5 ივლისს საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეწვევა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რეგიონსა და საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის საკითხს განიხილავს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ჰილარი კლინტონი საქართველოს აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის ფარგლებში ესტუმრება.
"ის, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევისა და აშშ-ის პრეზედენტის, ბარაკ ობამას შეხვედრის შემდეგ თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ განცხდებაში საქართველოს ტერიტორიებს ოკუპირებულის სტატუსი აქვს მინიჭებული, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის გზავნილი რუსეთის მიმართ და იგი ფაქტიურად აშშ-მა ოკუპანტად და მისი ჯარები კი საოკუპაციო ძალებად აღიარა. ეს არის იმ რეალობის ასახვა, რაც ჩვენს ქვეყანაში რეალურად ხდება", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღონიამ.
ამასთან, ჯალაღონიას განცხადებით, კლინტონი საქართველოს მთვარობის წარმომადგენლებთან ერთად აშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტიასაც განიხილავენ.
ჰილარი კლინტონის ვიზიტს საქართველოში უკვე გამოეხმაურა უცხოური პრესაც, როგორც სააგენტო "როიტერი" წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კავკასიაში სტაბილურობის მხარდაჭერის მიზნით ეწვევა.
ჰილარი კლინტონის ვიზიტზე საქართველოში და შეხვედრის შესაძლო შედეგებზე "რეზონანსი" პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.
ზურაბ აბაშიძე: მნიშვნელოვანი ვიზიტია, იმიტომ, რომ აშშ-ის მაღალი რანგის სტუმარი ჩამოდის საქართველოში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი იმ ფონზე, რომ ამერიკას ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სტუმრობდა.
რას შეიძლება ელოდეს საქართველო ამ ვიზიტისგან?
- თავისთავად ასეთი ვიზიტი უკვე შედეგია, ეს უკვე ფასეული და მნიშვნელოვანი მოვლენაა. რა იქნება კონკრეტულად, ამაზე ვიზიტის შემდეგ სჯობს ვისაუბროთ. სავარაუდოა, რომ იქნება იმ თემებზე საუბარი, რაც ჩვენ გვაწუხებს და გვაინტერესებს. ეს იქნება საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური უსაფრთხოება.
ასევე უნდა ველოდოთ იმას, რომ იქნება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხების განხილვა, სადაც აშშ ალბათ კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან მიმართებაში, რადგან ეს აშშ-ის პრინციპული დამოკიდებულებაა.
გეტყვით იმასაც, თუ რას არ უნდა ველოდეთ. არ უნდა ველოდეთ სასწაულს და რაღაც დიდ გარღვევებს.
კრიტიკოსები ობამას ადმინისტრაციას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის რუსეთთან კავშირებს საქართველოს ფასად აუმჯობესებს
- ვერ დავეთანხმები ამას, რადგან საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომლის საფასურადაც აშშ შეიძლება რაღაც დიდი წარმატებების მიღწევას ცდილობდეს. გარდა ამისა, ობამას ადმინისტრაცია აშკარად აკეთებს აქცენტს აშშ-ის უნივერსალურ ფასეულობებზე. პარტნიორის "დახურდავება" კი ასეთ ფასეულობებს არანაირად არ შეესაბამება. ამიტომ ამგვარი შეფასება არ არის სწორი.
ბოლო დროს ამაზე ბევრი დაიწერა. ის, რომ სახელმწიფო მდივანი ჩამოდის საქართველოში, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ამერიკის ინტერესი სამხრეთ კავკასიის და საქართველოს მიმართ შენარჩუნებულია.
"ასოშეიტედ პრესის" შეფასებით კი, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის "სრული იდილიაა". თქვენი აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, რა შედეგი გამოიღო საქართველოსთვის მედვედევის ვიზიტმა აშშ-ში იმ ფონზე, როდესაც რუსეთსა და აშშ-ს შორის გადატვირთვის პოლიტიკაა დაწყებული?
- სრული იდილია არსად სუფევს. დღეს ძნელად მოიძებნება ისეთი ორი ქვეყანა, რომელთა შორის სრული იდილიაა. მაგრამ საერთო ჯამში რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის რაღაც პოზიტივი მოინიშნა, ეს ფაქტია და, პრინციპში, ეს ჩვენთვის სასიკეთო მოვლენაა. ასეთი ურთიერთობები რომ ყოფილიყო აშშ-სა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში ომი ალბათ არ იქნებოდა.
თუმცა, როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო პოლიტიკა ანტიდასავლურია. რამდენად შეიძლება იქონიოს იმედი საზოგადოებამ, რომ დასავლეთთან ინტეგრირებული რუსეთი საქართველოს საკითხში უფრო კანონმორჩილი იქნება?
- თუკი ეგ რეალურად მოხდება, კერძოდ აშშ-რუსეთის თანამშრომლობის უფრო პოზიტიურად ქცევა, ვიდრე დღეს არის, მე მგონი ეგ საერთოდ ჩვენი საქმეების მოგვარებასაც წაადგება მომავალში.