ოქროს გაიაფების შესაძლებლობა აღარ არსებობს

ოქროს გაიაფების შესაძლებლობა აღარ არსებობს

ოქროს ფასი მაღალ ნიშნულზე დარჩება. შესაძლოა, იგი რეკორდულად აღარ გაძვირდეს, მაგრამ მისი გაიაფების შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს. შემცირდა ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული სამკაულების რეალიზაცია. გლობალურ ბაზრებზე დაძაბულობა და გაურკვევლობა გრძელდება.

საინვესტიციო ბანკმა HSBC- 2025 წლისთვის ოქროს საშუალო ფასის პროგნოზი 1 უნციაზე 3015 დოლარიდან 3215 დოლარამდე, ხოლო 2026 წლისთვის 2915 დოლარიდან 3125 დოლარამდე გაზარდა, რის მიზეზადაც გაზრდილი რისკები და სამთავრობო ვალი დასახელდა.

ოქრო, როგორც წესი, კარგად ფასობს ეკონომიკური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის პერიოდებში, რის გამოც აპრილის ბოლოს ოქროს სპოტურმა ფასმა რეკორდულ მაქსიმუმს, 3500 აშშ დოლარს მიაღწია ერთ უნციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფასის მცირედი კორექცია მოხდა, ივნისში ის კვლავ მაღალ ნიშნულზე - 3200-3300 დოლარის დიაპაზონში მერყეობდა.

გალთ ენდ თაგარტისმიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ცენტრალური ბანკების მხრიდან ძლიერი მოთხოვნა იყო. რეზერვების დივერსიფიკაციის ტრენდი კვლავ გრძელდება და 2025 წელი, როგორც ჩანს, ზედიზედ მე-4 წელი იქნება, როდესაც ისინი 1 000 ტონაზე მეტ ოქროს შეიძენენ. ამას ხელს უწყობს დედოლარიზაციის მოთხოვნა და გეოპოლიტიკური რისკების ჰეჯირება.

პრეზიდენტ ტრამპის არაპროგნოზირებადი პოლიტიკა და ფედერალურ რეზერვთან დაპირისპირება ასუსტებს დოლარის ნდობას. აშშ-ის გრძელვადიან ფისკალურ მდგომარეობაზე მზარდმა გაურკვევლობამ, მათ შორის, მაღალი ვალისა და დეფიციტის მოლოდინმა, ასევე უბიძგა ცენტრალურ ბანკებს ოქროსკენ.

მოთხოვნა ძლიერი იყო ინვესტორების მხრიდანაც. ახლო აღმოსავლეთში ივნისში გამწვავებულმა კონფლიქტმა და სავაჭრო ომის მუდმივმა შიშმა რისკების მიმართ მგრძნობელობა კიდევ უფრო გაზარდა. ინვესტორები ოქროს მიიჩნევენ ჰეჯირების საშუალებად, როგორც გეოპოლიტიკური რყევების, ასევე ეკონომიკური სისუსტის დროს. გამოიკვეთა, რომ შესაძლოა აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ახლოვდებოდეს, რამაც ოქროს დამატებით გაძვირებას უნდა შეუწყოს ხელი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

კვლევის მიხედვით, ფასის ზრდის პარალელურად, შემცირდა ძვირფასი ლითონის სამკაულებზე მოთხოვნა.

რეკორდულმა ფასმა ოქროს სამკაულის მოხმარება შეამცირა. ჩინეთსა და ინდოეთში (ტრადიციულ მომხმარებლებში) ფასებისადმი მგრძნობელობა გაიზარდა. გლობალურად სამკაულის წარმოება სავარაუდოდ 16%-ით შემცირდება 2025 წელს, თუმცა ეს კლება სრულად კომპენსირდება ინვესტორებისა და ცენტრალური ბანკების მხრიდან გაძლიერებული მოთხოვნით.

მეორე კვარტალში ოქროს დინამიკამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პორტფელში მის როლს, როგორც უსაფრთხო აქტივს. მსგავსი გეოპოლიტიკური და მოთხოვნის წამახალისებელი ფაქტორების გაგრძელების შემთხვევაში, მისი ფასი შემდეგ კვარტალშიც მაღალ ნიშნულზე უნდა შენარჩუნდეს“, - აღნიშნულიაგალთ ენდ თაგარტისშეჯამებაში.

გლობალური ფასების ზრდა საქართველოსთვისაც დიდი გამოწვევაა. „ზარაფხანასაღმასრულებელი დირექტორის თორნიკე სამხარაძის განცხადებით, ქვეყანაში ერთი გრამი ოქრო ბოლო 4 თვეში უკვე, საშუალოდ 55 ლარით გაძვირდა.

დეკემბრის ბოლოს 1 გრამი სუფთა ოქრო 245 ლარად შევიძინეთ, ახლაკი 1 გრამი სუფთა ოქროს ფასი 300 ლარია, ეს ზარაფხანისთვის და ზოგადად ყველა მწარმოებლისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა...

ბევრს ჰგონია, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს გაძვირება შესაძლოა, უხაროდეთ, რადგანაც ეს პროდუქტის ფასს ზრდის. თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. საოპერაციო დანახარჯებიდან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, - განაცხადა სამხარაძემ.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესება და სავაჭრო ომის გაჩაღება, რაც ეკონომიკური რისკების დაგროვებას იწვევს. დამატებითი რისკი გამოიწვია ირან-ისრელის სამხედრო კონფლიქტმა და უკრაინაში ომის დასრულების ვადის გაურკვეველი დროით გადაწევამ.