10 სექტემბრის "კვირის პალიტრაში" სტატიაში "თბილისის თავზე რუსი მედესანტეები გამოჩნდებიან?!" ვწერდით, რომ სომხეთში დაგეგმილი საერთაშორისო სამხედრო სწავლების "ურთიერთქმედება - 2012"-ის ფარგლებში დაგეგმილი იყო რუსი მედესანტეების გადაფრენა რუსეთიდან სომხეთში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით.
ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ზომებს მიიღებდა, რადგან საქართველოს ცის გავლით სომხეთისკენ რუსული სამხედრო ტრანზიტი ოფიციალურად შეწყვეტილია და იმედი გვქონდა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ პროტესტს მაინც გამოთქვამდა, მით უმეტეს რომ სომხეთში იმ რუსული 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მედესანტეების გადასროლას აპირებდნენ, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქტიურად მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაში.
მართლაც, სომხეთში სამხედრო სწავლებაზე რუსეთიდან გაიგზავნა ივანოვოს 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ორი ოპერატიული ჯგუფი (სწავლების მართვის ცენტრში), საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონი (ერთი ასეულის გარეშე) და სპეციალური დანიშნულების სადაზვერვო ოცეული. სულ, დაახლოებით, 200 კაცი და 3 ავტომობილი.
ჩვენი ინფორმაციით, მათი ტრანსპორტირება "აეროფლოტის" ნიშნიანმა Ил-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა განახორციელეს. ივანოვოდან აფრენილი თვითმფრინავები ჯერ სოჭში დასხდნენ, სადაც საბაჟო შემოწმება ჩატარდა და შემდეგ, საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, თბილისის სიახლოვეს ფრენით ერევანში ჩაფრინდნენ.
სომხეთში სამხედრო სწავლება "ურთიერთქმედება-2012" უკვე დამთავრდა და უეჭველია, რუსი მედესანტეები რუსეთში დაბრუნებისას ისევ საქართველოს გადაუფრენენ.
საინტერესოა, რატომღა განაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის სამხედრო ტრანზიტისთვის ქართული ცის ჩაკეტვის შესახებ (რითაც ერთი წლის წინ სააკაშვილის ხელისუფლებამ ქართველი საზოგადოების წინაშე მორიგი პოლიტიკური ქულების დაწერა სცადა), თუკი რეალურად ამის გაკეთება კი არა, პროტესტის გამოთქმაც არ შეუძლია?!