ფრანგ გენერლებს არ სურდათ შვეულმფრენმზიდების რუსებისთვის მიყიდვა, მაგრამ დიდმა ფული და პრეზიდენტმა სარკოზიმ ყველაფერი სხვაგვარად გადაწყვიტა
"უკეთესი იქნებოდა, "მისტრალი" საქართველოსთვის მიგვეყიდა, ეს უფრო ფრანგული გადაწყვეტილება იქნებოდა, ახლა კი ერთგვარ დისკომფორტს ვგრძნობთ - იმას არ მივყიდეთ, ვისაც სჭირდებოდა," - ფრანგი მაღალჩინოსანი სამხედროების ეს არაოფიციალური გამონათქვამი ერთ-ერთმა ფრანგმა სამხედრო ექსპერტმა რუსეთის მასმედიის წარმომადგენლებს გაუმხილა.
თითქმის მილიარდ დოლარად ღირებულ 21-ათასტონიან "მისტრალს" რომ საქართველო ვერ შესწვდებოდა, ცხადია, მაგრამ თავიანთ პრეზიდენტზე უფრო გამჭრიახი ფრანგი გენერლები არცთუ უსაფუძვლოდ ეჭვობენ, რომ ამ ტიპის ხომალდებს რუსეთი ადრე თუ გვიან შეტევითი ოპერაციისთვის გამოიყენებს, და შესაძლოა, საფრანგეთის პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგაც.
"მისტრალების" მოსკოვისთვის მიყიდვის საქმეში გადამწყვეტი "დიდი ფული" გახდა. ოფიციალური პარიზი არც მალავს - რუსები ისეთი გულუხვები აღმოჩნდნენ, რომ ბალისტიკური რაკეტების, რადიოელე- ქტრონული ბრძოლის საშუალებების, საბრძოლო მართვის ავტომატიზებული სისტემებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საიდუმლო კოდების გარდა მათ ყველაფერს მივყიდითო.
რუსეთის განკარგულებაში უახლოეს 7-8 წელიწადში ოთხი "მისტრალი" აღმოჩნდება, რომელთაგან ერთ-ერთის შემოყვანაც კი შავ ზღვაში, რა თქმა უნდა, გაზრდის ქართულ სანაპიროზე რუსული საზღვაო დესანტის გადმოსხმის საფრთხეს (თუმცა ამისთვის
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში დღეEისთვის არსებული დიდი სადესანტო ხომალდებიც სრულიად საკმარისია).
ამის მიხედვით მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - ბევრი ფული და დიდი პოლიტიკა ყოველთვის გადაწონის ჩვენისთანა პატარა ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს და რუსეთის გაზზე დამოკიდებული ევროპა ყოველთვის "პრაგმატულ" გადაწყვეტილებას მიიღებს...