„დასავლეთს არ აქვს მზაობა რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება აიძულოს“

„დასავლეთს არ აქვს მზაობა რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება აიძულოს“

[გეგა ბერიძე]
სარკოზი-მედვედევის ე. წ. 6-პუნქტიანი შეთანხმების გაფორმებიდან ორი წელი შესრულდა. დოკუმენტის გაფორმებიდან ორი წლის შემდეგ მისი პუნქტები ისევ შეუსრულებელი, საქართველოს ტერიტორია კი კვლავ ოკუპირებულია.

რუსეთმა, პრეზიდენტ მედვედევის მიერვე ხელმოწერილი შეთანხმების აშკარა დარღვევით, შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნების საპირისპიროდ აფხაზეთისა და „სამხრეთი ოსეთის“ (ასევე მიმდებარე ტერიტორიების) უკანონო ოკუპაცია განახორციელა. კრემლმა შეთანხმების ხელმოწერიდან ორ კვირაში საქართველოს ორივე რეგიონი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა. ორივე რეგიონში ეთნოწმენდა განხორციელდა.

ექსპერტების შეფასებით, „მედვედევმა დაამტკიცა, რომ მისი ხელმოწერა გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ის ფურცელი, რომელზეც იგი ხელს აწერს“. პოლიტოლოგები ასევე ფრანგული დიპლომატიის შეცდომებზე საუბრობენ. მათი თქმით, 2008 წლის აგვისტოში დასავლეთს საკმარისი მზაობა არ აღმოაჩნდა, რომ რუსეთისთვის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ეიძულებინა.

ერთადერთი შედეგი, რაც ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიღო, ის არის, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია აღიარეს.

2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით, კონფლიქტის მხარეებმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში – 16 აგვისტოს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაფორმებიდან ორი წლის შემდეგაც შეუსრულებელია.

ორი წლის წინ მხარეებმა კონფლიქტის მოგვარებისთვის შემდეგი პუნქტები შეიმუშავეს: 1. მხარეებმა არ დაუშვან ძალის გამოყენება; 2. საბოლოოდ შეწყდეს ყველა საომარი მოქმედება; 3. ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის თავისუფალი შესაძლებლობა; 4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაუბრუნდნენ დისლოკაციის ადგილებს; 5. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაუბრუნდნენ კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებს. ამასთან, საერთაშორისო მექანიზმის მიღებამდე რუსულ სამშვიდობო ძალებს დამატებითი სამშვიდობო მისიის შესრულება დაევალოთ 6. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე მუშაობის დაწყება მათი გარანტირებული უსაფრთხოებისთვის.

„ეს არის საუკეთესო საშუალება კონფლიქტის მოგვარებისთვის. ახლა ყველაფერი თბილისზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა მაშინ მედვედევმა. თუმცა, შეთანხმების გაფორმებიდან ორი წლის შემდეგ მისი პუნქტები ისევ შეუსრულებელი, საქართველოს ტერიტორია კი კვლავ ოკუპირებულია.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისია სარკოზი-მედვედევის შეთანხმების გაფორმების მეორე წლისთავზე საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებს შეახსენებს. შესაბამისი მიმართვა საზოგადოებას კომისიის ხელმძღვანელმა შოთა მალაშხიამ გააცნო.

„რუსეთის ფედერაციამ რუსეთის პრეზიდენტის მიერვე ხელმოწერილი შეთანხმების აშკარა დარღვევით, თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნების საპირისპიროდ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიური ოლქის (ასევე მიმდებარე ტერიტორიების) უკანონო ოკუპაცია განახორციელა და შეთანხმების ხელმოწერიდან ორ კვირაში საქართველოს ორივე რეგიონი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა.

ორივე რეგიონში ეთნოწმენდა განხორციელდა, რაც დადასტურებულია ეუთოს 1994, 1996 და 1999 წლების სამიტების რეზოლუციებით, ასევე ტალიავინის კომისიის დასკვნასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში. ასეთი ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება ნიშნავს ეთნიკური წმენდის - კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგების დაკანონების მცდელობას, რაც უპრეცედენტო მოვლენად უნდა ჩაითვალოს“ - ნათქვამია მიმართვაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამხედრო ბაზების მშენებლობა და უახლესი სამხედრო ტექნიკის განლაგება, ხოლო ამ დღეებში აფხაზეთის ტერიტორიაზე სარაკეტო კომპლექს C-300-ის განლაგება უკვე დამატებით საფრთხეს უქმნის არა მარტო კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას, არამედ სცდება რეგიონის ფარგლებს და წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობის სერიოზულ გამოწვევას“.

მალაშხიას კომისია ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ „ოკუპირებულ ზონებში გაერო-ა და ეუთო-ს დამკვირვებლების საქმიანობაზე პრაქტიკულად ვეტოს დადებით რუსეთი ცდილობს, არ დაუშვას საერთაშორისო მონიტორინგი ამ რეგიონებში, რაც ყოველგვარი „მოწმეების“ გარეშე ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ბოლომდე მიყვანასა და ადმინისტრაციულ საზღვრებზე ვითარების შემდგომი ესკალაციისა და საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამხედრო აგრესიის განსახორციელებლად ადგილობრივი საოკუპაციო რეჟიმების გამოყენებას ისახავს მიზნად“.

„ამგვარი მეთოდების გამოყენება მოგვაგონებს ფაშისტური გერმანიის ქმედებებს ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის მიმართ, ასევე საბჭოთა კავშირის ინტერვენციას ფინეთში, ბალტიის ქვეყნებში, რუმინეთში, უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში. ყოველივე ეს ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ რუსეთში ნეოკომუნისტურ-ფაშისტური რეჟიმის ჩამოყალიბება შეუქცევად სახეს მიიღებს. კომისია სავსებით იზიარებს ყველა იმ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციას, რომელთა მიერ რუსეთის აღნიშნულ ქმედებები შეფასდა, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებისა და საქართველოს ტერიტორიის ანექსიის მცდელობა,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

კომისიას მიაჩნია, რომ „საქართველოსთვის თავსმოხვეული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად აუცილებელია რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილებიდან, საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუციების აქტიური მონაწილეობა მომხდარ დანაშაულთა გამოძიების პროცესში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლებისა და საერთაშორისო საპოლიციო ძალების შეყვანა, იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნება, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მისი იურისდიქციის აღდგენა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი და ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებისკენ მიმართული ღონისძიებების რეალიზაცია და ამ რეგიონებში მიმზიდველი ავტონომიის მოდელის დანერგვა, დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისადმი პატივისცემის პრინციპების უზრუნველყოფა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე“.

კომისია მოუწოდებს იმ ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს, რომელთათვისაც კანონისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უზენაესობა ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს, განსაკუთრებით კი - მათ, ვინც თავის თავზე ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმების აგრესია და ოკუპაცია გამოსცადა, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს, სამხედრო აგრესიასა და ოკუპაციას შესაბამისი შეფასება მისცენ და იმედოვნებს, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობა მიაღწევს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიუკერძოებელი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის განთავსებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად აუცილებელი მექანიზმების შემუშავებას, გაერო, ეუთო, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები კი რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უკვე მიღებული საერთაშორისო დოკუმენტების ფარგლებში ქმედით ზომებს განახორციელებენ საერთაშორისო მონიტორინგის ჩასატარებლად, დეოკუპაციის პროცესის საერთაშორისო მექანიზმებისა და ახალი სამშვიდობო ფორმატის შესაქმნელად და აიძულებენ კრემლს, 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“.

კრემლის შეუსრულებელ საერთაშორისო ვალდებულებებს პოლიტოლოგები ეხმაურებიან. ვასილ ჭყოიძის განცხადებით, „მედვედევმა დაამტკიცა, რომ მისი ხელმოწერა გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ის ფურცელი, რომელზეც იგი ხელს აწერს“.

ირაკლი მენაღარიშვილი კი ფრანგული დიპლომატიის შეცდომებზე საუბრობს. მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოში დასავლეთს საკმარისი მზაობა არ აღმოაჩნდა, რომ რუსეთისთვის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ეიძულებინა.

როგორც მენაღარიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სამწუხაროა ის, რომ ორი წლის თავზეც კი ვერც ევროპა და ვერც აშშ საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკაზე ეფექტურ გავლენას ვერ ახდენენ. ექსპერტის აზრით, შეცდომები იყო დაშვებული სარკოზი-მედვედევის მოლაპარაკებების პროცესშიც.

„შეთანხმება შეიცავს ისეთ ელემენტს, რომლითაც რუსეთს ფორმალურად ხელები გაეხსნა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის ნაცვლად უფრო ფართოდ გაშალა საომარი მოქმედება. ეს იყო უდავოდ ლაფსუსი, რომელიც შეიძლება ვთქვათ, რომ ფრანგულ დიპლომატიას მოუვიდა“, - აცხადებს მენაღარიშვილი.

ერთადერთი შედეგი, რაც ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიღო, ექსპერტის აზრით, ის არის, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია აღიარეს.

აგვისტოს ომის ორ წლისთავს და მოსკოვის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მუდმივ დარღვევას აშშ–დან სენატორი ჯონ მაკკეინი გამოეხმაურა. მაკკეინის განცხადებით, „გადატვირთვის“ მიუხედავად, რუსეთის ქმედებები სულ უფრო უარესდება“.

შეერთებული შტატების რესპუბლიკელ სენატორს ჯონ მაკკეინს რუსეთის ქმედებები აღიზიანებს. როგორც მაკკეინმა უოშინგთონ თაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, აშშ-სა და რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკის მიმდინარეობის მიუხედავად, რუსეთის ქმედებები გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო უარესდება.

„ვწუხვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ შემუშავებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება მუდმივად ირღვევა. რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობს, რაც ამ შეთანხმების აშკარა დარღვევაა. ისინი აგრძელებენ ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მილიტარიზაციას, რისი ბოლო დასტურიც საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C-300-ის განთავსებაა. ამით რუსეთი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კვლავინდებურად ემუქრება, რასაც ასევე ძალიან მაღელვებს, – აცხადებს მაკკეინი.