საქართველო ორი წლის შემდეგ: მომავალი ომის მიღმა

საქართველო ორი წლის შემდეგ: მომავალი ომის მიღმა

[დონალდ რეიფელდი, Open Democracy]
რუსულ-ქართული ომის შემდეგ, რომელიც 2008 წლის 8-12 აგვისტოს სამხრეთ-ოსეთის გამო მოხდა, ორი წელი გავიდა და სიტუაცია თბილისის თვალთახედვიდან ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ვინმე გაბედავდა ამის წარმოდგენას ან ვიდრე ამას ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი ისურვებდა. ამას კი სამმაგი მიზეზი აქვს:

• გლობალურ ფინანსურ კრიზისამდე საქართველომ, ძირითადად შეერთებული შტატებისგან გულუხვი ფინანსური დახმარება მიიღო;
• რუსეთის მიერ რეჟიმის შეცვლის ღიად გაცხადებულმა სურვილმა საპირისპირო შედეგი იქონია. მომავალ არჩევნებამდე, რომელიც 2013 წელს უნდა ჩატარდეს, მიხეილ სააკაშვილი მტკიცედ ინარჩუნებს პრეზიდენტის პოზიციას. ოპოზიცია, რომელთაგან ზოგიერთმა დიმიტრი მედვედევთან, ვლადიმერ პუტინთან ან სერგეი ლავროვთან ხელის ჩამორთმევისას გადაიღეს სურათი, შეიძლება მოღალატედ განიხილონ;
• ყველას მიერაა აღიარებული ის, რომ სივრცეები რომელთაც ოფიციალურად ”ოკუპირებული ტერიტორიები” ეწოდება, ანუ აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი, თვალსაწიერი მომავლისათვის შეუქცევადადაა დაკარგული, ასე რომ ხალხს და პოლიტიკოსებს შეუძლიათ იმ საკითხებზე კონცენტრირება, რომლებიც საბოლოოდ დაკარგული არაა და რომელთა შემობრუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია. (see Neal Ascherson, “After the war: recognising reality in Abkhazia and Georgia”, 15 August 2008). ასეთსავე ”რეალისტურ” მანერაში შესაძლებელია იმის დასკვნა, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და რეალური პერსპექტივა შესუსტდა, ამიტომაც განსხვავება დასავლელ პოლიტიკოსების სიტყვებსა და ქმედებებს შორის ახლა ბევრად უფრო ცხადია, ხოლო ევროკავშირმა გაფართოვების მადა საბოლოოდ დაკარგა.

მაგრამ ”ოკუპირებული ტერიტორიები” არ არიან მთლიანად მოწყვეტილი თავისი სავარაუდო სამშობლოსაგან, საქართველოსგან. საქართველო და აფხაზეთი დღემდე იყოფენ ჰიდროელექტროსადგურს, მოხუცი გლეხები გაუდაბურებულ რეგიონში გალში, რომელიც აფხაზეთის სამხრეთით მდებარეობს თხილის ტომრებით ქრთამავენ სხვადასხვა ჯურის შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რათა თავისი მოსავლის გატანა საზღვრის მიღმა, ზუგდიდში შესძლონ. ქართველებს, რომლებიც ახალგორში ცხოვრობენ (საბჭოთა დროს მას ლენინგორი ერქვა და ახლა დაუბრუნდა ძველი დასახელება), დღესაც შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა და შემდეგ საკუთარ სახლებში, სამხრეთ-ოსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე დაბრუნება.

გორისა და იმ სოფლების გარდა, რომლებიც გორსა და სამხრეთ-ოსეთს შორის მდებარეობს, ომის მცირეოდენი ნიშნები თუა დარჩენილი. დროებითი მეტალის ხიდი, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასის შუაგულში მდინარე ლიახვზეა გადებული, ერთ-ერთი მათგანია. აქ ხშირად ჰქონდა ადგილი მოვლენებს, რომლებიც ანტი-რუსულ ან ანტი-საბჭოთა ხასიათს ატარებდა. 2009 წლის დეკემბერში, ქუთაისში ომის საბჭოური მემორიალი აიღეს (ისე ნაუცბათევად, რომ ბეტონის ნამსხვრევმა დედა და შვილი იმსხვერპლა). 2010 წლის ივნისში, გორში, სტალინის სამშობლოს მცხოვრებლები იძულებულები გახდნენ თავისი სამარცხვინო თანამემამულის ბოლო, სრულმასშტაბიანი ძეგლი აეღოთ.

საქართველოს ხელისუფლებამ სულ ახლახანს კიდევ ორი დღესასწაული გამოაცხადა, უფრო სწორად ისეთი დღეები როდესაც სახელმწიფო დროშას დაუშვებენ და წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს: ამიერიდან 25 თებერვალი (1921 წელს წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის დღე) ”საბჭოთა ოკუპაციის” დღედ იქცევა, ხოლო 23 აგვისტო (1939 წელს ნაცისტებსა და საბჭოთა კავშირს შორის პაქტის დადების დღე) ”ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის” დღედ გარდაიქმნება.

პირქუში აწმყო
მიხეილ სააკაშვილს თავად არ დაუკარგავს ნაჩქარევი და იმპულსური ქმედებების ნიჭი, რომელთაც გამანადგურებელი შედეგები მოაქვს. როგორც სჩანს 2010 წლის მარტში, მისი სანქციით ეთერში გადაიცა ფსევდო-დოკუმენტური ფილმი (გაფრთხილება მაყურებელს არ მიუღია, ისევე როგორც ორსონ უელსის რადიოპიესის ტრანსლირების დროს, რომელიც ჰერბერტ უელსის წიგნის ”სამყაროთა ომის” ადაპტაციას წარმოადგენდა), რომელშიც აცხადებდნენ, რომ დაიწყო რუსეთის ახალი და ბევრად უფრო გამანადგურებელი ინტერვენცია. ამას პანიკა მოჰყვა: თბილისი, იმის გამო რომ ხალხმა გაქცევა სცადა, საგზაო საცობებმა და ავარიებმა მოიცვა, ზოგიერთებმა ვინც გაქცევა ვერ შესძლო გულის შეტევა გადაიტანა.

გიორგი არველაძემ პრეზიდენტის ძველმა მეგობარმა და დღეს ტელეკომპანია ”იმედის” დირექტორმა უარყო პრეზიდენტის თანამონაწილეობის ფაქტი, მაგრამ რუსულ ვებ-საიტზე გამოქვეყნდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც არველაძე პროგრამის გარშემო მსჯელობდა და სადაც სააკაშვილის თვალსაზრისი ახსენა (ის, რომ ჩანაწერი ფაბრიკაცია იყო, არ დამტკიცებულა). სააკაშვილი ამ აღმაშფოთებელ ფაქტს გადაურჩა, რაც დიდწილად იმით აიხსენება, რომ ყალბი დოკუმენტური ფილმის ეპიზოდი, რომელშიც თბილისისკენ სოლიდარობის ნიშნად მომავალი პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავს რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, ზებუნებრივად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა – ერთი თვის შემდეგ კატასტროფულმა უბედურმა შემთხვევამ პოლონეთის ლიდერების სიცოცხლე შეიწირა.

სააკაშვილმა 2010 წლის 27 ივლისს შეიძლება ნაკლებად კატასტროფული, მაგრამ საკმაოდ უხერხული ნაბიჯი გადადგა, როდესაც სარფში საქართველო-თურქეთის საზღვარზე მებაჟეები იმისთვის დატუქსა, რომ ისინი ტურისტებს აწუხებენ. მან განაცხადა რომ არავის ჩხრეკენ ევროპის საზღვრებზე და ”ტურისტებს უნდა ელოლიავებოდნენ და კოცნას უგზავნიდნენ, არ უნდა აგზავნიდნენ მათ დამამცირებელ ჩხრეკაზე სკანერით”.

რამდენიმე კვირის განმავლობაში სააკაშვილი თვალს მიეფარა და მთავრობის საჯარო სახედ ვანო მერაბიშვილი თავისი კაბინეტის ყველაზე ძველი წევრი და შინაგან საქმეთა მინისტრი დატოვა. მერაბიშვილი აკონტროლებს უშიშროების სამსახურებს, პოლიციას და სახელმწიფო ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს, მისი განკარგულებით პოლიციისთვის მთელს ქვეყანაში შენდება დიდი შუშის შენობები. ამ ნაგებობებში პოლიციელი ქალები და კაცები ყველას დასანახად უსხედან თავის საწერ მაგიდებს (როგორც ჰოლანდიურ ბორდელებში – ხუმრობენ ქართველები). როგორც ჩანს დღეს ის არის საქართველოს რეალური მმართველი.

აქტივიზმის პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის თანმდევი ერთი ძველი აჩრდილი არაფრით არ იფანტება: პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და მისი მეგობრის რაულ უსუპოვის, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილის სიკვდილი 2005 წლის 3 თებერვალს. იტყობინებოდნენ, რომ ტრაგიკული უბედური შემთხვევა გაუმართავი ირანული გაზის ღუმელის ბრალი იყო, მაგრამ ოფიციალური ვერსია ცოტამ ირწმუნა. ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ვერ ჩაატარა ცხედრების სათანადო ექსპერტიზა და საქმე საეჭვოდ არც განიხილა (დღეს ლოიალურად განწყობილები ამტკიცებენ, რომ მთავრობის დუმილი ერთ რამეს ისახავდა მიზნად – დაეცვა ოჯახები ჰომოსექსუალური კონტექსტისაგან).

ფაქტები იმის ვარაუდს აჩენს, რომ ზურაბ ჟვანია უშიშროების იმ აგენტებმა მოკლეს, რომელთაც თბილისში ძველი KGB-ს ტოქსინების მარაგზე მიუწვდებოდა ხელი. ჩნდება ვარაუდი, რომ ყველაზე შესაძლო მოტივი შეიძლება გამხდარიყო სამხრეთ ოსეთის გამო ჟვანიასა და სააკაშვილს შორის მომხდარი ჩხუბი. კონტექსტი ”ვარდების რევოლუციის” შემდგომ პერიოდს უკავშირდება. მაშინ 2003 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ედუარდ შევარდნაძე გააძევს და მის ნაცვლად ხელისუფლებაში სააკაშვილი და მისი კოჰორტა მოიყვანეს (მათ შორის იყო ჟვანიაც, რომელიც 1995-2001 წ.წ. საქართველოს პარლამენტის სპიკერი იყო). ამის შემდეგ მალე ჟვანიამ მიაღწია შეთანხმებას პუტინთან, იმ დროს რუსეთის პრეზიდენტთან, რათა უზრუნველეყო რუსეთის პრეზიდენტის თანხმობა თბილისში რეჟიმის ცვლილებაზე.

შეთანხმების მთავარი პუნქტი ასლან აბაშიძეს უკავშირდებოდა – მისი სამფლობელო საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი რეგიონი აჭარა თბილისის კონტროლიდან იყო გამოსული (სიტუაცია 2004 წლის მაისში გამოსწორდა). რუსეთს უნდა შეეწყვიტა აბაშიძის მხარდაჭერა, გარდა ამისა რუსული ჯარი უნდა გასულიყო მთელი საქართველოდან და შესაძლოა სამხრეთ ოსეთი საქართველოს კონტროლს მას შემდეგ დაბრუნებოდა, რაც კავკასიაში სიტუაცია ჩაწყნარდებოდა. ჩნდება ვარაუდი, რომ სააკაშვილის მიერ სამხრეთ-ოსეთში საცდელი ოპერაციის ჩასატარებლად ჯარის გაგზავნამ, პუტინს უარი ათქმევინა ტერიტორიასთან დაკავშირებით მიღებულ შეთანხმებაზე და ზურაბ ჟვანიასა და სააკაშვილის უთანხმოების მიზეზიც გახდა. როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე, ჟვანიას აჩრდილი დღემდე არ ასვენებს საქართველოს ხელისუფლებას.

კაბინეტის მყისიერი გადაჯგუფებებით სააკაშვილის გატაცებამ, ავანსცენაზე ახალი ამბიციური კოლეგების გუნდი გამოიყვანა. საერთაშორისო ყურადღება ყველაზე მეტად 2 ივლისს ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ვერა ქობალიას დანიშვნამ მიიქცია, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტს პირველად ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც მის განკარგულებაში მყოფი მეხამრიდი კი არაა, არამედ მოქმედებს ისე თითქოს მთავრობას მართლა უდგას სათავეში. 35 წლის ნიკა გილაურმა, მმართველი პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის ყოფილმა ლიდერმა, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია 2009 წლის აგვისტოში თანამდებობიდან დაითხოვა და ძალიან შეარყია სხვა მინისტრების პოზიციები.

მიუხედავად იმისა რომ ის საქმეს გაარიდეს, რადგან აშკარად არად აგდებდა ევროკავშირის ოფიციალურ პირთა მოთხოვნას ტრანსპარენტულობაზე, როგორც სჩანს გილაური რჩევებს ოლიგარქ კახა ბენდუქიძისგან იღებს (მისი დევიზი საქართველოს ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის ასე ჟღერდა: ”ვყიდით ყველაფერს, სინდისის გარდა”). ყველაზე მთავარი საკითხი დღეს მიმდინარე კონსულტაციებში ახალი კონსტიტუციაა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის ძალაუფლება მცირდება, ხოლო პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტისა მატულობს, მაგრამ საქართველოს პარლამენტის წევრთა კაპრიზების გათვალისწინებით, ვერ ვიტყვით რომ ეს ნაბიჯი აუცილებლად წინსვლის ნიშანია.

მეორე ძალიან აქტიურმა 35 წლის კაცმა, მიხეილ სააკაშვილის ძველმა ფავორიტმა 2010 წლის მაისში თბილისის მერის თანამდებობაზე არჩევნები მოიგო. გიგი უგულავამ ხმების 60%-ზე მეტი მოიპოვა აშკარად სამართლიან არჩევნებში (მისი ყველაზე მთავრი მეტოქე, ოპოზიციური კანდიდატი გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია იყო და მან ხმების 20%-ზე ნაკლები მიიღო). გასაოცარია, რომ უგულავამ, რომელსაც თეოლოგის განათლება საარბრიუკენში აქვს მიღებული, არჩევნების მსვლელობისას პოპულისტური ტექნოლოგიების გამოყენებისადმი მიდრეკილება გამოამჟღავნა (ბონუსი თბილისის პენსიონერებისთვის, ტელევიზიით გადაცემული ეპიზოდები, სადაც ის ბენზოგასამართ სადგურში მუშაობს და პურს ყიდის). შმაგი აქტივობა, რომელიც წინასაარჩევნოდ დაიწყო დღესაც გრძელდება: მასიური ესტაკადისა და ელიტური ბინების მშენებლობები თბილისის ცენტრში დედაქალაქის ჰაერს ცემენტის ბუღში ახვევს.

ვაჭრობის პირობები
არსებობს ნიშნები პოლიტიკური და ეკონომიკური გამოცოცხლებისა, რამდენიმე მათგანი რეგიონში თურქეთის გავლენის განმტკიცებას უკავშირდება. საქართველოს მთავარი საგზაო არტერია თბილისიდან შავ ზღვამდე დღეს უკვე სათანადოდაა მოპირკეთებული, მისი პირველი 100 კილომეტრი უკვე ნამდვილი ავტოსტრადაა. თურქეთმა ქვეყნის აეროპორტებზე აიღო პასუხისმგებლობა და ახლა ისინი მხოლოდ ერთი რამის დეფიციტს განიცდიან – სამუშაო საათებში საერთაშორისო რეისების რაოდენობას (მგზავრობა უფრო იაფია, თუ თვითმფრინავი თბილისში დილის სამი საათისთვის ჩადის, იმ დროს როდესაც რუსი არტილერისტები მთვრალები არიან ან სძინავთ). აქვეა პატარა ლამაზი აეროპორტი ბათუმში, საიდანაც სტამბოლში გაფრენის ფასი თბილისური ტარიფის ნახევარია. რეისები სტამბოლში ყოველდღიურად სრულდება და ამ რეისებს უფრო ხშირად აღმოსავლური თურქული ქალაქების, ჰოფას და რიზეს მცხოვრებლები იყენებენ, რომლებიც უკან ავტობუსებით ბრუნდებიან.

2010 წლის მარტში ზემო ლარსთან (დარიალის ხეობა) რუსეთთან საგზაო საზღვარი ისევ გაიხსნა. ქართველებმა თანხმობა განაცხადეს და ხმელეთზე გამოკეტილ სომხეთს მისი ექსპორტისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზა დიდსულოვნად გაუხსნეს. დიდი საგზაო ნაკადისთვის განკუთვნილი ეს გზაჯვარედინი, დღეში მხოლოდ რამდენიმე ათეულ მანქანას ატრებს, რომელთაც ამისთვის ხუთი საათი ესაჭიროებათ.

ვერც ერთი ქართველი ვერ გარისკავდა ვლადიკავკაზისკენ გამგზავრებას, დევნის ან უფრო უარესი, ოსური პოლიციის შიშით. მხოლოდ საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი რუსები არიან იძულებულები მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში მიიღონ საქართველოს ვიზები. აქ მოძრაობა გარკვეული რაოდენობის სომხური საბარგო მანქანით, ქართველებით და ადგილობრივი ოსებით შემოიფარგლება, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა და რუსეთში დარეგისტრირებული მანქანები აქვთ. (თუმცა ერთმა ლიტვურმა საბარგო მანქანამ და ერთმა ბრიტანულმა მობილურმა სახლმაც ჩაიარეს). ნებისმიერ შემთხვევაში, უკაცრიელი და სახიფათო მდგომარეობაში მყოფი გზები, საკმარისია საიმისოდ რომ მძღოლების უმეტესობა დააფრთხოს.

მიუხედავად გაუმჯობესებისა, საქართველოს ყველაზე აშკარა პრობლემა ისაა, რომ მისი ინფრასტრუქტურის უმეტესობა მოუვლელია, ხოლო დიდი პროექტების გაკონტროლება ვერ ხერხდება. საზღვარი თურქეთთან ახალციხესა და ფოსოფს შორის საქართველოს სავაჭრო საქონლის მხოლოდ 1%-ს ატარებს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლო ათი კილომეტრი რომელიც სომხებით დასახლებულ დაბაზე ვალეზე გადის, უკვე ათწლეულია აღდგენას საჭიროებს. სხვა პრობლემა აქვს მესამე საზღვარს თურქეთთან, რომელიც სომხეთის მახლობლად, ქარცახის ტბასთან გადის. აქ მშენებლებს, რომელთაც საქართველოს მხრიდან გზის აღდგენა ევალებათ Usaid-ის გრანტი $200 მილიონი გადაეცათ. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. თურქებმა გააუქმეს თავისი სასაზღვრო პოსტი. განახლებული საბაჟოს გახსნას 2010 წლის ბოლოსთვის მაინც აპირებენ.

მრავალგზის ნაქებ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სიტუაცია განსხვავებულია – აქ სამუშაოები მაშინ შეჩერდა, როდესაც სამხრეთ ოსეთის გამო ომმა იფეთქა. ომის შემდეგ აზერბაიჯანის მხრიდან ენთუზიაზმმა იკლო, მით უფრო, რომ გაჩნდა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების გამოსწორების პერსპექტივა (მათ შორის იყო საერთო საზღვრის გახსნაც). გარდა ამისა შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უარი სთქვეს ისეთი რკინიგზის დაფინანსებაზე, რომელიც სომხეთს გვერდს აუვლის, მაგრამ პრობლემებმა, რომლებიც შერიგების პროცესს ახლდა, აზერნაიჯანელები დაარწმუნა იმაში, რომ თურქული და სომხური მხარეების უკომპრომისი პოზიცია ამ საზღვრის ამოქმედებას შეუძლებელს ხდის. ახლა აზერბაიჯანულმა კომპანიამ მოიგო ტენდერი და მან ახალქალაქი მთავარ სარკინიგზო ცენტრად უნდა გარდაქმნას.

თურქეთს საქართველოს ვაჭრობისა და კეთილდღეობისთვის საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. გარკვეულწილად ეს თავისთავად ცხადია. რუსეთი საქართველოში ეფექტურად კრძალავს პირდაპირ საჰაერო რეისებს (მილიონი ქართველი, რომლებიც მოსკოვში მუშაობენ, მინსკის ან კიევის გავლით ბრუნდება შინ) და უკრძალავს ბელორუსიასა და ყაზახეთს (მიუხედავად შეთანხმებისა თავისუფალ ვაჭრობაზე) ქართული ღვინისა და წყლის ექსპორტირებას რუსეთში. ევროკავშირმა ქართულ ღვინოებს appelation controlee სტატუსი მიანიჭა, მაგრამ მათგან საუკთესონი, ფასის გამო, კარგ ამერიკულ ღვინოსთან არაკონკურენტუნარიანები არიან. მართალია იდეალიზმის ტალღამ (მათ შორის უცხოელი ენთუზიასტებისა) საქართველოს ღვინის წარმოება გამოაცოცხლა, მაგრამ სოფლის მეურნეობა არსებობის საშუალებად რჩება და მისი პროდუქციის გასაღება სოფლის ბაზრებით შემოიფარგლება.

არსებობს ხელშესახები დანაკარგები. თბილისის ორივე დიდი ბაზარი ახლა დანგრეულია: ”საკოლმეურნეო” ბაზარი ძველ ქალაქში პირქუშ სავაჭრო ცენტრად გადაკეთდა, სადაც მაფიოზის ცოლები და ქალიშვილები შანელსა და გუჩის ყიდულობენ, ”დეზერტირების ბაზრის” ადგილას, რომელიც რკინიგზის სადგურზე მდებარეობდა, ახლა ორმოღაა დარჩენილი. შესანიშნავი ბოსტნეული, ხორცი, სანელებლები, ხელნაკეთი ნივთები, მაღალი ხარისხის ჩაი, სამებაღეო ინვენტარი და მცენარეები, რომლებიც ოდესღაც აქ იყიდებოდა, ბაზრის მიმდებარე ქუჩებში გამოტანილმა ხილის დახლებმა, იაფფასიანმა თურქულმა და ჩინურმა საქონელმა ჩაანაცვლა.თბილისის ცენტრში ხალხი პატარა მარკეტებში პლასტიკურ შეფუთვაში თურქეთიდან ჩამოტანილ სალათსა და პურს ყიდულობენ. არომატული, ახლადგამომცხვარი პური, რომელსაც წინათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძენდი, ახლა მხოლოდ შორეულ გარეუბნებში ან ექსკლუზიურ რესტორნებში იყიდება.

ახალი წესრიგი
იდეების ბაზარიც, გარკვეული თვალსაზრისით, უფერული გახდა. ქართულმა გაზეთებმა და სხვა მედიამ დაკარგა დისკუსიის მადა, ისინი ისე იკითხება, როგორც PR მასალა ან სასამართლოს ბიულეტენი. ჟურნალისტები ძალიან არიან დამფრთხალი და შესაძლოა საზოგადოებაც არ ითხოვს ამაზე მეტს: გამომაფხიზლებლად მომქედებს ის, რომ თბილისის წიგნის დახლებზე ჰიტლერის Mein Kampf-ისა და მაკიაველის პრინცის თარგმანები ყველაზე ჩვეული პოლიტიკურა ლიტერატურაა. თამამი თვალთახედვა სულ რამდენიმე სატირიკოს პოეტსა და რომანისტს აქვს შერჩენილი, ასევეა ვებ-საიტებთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილის უშიშროების სამსახურებს ისეთი რეპუტაცია აქვთ, რომ ისინი თვალთვალის ელექტრონულ საშუალებებს იყენებენ, ამიტომ ქართველების იმეილები და სატელეფონო საუბრები შესამჩნევად ფრთხილია.

ამ მძიმე კონტროლის პოზიტიური მხარე ის არის, რომ საქართველოში აღარ არსებობს პოლიციის კორუფცია გზებზე, რაც ძალიან სასიამოვნოა და ზოგადად კრიმინალმაც იკლო. მერაბიშვილი ტრაბახობს, რომ საქართველოს მთავარი ექსპორტი რუსეთში ”კანონიერი” ქურდები იყო. მინიშნება იმაზე კეთდება, რომ ”კანონიერი ქურდის” სტატუსი ისეთ კანონდარღვევად იქცა, რომლისთვისაც პატიმრობაა განსაზღვრული და რადგანაც ამ კრიმინალური ელიტის კოდექსი მათ უკრძალავათ საკუთარი სტატუსის უარყოფას, ერთადერთი რამ დარჩათ – ქვეყნის დატოვება. ასეთმა მკაცრმა მიდგომამ სადამსჯელო პრაქტიკისადმი ის შედეგი გამოიღო, რომ საქართველოს 22 000 პატიმარი ჰყავს, რაც მოსახლეობასთან პროპორციაში, მთელს დასავლურ სამყაროში პატიმართა ყველაზე დიდი რაოდენობაა. გარდა ამისა, ქართული სასამართლოები განთქმულნი არიან თავისი თვითნებობითა და სისასტიკით.

ისტორიის ციკლი
ომიდან ორი წლის შემდეგ, საქართველოს აქტივობების ფოკუსმა გადაინაცვლა: სამხედრო დანახარჯებმა და მეზობლებთან კონფრონტაციის მადამ იკლო. იმატა მატერიალური კეთილდღეობის სურვილმა. ამის თვალშისაცემი შედეგი კი კეთილდღეობისა და უთანასწორობის ზრდაა. ერთის მხრივ, ქუჩები ახალი მანქანებითაა გადაჭედილი. ბათუმში art-nouveau-ს სტილით ნაგებ სახლებსა და ექტსრაორდინარულ ბოტანიკურ ბაღებს ძველი სიდიადე დაუბრუნდათ, მაგრამ მეორე მხრივ, მოხუცებულისადმი ყურადღება, რაც ერთ დროს კავკასიური კულტურის ცნობილი მახასიათებელი იყო, ქრება და მოხუცებული ქალბატონები იძულებულები არიან (ისეთი არჩევანის პირისპირ მდგარი, როგორიცაა ან შიმშილი ან გაყინვა) თავისი თუჯის რადიატორები ჯართად გაყიდონ. სოფლები და ბევრი ქალაქი ნახევრად დანგრეულია: ფული მიდის ბათუმში, თბილისში და ისეთ ქალაქებში, როგორიცაა სიღნაღი (კახეთში), რადგან მათ ტურისტული პოტენციალი გააჩნიათ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გამოცხადებული აქვს ”100” საავადმყოფოს მშენებლობის პროგრამა, არსებული მომსახურება პრომიტიულიცაა და ძვირიც.

შესაძლოა საქართველო უფრო მეტ მხატვარს, ბიზნესმენსა და IT-ი სპეციალისტს ამზადებს ვიდრე სჭირდება, მაგრამ განათლების სისტემა ძირითადად კარგია. თბილისის მხოლოდ ერთ პროსპექტზე ჭავჭავაძეზე, სამი უნივერსიტეტია და ბევრი კურსი აკადემიზმის თვალსაზრისით შთამბეჭდავია. თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა ახლა ვეროპულ დონეზე მუშაობს. ახლადგამოსული ისტორიის სახელმძღვანელოები (საუნივერსიტეტო დონეზე) და ბიოლოგიისა და მათემატიკის სახელმძღვანელოები (სასკოლო) შესანიშნავია. უმაღლესი განათლების მიღების საშუალება (ანგარებიანი მეცნიერებისა და სუსტი ბავშვების მდიდარი მშობლების სავალალოდ) ძირითადად ღირსებებზეა დამოკიდებული. ლაშა ბუღაძის რომანი ”უკანასკნელი ზარი”, რომელიც თანამედროვე თბილისელ მოზარდებს ეძღვნება, აღწერს ახალ თაობას. ის ნაკლებადაა მშობლების კონტროლქვეშ და ნამდვილად არ სურთ უნივერსიტეტში იძულებით სწავლა. თაობებს შორის კავშირი დასუსტდა: რაც ცუდია უფროსებისთვის, მაგრამ შესაძლოა მეტად განამტკიცებს ახალგაზრდების პოზიციებს.

ქართველთა უკეთეს მომავალს ის მოასწავებს, რომ მათ თავისი უცხოელი მეგობრების რიტორიკის ახლებურად გააზრებაა ისწავლეს. დაწყებული ახალი წელთაღრიცხვის 134 წლიდან, როდესაც მეფე ფარსმან მეორე პომპეზურად მიიღეს რომში და მას ყველაზე წმინდა ტაძარში ძეგლის დადგმის უფლება მისცეს, ქართველები არასწორად იგებდნენ დასავლურ სტუმართმოყვარეობას, თბილ სიტყვებს და მათ დახმარების პირობად იგებდნენ. ფარსმან მეორე შინ დაბრუნდა და იძულებული გახდა სპარსელების რისხვა ჩაეწყნარებინა. მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება სტრასბურგიდან ან ვაშინგტონიდან, მაგრამ საბოლოოდ ის რუსებს უნდა მოელაპარაკოს.

ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონის მიერ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვამ შესაძლოა ქართველ პოლიტიკოსებს უბიძგოს და მათ თავისი წამყვანი პარტნიორების კრემლთან სიახლოვეს უფრო ტოლერანტულად შეხედონ. თავისი მეორე მონარქი წინაპრის მეფე თეიმურაზის სულისკვეთებით, ქართველები შეიძლება იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ ხანდახან უკეთესია მიაღწიო modus Vivendi-ის შენს მოძალადესთან, ვიდრე შენი ე.წ. მეგობრებისგან დაპირებების შესრულებას ელოდo.