ალბათ, იმიტომაც, რომ „არ გათეთრდების ყორანი,“ ან, იქნებ, იმ მიზეზით, „შეჩვეულს ნუ გადააჩვევო“, მიუხედავად მეტად პოეტური სახელისა, ხალხის რჩეულმა ქალბატონმა თაქთაქიშვილმა კოლეგა ქალბატონ ბესელიასთან შეკამათებისას ისეთი ტერმინოლოგია გაიხსენა, რომ, იმ ამომრჩეველს, რომელმაც პირველ ოქტომბრებს „ნაციონალები“ გადაირჩია, სულ სიმწრის ოფლი დაასხმევინა (კიდევ კარგი, გადავირჩიეთო).
არადა, ვითარება ერთი შეხედვით მშვიდობიანად გამოიყურებოდა – ადამიანის უფლებათა კომიტეტი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს იხილავდა, როდესაც ჩიორა თაქთაქიშვილმა ქალბატონ ბესელიას, თავდაპირველად, ხმის ტონალობა დაუწუნა (თუმცა, თუ, მაგალითად, ქალბატონი ჩიორას პარტიული ლიდერის ხმის ტონალობას შევუდარებთ, ქალბატონი ბესელია იადონივით გალობდა), მოგვიანებით კი, უფრო შორსაც წავიდა და გააფრთხილა – თუ ნებით არა, დაგაწევინებთო.
ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, რა ბერკეტს ფლობს ქალბატონი თაქთაქიშვილი, რომ არ მოსწონს, იმის „დასაწევად“, თუმცა, აშკარაა, რომ გამოცდილება მაშინაც კი არ მოვიდა, როცა ის აღარ გჭირდება. შესაძლოა, იმიტომ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფრთიანი გამონათქვამი – „კუზიანს („კუზიანში“, ბუნებრივია, ყოფილი ხელისუფალი იგულისხმება) სამარე (სკამიდან ჩამოსმა) გაასწორებსო,“ – უკვე ასე ითარგმნება: ეგეც ვერ გაასწორებსო.