როგორც იქნა, დამრღვევი ქვეითების წინააღმდეგ დამოკიდებულება მკაცრდება. ადმინისტრაციული ჯარიმა ხუთმაგდება. გარდა ამისა, „დრიფტი“ სრულად და ყველგან აიკრძალება, რაც დასახლებულ პუნქტებში ხშირად ქმნის საავარიო სიტუაციებს.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქვეითებისთვის დაწესებული ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს კანონის პროექტი, რომლის საფუძველზეც იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანა. კანონპროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
აღსანიშნავია, რომ ქვეითებისთვის ამჟამადაც მოქმედებს ჯარიმები, თუმცა, ინიციატორების განმარტებით, არსებული ფულადი სანქცია ვერ ასრულებს პრევენციულ ფუნქციას, რის გამოც, საჭიროა ჯარიმების გაზრდა.
„ბოლო პერიოდში გახშირებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა, განსაკუთრებით ქვეითად მოსიარულეთა, მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, კერძოდ, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა. ქვეითად მოსიარულეთა ამგვარი ქცევა აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო სიტუაციების რისკს, რაც საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ქვეითების (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა აქამდე 10-ლარიან ჯარიმას იწვევდა. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი კანონის ძალას მიიღებს, ჯარიმა 50 ლარი გახდება.
ამასთანავე, ერთი წლის ვადაში იმავე დანაშაულის განმეორების შემთხვევაში ამჟამად ჯარიმა 20 ლარია, დაგეგმილი ცვლილებებით კი 100 ლარი ხდება.
აღსანიშნავია, რომ კანონს ემატება ორი მუხლი, რომლის მიხედვითაც, თუ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ქვეითების მიერ ჩადენილ იქნა ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, პირი 100 ლარით დაჯარიმდება, ერთ წელში დანაშაულის განმეორება კი 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
გარდა ამისა, მკაცრდება მიდგომა ე.წ. დრიფტის წინააღმდეგ. იგი, შესაძლოა, ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის აიკრძალოს - ამას შესახებ ცვლილებების შეტანა იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.
წინა რედაქციით „დრიფტი“ აკრძალული იყო მხოლოდ ავტომობილებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტმა კანონის ძალა მიიღო, შეზღუდვა გავრცელდება ყველა სახის ტრანსპორტზე. კანონის დარღვევისთვის ჯარიმა მოქმედი კანონით 300 ლარს შეადგენს. სანქციის თანხის ზრდას ინიცირებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ „დრიფტზე“ დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევებზე.
„ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე შეფასებებს აკეთებს ე.წ დრიფტის შესაძლო აკრძალვასა და საგზაო წესების დამრღვევი ქვეითებისთვის ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდაზე.
„ე.წ დრიფტის აკრძალვა გასაგებია და ვეთანხმებით, რომ დასახლებულ პუნქტებში ასეთი აქტივობები არ უნდა იყოს და კანონის ამ მიმართულებით განვითარება ნამდვილად დადებითად შესაფასებელი ნაბიჯია. მეორე მხრივ, თუკი ადამიანს აქვს ინტერესი, რატომ არ უნდა შეეძლოს სოციუმისგან მოშორებულ ადგილას ამ პროცესით დაკავება ისე რომ არავინ შეაწუხოს?!
ამ შემთხვევაში, სამწუხარო სწორედ ისაა, რომ ამას ხშირად დასახლებულ პუნქტებში აკეთებენ, რაც ბევრი სხვა ადამიანისთვის დისკომფორტის გამომწვევია. სიახლე არავისთვისაა, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ამაზე საკმაოდ მკაცრი რეგულაციები არსებობს და აღსრულებითი ნაწილიც ზედმიწევნით თანმიმდევრულად ხდება. კარგი იქნება, ჩვენთანაც ნელ-ნელა ასე მოხდეს.
ქვეითებთან მიმართებით, კანონების დახვეწა-დარეგულირებასა და თუნდაც სადამსჯელო ღონისძიებების გამკაცრებას სრულად მივესალმებით. ჩვენს გვერდს ამასთან დაკავშირებით კამპანიაც ჰქონდა. ბევრი ქვეითი მოძრაობს ისე, რომ საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ სიცოცხლეს, ისე სხვის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ცხადია, მისასალმებელი წამოწყებაა, თუმცა მთავარია, ეს ყველაფერი სწორად და სათანადოდ აღსრულდეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.
2025 წლის პირველ სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 112 ადამიანი, დაშავდა - 1760, ხოლო რაც შეეხება ავარიებს, ამ პერიოდში 1360 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით მეტია, დაშავებულთა ოდენობა კი 18%-ითაა გაზრდილი.
„აღნიშნული სტატისტიკა ყოველგვარ მოლოდინს აჭარებებს. აუცილებელია, სახელმწიფო დონეზე ზომების მიღება. პირველ კვარტალში 50 ფეხით მოსიარულე დაიღუპა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავარიის დროს გარდაცვლილთა შორის ყოველი მეორე ფეხით მოსიარულეა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიგანლია, რომ ქვეითთა კუთხითაც ბევრი რამ არის შესაცვლელი.
წამყვან ფაქტორად რჩება სიჩქარის გადაჭარბება, ასევე მანევრირების დარღვევა, საპირისპირო ზოლში სიარული“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
ბოდიში მაგრამ დიპლომატი, ტარიელ ჭანტურიას ტუალეტის პოეტივით არ უნდა იქცეოდეს. არ გამოვა ერთდროულად ელჩობაც და ოპოზიციონერობაც.