„დღეში რამდენჯერმე რადიკალიზაციაზე საუბარი, არ აღმოჩნდეს მიზეზი დამკვირვებელთა საკუთარ სახლებში დაბრუნების“

„დღეში რამდენჯერმე რადიკალიზაციაზე საუბარი, არ აღმოჩნდეს მიზეზი დამკვირვებელთა საკუთარ სახლებში დაბრუნების“

„საქართველოს ერთგულების სახელით“ - ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, დაფუძნებიდან ერთ თვეში ოდესის გუბერნატორს ეახლნენ. ამტკიცებენ, რომ მათ ორგანიზაციას მიხეილ სააკაშვილთან საერთო არაფერი აქვს, მასთან კომუნიკაცია კი, შემთხვევითობა იყო.

ასე არ ფიქრობენ მმართველ გუნდში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმართება და არსებობს პროცესების რადიკალიზაციის გეგმაც.

გიორგი კვირიკაშვილი აკონკრეტებს გეგმის ნაწილს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არის კანონიერი გზებით მოპოვებული ინფორმაცია. გეგმა კი ასეთია - საქართველოში სიტუაციის რადიკალიზაცია, მათ შორის შესასვლელ-გასასვლელების მანქანებით დაბლოკვა. მთავრობის მეთაური ოპონენტების გასაგონად აცხადებს, რომ საქართველოში 2003 წელი არ არის, რომ პარალელები გაავლონ. კვირიკაშვილი აცხადებს, რომ პოლიცია კანონით მინიჭებულ უფლებებს გამოიყენებს, რომ არ მოხდეს დაძაბულობა.

მაშ ასე, ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით“ აგვისტოში შეიქმნა. ორგანიზაციის ერთ-ერთი სახე კი, მწერალ მამუკა ხერხეულიძის შვილი, ბიძინა ხერხეულიძეა, რომელმაც შეხვედრები უკვე გამართა მიხეილ სააკაშვილთან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ორგანიზაციის იდეოლოგი და ხელმძღვანელი თავად მამუკა ხერხეულიძეა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხანაში ზონდერ ჯგუფის ხელმძღვანელად სახელდებოდა, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ თბილისის მერმა გიგი უგულავამ შპს „თბილისის“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოში დაასაქმა, მათ შორის იყვნენ - ბადრი ბასიშვილი, ეკა ხერხეულიძე, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ხახნელიძე და კობა ხაბაზი.

რა კავშირი აქვს პროცესების რადიკალიზაციასთან ორგანიზაცია - „საქართველოს ერთგულების სახელით“ და რა ზომებს უნდა მიმართოს ხელისუფლებამ? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

პრემიერის განცხადებით, ორგანიზაციასაქართველოს ერთგულების სახელით“ „ნაციონალური მოძრაობისმიერ იმართება და არსებობს პროცესების რადიკალიზაციის გეგმაც. ამ შემთხვევაში რა ქმედით ზომებს უნდა მიმართოს სახელმწიფომ?

სოსო ცისკარიშვილი: ვფიქრობ, ეს ფაქტი არ დარჩება იმ სახელმწიფო სამსახურების ყურადღების მიღმა, რომელთა ვალდებულებაც არის, როგორც პრევენცია რაიმე მიუღებელი ქმედებებისა, ასევე შესაბამისი რეაგირება. კი ბატონო, თუ საქმე გვაქვს განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვასთან და სხვა არაფერი, ეგრემც უქნიათ, რომ შემდგომ ბელორუსშიც და რუსეთშიც გამგზავრებულან, მაგრამ თუ რაიმე საფრთხის შემცველი გამოდგა ასეთი კომუნიკაცია, მით უმეტეს არჩევნების წინ, შესაბამის ორგანოებს არ უნდა გაუჭირდეთ დააზუსტონ კონკრეტულად, ვინ რატომ და რა ინტერესებით მონაწილეობდა ასეთ შეხვედრებში. ეს უნდა გახდეს სწრაფი შესწვალისა და რეაგირების საკითხი, რამაც შეიძლება უფრო მეტი სიმშვიდე შემოიტანოს წინასაარჩევნო პერიოდში.

რაც შეეხება პროცესების რადიკალიზაციის გეგმას - ხელისუფლება ნაცმოძრაობას ადანაშაულებს, PACE- დელეგაციამაც მოუწოდა პარტიებს, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან და ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, არჩევნების დემოკრატიული ხასიათი დაარღვიოს. როგორც ჩანს, საფრთხე არსებობს, მაგრამ ვის ინტერესშია 8 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურად არ იქნას აღიარებული?

- ჩემი აზრით, პირველი საფრთხე გახლავთ ის, რომ დღეში რამდენიმეჯერ საუბარი პროცესების რადიკალიზაციაზე, არ აღმოჩნდეს მიზეზი დამკვირვებელთა საკუთარ სახლებში დაბრუნების. როდესაც სახელმწიფოს სერიოზული ინსტიტუიციები დღე და ღამე საუბრობენ, რომ გარკვეული მიუღებელი ფორმები იქნება საარჩევნო პერიოდისთვის და ხელს ადებენ კონკრეტულ პარტიას, რასაკვირველია, შემაშფოთებელი იქნება კეთილი ნებით ჩამოსული დამკვირვებლებისთვისაც.

რაც შეეხება იმას, ვის ინტერსებში შეიძლება იყოს ასეთი მაღალი შფოთვის შემცველი არჩევნები და მცდელობა იმისა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურად არ იქნას აღიარებული, ვფქირობ, ეს არ გახლავთ ქართული ძალების ინტერესი, ან ცალკე აღებული რომელიმე პარტიის ინტერესი. ეს შეიძლება მხოლოდ იმ სუბიექტის ინტერესი იყოს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერჩის საქართველოს და რომელსაც, მიზნად აქვს დასახული, რომ საქართველო არ გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის უფლებამოსილი ბინადარი.

ანუ, მხედეველობაში გაქვთ რუსეთი და მასთან დაკავშირებული პრორუსული ძალები?

- საქართველოში პრორუსული ძალები თავად ვერ შეიმუშავებენ ვერანაირ ინიციატივას და ვერც განახორციელებენ. თუმცა ცხადია, რომ ისინი მართული არიან. მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლების მიმართ დაიწყო გარკვეული შეტევა, იმის გამო, რომ თურმე აპირებენ გააყალბონ ამ არჩევნების შედეგები. ასეთი უსამართლობის წინააღმდეგ უკმაყოფილების გამოთქმა, მონათლული უნდა იყოს გადატრიალების მცდელობად, რაც შემდეგ, ხელს გაუხსნის ხელისუფლებას ძალის გამოსაყენებლად. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ უნდა იყოს რაიმე შეშფოთების საფუძველი საქართველოში უკვე ჩამოსული დამკვირვებლებისთვის. ისინი კამიკაძეები ნამდვილად არ არიან. თუ მედიასივრციდან ყოველ დღე დავაფრთხობთ ამ ადამიანებს, რასაკვირველია ამით მოვემსახურებით იმ სუბიექტს, რომელსაც არ სურს საქართველოში ლეგიტიმური არჩევნების მოწყობა.

ვინ არის ეს სუბიექტი?

- ასე მკაფიოდ არ ვიგულებდი ქვეყნის შიგნით, უნდა ვეძიოთ მარტივად მმართვადი სუბიექტი, რომელიც არ შეიძლება იყოს აღწერილი მხოლოდ რომელიმე ერთი პოლიტიკური სუბიექტის სახით, რადგან რაც უნდა აქტიური იყოს, რომელიმე ცალკე აღებული პარტია, მისი დადანაშაულება რაიმე სახის სახელმწიფო მნიშვნელობის გადატრიალების მოწყობაში და ამის სახელისუფლებო მიკროფონიდან ანონსირება, რასაკვირველია, საფრთხის შემცველია. ღმერთმა ნუ ქნას, რომ არჩევნები გაფორმდეს, როგორც არალეგიტიმური, ეს იქნება უზარმაზარი უკან ნახტომი ჩვენი ქვეყნისთვის.

იქნებ მათი მიზანიც ეს არის?

- მიზანი ყოველთვის იწყება ოცნებით, მაგრამ ოცნების რეალიზაცია იშვიათია. რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად დაძაბულია არჩევების წინა პერიოდში, რომ ახლა ისინი კონტრშეტევის ფორმატში აპირებენ დარჩენილი რამდენიმე კვირის გატარებას, ხედავენ, რომ ეს არის მათი უკანასკნელი შანსი, რომ აღმოჩნდნენ პოლიტიკური პროცესის ინტერესის ცენტრში.

რასაკვირველია, არ დავიწყებიათ საკუთარი ფუფუნებისა და ყველაფრის შემძლეობის წლები, მაგრამ მათი ძირითადი ნაკლი ის გახლავთ, რომ დამნაშავეებს და სადისტური მიდრეკილებების მქონე წევრებს, ღიად არ გაემიჯნა „ნაციონალური მოძრაობის“ ის რაოდენობა, რომელსაც ნიჭიც გააჩნია, უნარიც და პატრიოტიზმის განცდაც არ აქვთ დაბალი.

ვიდრე ეს პოლიტიკური პარტია მოიაზრება იმ ძალად, რომელიც მიუღებელია მთელი ქვეყნისთვის, მანამდე რასაკვირველია, წარმატების იმედი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ. შურისძიება „ქართულ ოცნებაზე“ მათი მთავარი გეგმაა, დასანანია, რომ „ქართულ ოცნებასაც“ ანალოგიური მიდრეკილება აქვს ამ პატრიის წინააღმდეგ.

ერთია მიზანი, მაგრამ მეორეა მისი რეალიზაცია. ნაცმოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ 8 ოქტომბერს იმ რაოდენობით მოვლენ პარლამენტში, რაც საფუძველს მისცემს მართვის სადავეები აიღონ ხელში. მათი ეს ოპტიმიზმი რაზეა აგებული?

- ვფიქრობ, ეს არის სასოწარკვეთა და არა ოპტიმიზმი. „ნაციონალური მოძრაობა“ აცნობიერებს, რომ მარცხი, ამ არჩევნებში მათი პოლიტიკური განადგურების თანატოლი იქნება. გამოვრიცხავ, რომ რაიმე უნარი გააჩნდეთ საკმარისი რეზონანსის მქონე შფოთვის დასანერგად საზოგადოებაში. რეალობა ის გახლავთ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მოგროვილი გამონათქვამები უკვე მზადდება იმისათვის, რომ წაგების შემთხვევაში, მთელ ევროპას უფრო ადრე აცნონ საკუთარი ხედვა 8 ოქტომბრის არჩევნებზე, ვიდრე ამას ევროპელები გააკეთებენ.

უნდა შედგეს კონსენსუსი და ამის ინიციატორი, ვფიქრობ, უნდა იყოს საქართველოს პერზიდენტი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, მედიასივრცით აიკრძალოს ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება კონკურენტი პოლიტიკური ძალის მისამართით. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა. არ შეიძლება, მხოლოდ პროკურორის როლში იყოს მთელი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის მიმართ.

განვლილი თვეების განმავლობაში მოვახერხეთ, რომ უკვე ყველამ, ყველა გალანძღა. არც ერთ პოლიტიკოსს არ მოსდომებია, რომ საჯაროდ რაიმე პოზიტიური მიგნება მიეწოდებინა საზოგადოებისთვის. ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, რომელიც 100 ათას მოსახლეზე პარტიების რაოდენობით ლიდერობს პლანეტაზე და ასეთ ვითრებაში, ნაცვალდ იმისა, რომ სიმშვიდის მომტანი იყოს ჩვენი ხელისუფლება, იქცევიან როგორც ერთი პოლიტიკური პარტია და არა როგორც სახელმწიფოს ხელისუფლება.