ანზორ ქოქოლაძე - მიესაჯა 7 წელი! დაივიწყეთ!

ანზორ ქოქოლაძე - მიესაჯა 7 წელი! დაივიწყეთ!

ანზორ ქოქოლაძე საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია "ელიტ ელექტრონიქს"-ის დამფუძნებელი და 100%-იანი წლის მფლობელი იყო. 2009 წლის აგვისტოში მის კომპანიაში, ფინანსური პოლიციეს შესვლის შემდეგ, ქსელის მაღაზიები სამი თვის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ამ პერიოდში გადახდისუუნარობის გამო, კრედიტორი ბანკები კომპანიის მმართველობაში შევიდნენ.

"ელიტ ელექტრონიქს"-ის რეაბილიტაციის პროცესის მეთვალყურეობას კომპანიის ყველაზე მსხვილი კრედიტორი "თიბისი ბანკი" ახორციელებს. კომპანიიდან დაითხოვეს ძველი მმართველი გუნდი და დაინიშნა ახალი. კომპანიამ "თიბისი ბანკის" მიმართ აღებული ვალდებულება დროზე ვერ დაფარა და ამიტომ "თიბისი ბანკმა" ქოქოლაძის მიერ 5.5 მლნ დოლარად დაგირავებული კომპანიის 55% წილი თავისი შვილობილი კომპანიის "თიბისი ბროკერი"-ს მეშვეობით 116 ათას ლარად შეიძინა.

"ელიტ ელექტრონიქსის" ქონების სამართლებრივი გზით დაბრუნების მცდელობის პარალელურად, ქოქოლაძემ "ელიტ ელექტრონიქს"-ის კონკურენტი კომპანია "ტექნო ბუმი" დააფუძნა. ამან "თიბისი ბანკი"-ს უკმაყოფილება გამოიწვია. ბანკში აცხადებდნენ, რომ აპირებდნენ იმის გარკვევას, თუ საიდან აქვს ანზორ ქოქოლაძეს ფული "ტექნო ბუმი"-ს შესაქმნელად და ამ საკითხის გასარკვევად პროკურატურის ჩართვასაც არ გამორიცხავდნენ.

2010 წლის 5 აგვისტოს კი ანზორ ქოქოლაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი ედებოდა 2008-2009 წლებში სხვადასხვა უკანონო გარიგებების საფუძველზე სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებაზე თავის არიდება. 2011 წლის 21 აპრილს ანზორ ქოქოლაძეს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ანზორ ქოქოლაძის ადვოკატი ლელა ნადიბაიძე:

მოდით, დავიწყოთ იმით, თუ რა ბრალდებები წაუყენეს თქვენს კლიენტს და რა ბრალდების მიხედვით იქნა იგი დამნაშავედ ცნობილი. დაცვას რა არგუმენტები ჰქონდა ამ ბრალდებებთან დაკავშირებით და რატომ გრძელდებოდა პროცესი 9 თვის განმავლობაში?

- ანზორ ქოქოლაძეს წაყენებული აქვს ბრალდება სსსკ–ის 180–ე მუხლისა მე–3 ნაწილისა და 362–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. ამ შემთხვევაში პროკურატურამ კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასწარი პატიმრობის ვადის მაქსიმუმი გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ წარადგინა უტყუარი წერილობითი მტკიცებულებები, ესენია ხელშეკრულებები, სხვადასხვა ბანკიდან წარმოდგენილი საკრედიტო ისტორიები და მრავალი სხვა მტკიცებულება, რაც უდავოდ ადასტურებდა ქოქოლაძის უდანაშაულობას, ყოველივე ეს სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული. 

რამდენად სამართლიანად მიიჩნევთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ანზორ ქოქოლაძეს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. თქვენი აზრით, რა პრობლემები არსებობს დღეს სასჯელაღსრულებით სისტემაში? 

- თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ დაცვის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებდა ანზორ ქოქოლაძის უდანაშაულობას წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მიიღო უკანონო და, შესაბამისად, უსამართლო გადაწყვეტილება. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, საკითხი არ არის ამ საქმესთან დაკავშირებული, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ქოქოლაძე იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მას ამ დროისთვის დაწესებულებასთან პრობლემები არ გააჩნია. 

სასამართლო პროცესის მსვლელობისას ხომ არ განიცდიდა ანზორ ქოქოლაძე ზეწოლას, მთავრობის წარმომადგენლებისგან ან სხვა პირებისგან, თუ იყო საუბარი საპროცესო შეთანხმებით მის გათავისუფლებაზე ან საპატიმრო ვადის შემცირებაზე? 

- მინდა გითხრათ, რომ დაკავებიდან სასამართლო გამოძიების დასრულებამდე, ანზორ ქოქოლაძე არავის მხრიდან არანაირ ზეწოლას არ განიცდიდა. საპროცესო შეთანხმებაზე იყო საუბარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. 

ექსპერტები ამ საქმეში "თიბისი ბანკის" დაინტერესებას გამორიცხავენ. არ შეიძლება ისეთი სოლიდური ინსტიტუტე, როგორიც "თიბისია", ტექნიკის ბაზრით დაინტერესებულიყო. თუმცა, ფაქტია, რომ ჯერ კიდევ 2007-2008 წლებში შესაბამისმა უწყებებმა დაიწყეს "ელიტ-ელექტრონიქსის" "დაბომბვა", მაგრამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ეს პროცესი გაჩერდა. მაგრამ, როგორც კი ტექნიკის ბაზარი გამოცოცხლდა, ამ ბაზრის ლიდერი "ელიტ-ელექტრონიქსი" წამსვე აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. ვინ იყო დაინტერესებული ბიზნესის ამ სეგმენტის ხელში ჩაგდებით?

- საერთოდ, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სს "ელიტ ელექტრონიქსის" განცხადების საფუძველზე, რომლის მესაკუთრეს განცხადების წარდგენის დროისთვისაც და დღესაც წარმოადგენს სს "თიბისი ბანკი" და რომელიც უკანონოდ დაეუფლა ანზორ ქოქოლაძის საკუთრებაში არსებულ აქციებს, რომელთა 100%–ის მფლობელსაც წარმოადგენდა ანზორ ქოქოლაძე. კონკურენტუნარიანი საწარმოს, მხედველობაში მაქვს შპს "ტექნობუმი", წარმატებული სტარტი შეიძლება გახდეს მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის საგანი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში კონკურენტი საწარმოს მესვეურთა მხრიდან უკანონო და უსამართლო ქმედების საფუძველი, რაც გამოიხატა მათი მხრიდან მათ საკუთრებაში უკანონოდ მოქცეული საწარმოს სს "ელიტ ელექტრონიქსის" მეშვეობით საგამოძიებო ორგანოში სრულიად უსაფუძვლო განცხადების წარდგენაში. ბაზარს რაც შეეხება, ძნელია ამაზე საუბარი და ეს თემა უფრო ჟურნალისტური გამოძიების საგანი შეიძლება გახდეს, ვიდრე ბატონი ანზორ ქოქოლაძის ადვოკატის.

ცნობილია, რომ აპირებთ განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას. როგორ აფასებთ თქვენს შესაძლებლობებს? რას მოელით კონკრეტულად პროცესის გადახედვის შედეგად, - გამართლებას, სასჯელის შემსუბუქებას და ა.შ. თუ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ანზორ ქოქოლაძეს სასჯელი თუნდაც შეუმცირდეს ან გამართლდეს, როგორც უდანაშაულო?

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ მიღებული განაჩენი უკვე გავასაჩივრეთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის სააპელაციო პალატაში. მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მიმართ ობიექტური და ჭეშმარიტების დადგენის ნებით მიდგომის და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში, უნდა გაუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენი და დადგეს გამამართლებელი. 

თუ სააპელაციო სასამართლოში წარმატებას ვერ მიაღწიეთ, აპირებთ თუ არ საქმის ევროსასამართლოში გაგზავნას?

- საქმეზე ობიექტურობისა და ჭეშმარიტების დადგენისათვის, ჩვენს მიერ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი.