რომელი ენები უნდა იცოდნენ ქართულ არმიაში

რომელი ენები უნდა იცოდნენ ქართულ არმიაში

ინგლისურის ცოდნას რა სჯობს, მაგრამ საქართველოს დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ქართველ სამხედროებს რუსულიც უნდა ესმოდეთ, აფხაზურიც და ოსურიც.

შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას თავისი კონკრეტული საბრძოლო ამოცანების შესრულება ევალება, თუმცა ამისათვის ქართულის გარდა, სასურველია, სხვა ენებსაც ფლობდნენ, თუნდაც ელემენტარულ დონეზე.

1991-92 წლებიდან, როდესაც ქართული ეროვნული გვარდია, შინაგანი ჯარები და შეიარაღებული ძალები ყალიბდებოდა, რუსული ენა ხშირად ქართულზე მეტად გამოიყენებოდა, რადგან ბრძანების გამცემი ოფიცრების დიდი ნაწილი დაშლილი საბჭოთა არმიიდან იყო გადმოსული. ამასთან, იმ თაობას რუსული ენა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ჰქონდა ნასწავლი. აფხაზეთის ომის დროს რუსული ენის ცოდნას ალყაში მოქცეული ქართველი სამხედროები არაერთხელ გადაურჩენია.

აფხაზეთის ომის შემდეგ, ვარდიკო ნადიბაიძის თავდაცვის მინისტრობის დროს, ქართველი ოფიცრები რუსეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში იგზავნებოდნენ. 1998 წლის მაისიდან კი სიტუაცია შეიცვალა, რადგან თავდაცვის მინისტრის პოსტზე ინგლისური ენის მცოდნე დავით თევზაძე დაინიშნა, მან შეიარაღებულ ძალებში ინგლისური ენის ცოდნას მიანიჭა უპირატესობა. ეს  უთუოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან ინგლისურის კარგად მცოდნე ოფიცრების რაოდენობის ზრდა, წესით, დააჩქარებდა ქართული არმიის ინტეგრაციას NAთO-ში.

ამას გვერდითი მოვლენებიც ახლდა, რასაც ქართული მენტალიტეტიც უწყობდა ხელს -  შეიარაღებულ ძალებში ნელ-ნელა დაიწყო იმ ოფიცრების დაწინაურება, რომლებმაც კარგად იცოდნენ ინგლისური, მაგრამ ნაკლებად ერკვეოდნენ სამხედრო საქმეში. არც საბრძოლო გამოცდილება ჰქონდათ, რადგან როდესაც ისინი მშობლებს ინგლისური ენის რეპეტიტორებთან დაჰყავდათ, მათი თანატოლები ცხინვალთან ან აფხაზეთში სანგრებში ისხდნენ.

ინგლისურის მცოდნე ახალგაზრდა ოფიცრები წელიწადში ერთხელ მაინც საზღვარგარეთ ამა თუ იმ კურსებზე დადიოდნენ (სხვათა შორის, ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები). კაბინეტებში მთელი კედლები ჰქონდათ დაფარული ამ კურსების დამთავრების აღმნიშვნელი, ჩარჩოებში სათუთად ჩასმული დიპლომებით, თუმცა რას სწავლობდნენ ამ ორ-სამკვირიან კურსებზე და რამდენად ადგებოდა ყოველივე ეს ქართულ არმიას, ძნელი სათქმელია.

საზღვარგარეთ ხშირმა მივლინებებმა კიდევ ერთი სერიოზული საშიშროება გააჩინა, რომლის შესახებაც ბევრი საუბარს ერიდება. საქმე ის არის, რომ ყველა ქვეყნის სპეცსამსახური (და პირველ რიგში - სამხედრო დაზვერვა) ცდილობს, გამოავლინოს ახალგაზრდა პერსპექტიული უცხოელი ოფიცრები, რომლებიც მათ სამხედრო სასწავლებლებში სწავლობენ. ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც მაშინვე მათ აგენტად ქცევას. თუკი ამ ქვეყნების სამხედრო მრჩევლები საქართველოში არიან, შემდგომ ისინი ცდილობენ, ხელი შეუწყონ საქართველოში დაბრუნებულ ამ ახალგაზრდა ოფიცრების სწრაფ და წარმატებულ სამხედრო კარიერას ქართულ არმიაში...

ეს ტენდენცია გაჩნდა ჯერ კიდევ ვარდიკო ნადიბაიძის დროს, როდესაც რუსეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში აფხაზეთის ომის მონაწილე ოფიცრები გაგზავნეს. თუმცა ორიენტაციის რუსეთიდან დასავლეთისკენ შეცვლის შემდეგაც ეს ტენდენცია არ შეჩერებულა, რადგან რუსულის მსგავსად მოქმედებენ თურქეთისა თუ აშშ-ის სპეცსამსახურებიც.

ინგლისურის მცოდნე ოფიცრების დაწინაურების პროცესი "ვარდების რევოლუციის" შემდეგაც გაგრძელდა, რასაც დაემთხვა იმ ოფიცრების მასობრივი დათხოვნა შეიარაღებული ძალებიდან, რომლებიც, შეიძლება, არ საუბრობდნენ ინგლისურად, მაგრამ აფხაზეთის ომიდან იცოდნენ, როგორ აეფეთქებინათ რუსული ტანკები და ჯავშანმანქანები...

ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის სამხედრო მეთაურობა ცდილობს, თავისი არმიის პირადი შემადგენლობის უდიდესმა ნაწილმა იცოდეს სავარაუდო მოწინააღმდეგის ენა, რაც მათ გამოადგებათ ახლო მანძილზე ბრძოლის, რადიოსაუბრების მოსმენის თუ მოწინააღმდეგის ზურგში სადაზვერვოამოცანების შესრულების დროს.

ჩვენი სავარაუდო მოწინააღმდეგე, საბედნიეროდ, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე არც ამერიკის შეერთებული შტატების არმიაა და არც დიდი ბრიტანეთის.

სამაგიეროდ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ქართველ სამხედროებს ესროდნენ რუსულად, აფხაზურად და ოსურად მოლაპარაკე შეიარაღებული ადამიანები.

ძნელია მტკიცება, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველ სამხედროთა ნაწილს კარგად რომ სცოდნოდა რუსული და ოსური ენები, მოწინააღმდეგის პირისპირ მყოფი, შეიძლება ტყვეობას ან მით უფრო, დაღუპვას გადარჩენოდა.

სომხეთსა და აზერბაიჯანთან საქართველოს კარგი მეზობლობა და მეგობრული ურთიერთობა აქვს, თუმცა ეს სულაც არ გამორიცხავს, რომ ქართულ არმიაში გვყავდეს სომხურისა და აზერბაიჯანულის კარგად მცოდნე სამხედროები, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნების სამხედროები (განსაკუთრებით კი - ოფიცრები) არცთუ ისე ცუდად ფლობენ ქართულ ენას, რადგან თბილისში, მარნეულსა თუ ახალქალაქში არიან გაზრდილები.

ინგლისური ენის ცოდნა ნამდვილად გამოადგებათ იმ ქართველ სამხედროებს, რომლებიც ავღანეთში ამერიკელი საზღვაო ქვეითების გვერდით იბრძვიან. არანაკლებ საჭირო გახდება ინგლისური საქართველოს დასაცავად მაშინ, თუკი ამ ენაზე მოლაპარაკე დიდი ქვეყნების არმიების დანაყოფები (ან სულაც - ტექნიკური პერსონალი) გვერდით დაგვიდგება ქართული მიწისა და ცის დასაცავად, მაგრამ ჯერჯერობით ამას პირი არ უჩანს.

პირიქით, ინგლისურ ენას ქართული არმია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მშვიდობის დასამყარებლად სწავლობს, მაშინ, როდესაც თავად საქართველო არაინგლისურად მოლაპარაკე ოკუპანტების მიერ ანექსირებულად რჩება...