საქართველო რუსულ ყულფში

საქართველო რუსულ ყულფში

[ნინო ჯაფარიძე]
პასუხი ვაშინგტონს და ბრიუსელს. ასე აფასებს მოსკოვის მიერ ოჩამჩირეში ეს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსებას სამხედრო ექსპერტთა ნაწილი.

ეს-300, რომელსაც დასავლეთში ეს–ეი -20–ს უწოდებენ, რუსეთში შექმნილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთ–ერთი ყველაზე სრულყოფილი სისტემაა. ეს-300–ის რაკეტებს არა მხოლოდ 100 მილის მანძილზე არსებული თვითმფრინავების, არამედ ბალისტიკური სამიზნის აღმოჩენა და განადგურება შეუძლია. რუსული წარმოების ეს-300 ჩინეთის და ირანის შეიარაღებაშიცაა.

გიორგი თავდგირიძე ფიქრობს, რომ ალექსანდრ ზელინის ეს განცხადება არის პირდაპირი პასუხი თეთრი სახლის გადაწყვეტილებაზე, გააძლიეროს ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა.

„მოსკოვის ეს ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებას მოჰყვა, რომ ის, ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს გააძლიერებს. მოსკოვს საპასუხო სვლა უნდა გაეკეთებინა. პერიფერიებში ეს–300–ების განთავსება და ამის ოფიციალურად გაცხადება კი, სწორედ ასეთ პასუხად შეიძლება ჩაითვალოს“, – აცხადებს თავდგირიძე.

ექსპერტი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ირაკლი სესიაშვილი თვლის, რომ თემა მეტად ფართოა და მოსკოვის ამ ნაბიჯის გაანალიზება როგორც პოლიტიკურ და სტრატეგიულ, ასევე ასევე ტაქტიკურ დონეზე გაანალიზდეს. ასეთი ანალიზი კი საშუალებას იძლევა ითქვას, რომ მოსკოვის ეს ნაბიჯი არანაკლები საფრთხის შემცველია თურქეთისთვის, ვიდრე საქართველოსთვის.

2008 წლის აგვისტოს ომის ცხელი ფაზის დასრულებისთანავე, ოფიციალური ანკარას ინიციატივით, რუსეთსა და თურქეთს შორის დაიწყო დიალოგი კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემაზე. თუმცა, პროცესი წარმატებული ვერ აღმოჩნდა.

როგორც ქართველი ანალიტიკოსები განმარტავენ, ამის მიზეზი არის ის, რომ თურქეთს, ისევე როგორც რუსეთს, სერიოზული პრეტენზიები აქვს სამხრეთ კავკასიაზე. ამიტომ, რუსეთი საკუთარი მიზნების მიღწევას სამხრეთ კავკასიაში სამხედრო–პოლიტიკური კომპონენტების გაძლიერების ხარჯზე ცდილობს.

„მოსკოვის ეს გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის და შავი ზღვის აკვატორიისთვის, რადგან აქ რუსეთი დამატები დიზელზე მომუშავე წყალქვეშა ნავების შეყვანასაც აპირებს. გეგმავს სხვადასხვა საზენიტო კომპლექსების განთავსებას თავის სამხედრო ხომალდებზე, რომელთა მთავარი ამოცანა, ხმელეთზე სტრატეგიული ობიექტების განადგურება იქნება“, – ამბობს სესიაშვილი.

ანალიტიკოსის აზრით, ამ ნაბიჯით რუსეთი ღიად აცხადებს რომ სამხრეთ კავკასიაში ძირითადი სამხედრო მოთამაშეა. ამასთან აფიქსირებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას არ აპირებს. „მეტიც, ამაგრებს იქ სამხრეთ სამხედრო დაჯგუფებას“.

„აგვისტოს ომის ორი წლისთავზე კეთდება განცხადება, რომ რუსეთი სამხრეთის მიმართულების სტრატეგიული პოტენციალის განვითარებას აპირებს“, – აღნიშნავს სესიაშვილი.

მოსკოვის ამ ნაბიჯამდე ერთი კვრით ადრე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი სომხეთთან იწყებს მოლაპარაკებას სამხედრო ბაზების ვადის 49 წლით გაგრძელებაზე. ამ ბაზების ფუნქცია კი, არა მხოლოდ სომხეთში რუსეთის სამხედრო ყოფნა, არამედ ამ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაც იქნება.

„მოსკოვსა და ერევანს შორის ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმება ნიშნავს, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი სამხედრო–პოლიტიკური ალიანსის მოწმენი ვხდებით. რასაც ემატება აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რომელიც სამხრეთის მიმართულებით რუსეთის სამხედრო გაძლერების გეგმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ ფონზე კი, აფხაზეთში ეს–300–ის ტიპის კომპლექსების განთავსება არის სერიოზული განაცხადი, რომ რუსეთი რეგიონში სერიოზულ სამხედრო ძალას ფლობს“, – ამბობს სესიაშვილი.

რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურის განცხადებით, აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსება რეგიონის საჰაერო სივრცისა და იქ განთავსებული რუსული სამხედრო ბაზების დაცვას უზრუნველყოფს. ოფიციალურმა თბილისმა ეს გადაწყვეტილება უკვე შეაფასა, როგორც რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლისკენ გადადგმული ნაბიჯი და ოკუპაციის დაუფარავი გამოვლინება.

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეს–300 ტიპის სისტემების განლაგება ცალსახად ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

„ამ შეთანხმების თანახმად, რუსეთმა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან საკუთარი შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს. ამის ნაცვლად კი, ჩვენ შეიარაღების ახალი ტიპების შემოტანისა და დამონტაჟების მომსწრენი ვხდებით. ამიტომ ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის, აშშ–ის და ყველა იმ ქვეყნის გამოწვევაა, რომელიც რუსეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დღემდე მოითხოვს“, – აღნიშნა დავით ბაქრაძე.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ფიქრობს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს და კავკასიის რეგიონის, არამედ მსოფლიო უსაფრთხოებას.

„ამ საზენიტო–სარაკეტო დანადგარის მოქმედების რადიუსი 200 კილომეტრია. და დათვალეთ, რა ტერიტორიებზე შეიძლება გავიდეს რუსეთის სამხედრო სტრუქტურა“, – ამბობს მალაშხია.

მოსკოვის განცხადება უპასუხოდ არც თეთრ სახლს დაუტოვებია. ფილიპ ქროულიმ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ეს-300 აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე ორი წელიწადია განთავსდა. ამჟამად კი, სახელმწიფო დეპარტამენტი არკვევს კიდევ დაემატა თუ არა მას ამავე სისტემის დანადგარი.

„ჩვენ არ შეგვიძლია დადასტურება დაამატეს თუ არა მათ იქ უკვე არსებულ კომპლექსს ახალი. ჩვენ შევისწავლით ამას. ეს მოვლენა შეიძლება არც იყოს ახალი, რადგან სისტემა უკვე გარკვეული პერიოდია ამ ადგილზე იმყოფება“– აღნიშნა ქროულიმ.

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის აზრით, მოსკოვის ასეთი ნაბიჯი რეგიონში სტაბილურობას ხელს ვერ შეუწყობს.

„აფხაზეთში ახალი სისტემის განთავსება ხელს არ უწყობს სტაბილურობას და არ შეესაბამება ჩვენს მიზანს, რომელიც ვითარების მოკლე დროში გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ეს გზავნილი ივლისში საქართველოში მყოფმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი ქლინთონმაც გაიმეორა და კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას... გუშინდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“, – განაცხადა ჯონ ბასმა.

სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს-300-ების განთავსებას მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად ვერ განვიხილავთ. გიორგი თავდგირიძის განმარტებით, ეს არ არის იმ ტიპის კომპლექსი, რომელიც რუსეთს საქართველოს შეიარაღებაში მყოფი ხომალდების წინააღმდეგ სჭირდება.

„ამ ნაბიჯით რუსეთი მხოლოდ ამერიკას ეჯიბრება. რადგან ამ ეტაპზე ნატოს რუსეთის წინააღმდეგ არანაირი აგრესიული გეგმები არ აქვს. ასეთი გეგმები უცებ არ იბადება. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც მოსკოვის მცდელობა, დააბალანსოს ამერიკა და შეაჩეროს ერთადერთი აქტიური მოთამაშის წინსვლა ამ რეგიონში“, – აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში და მთლიანად კავკასიაში, შავი ზღვისა და კასპიის რეგიონში ერთ–ერთ ძირითად სამხედრო–პოლიტიკურ მოთამაშედ ყალიბდება.

„ეს მდგომარეობა უფრო მეტად ყურადსაღები ვფიქრობ დასავლეთისთვის უნდა იყოს, რადგან ჩვენ ისედაც კრიტიკულ ვითარებაში ვართ. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები საგანგაშოა და ამას მთლიანად რეგიონის სტაბილურობის პრობლემაც ემატება“, – ამბობს სესიაშვილი.

სამხედრო ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მოსკოვის მიერ მორიგი შეიარაღებული აგრესიის განხორციელების პირდაპირი ნიშნები ამ ეტაპზე არ არსებობს. ამის მიუხედავად, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის მიმართულება ამჟამად მთლიანად საქართველოს მხრიდან კონტრშეტევაზეა ორიენტირებული.

„კრემლი ასეთ ნაბიჯს მაინც თუ გადადგამს, აგრესია მხოლოდ აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან კი არა, სამხრეთიდანაც განხორციელდება“, – ამბობს სესიაშვილი და რუსულ კანონმდებლობაში შესულ იმ ცვლილებებსაც იშველიებს, რომლის თანახმად თუ რუსეთის სამხედრო ძალებს, სამშვიდობო მისიას ან სხვა კონტინგენტს საფრთხე ემუქრება, მოსკოვს საკუთარი შეიარაღებული ძალების მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამოყენების უფლება აქვს.

ამდენად, დღეს, შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავკასია გეოპოლიტიკურად ერთ–ერთი ყველაზე ცხელი სივრცეა, სადაც ერთ მხრივ დასავლეთისა და რუსეთის ინტერესები იკვეთება, ხოლო მეორე მხრივ ხდება ამ რეგიონის მილიტარიზაცია რომლის შეჩერების შანსები ჯერ არ ჩანს.