საქართველოს ხელისუფლება ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს ღიად უპირისპირდება და ამჯერად ლიბერალური ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის, რომელიც გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პრობლემაა, სერიოზულად დააზიანა საქართველოს გენოფონდი. მთავრობის გადაწყვეტილებით, სრულად იკრძალება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.
ირაკლი კობახიძემ მიმართა საქართველოს პარლამენტს, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომავალ კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღოს. კანონით განისაზღვრება კონკრეტული ვადები, რომლის განმავლობაშიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გასატარებელი იქნება მთელი რიგი ღონისძიებები პროცესების შეუფერხებელი განხორციელებისთვის, მათ შორის პაციენტების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არც ერთი ადამიანი, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით სათანადოდ სარგებლობს, მედიკამენტის გარეშე არ დარჩება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ.
მისივე თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ, რომელიც თავისი დაწესებულებების მეშვეობით, მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს.
„გამკაცრდება კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე. მკაცრად იქნება უზრუნველყოფილი, რომ თითოეული მომსახურება პაციენტის მაქსიმალურად სწრაფ განკურნებას მოემსახუროს და არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება ე.წ. ლეგალური ნარკომანიის წასახალისებლად. ასევე, ვთხოვე ჯანდაცვის მინისტრს, უზრუნველყოს ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში გატანა მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან. დღეს ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მჭიდროდ დასახლებულ სივრცეებშია განთავსებული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება, რომლებიც ისეთივე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორც ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული საშუალება.
„ნარკოტიკული დანაშაულების გამოსავლენად და აღსაკვეთად გასული ერთი თვის განმავლობაში მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები განვახორციელეთ. რამდენიმე დღის წინ ამოღებულ იქნა 300 კილოგრამი ჰეროინი; გუშინ დავაკავეთ 18 ნარკორეალიზატორი. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გააქტიურდება. ნარკომანია არის უმძიმესი სენი, რომელიც სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი უმრავლესობისთვის.
ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოების დეგრადირება და მისი მანიპულირების გაიოლებაა, სხვა მანკიერებებთან ერთად, მიზანმიმართულად ცდილობს სხვადასხვა ქვეყანაში ნარკომანიის ფართოდ გავრცელებას, რისი ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი ქვეყანაცაა. ამკვიდრებენ ტერმინს „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომლის დეკლარირებული მიზანი ნარკომანიის შემცირებაა, სინამდვილეში კი სწორედ ნარკომანიის ფართოდ გავრცელებას ემსახურება. ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაქსიმალურად დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება და ახალგაზრდები კიდევ ერთი მძიმე სენისგან - ნარკომანიისგან, რომელსაც ხელოვნურად გვახვევენ თავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უკვე კანონით აიკრძალება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ და მას სახელმწიფო განახორციელებს. ასევე აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა კერძო კომპანიების მიერ და დაწესდება მკაცრი კონტროლი ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტის გამოწერაზე.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მხარს უჭერს მთავრობის მიერ ინიცირებულ გამკაცრებას, რადგანაც მიაჩნია, რომ ის ყველა ამ მიმართულებით ადრინდელ მცდელობასთან შედარებით უფრო ფართო და ყოვლისმომცველია და რაც მთავარია, კეტავს იმ ხვრელებს, რომლებითაც ლეგალურად ხდებოდა ქვეყანაში ფსიქოტროპული პრეპარატების და და მეტადონის იმპორტი კერძო კომპანიების მიერ.
„წარსულში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ლიბერალური კონიუნქტურისთვის გაწეული ხარკი წარსულს ბარდება და ჩვენ მოქალაქეები ვიქნებით ამის მაკონტროლებლები. არა აქვს მნიშვნელობა რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, რომელი დარგის ექსპერტი. ამ უკიდურესად მტკივნეულ საკითხზე ყველამ უნდა დააფიქსიროს საჯაროდ პოზიცია“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოს დავით ჩიხელიძის განცხადებით, არსებობს საკითხები რომელთა ირგვლივ, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ადამიანთა კონსოლიდაცია ხდება, ასეთ საკითხს მიეკუთვნება ნარკოპოლიტიკა და მასთან დაკავშირებული საკითხები.
„სამწუხაროდ, საქართველოში ბიზნესმენთა და მეწარმეთა ნაწილი სრულად ვერ იაზრებს მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, ისინი მოქმედებენ მერკანტილური მიზნებით და ფიქრობენ არა ადამიანის განკურნებაზე, არამედ გარკვეულ ნივთიერებებზე მათი დამოკიდებულების გაზრდაზე, რაც ნარკოდამოკიდებულთა პრობლემას ვერ მოაგვარებს, ახალი ინიციატივით ჩანაცვლებითი პროგრამის განხორციელებას საკუთარ თავზე სახელმწიფო აიღებს, რაც რისკებს მნიშვნელოვნად დააზღვევს და ადამიანებს განკურნების შესაძლებლობას მისცემს.
რაც შეეხება მეორე ინიციატივას, რომელიც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს შეეხება, ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემომტანი მხოლოდ სახელმწიფო იქნება, ეს ცვლილება არაკეთილსინდისიერი შემომტანების ქმედებით არის განპირობებული, რადგან ისინი ფსიქოტროპულ მედიკამენტს არამიზნობრივად და არასაჭიროებისამებრ ავრცელებდნენ!“, - წერს დავით ჩიხელიძე.