან შეხვედრით დაიწყეთ და მე ვიცი, როგორ გამხნევებული იყვნენ თავისუფალი ჟურნალისტები თქვენი გულწრფელი საუბრით და აქტიური დაინტერესებით - განსხვავებით თქვენი წინამორბედისაგან, რომელიც მხოლოდ ფასადურად ინტერესდებოდა თავისუფალი მედიის ბედით და გაცილებით მეტ დაუდგრომელ ძალისხმევას იჩენდა ხალხის კრიტიკისაგან ქართული ხელისუფლების (!) დასაცავად.

მაგრამ თქვენი ჩამოსვლიდან გავიდა ორ წელზე მეტი და საქართველოში მედიის მდგომარეობა, სამწუხაროდ, იოტისოდენაც არ გაუმჯობესებულა.

გვყავს უფრო მეტი შევიწროებული ჟურნალისტი, გვყავს შვეიცარიაში პოლიტიკურ დევნილად აღიარებული ნიჭიერი ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, გვაქვს ისევ ისეთი ხელისუფლების ლაქია ე.წ. საზოგადოებრივი არხი, რომლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე მტკიცედ უარს აცხადებს, პოლიტიკურ არხად შერაცხული მეორე არხის რესურსები ისევ ძველებურად უაღრესად მწირია და იგი საქართველოს მთელი ტერიტორიის მეოთხედსაც კი ვერ ფარავს, სამაგიეროდ, გაჩნდა ქართველი ხალხის ფულით  მთავრობისაგან გულუხვად დაფინანსებული პროპაგანდისტული რუსულენოვანი არხი „პირველი კავკასიური“,  რომელიც რუსეთთან ცივ ომში გამარჯვების არარეალურ ამოცანას მიხეილ სააკაშვილის პერსონის გალამაზებასთან ათავსებს (ერთადერთი გამონაკლისი 26 მაისის მოვლენების გაშუქება იყო, ალბათ ბატონი პარსონსის პირადი გაოცების გამო ამ შემზარავი სისასტიკით), ისევ არაფერი ვიცით იმაზე, ვისია და ვისი ფულით აყალბებენ რეალობას „რუსთავი-2“, „რეალ-ტვ“ და „იმედი“ (რომელზეც პატარკაციშვილის ოჯახმა ახლახანს განაცხადა, რომ მთავრობას უთმობს ამ აქტივს და ამით კიდევ ერთხელ გამოაშკარავა ვითომ ქეის და ვითომ არაბების ვითომ მფლობელობა!)... 26 მაისს პოლიციის და სპეცნაზის მხრიდან განხორციელდა აქციის გასაშუქებლად და თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად იქ მყოფი ჟურნალისტების მიმართ მასიური ფიზიკური ძალადობა და შეურაცხყოფა, ისევ გრძელდება თითო-ოროლა შემორჩენილი თავისუფალი ტელევიზიის მიმართ ფარული თუ საგადასახადო ტერორი, რის მაგალითადაც 26 მაისის შემდეგ აჭარის დამოუკიდებელი ტელევიზიის „25-ე არხის“ დროებით დახურვა და მედია-ჰოლდინგ „პალიტრაში“  ვითომ „გეგმიურად“ დაწყებული მასიური საფინანსო შემოწმებებია (აქვე მინდა მადლობა გითხრათ თქვენ და პირადად ბატონ კენტ ლენგსდონს „პალიტრისადმი“ გამოჩენილი თანადგომის გამო, რომლის გარეშე დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება თავის ანგარიშსწორებას ბოლომდე მიიყვანდა)... მალე „მაესტროს“ სატრანსლაციო სიიდან ამოიღებენ ვითომ თავისუფალი (ხოლო სინამდვილეში ხელისუფლების დამქაშების მიერ მართული) საკაბელო კომპანიები „სილქ ტვ“ და „კაუკაზუს ონლაინი“, ასევე, ალბათ, მათ მფლობელობაში მალე გარდამავალი „აიეტი ტვ“-ც, რაც უკვე თბილისშიც საზოგადოების სრული დაყრუების და დამუნჯებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და თავისუფალი სიტყვის კუბოში ჩაჭედებული ბოლოსწინა ლურსმანი იქნება... იქამდეც მივედით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის და სახალხო დამცველის ანგარიშებში ხსენებული ე.წ. ჟურნალისტი გურამ დონაძე, რომელიც მხილებულია პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის გვამთან იარაღების დაწყობასა და მტკიცებულების გაყალბებაში, ასევე სანდრო გირგვლიანის მკლელობაში სავარაუდო მონაწილეობაში - საქართველოს „რჩეულ ჟურნალისტად“ იქნა აღიარებული და საპატიო პრემიით დაჯილდოვდა მის მიერ ჟურნალისტიკაში შეტანილი „ღვაწლისათვის“...

ხომ არ გსურთ მედიის წარმომადგენლებთან ისევ შეხვედრა, ბატონო ბას?

იქნებ განუმარტოთ, რა არის ამერიკის მთავრობისათვის უფრო მნიშვნელოვანი: - საქართველოს მთავრობის მიერ ავღანეთში ამერიკული საჯარისო ნაწილების შემცირების ფონზე სულ უფრო მზარდი ოდენობით ქართული კონტიგენტის გაგზავნა (რომელთა წევრების დაღუპვის თუ დაჭრის შესახებ ინფორმაციას ძირითადად უცხოური საშუალებებიდან თუ ვიღებთ ხოლმე), თუ - საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ფასეულობების - სამართლიანი არჩევნების, სამართლიანი სასამართლოს, სამართლიანი ინფორმაციის შეუზღუდავობის, სიტყვის თავისუფლების, ხელისუფლების შტოების განაწილებისა და დაბალანსების, შეკრებების თავისუფლების, წარმომადგენლობითი ხელისუფლების, თავისუფალი და კონკურენტული ბიზნეს გარემოს, ღარიბი მოსახლეობის, უმუშევრების, ინვალიდების, ავადმყოფების, პატიმრების და სხვა დაუცველი ფენების უფლებების დაცვის, არაპოლიტიზირებული პოლიციის და საგანმანათლებლო სისტემის - პრინციპების უგულებელყოფა და სულ უფრო მზარდი მასშტაბით დარღვევა, რაც საბოლოო ჯამში ქართული საზოგადოების, საქართველოს სახელმწიფოს საფუძვლების მოშლას და ქართველი ხალხის მზარდ უუფლებობას და უკმაყოფილებას იწვევს?

რეალურად ვის ინტერესებს იცავს ამერიკის მთავრობა და მისი საელჩო, ბატონო ბას?

და მაშინაც კი, თუ ქართველი ხალხის უფლებები და საქართველოში განვითარებული დემოკრატიის მყიფე შენობის სულ უფრო მზარდი ეროზია არ გაფიქრებთ, ნუთუ ის მაინც არ არის თქვენი და თქვენი მთავრობის ჩაფიქრების მიზეზი, რომ ქართული ეკონომიკა სულ უფრო უნიათო და გარედან დახმარებაზე დამოკიდებული ხდება, რომ საქართველოში პროდუქტებზე ინფლაციამ უკვე 30%-ს გადააჭარბა, რომ ქვეყნის უკვე კატასტროფული საგარეო ვალი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ხოლო მთავრობა ახალი ვალების სასწრაფოდ აღებაზე „ჩალიჩობს“, რომ ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების გადასახადების ზრდის ტემპი არავითარ ლოგიკას და ადრე გაცხადებულ დაპირებებს აღარ ექვემდებარება, რომ სულ უფრო გაუმჭვირვალე ბიუჯეტი სულ უფრო კორუმპირებული პრეზიდენტის და მისი კლანური გარემოცვის პირად კაპრიზებს, პიარ-კომპანიებს და ახირებებს ხმარდება, რომ გუბერნატორების და მინისტრების წლიური შემოსავალი  პენსიონერების შემოსავალს 50-200-ჯერ აჭარბებს და რომ ეს ქვეყანა ისევე მიდის დეფოლტისაკენ და/ან მზარდი დესტაბილიზაციისაკენ, როგორც ეგვიპტე, ტუნისი, იემენი... რომ გაუსაძლისი ცხოვრების პირობებით და ქვეყნის ამორალური და დეგრადირებული მმართველების მხრიდან განაწამები მოსახლეობა მალე უპირობოდ მიიღებს ნებისმიერ ძალას - შიდას თუ გარეს - რომელიც მას ამ აბსოლუტურად დისკრედიტირებულ რეჟიმს მოაშორებს და პირიქით - ნებისმიერი ის პოლიტიკოსი თუ ხელისუფლება, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერად რჩებიან, რეჟიმის დანაშაულებათა გამოაშკარავების შემდეგ შეიძლება დიდი ხნით მიუღებელნი გახდნენ ქართული საზოგადოებისათვის?!

ნუთუ აშშ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ თუ დღესაც ისევ რჩება სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერად, ამით ხელს უწყობს პრორუსული აქცენტების და განწყობილებების ზრდას ქართულ საზოგადოებაში?

მე ეს ნამდვილად არ მახარებს და მინდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ დღეს თქვენ ამას - პრორუსული ტენდენციების ზრდას, ვერ ან არ ამჩნევთ, და თუ ასეა, ალბათ იმიტომ, რომ ამერიკაც ისეთივე თავისი კაცის დამცველი აღმოჩნდა, როგორც საბჭოთა კავშირი იყო, - ხვალ თქვენ შეიძლება მოგიწიოთ შეგუება საქართველოში იმ ადამიანების მმართველობასთან, რომლებიც ღიად მოახდენენ თავისი პრორუსული ამბიციების გამჟღავნებას. და დამერწმუნეთ, სულ არ არის აუცილებელი, რომ ეს ოპოზიციური პოლიტიკოსი იყოს - სწორედ მთავრობაშიც არიან ძალზე ძლიერი და ჯერჯერობით ფარული პრორუსული ძალები - მაგალითად შინაგან საქმეთა შეუცვლელი მინისტრი. და დღეს სააკაშვილის ნეობოლშევიკური ხელისუფლების დაცვა ყველაზე მეტად, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სწორედ პუტინის ინტერესებს ემსახურება - ქართულ ეკონომიკაშიც (რომელიც სულ უფრო რუსიფიცირებული ხდება) და ქართულ პოლიტიკაშიც, რადგან თქვენ ამით თითქოს იმეორებთ სავალალოდ ცნობილ ამერიკულ თეზისს: „მართალია სომოსა ძაღლისშვილია, მაგრამ სამაგიეროდ - ჩვენი ძაღლისშვილიაო!“ - და ამით უნებლიედ ხელს უწყობთ პუტინის და ლავროვის ცინიკურ გამონათქვამებს, რომ ქართველი ხალხის ინტერესები ამერიკის მთავრობისათვის მხოლოდ ლამაზი ფრაზებია და რეალურად თქვენ მხოლოდ სააკაშვილის მთავრობის და გარეგნული სტაბილურობის იმიჯის შენარჩუნებით ბრძანდებით დაინტერესებულნი!

მე გულწრფელად გთხოვთ - დაანებოთ თავი ძაღლისშვილების დაცვას!

ამან არ გაამართლა ხანშიშესულ მუბარაქთან და არ გაამართლებს ახალგაზრდა სააკაშვილთანაც, რომელიც თავისი კორუმპირებულობით მუბარაქზე ნაკლები რომ არ არის, ეს მალე დადასტურდება.

თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, თქვენია მიშა თუ რუსების, ხოლო მისი რეჟიმის მომაგრებით და მისთვის ფინანსური გადასხმებით, რომელსაც მერე რეჟიმი ისევ ხალხის საწინააღმდეგოდ და პოლიტიზირებული ძალოვანი სტრუქტურების გამოსაკვებად იყენებს, თქვენ ქართველი ხალხის თვალში ერთ დროს არსებულ პოპულარობას კარგავთ. იმედია, თქვენ თავად არ გჯერათ ისეთი „ავტორიტეტული“ კვლევების, რომელსაც ან სააკაშვილის მიერ ბოლომდე ნაყიდი „გრინბერგ-ქვინლან-როსნერი“, ან NDI-ს თუ IRI-ის მიერ დაქირავებული ქართული პროსამთავრობო სააგენტოები ასრულებენ... დამერწმუნეთ, ისინი სწორედ იმ წინასწარ მომზადებულ „არიებს“ ასრულებენ, რასაც სააკაშვილი უკვეთავს - სწორედ ამაში იხარჯება ამერიკული თუ ევროპული დახმარება, ისევე როგორც Financial Times-ში თუ Economist-ში დაკვეთილ სარეკლამო სტატიებში.

დაბოლოს, ჩემს შესახებ - თქვენზე უფროსი ვარ, და უკვე 2 წელია, რაც რადიო თავისუფლების ვებ-გვერდზე განთავსებულ ია ანთაძის ბლოგზე და ფეისბუქში ვწერ, მაქვს საკუთარი ბლოგიც - http://solomonternaleli.wordpress.com, ჩემს სტატიები ქვეყნდება სხვა პოპულარულ ვებ-გვერდებზეც - www.kalmasoba.com და www.tribuna.ge, ასევე - რეგიონულ მედია საშუალებებში. რამდენიმე ბლოგი („10 Giant Steps Back – “That is What Mikheil Did!”– Georgia’s United National Movement (2003-2010): Words and Deeds“, THE GREAT SIMULATOR – Mikhail Saakashvili as a prominent film director and his technique of Overlapping) ინგლისურ ენაზეც მაქვს განთავსებული.

მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქზე 1500-ზე მეტი მეგობარი მყავს, ხოლო ჩემი ბლოგის მნახველთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა, არცერთმა მათგანმა არ იცის ჩემი ნამდვილი სახელი. ბევრი მათგანისთვის ეს გამაღიზიანებელია, რამდენიმემ უარიც მითხრა მეგობრობაზე, ხოლო პირადად ჩემთვის, ეს ჩემი ინკოგნიტობა ძალიან დამთრგუნველია. 1500-ვე არა, მაგრამ არის რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთაც მე დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი რეალურ ცხოვრებაში. ნამდვილად არ ვარ ისეთი პროფესიის და ფილოსოფიის პატრონი, რომ ვირტუალური და მით უფრო გაორებული ცხოვრების ჟინი მქონოდა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვარ ასე დამალული, ეს არის ჩვენს ქვეყანაში გამეფებული წესი, როდესაც მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ ნებისმიერი ადამიანის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ტლანქი ან დახვეწილი დაშინების და სოციალური შევიწროების (მათ შორის - სამუშაოდან დათხოვნის, საგადასახადო დატერორების, თუ ცილისწამების) მეთოდები გამოიყენება. მე არ ვარ გმირი და ვაღიარებ, რომ მერაბიშვილის ტონტონ- მაკუტებისთვის არ იქნება ძალიან ძნელი ჩემგან „აღიარებითი ჩვენების“ მიღება, ვითომ მე რომელიმე აგენტ „კოჭოიას“ დავალებით (რომელიც თურმე ამერიკის საელჩოს აფეთქებდა! - ნუთუ ამან მაინც არ დაგაფიქრათ, რა დონის ავანტიურისტია ჩვენი პრეზიდენტი და რა დონის ფლეიმექერები - მისი ძალოვნები) რუსების სასარგებლოდ ვწერდი ჩემს სტატიებს...

2 წლის წინ დავწერე, რომ სააკაშვილის ნეობოლშევიკური იდეოლოგიის მატარებელი დროში უკან მოგზაურობს, უკვე გაიარა სადგური „1984“ და სადგურ „1937“-საკენ მიემართება-მეთქი. მაშინ ბევრმა გადაჭარბებად მიიჩნია ჩემი ეს მეტაფორა. ახლა ის ხალხი, ვინც მაშინ  ჩემს გადაჭარბებაზე ლაპარაკობდა, დღეს, მგონი, უკვე დარწმუნდა, რომ სწორი ვიყავი. სააკაშვილის რეჟიმს არ აქვს არავითარი მორალური პრინციპი და შეზღუდვა, იგი მხოლოდ ძალის დიქტატს ცნობს და მხოლოდ ძალის (მათ შორის - პოლიტიკური, ფინანსური) მეშვეობით შეიძლება მისი დემონტაჟი მოხდეს. მას არ გააჩნია გაუმჯობესების არავითარი შანსი, რადგან სულ უფრო მყარად ეფლობა ისეთი დანაშაულების ჭაობში, რომელთაც გამართლება არ გააჩნიათ. რაც შეეხება მის მიერ ახლახანს მიღებულ რელიგიური გაერთიანების კანონს, ნება მიბოძეთ არ დაგეთანხმოთ ამ კანონის „პროგრესულობაში“, იგი მიღებული იქნა აბსოლუტურად ერთპიროვნულად და კულუარულად, არ ითვალისწინებს ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობის განწყობას და რაც მთავარია, მხოლოდ ერთი რეალური მიზანი აქვს - ქართული ეკლესიების სომხური ეპარქიისათვის და დიასპორისათვის მიყიდვა და ამ შემოსავლით ეკონომიკურად სულთმობრძავი რეჟიმის მოსულიერება! ამით სააკაშვილმა ორი კურდღლის დაჭერა სცადა - თან შემოსავალი მიიღო, თან დასავლურ საზოგადოებას ისე მოაჩვენა, რომ რელიგიური თანასწორობის დამცველია და მის წინააღმდეგ მხოლოდ მართლმადიდებლური სამღვდელოების წევრები და მათ მიერ დარაზმული ხალხი თუ გამოდის...

იმედი მაქვს, რომ ჩემს წერილს არ ჩამითვლით არც კადნიერებაში და არც პირად ამბიციებში. შემეძლო ისე მომეწერა, რომ ეს არ გახმაურებულიყო, მაგრამ ნამდვილად მგონია, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ჩემს მსგავსად საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობას სწორედ აშშ-ის და ევროკავშირის მხარდაჭერას უკავშირებს. თუმცა მგონია, რომ ჩვენი რიცხვი სააკაშვილის რეჟიმის გათავხედების და მისდამი აშშ მთავრობის მსუბუქი გაკრიტიკებით და შეშფოთებებით შემოფარგვლის კვალობაზე სულ უფრო მცირდება. დარწმუნებული ვარ, ამ წერილის გამოქვეყნებით ხელს შევუწყობ აღნიშნული საკითხის მიმართ აზრთა სხვადასხვაობის გამოვლენას და მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე პოლემიკა აუცილებელია.

გამოგიტყდებით, არ ველოდები, რომ თქვენ მე მიპასუხებთ, ხოლო თუ მიპასუხებთ, რომ ეს პასუხი დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებს გასცდება. მე ვაცნობიერებ, რომ თქვენი უშუალო ამოცანა არ არის და არც იქნება საქართველოს ხელისუფლების გამოსწორების გზაზე დაყენება. მე უბრალოდ მინდა გთხოვოთ, როგორც ადამიანმა ადამიანს, რომ თქვენი საქმიანობით ხელი შეუწყოთ არა მოძალადე რეჟიმის განმტკიცებას, არამედ იმას, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება გაძლიერდეს, ქართველი ადამიანები მასიურად არ გარბოდნენ ქვეყნიდან ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური თუ ეკონომიკური ძალადობის გამო, ქართული სახელმწიფო და ტერიტორია არ იქცეს შემდგომი დაქუცმაცების და სახელისუფლო ვაჭრობის საგნად, რომ ქართველმა ხალხმა მოახერხოს თავისი უფლებების დაცვა და არ მოხდეს აშშ მხრიდან აბსოლუტურად გაყალბებული არჩევნების „დემოკრატიის ტრიუმფად“ შერაცხვა (ამერიკაში კორუფციის ბრალდებით განთავისუფლებული ყოფილი მოსამართლე-სენატორების მხრიდან), რომ ამერიკის პრეზიდენტი არ ულოცავდეს საქართველოს პრეზიდენტს მაშინ, როცა ხმის მიცემაც კი არ არის ჯერ დამთავრებული, რომ საქართველო არ იქცეს ამერიკისათვის მისაღებ დიქტატურად, რომ  ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის პარტნიორებად და დემოკრატიული ფასეულობების მიმდევრებად დარჩნენ, ხოლო ჩვენი შვილები ერთმანეთის მეგობრებად ჩამოყალიბდნენ და არა ისე გაუცხოებულ ადამიანებად, როგორც ეს ჩვენი თაობების დროს იყო...

წერილს კი იმ სიტყვებით დავამთავრებ, რომელიც სომოსას შესახებ აფორიზმისაგან განსხვავებით, ყოველი ნორმალური ადამიანის - მათ შორის  - ქართველის - ცხოვრებისეულ კრედოდ  მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები, რომელბიც ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან თავისუფალი მედიის და თავისუფალი სასამართლოს წინააღმდეგ შეუწყვეტელ ომს და ტერორს ეწევიან, ამ სიტყვებს არ იზიარებენ:

„Without justice, there can be no peace.

He who passively accepts evil is as much involved in it as he who helps to perpetrate it.

He who accepts evil without protesting against it is really cooperating with it.“

Solomoon Ternali – 2011. 07. 16