ლავრენტი ბერიას საბედისწერო შეცდომა

ლავრენტი ბერიას საბედისწერო შეცდომა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგომ სტალინს ჯანმრთელობის გაუარესება დაეტყო, რაც, ბუნებრივია, იმ არაადამიანური შრომის შედეგი იყო,  რომელსაც იგი ეწეოდა 1941-1945 წლებში. ამის მიუხედავად, მას დაძაბული მუშაობა არც ომის შემდეგ შეუწყვეტია. სიტუაციას ამწვავებდა ისიც, რომ ბელადი არ ენდობოდა ექიმებს. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ მას არ გაუვლია სამედიცინო შემოწმებები და არც სერიოზული მკურნალობის კურსი ჩაუტარებია. იმხანად სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ცხადია, ოფიციალური ცნობები არ ქვეყნდებოდა. 1951-1952 წლებში გადაღებული ფოტოებიდან, სახეზე არსებული გარეგნული ნიშნების მიხედვით, აშკარა ხდება, რომ დიდი ბელადი სერიოზულად იყო ავად. ექიმები ასკვნიან, რომ ეს ნიშნები შეიძლება მეტყველებდეს როგორც გულის, ისე თირკმლის უკმარისობაზე. შემორჩენილი დოკუმენტური კადრებიდან ჩანს, რომ სტალინს შენელებული აქვს მოძრაობა, ხოლო, დიდი ხნის წინ დაზიანებულ მარცხენა ხელს კი (ცემისას ჟანდარმებმა ნერვი დაუზიანეს) კიდევ უფრო მოუხერხებლად ხმარობს. ცხადია, ავადმყოფობის მიზეზით უნდა ყოფილიყო ის, რომ სტალინის ბოლო გამოსვლები ძალიან მოკლე იყო. ბელადი ხშირად ისვენებდა ლაპარაკისას და მძიმედ სუნთქავდა. ყოველივე ამის დასტურია ის, რომ, სკკპ მეცხრამეტე ყრილობაზე (1952წელი) სტალინი საანგარიშო მოხსენებით არ გამოსულა, მან მხოლოდ მოკლე სიტყვა წარმოთქვა, თან, იქვე აღიარა, რომ ავადმყოფობდა, ძველებურად ვეღარ მუშაობდა და თითქმის აღარ კითხულობდა. ყველაზე უფრო მეტად სტალინს ალბათ, მაინც გულ-სისხლძარღვთა დაავადება ურთულებდა მდგომარეობას. მან გარდაცვალებამდე ორი ინსულტი გადაიტანა. მიუხედავად ამისა, ბელადს არც შემდეგ მიუღია გადაწყვეტილება, სერიოზულად მიეხედა საკუთარი ჯანმრთელობისთვის. ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა: რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ბელადის ასეთი საქციელის შედეგი? სწორედ ამ კითხვაზე შევეცდებით პასუხის გაცემას საქართველოს საპატრიაქროს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ლექტორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით.

სტალინი იმდენად ეჭვიანობდა, რომ, უბრალო გაციების დროსაც, ექიმის მიერ დანიშნულ წამალს კრემლის აფთიაქიდან კი არ იღებდა, არამედ, საკუთარი დაცვის წევრებს გზავნიდა მოსკოვის ოლქის სხვადასხვა სოფლის აფთიაქებში და მათ მიერ მოტანილი წამლის ერთი და იმავე დასახელების ათეულობით ნიმუშიდან ერთ-ერთს ირჩევდა დასალევად. ეჭვიანობის მიზეზი იყო ისიც, რომ ბელადი დიდ სიფრთხილეს იჩენდა საკვების მიღებისას, მაგალითად, სტალინის საკვებად განკუთვნილი „სელიოდკა“ არხანგელსკიდან სპეციალური თვითმფრინავით ჩამოჰქონდა მისი პირადი დაცვის უფროსს.

დღემდე გრძელდება დავა იმის შესახებ, ბუნებრივი სიკვდილით (ინსულტით) გარდაიცვალა იოსებ სტალინი თუ მოკლეს. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია, მოკლედ შევეხოთ იმ ვითარებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შეიქმნა  საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. სტალინი ცხადია, ყურადღებით აკვირდებოდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს; ინგლისელმა ხალხმა მეორე მსოფლიო ომის წლებში გამოჩენილი დამსახურების მიუხედავად, უინსტონ ჩერჩილს არჩევნებში მხარი აღარ დაუჭირა და ქვეყნის ბედი სხვა პრემიერ-მინისტრს ანდო. სტალინს აშფოთებდა ის ხმებიც, რომლის მიხედვითაც ამერიკის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი მოწამლეს. ბელადი გრძნობდა, რომ მის წინააღმდეგ გარკვეულ ძალთა ორგანიზება ხდებოდა. მას განსაკუთრებით აშინებდა იმ სამხედროების ოპოზიცია, რომელთაც ომის წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვეს. პირველ ყოვლისა, ეს ეხებოდა მარშალ გიორგი ჟუკოვს. სტალინი იმასაც გრძნობდა, რომ მსოფლიოში ვითარება შეიცვალა და ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ერთობლივმა ბრძოლამ ერთმანეთთან დააახლოვა აშშ-ის, საბჭოთა კავშირის, ინგლისისა და საფრანგეთის ხალხები. საბჭოთა კავშირი დიდხანს ვეღარ დარჩებოდა რკინის ფარდის მიღმა არსებულ სახელმწიფოდ. სტალინის ღრმა რწმენით, ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწე თამაშს იწყებდა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან, მაგალითად, ვიაჩესლავ მოლოტოვი. ამიტომ, ოპოზიციის დაქსაქსვის მიზნით, სტალინმა გადამჭრელი ღონისძიებები გაატარა: საგარეო საქმეთა მინისტრობიდან მოხსნა მოლოტოვი; ჟუკოვი გაათავისუფლა გერმანიაში განლაგებული საბჭოთა ჯარების მთავარსარდლის მოვალეობიდან და დანიშნა საბჭოთა კავშირის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლად, საიდანაც ძალიან მალევე გაათავისუფლა და დააქვეითა ოდესის სამხედრო ოლქის სარდლამდე; გენერალი კონსტანტინე როკოსოვსკი კი პოლონეთში გაგზავნა სამუშაოდ. სტალინის მითითებით, სპეცსამსახურებმა დაიწყო ეგრეთ წოდებული „სამხედრო ნადავლის საქმის“ გამოძიება. მარშალ ჟუკოვს, მარშალ რაკასოვსკის, სხვა მარშლებსა და გენერლებს ბრალად ედებოდათ გერმანიიდან გამოტანილი სამხედრო ნადავლის უკანონოდ მითვისება. დასჯით არავინ დაუსჯიათ, მაგრამ, სტალინის ჩანაფიქრი ამჯერადაც გამართლდა – სამხედრო ელიტა სერიოზულად შეშინდა. მოლოტოვს სტალინმა ბრალად დასდო დასავლელი ჟურნალიტების წინაშე კეკლუცობა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში ავტორიტეტის მოპოვების მიზნით. უცნობია, რა ინფორმაცია ჰქონდა სტალინს, მაგრამ, მოგვიანებით დადასტურდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სწორედ ამ პერიოდიდან იწყებდა დალესის გეგმის რეალიზებას, რომლის მიზანი იყო საბჭოთა კავშირის დასუსტება და დაშლა. ამ რთულ ვითარებაში სტალინის მხარდამჭერებად გამოდიან ლავრენტი ბერია, გიორგი მალენკოვი, ნიკოლაი ბულგანინი და ნიკიტა ხრუშჩოვი. ცდილობს, ამ ჯგუფს მიეტმასნოს ანასტას მიქოიანი, მაგრამ, ვერ ახერხებს, რადგან, ბელადი მას არასდროს ენდობოდა. აშკარა იყო, რომ სტალინის პოლიტიკური მემკვიდრე ზემოთ ხსენებული ოთხი პოლიტიკური მოღვაწიდან უნდა შერჩეულიყო. გარკვეული მოსაზრებით, ბელადი თვითონ არ ასახელებდა თავის პოლიტიკურ მემკვიდრეს, რამაც მემკვიდრეებს შორის ურთიერთობა სასტიკად დაძაბა და სტალინის მიზანიც სწორედ ეს იყო. ნიკიტა ხრუშჩოვი ფიქრობდა, რომ სტალინი ბერიას დაუჭერდა მხარს, ამიტომ, ყველფერს აკეთებდა მათ შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად. ისე ჩანდა, თითქოს ხრუშჩოვი ჩვეულებრივი პარტიული მოღვაწე იყო და არაფრით გამოირჩეოდა. მართალია, მას არც ბუნებრივი ნიჭი და არც სათანადო განათლება უწყობდა ხელს, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ, სტალინისგან ბევრი რამ შესანიშნავად ისწავლა – მან მშვენივრად მოირგო „ივანუშკა დურაჩოკის” როლი. სტალინს ხრუშჩოვი სულელად მიაჩნდა, ხოლო ბერია – არარაობად. მალენკოვი მიიჩნევდა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლაში უეჭველად გაიმარჯვებდა ბერია და ამიტომ გადაჭრით დადგა ამ უკანასკნელის მხარეზე. ძალზე ეშმაკური პოზიცია დაიკავა ბულგანინმა: მას გაპირველკაცების იმედი არ ჰქონდა და, ამიტომ, გადაწყვიტა, გამარჯვებულის მხარეზე დამდგარიყო. რაც შეეხება ბერიას, ის თითქმის დარწმუნებული იყო, რომ სტალინის მემკვიდრე იქნებოდა. ეს ალბათ, ასეც მოხდებოდა, რომ არა თვით ბერიას დაუდევრობა. მან სტალინისგან ბევრი რამ ისწავლა, მაგრამ, ყურადღების გარეშე დატოვა ბელადის ერთი თვისება: სტალინი ცხოვრობდა პრინციპით – „არავის ენდო, არავის იმედი არ გქონდეს და არაფრის შეგეშინდეს.” ბერია კი ხელაღებით ენდო მალენკოვს და არასდროს ეჭვიც არ გასჩენია, რომ არარაობა ხრუშჩოვი მას გადაიბირებდა. მთელი თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში სტალინმა ზუსტად იცოდა, ყოველდღე ვინ უნდა დაეჭირა, ვინ – გადაესახლებინა, ვინ – დაეხვრიტა, ვინ – დაექვეითებინა და ვინ – დაეწინაურებინა. შეიძლება ითქვას, ბერიაც ამ პრინციპით ცხოვრობდა, მაგრამ, ბოლო მომენტში მას ალღომ უღალატა: ერთ მშვენიერ დღეს ბერიამ იფიქრა, რომ მის გაპირველკაცებას ხელს ვეღარფერი შეუშლიდა და სწორედ ამან დაღუპა კიდეც.

თუ სტალინი ნამდვილად მოწამლეს, ხსენებული ოთხეულიდან ეს შეიძლება გაეკეთებინა ხრუშჩოვს, სამი დანარჩენი ამაზე არ წავიდოდა. არის ვერსია, რომ ბელადი მისთვის საკითხავად განკუთვნილი წიგნის ფურცლებზე დაყრილი ნელი მოქმედების საწამლავით მოწამლა ცენტრალური კომიტეტის მდივანმა ფურცევამ. ფურცევა ხრუშჩოვის დროს დიდ პატივში იყო და საკმაოდ დიდხანს ეკავა საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრის თანამდებობა და ხრუშჩოვის ერთ-ერთ უახლოეს თანამებრძოლად ითვლებოდა. ვერსია, რომ სტალინის მოწამვლა ბერიას შეეძლო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, რადგან ბერია სრულიად მოუმზადებელი შეხვდა სტალინის სიკვდილს. ბელადის გარდაცვალების შემდეგ, ის მეტად მნიშვნელოვანი პირველი 10-12 საათი ბერიამ, პრაქტიკულად, უმოქმედოდ გაატარა. ეს გამოიხატა თანამდებობების გადანაწილებაშიც: ხრუშჩოვი გახდა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, ესე იგი, პარტიის ლიდერი; მალენკოვი – მთავრობის თავმჯდომარე, ბერია – მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და შინაგან საქმეთა მინისტრი. რატომ დაკმაყოფილდა ბერია ასეთი მოკრძალებული თანამდებობით? მას იმედი ჰქონდა, რომ მალენკოვის მხარდაჭერით „ივანუშკა დურაჩოკს” მალე მოიშორებდა, მალენკოვი კი ბერიას გაპირველკაცებას არ შეეწინააღმდეგებოდა. მაგრამ, ასე არ ფიქრობდა თვითონ „ივანუშკა დურაჩოკი”...