2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის შემდეგ "საზღვარგარეთ" მოექცა ახალგორში მდებარე ერისთავების სასახლე. სეპარატისტული რეჟიმის მეთაურთა ამასწინდელი განცხადებით, ახალგორში არასდროს არაფერი ყოფილა ქართული და ქსნის ერისთავებიც, როგორც თამარ მეფის შთამომავლები, ოსები იყვნენ (?!)
არა, დღეს არ ვაპირებთ არც შარშანწინდელ ოკუპაციაზე საუბარს და არც ცხინვალელ ბრიყვებთან კამათს, დღეს უფრო ადრინდელი ტრაგედიის 90 წლის "იუბილეს აღვნიშნავთ", ხოლო ახალგორის სასახლის ხსენება იმად დაგვჭირდა, რომ 1921 წლის თებერვლის ამბები სწორედ ქსნის ერისთავთა "უკანასკნელი მოჰიკანის" - კოლა ერისთავის ერთადერთი ვაჟის - გმირობით დაგვეწყო:
"ოსი" გმირი
ფრონტის კოჯორ-ტაბახმელის მონაკვეთი ერთადერთი აღმოჩნდა, სადაც ქართველთა წინააღმდეგობა მხოლოდ უკანასკნელი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ შეწყდა, განსხვავებით სხვა მიმართულებებისგან, რომლებზეც ჩვენი ჯარები ხან ასობით ტყვეს იგდებდნენ ხელთ, ხან კი უბრძოლველად ტოვებდნენ პოზიციებს.
სამდღიანი ბრძოლის შემდეგ მტერს ერთადერთი სიმაღლე დარჩა, რომელზეც ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი მეტყვიამფრქვევე გამაგრებულიყო და იუნკერებს სანგრებიდან თავის ამოწევის საშუალებას არ აძლევდა. არადა, თუკი მას "გააჩუმებდნენ" და რუსების მიერ დაკავებულ გორაკს აიღებდნენ, ძვირფას დროს მოიგებდნენ და შემდეგ იქნებ მაშველ ჯარსაც მოესწრო.
რუსული ტყვიამფრქვევის კაკანი არ წყდებოდა, ქართველების სანგრებიდან კი კიდევ უფრო მეჩხერდებოდა ცეცხლი. უცებ, მომხდურთათვისაც და თანამებრძოლთათვისაც მოულოდნელად, სანგრიდან წამოიმართა ათლეტური აღნაგობის ჭაბუკი - შალვა ერისთავი. მეგობრებს რაღაც გასძახა, გაუღიმა და რამდენიმე წამში აირბინა ფერდობი, გზად ორი რუსი განგმირა ხიშტით და საკუთარი სხეულით გადაემხო წამიერი სიჩუმის შემდეგ კვლავ აყეფებულ ტყვიამფრქვევს!
ეს მცირე დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქართველ იუნკერთა ბოლო რაზმს სანგრიდან ამოსვლა, მტრის დარჩენილი ჯარისკაცების განადგურება და სიმაღლის დაპყრობა მოეხერხებინა. "მაშველი ძალა" კი ამ დროს საპირისპირო მიმართულებით - თბილისიდან დასავლეთით - გარბოდა!!!
შალვა ერისთავისა და მისი თანამებრძოლების - ქართველი იუნკერების - გმირობა ამაო გამოდგა, თუმცა ვინ იცის, რა ჯობდა მათთვისაც და ქვეყნისთვისაც: ის, რომ ქართული ისტორიის გმირთა კოჰორტას ახალი რაზმი შეემატა და სამუდამოდ ჭაბუკებად დარჩნენ თუ ის, რომ მათაც, "სტრატეგიული უკანდახევის" შემდეგ, ევროპისაკენ აეღოთ გეზი და ღრმად მოხუცები, ნოსტალგიისგან გულგამოხრულები, სხვებივით უქართველშვილოდ გადაგებულიყვნენ უცხო მიწაზე...
“დაუჯერებელი“ ამბავი
1920 წლის 7 მაისს რუსეთმა ოფიციალური ხელმოწერით დაადასტურა, რომ ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას და მის საზღვრებს. ჩვენი მთავრობა სიხარულისგან ჭყლოპინებდა და იმაზე კი აღარ ფიქრობდა, რომ ამ ხელშეკრულების ძალით რუსი ბოლშევიკებისა და მათი აგენტურის საქმიანობის სრული ლეგალიზება ხდებოდა. მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი აპროტესტებდა და "ბოლშევიზაციის" პრევენციის ერთადერთ პირობად პოლიტიკურ მოღვაწეებად შენიღბული რუსული აგენტურის დაპატიმრებას მიიჩნევდა, მაგრამ მისი პროტესტი უპასუხოდ დარჩა.
როდესაც თბილისიდან გაქცეულმა ჟორდანიამ საკუთარი თვალით იხილა დემორალიზებული და დეზორგანიზებული ქართული ჯარის ნაწილები, ბოლშევიკური პროპაგანდისგან ტვინშებრუნებული, გამოროდიორებული ყოფილი მებრძოლები, მაშინღა დაიჯერა თავისი სეხნიის სიმართლე, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო...
საერთოდ, ჟორდანია ძალიან გვიან იჯერებდა ხოლმე "მოყვრულად მოსული მტრის" მუხანათობას: ორი წლით ადრე, სანამ ლამის თბილისი არ აიღეს სომხებმა, არ სჯეროდა, რომ მეზობლები მართლა გვეომებოდნენ. ახლაც, 15 თებერვალს, პარლამენტში (დამფუძნებელ კრებაში) განაცხადა: რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს,
რომ ლორეში დაწყებულ "აჯანყებაში" არ ერევა და ეს სომხეთის მთავრობის ინსპირირებულიაო. არადა, 11 თებერვლის ღამით წითელმა არმიამ უკვე გადმოლახა საზღვარი, ხოლო 14 თებერვალს მოსკოვში ოფიციალურად გადაწყდა უშუალოდ თბილისის აღებაც. ზოგადად, საქართველოს გასაბჭოების გადაწყვეტილება კი კიდევ უფრო ადრე, 26 იანვარს მიიღო რუსეთის ბოლშევიკთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა.
ისე, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ თუკი "ცივილიზებული თვალით" შევხედავთ, ჟორდანია მართალი იყო (ოღონდ ცაში დაფრინავდა და ვერ აცნობიერებდა, რა "სამეზობლოში" ვცხოვრობთ) - კრემლის ზემოთ ნახსენები პლენუმის მეორე დღეს, 27 იანვარს, საქართველოს დამოუკიდებლობა უკვე ოფიციალურად (დე იურე) აღიარეს ინგლისმა, საფრანგეთმა და იტალიამ.
თბილისი ზეიმობდა - 6 თებერვალს ამ მოვლენას დიდი წვეულება მიეძღვნა, სადაც რუსეთის ოფიციალურმა დესპანმა საქართველოში არონ შეინმანმა შამპანურის ჭიქით ხელში სახალხოდ გაიმეორა ერთი კვირით ადრე საგარეო საქმეთა მინისტრის გეგეჭკორისადმი მიწერილი სიტყვები: გულწრფელად გილოცავთ ამ აღიარებასო! ჩემი მთავრობისა და პირადად ჩემი სახელითაცო! ეს საბჭოთა რუსეთის გამარჯვებაც არის, რადგან ამით მარცხდება ანტანტის სახელმწიფოთა გეგმა მთლიანი და განუყოფელი, "შავი" რუსეთის აღდგენისო! ჩვენი - საბჭოთა რუსეთის იდეა ხალხთა თვითგამორკვევის შესახებ სწორედ თქვენთან განხორციელდაო!..
ერთი სიტყვით, ჟორდანია, როგორც ყოველთვის, "რუსულმა ჟღურტულმა" გააბრუა. არადა, ორი თუ სამი დღით ადრე, გაზეთ Борьба-ში კიროვი, რომელიც შეინმანამდე იყო საქართველოში რუსეთის წარმომადგენელი, პირდაპირ წერდა: "აქამდე ჟორდანიას ვარწმუნებდით, რომ მისი ქვეყანა არ გვაინტერესებდა, ახლა კი დროა ვუთხრათ, რომ კავკასია სამარე გახდება მისთვისაც და მისი დამქაში ცარისტ-გენერლებისა და ჟანდარმ-პოლკოვნიკებისთვისაც! მალე საქართველოს თავზე წითელი ვარსკვლავი აკიაფდება!"
ისეც არ უნდა გავიგოთ, რომ ყველა ჟორდანიასავით და მისი სოციალ-დემოკრატებივით ფიქრობდა - ოპოზიციურ გაზეთებს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ისინი სრულ უნდობლობას უცხადებდნენ რუსეთს: ეროვნულ-დემოკრატთა გაზეთი "საქართველო" ირონიით შენიშნავდა: სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ასევე "მიულოცა" რუსეთმა და უკვე გააწითლა, ჩვენი ქვეყანაც აგენტებითა და ტერორისტებით აავსეს და ძირს გვითხრიანო.
ფედერალისტთა პარტიის გაზეთი "სახალხო საქმეც" პირდაპირ ამბობდა: ბოლშევიკები იმისთვის დებენ პირობას, რომ მეორე დღესვე დაარღვიონ და არავინ იცის, როდის აიღებენ იარაღს ამ პირობის დასარღვევადო.
მაგრამ... ჟორდანია, როგორც ვთქვით, სხვა იყო - მის მთავრობას 16 თებერვლამდე "არ სჯეროდა" (თუმცა ბრჭყალები არც არის საჭირო) რუსული აგრესიისა, სანამ მტრის "ურას" ხმამ თბილისამდე არ მოაღწია!
ჯარი და გვარდია
პარადოქსულია, რომ დღევანდელი გადასახედიდან დილეტანტს უფრო ლოგიკურად ეჩვენება საქართველოს დამარცხება შემოსეულ ბოლშევიკებთან, ვიდრე მაშინდელ ამბებში ასე თუ ისე გათვითცნობიერებულ ადამიანს. მაგრამ ამაში არის ლოგიკა: ერთი მხრივ, ვინც პირველი რესპუბლიკის სამწლიან ისტორიას საერთოდ არ იცნობს, იტყვის - დავმარცხდებოდით, აბა რა, ამხელა რუსეთს როგორ მოვუგებდითო?! მეორე მხრივ, ვინც იცის, რომ იმ სამ წელიწადში ქართულმა არმიამ და გვარდიამ რამდენიმე ომი და მრავალი ლოკალური ბრძოლა დაასრულა გამარჯვებით (თურქებისგან დაიცვა აჭარისა და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთსა და სოჭში დაამარცხა რუსები, ლამის ერევნამდე სდია მუხანათურად შემოჭრილ სომხურ ჯარს და არაერთი გარედან ინსპირირებული და იარაღით მომარაგებული აჯანყებაც ჩაახშო), მისთვის ის უფრო საოცარია, რომ მხოლოდ ახალგაზრდა იუნკერებმა შეძლეს ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა რუსებისა და სომხებისთვის (თებერვლის მოვლენებთან კავშირში ამ უკანასკნელთა ხსენებას რატომღაც ერიდება ჩვენი ისტორიოგრაფია).
ცხადია, ეს სერიოზული კვლევის საგანია და აქ სიტყვა ისტორიკოსებზეა, მაგრამ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ დამარცხების უმთავრესი მიზეზი ჯარისა და გვარდიის მორალური მხარე გახდა, ამ "მიზეზის მიზეზი" კი სწორედ ის ავადსახსენებელი, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო და სამაგიეროდ აქ ჩაბუდებულმა ათასი ჯურის მამაძაღლმა სრული და ოფიციალური ხელშეუხებლობა მიიღო, მანამდე აკრძალული და იატაკქვეშეთში მოქმედი ბოლშევიკები კი ლეგალიზებულ პოლიტიკურ ძალად იქცნენ უცხოეთიდან (რუსეთიდან) მძლავრი დაფინანსებით.
სწორედ ბოლშევიკების მიერ გახრწნილ-გადაბირებული, ზოგი - ფულით, ზოგი - დაპირებით და ზოგიც დაშინებით ტვინნაღრძობი ჯარისკაცი და გვარდიელი გახდა ის ბირთვი, რომელმაც სრული დემორალიზაცია შეიტანა შეიარაღებულ ძალებში.
არადა, ქართულ ჯარს უმაღლესი კლასის გენერლები და ოფიცრები ჰყავდა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთგული ეროვნული გვარდიაც, რომელიც თავიდან მხოლოდ ამ პარტიის შეიარაღებულ ნაწილად აღიქმებოდა, თანდათან ჩაეწერა საერთო-სამხედრო სტრუქტურაში, მოგვარდა ორგანიზაციული და სასურსათო საკითხები, ასე განსაჯეთ - ერთდროულად სამი(!) სამხედრო ჟურნალი და გაზეთი გამოიცემოდა, შეიქმნა ჯავშანტექნიკის, საავტომობილო და საავიაციო დანაყოფებიც კი!
თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ უკანასკნელ, გადამწყვეტ მომენტში აღმოჩნდა, რომ საქართველოს ჯარი აღარ ჰყავდა და მხოლოდ ოფიცრებისა და თითო-ოროლა პატრიოტის იმედზეღა იყო.
ქრონოლოგია
1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომის შემდეგ ლორეს რაიონის ჩრდილოეთ ნაწილი, შუამავლების - ინგლისელთა - მოთხოვნით ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა.
სწორედ იქ მცხოვრები სომხები და რუსი კოლონისტების სოფლების (ვორონცოვკის, პოკროვსკოეს და პრივოლნოეს) მკვიდრები "აჯანყდნენ" უკვე გაწითლებული სომხეთიდან მიწოდებული იარაღითა და ფულით მომარაგებულნი. ეს უკვე სერიოზული ძალა იყო - მათი რიცხვი 10.000 კაცს აღწევდა.
მეამბოხეებმა და შემოსულმა ბოლშევიკებმა მთელი ლორეს რაიონიც დაიკავეს და იქ მდგარი ორი ქართული პოლკიც სული შემადგენლობით დაატყვევეს.
ეს 11-12 თებერვლის ღამეს მოხდა. დადასტურებული ინფორმაციით, აჯანყებულ სომხებსა და რუსებს წინ საბჭოთა რუსეთის სამი დივიზია მიუძღოდა (თითოეულში - 5000-მდე კაცი): ორი - ცხენოსანი და ერთი - ქვეითი.
13 თებერვალს ჯარების მთავარსარდალმა ილია ოდიშელიძემ სამხრეთ-აღმოსავლეთის ჯარების უფროსს, გენერალ გედევანიშვილს უბრძანა, სასწრაფოდ დაძრულიყო და გაენადგურებინა "გათავხედებული მეამბოხეები" (რუსული არმიის ყოფნას ხომ, როგორც აღვნიშნეთ, კიდევ სამი დღე "არ იჯერებდნენ" ქართულ მთავრობასა და სამხედრო შტაბში).
იოსებ გედევანიშვილმა მცირე ძალებით წამოიწყო შეტევა, რომელიც მხოლოდ "აჯანყებულ გლეხებზე" იყო გათვლილი და სასტიკი მარცხი იწვნია, ჯარის ნარჩენებმა ძლივს გადმოასწრეს მდინარე ხრამის აქეთა ნაპირზე.
14 თებერვალს ორი დეპეშა გამოიგზავნა მოსკოვიდან. პირველის ავტორი ლენინი იყო, რომელიც თავისი მე-11 არმიის საბჭოს წერდა: "ცეკა თანახმაა დაიკავოთ თბილისი საერთაშორისო ნორმების დაცვით"(?! - ზ.დ)
მეორე დეპეშით კი, სტალინი ატყობინებდა ორჯონიკიძეს (ქართულად, რუსული ასოებით): "ахлаве. шеутие. дастуриа. аиге калаки".
15 თებერვალს უკვე აზერბაიჯანიდანაც შემოუტიეს რუსებმა - ისინი უკვე აღარაფერს მალავდნენ, არც "აჯანყებულები" აუფარებიათ წინ (გაიხსენეთ, ეს სწორედ ის დღეა, როდესაც ჟორდანიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რუსეთის მთავრობა არაფერ შუაშიაო) და წითელ ხიდთან გადმოლახეს საზღვარი. იქ მდგარი მცირერიცხოვანი ქართული ჯარის ნაწილები დაამარცხეს და თბილისისკენ განაგრძეს სვლა, მაგრამ მტკვრის ნაპირებზე, ფოილოს სარკინიგზო ხიდთან, მწარე მარცხი იწვნიეს - ჩვენებმა ნაწილს ხიდზე გადმოსვლა აცადეს, მერე მოულოდნელად ააფეთქეს ხიდი და აქეთა ნაპირზე დარჩენილი რუსები ერთიანად ამოწყვიტეს.
ასეთივე ხერხით გაანადგურეს კავალერისტთა ნაწილი, რომელიც გერმანულ ახალშენთან მტკვარზე გადმოსვლას ცდილობდა.
მაგრამ ეს მხოლოდ ლოკალური გამარჯვებები იყო - მტერი წინ მოიწევდა. 16 თებერვალს, როგორც იქნა, ჟორდანიამაც ირწმუნა რეალობა და წარუმატებელი გენერალი ოდიშელიძე "გაჭირვების ტალ-კვესით" - გენერალ გიორგი კვინიტაძით შეცვალა.
ამის თაობაზეც საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ - კვინიტაძე უმაღლესი დონის პროფესიონალი იყო, მაგრამ სოციალ-დემოკკრატებს პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მოსდიოდათ თვალში, ასევე - მათი გვარდიისადმი კვინიტაძის უარყოფითი (სამართლიანადაც!) დამოკიდებულების გამო. ამიტომ, როგორც კი გაუჭირდებოდათ, მაშინვე უხმობდნენ, ხოლო როდესაც საფრთხე ჩაივლიდა, ისევ უმუშევრად ტოვებდნენ.
ვფქიქრობთ, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო დამარცხებისა - კვინიტაძე და მაზნიაშვილი რომ თავიდანვე ჩართულიყვნენ საქმეში, სულ სხვა სასტარტო პოზიციაზე იქნებოდა ქართული ჯარი, ხოლო ეს ორი კაცი რომ მანამდე საერთოდ არ ჩამოეშორებინათ ჯარის მართვისთვის, ისინი ნამდვილად არ დაუშვებდნენ ჯარისკაცთა ბოლშევიზაციას და ვინძლო ჩვენი ქვეყნის ისტორიაც სულ სხვა მიმართულებით წასულიყო.
შესაძლოა, ზემოთთქმული ბევრს თამამ მტკიცებად მოეჩვენოს, მაგრამ ამის თქმის საფუძველს შემდეგი ლოგიკა გვაძლევს: პირველი, რაც კვინიტაძემ გააკეთა, ის იყო, რომ ფოილოსთან გამარჯვებული ქართული ნაწილის უკან დახევა ბრძანა - 700 კაცი კონტრშეტევას ვერ გაუძლებდა; მაგრამ მთავარი სხვა რამ იყო: ეს 700 ჯარისკაციც, ის 400 იუნკერი და თბილისში მყოფი ჯარისკაცებიც, რომლებიც 17 თებერვალს გამოცხადდნენ თბილისის შტაბში, იმ ღამით ჩამოსული 1400 მეომარიც - სულ 2500 კაცი - მას თბილისის დასაცავად სჭირდებოდა (მისი მემუარების მიხედვით, თბილისის დატოვებამდე მან 9600 მებრძოლს მოუყარა თავი).
ეს რაოდენობა სავსებით საკმარისი იყო, რომ თბილისიდან, ასევე - დედაქალაქის ტაქტიკური თვალსაზრისით დატოვების შემთხვევაში სამჯერ მეტ მომხდურს გამკლავებოდნენ (რაც მანამდე არაერთგზის მომხდარა), მაგრამ გენერალი ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მისი "შვებულებაში ყოფნისას" ჯარი ისე გაიხრწნებოდა, რომ უკანდახევის შემდეგ, პოზიციების გამაგრების მაგივრად... მორო¬დიო¬რობას დაიწყებდა, უკეთეს შემთხვევაში კი სახლებში წავიდ-წამოვიდოდა.
არადა, თავიდან თითქოს ყველაფერი დალაგდა: შეიქმნა ფრონტის სამი რაიონი. პირველს, ორხევიდან ტაბახმელამდე, გენერალი მაზნიაშვილი მეთაურობდა, მეორეს, ტაბახმელიდან კოჯრის გავლით კიკეთამდე - გენერალი ანდრონიკაშვილი, მესამეს, ვაზიანთან - გენერალი ჯიჯიხია.
18-19 თებერვალს მტერმა ოთხი დივიზიით (თითქმის 20 ათასი მებრძოლით) მაზნიაშვილის რაიონს შეუტია. სოღანლუღთან ჩვენებმა ჯერ შეაჩერეს მრავალრიცხოვანი მტერი, მერე კი კუდით ქვა ასროლინეს - მოკლულები მოკლულებად და 1600 რუსი ტყვე ჯარისკაცი მეორე დღეს თბილისის ქუჩებში ჩამოატარეს!
ხალხს გამარჯვების იმედი მიეცა, გროვდებოდა შემოწირულობები ფრონტისათვის, დგებოდა მოხალისე-სანიტართა ჯგუფები, ამოქმედდა სამხედრო წესები, ქალაქში წესრიგი გამკაცრდა.
შეუფერხებლად მუშაობდა ტრანსპორტი, გამოდიოდა პრესა - წარმოიდგინეთ, ყოველდღიური გაზეთები 23, 24 და თვით 25 თებერვალსაც კი გამოვიდა! როგორც იქნა, "იკადრეს" და დააპატიმრეს რუსეთის რამდენიმე აგენტი და პროვიკატორი.
23 თებერვალს რუსებმა დიდი ძალებით შეუტიეს ჩვენებს კოჯორ-ტაბახმელისკენ. სწორედ იქ გამოიჩინეს თავი ლეგენდარული გმირობით ქართველმა იუნკერებმა. ამავე მიმართულებაზე იბრძოდნენ თბილისელი სტუდენტებიც, რომლებიც დიდმა ივანე ჯავახიშვილმა ამ სიტყვებით გააცილა ფრონტზე: "შვილებო, ჩემი მოვალეობაა, მე თქვენ წიგნებისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა, ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო, და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!"
უფრო რთული ვითარება შეიქმნა მესამე საბრძოლო რაიონში: ნაშუადღევს აქ რუსებმა ტანკები შემოიყვანეს, რომელთა დანახვაზეც სენაკისა და ზუგდიდის ბატალიონებმა პოზიციები მიატოვეს და გაიქცნენ. გენერალმა ჯიჯიხიამ იმერელთა მეორე ბატალიონი მოიხმო, რომელსაც აკაკი კვიტაიშვილი მეთაურობდა. კვიტაიშვილის ბატალიონმა მტრის მძიმე ტექნიკა მწყობრიდან გამოიყვანა და კონტრშეტევა წარმატებით დააგვირგვინა.
24 თებერვლისთვის ბევრს უკვე ეგონა, რომ საშიშროება მოგერიებულია და მართლდებოდა ცნობილი რუსი კავალერიის გენერლის, სემიონ ბუდიონის (რომელიც აგრეთვე მონაწილეობდა ამ ომში) სიტყვები, რომელიც ერთი წლით ადრე ლენინს მისწერა: "საქართველოს არმია დღეს წარმოადგენს ისეთ ძალას, რომელსაც იოლად ძალუძს ჩვენი შეტევების ეფექტურად მოგერიება"...
ამასვე ადასტურებს ქართველი ბოლშევიკის, რევკომის წევრის, შალვა ელიავას სიტყვები: "მიკვირს, რომ ქართულმა ჯარმა გამარჯვება არ გამოიყენა და იერიშზე არ გადმოვიდა... უკანდახეულ წითელარმიელებს ძლივს ვაკავებდით... რომ შემოეტიათ, ბაქომდე ფეხს ვერ მოვიკიდებდით"...
მაშ, რა მოხდა? რატომ გასცა კვინიტაძემ თითქოსდა არალოგიკური ბრძანება თბილისის დატოვებისა?
მიუხედავად ბუდიონის და ქავთარაძის ამ გამონათქვამებისა, კვინიტაძემ ყველაზე კარგად იცოდა არსებული მდგომარეობა: 9000 კაცი რუსეთის 12 დივიზიის (დაახლოებით 60 ათასამდე მეომრის) წინააღმდეგ მაინც მცირე ძალა იყო. კვინიტაძეს იმედი ჰქონდა, რომ ამ უკანდახევით ქალაქს აოხრებისგან იხსნიდა და ტაქტიკური ბრძოლებითა და კონტრშეტევითი მანევრებით მალევე განდევნიდა მტერს დედაქალაქიდან - მისი და ქართული ჯარის მანამდელი წარმატებები გვაფიქრებინებს, რომ ეს სავსებით რეალური გეგმა იყო, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ამას პატრიოტი ჯარისკაცები სჭირდებოდა და არა დეზერტირები და უნიათო მთავრობა...
გარდა ამისა, "მეგობრებმაც" გვიმტყუნეს - დასავლეთიდან დაპირებულმა დახმარება არ ჩანდა, ან არასაკმარისი, საუკეთესო შემთხვევაში კი დაგვიანებული იყო. როდესაც დასჭირდათ, მთავრობის წევრებმა თვით საქართველოს დიდ მეგობრად შერაცხული ოლივერ უორდროპის ადგილსამყოფელსაც კი ვერ მიაგნეს ქალაქში.
ინგლისური ჯარის ნაწილებმაც ხომ, იმის ნაცვლად, რომ აქ დარჩენილიყვნენ, რუსულ აგრესიამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვეს საქართველო...
25 თებერვალი
25 თებერვალს ბოლშევიკები ჯარისა და მთავრობისაგან დაცლილ ქალაქში შემოვიდნენ. უბრალო მოქალაქეთაგანაც ბევრმა დატოვა თბილისი - დამშეული რუსები მაღაზიებს, სახლებსა და საწყობებს შეესივნენ, სამი დღე ძარცვავდნენ ქალაქს, მერე, როდესაც "გაძღნენ", "წესრიგის დამყარება" დაიწყეს. დაპყრობილ ქალაქში ჩამოსულმა "ტრიუმფატორმა", სერგო ორჯონიკიძემ, ერთი თვის შემდეგ ნაძარცვი ძვირფასეულობისა და ნივთების მთელი ეშელონი გაგზავნა მოსკოვში, ვაგონებს მთელ სიგრძეზე ეწერა: "ქართული პროლეტარიატის საჩუქარი ამხანაგ ლენინს".
საქართველოს მთავრობამ ვერც ქუთაისში მოიკიდა ფეხი, როდესაც უკვე ჩრდილოეთიდან, ოსეთის მხრიდან, მამისონის უღელტეხილით გადმოსული რუსული ნაწილები წამოვიდნენ ქუთაისის ასღებად - "უჯარო გენერლები" ბათუმში გადავიდნენ. აფხაზეთშიც შეწყვიტა ჩვენმა ჯარმა წინააღმდეგობა.
17 მარტს მთავრობამ და სამხედრო ხელმძღვანელობამ ბათუმიც დატოვეს, მხოლოდ გენერალი მაზნიაშვილი დარჩა, რომელმაც, უკვე ბოლშევიკებთან ერთად, თურქებისაგან გაწმინდა ბათუმი, თუმცა ეს სხვა ამბავი და სხვა წერილის თემაა...
ჰო, კიდევ... ილიას დისშვილი, გენერალი კონსტანტინე აფხაზი, და მისი ჯგუფი დარჩნენ და აჯანყებისთვის მზადება დაიწყეს. 1923 წელს ისინიც დამარცხდნენ და 20 მაისს დახვრიტეს ჯალათებმა (რომელთა შორის მხოლოდ რუსები და სომხები იყვნენ). აჯანყებულთა სიმამაცით გაოცებული ბოლშევიკებისთვის ასე მიუმართავს გენერალ ანდრონიკაშვილს: "სახეზე გეტყობათ, რომ გაკვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე. ძრწოდეთ - მრავალი ათასი ჩვენზე უკეთესები იზრდებიან..."
უფალმა ინებოს!