მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვშია დაბადებულ-გაზრდილი და ჩოგანსაც რუსეთის ფედერაციის სახელით იქნევს, ანა ჩაკვეტაძის კარიერას ქართველებიც ინტერესით ადევნებენ თვალს. 24 წლის ჩოგბურთელი ყოველთვის ამბობს, რომ ქართული წარმომავლობა აქვს, საქართველო ძალიან უყვარს და ხინკლის, ხაჭაპურისა და კუპატის "ფანატია". წლების წინ ანა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი იყო, გასულ წელს კი კორტზე ყოფნისას გონება რამდენჯერმე დაკარგა და კარიერის ნაადრევად დასრულების საფრთხის წინაშეც აღმოჩნდა. 2011 წლის 4 დეკემბრის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში ანა პარტია "პრავოე დელოს" სიის მესამე ნომერი გახლდათ, ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით კი რუსეთის "ყველაზე სექსუალურ პოლიტიკოსად" დასახელდა. დანარჩენს ანა ჩაკვეტაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ძალიან დიდხანს ვერ გაიგეს, რისი ბრალი იყო ეს გულყრები და საბოლოოდ მხოლოდ შიდა ყურის ანთება დაადგინეს. დიდხანს ვიმკურნალე, საბედნიეროდ, ეს პრობლემა უკვე აღარ მაწუხებს. ახლა მხოლოდ ზურგის მცირე ტრავმა მაქვს, ვმკურნალობ და მომავალ კვირაში ვარჯიშის განახლებას ვგეგმავ.
Australian Open-ზე ელენა დოკიჩთან პირველივე წრეში დამარცხდით...
- მანამდე ხობარტში ვითამაშე, მაგრამ მეოთხედფინალური მატჩისას ზურგის ტრავმა მივიღე და იძულებული გავხდი, თამაში შემეწყვიტა. დოკიჩთან მატჩისწინა მოთელვისასაც ვგრძნობდი, რომ მისთვის კონკურენციის გაწევას ვერ შევძლებდი. სხვა რომ არაფერი, ზურგის ტკივილი გვერდზე მიბრუნების საშუალებასაც კი არ მაძლევდა. ასეთ მდგომარეობაში კორტზე არც უნდა გავსულიყავი, მაგრამ რადგან ამხელა გზა გავიარე, ავსტრალიაში ჩავფრინდი და თამაშიც ძალიან მენატრებოდა, მაინც გადავწყვიტე, მეთამაშა... იმედი მაქვს, მარტში გასამართი ინდიან უელსის და მაიამის ტურნირებისთვის მზად ვიქნები.
როცა ჯანმრთელობის პრობლემები გქონდათ, პირადი რეიტინგი "გაყინეთ", ამჟამად კი 250-ე პოზიციაზე ხართ. რეიტინგს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ?
- სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს აღარც მინახავს, რომელ ადგილზე ვარ, აზრი არ ჰქონდა. თუ თამაში არ განვაახლე, მარტამდე, ალბათ, ჩემი ქულები ნულამდე დავა. კიდევ შემიძლია რეიტინგის "გაყინვა", თუმცა, რეიტინგი იმისთვის არის საჭირო, რომ ძლიერ ტურნირებზე მოხვდე. მეორე მხრივ, არ მსურს მხოლოდ ამაზე ვიფიქრო - ჩოგბურთი ძალიან მომენატრა, მინდა, ვითამაშო და მოვიგო...
როცა საქართველოს ახსენებენ, რა გრძნობა გაქვთ, პირველად რა გახსენდებათ?
- საქართველო ძალიან მიყვარს. სანახევროდ ქართველი ვარ, ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, ქართული სამზარეულოც ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - ხინკალი და ხაჭაპური. პირველად, საქართველო შვიდი წლის წინ ვნახე, როცა თბილისის და ბათუმის ტურნირებზე ვითამაშე, მეორედ კი რამდენიმე თვის წინ ვიყავი ჩამოსული. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეცვლილა. ერთი დღით თბილისში ვიყავი, იქ ნათესავები გვყავს და ძალიან ნასიამოვნები დავრჩი მათი მონახულებით. ბათუმიც დავათვალიერე და ძალიან მომეწონა. ქართულად რამდენიმე სიტყვა და ფრაზა ვიცი, მაგრამ შინაარსის გასაგებად ეს საკმარისი არ არის, ამიტომ საქართველოში სტუმრობისას რუსულად ან ინგლისურად მელაპარაკებოდნენ. შესაძლოა, ზაფხულში ისევ ჩამოვიდე საქართველოში.
მოსკოვში საკმაოდ ბევრი ქართული რესტორანია, ყველაზე ხშირად რომელს სტუმრობთ ხოლმე?
- რადგან მოსკოვი დიდი ქალაქია და თითქმის ყოველთვის საცობებია, ყველაზე ხშირად "ხინკალი ჰაუსს" ვსტუმრობ - გემრიელ კერძებსაც აკეთებენ და ჩემს სახლთანაც ახლოა. მოსკოვის ქართულ რესტორნებში, ძირითადად, ქართველი მზარეულები მუშაობენ, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ იქ გაკეთებული ხინკალი საქართველოში დამზადებულზე ნაკლებია... პირველად შარშან, მანდ ყოფნისას გავსინჯე კუპატი და ისე მომეწონა, რომ მოგვიანებით სტუმრად ჩამოსულმა ჩემმა უახლოესმა ნათესავმა მოსკოვშიც კი ჩამომიტანა.
რომელიმე ქართული კერძის მომზადება თუ იცით?
- სამწუხაროდ, არც ისე კარგი მზარეული ვარ. მით უმეტეს, ქართულ კერძებამდე კიდევ ბევრი მიკლია. დღის უმეტეს ნაწილს კორტზე ვატარებ და სამზარეულოში ტრიალის დრო, ჯერჯერობით, ნამდვილად არ მაქვს.
"ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსის" ტიტულზე რას იტყვით?
- სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი, ასეთი გამოკითხვა თუ ჩატარდა. მით უმეტეს, გამარჯვება დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის. მეგობრებმა დამირეკეს და მახარეს. როცა მოგვიანებით იმ ვებგვერდს ვესტუმრე, რომელმაც ეს გამოკითხვა ჩაატარა, კონკურსანტებს შორის ძალიან ბევრი ლამაზი გოგონა აღმოვაჩინე. ასე რომ, ვერც ვხვდები, მე რატომ გავიმარჯვე.
პოლიტიკოსობა რატომ გადაწყვიტეთ?
- პოლიტიკოსობა ხმამაღალი ნათქვამია... როცა შემომთავაზეს, დიდხანს ვიფიქრე, ღირდა თუ არა ამ საქმისთვის ხელის მოკიდება და საინტერესო იდეად მომეჩვენა. მით უმეტეს, იმ დროს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. გამიჩნდა სურვილი, ჩოგბურთის გარდა რაღაც ახალი მომესინჯა.
და როცა არჩევნების შედეგები გამოცხადდა ("პრავოე დელომ" სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში ხმათა მხოლოდ 0,6% მიიღო), როგორი იყო თქვენი რეაქცია?
- ვიცოდი, რომ ახალი წლიდან ისევ უნდა მეთამაშა ტურნირებზე, ამიტომაც ვარჯიში ჯერ კიდევ არჩევნებამდე განვაახლე. ასე რომ, სახელმწიფო სათათბიროში ვერმოხვედრა ჩემთვის ტრაგედია არ ყოფილა.
რამდენიმე წლის წინ ვიქტორია აზარენკასთან ერთად საკმაოდ გულახდილ ფოტოსესიაში მიიღეთ მონაწილეობა...
- ის ფოტოსესია ინდიან უელსის ტურნირის დროს მოაწყო ჟურნალმა FHM-მა და მშვენიერი ფოტოები გამოვიდა. კარგად მახსოვს - მარტი იყო, ძალიან ციოდა, ჩვენ კი საცურაო კოსტიუმებით ვიყავით. თუმცა, სიცივეს გმირულად გავუძელით და არც გვინანია, შემოთავაზებას რომ დავთანხმდით.
თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- მიყვარს შოპინგი, მუსიკის მოსმენა, ახალი ფილმების ყურება. როცა არ ვვარჯიშობ, სატრენაჟორო დარბაზშიც ხშირად დავდივარ. კითხვაც ძალიან მიყვარს.
ცნობილია, რომ განსაკუთრებით გიტაცებთ ბორის აკუნინის შემოქმედება, რომელსაც თქვენსავით ქართული ფესვები აქვს...
- მესმის, რასაც გულისხმობთ, მაგრამ მისი ნაწარმოებები მანამდეც ძალიან მომწონდა, სანამ გავიგებდი, რომ ბორის აკუნინის ნამდვილი სახელი და გვარი გრიგოლ ჩხარტიშვილია. დეტექტივებით ადრე უფრო მეტად ვიყავი გატაცებული. ისე, ბორის აკუნინი მამაჩემსაც ძალიან უყვარს.
ფეხბურთი, გამორჩეულად კი "მილანიც" ხომ გიყვართ?
- მიყვარს, მაგრამ ბოლო დროს ვეღარ ვახერხებ თამაშს. ხანდახან მართლაც ვთამაშობდი ცოტას, მაგრამ საფეხბურთო მოედანი, რომელიც ჩემი სახლის ეზოში იყო, რამდენჯერმე გადააკეთეს და ახლა იქ კორტებია. "მილანს" რაც შეეხება, წინათ მის თამაშებს ხშირად ვუყურებდი, მაგრამ უკვე აღარ ვარ ფეხბურთით ისე გატაცებული, როგორც ადრე.
დეკემბერში ნინო ქათამაძის კონცერტს დაესწარით...
- საოცარი კონცერტი იყო, ძალიან ვისიამოვნე. ნინო უნიჭიერესი მომღერალია და მისი სიმღერები ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, ბათუმში ყოფნისას ნინო გავიცანი კიდეც. სასიამოვნო ადამიანია, მასთან ურთიერთობისასაც იგრძნობა ის ძლიერი ენერგეტიკა, რასაც სიმღერის დროს გასცემს.
რომელ ქართველ ჩოგბურთელებს იცნობთ?
- გასულ წელს მაკა ჩახნაშვილი ვნახე, ირაკლი ლაბაძესაც ვიცნობ, მაგრამ დიდი ხანია, აღარსად შემხვედრია. ყველაზე ხშირად ანა ტატიშვილს ვხვდები, რომელიც თითქმის ყველა დიდ ტურნირში მონაწილეობს. ბოლოს ერთმანეთს იანვარში, სიდნეიში შევხვდით.