„მულო შენ გეუბნები, რძალო, შენ გაიგონეო“ - კობახიძის გაფრთხილება - „არ დავუშვებთ ძალადობას სახელმწიფოს წინააღმდეგ“

„მულო შენ გეუბნები, რძალო, შენ გაიგონეო“ - კობახიძის გაფრთხილება - „არ დავუშვებთ ძალადობას სახელმწიფოს წინააღმდეგ“

პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მწვავედ გააკრიტიკა როგორც შიდა, ისე გარე ძალები, რომლებიც, მისი თქმით, ცდილობდნენ სახელმწიფოს დასუსტებას. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა 2022 წლის შემდგომ დესტაბილიზაციის მცდელობებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ფაქტებზე, უცხოელების გავლენაზე კანონშემოქმედებით პროცესებში და სტრატეგიული პროექტების დაბლოკვაზე. მისი გზავნილი მკაფიოა – სახელმწიფო აღარ დაუშვებს არანაირ ძალადობრივ ან თვითნებურ მცდელობას ქვეყნის შიგნით ან გარედან!

ირაკლი კობახიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ზემოქმედება ძირითადად, ფარულ დაფინანსებასა და გავლენებს ეფუძნება.

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი დავით კუხალაშვილი for.ge-თან საუბარში განმარტავს, თუ როგორია ამ ტიპის ზემოქმედების მექანიზმები, რამდენად რეალურია ეს საფრთხე და რამდენად მზად არის სახელმწიფო მის გასამკლავებლად. მისი თქმით, ხელისუფლების განცხადებები, მაღალი ალბათობით, ეყრდნობა სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ დაზვერვით ინფორმაციას და ასახავს მიმდინარე გეოპოლიტიკური თამაშების ლოგიკას, სადაც საქართველო მნიშვნელოვანი სამიზნეა.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო წლებში არაერთი შიდა და გარე ჯგუფი ცდილობდა საქართველოს სახელმწიფოს დასუსტებას. როგორც აღნიშნა, მათ ფარული დაფინანსებითა და გავლენებით უნდოდათ ეკლესიის დისკრედიტაცია, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობა, სამართლებრივი სისტემის შერყევა და სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებისა და ანაკლიის პორტის დაბლოკვა.

პრემიერმა კონკრეტული მაგალითებიც გაიხსენა, როგორ წერდნენ უცხოელი დიპლომატები კანონებს საქართველოსთვის და როგორ ცდილობდნენ ძალოვანი სტრუქტურების დაკომპლექტებაში ჩარევას.

მისი თქმით, ეს ეტაპი უკვე წარსულია, სახელმწიფო მზადაა ყველანაირ დესტაბილიზაციურ სცენარს გაუმკლავდეს და ძალადობას არ დაუშვებს.

„ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და გადაწყვიტეს, ეძალადათ სახელმწიფოზე. მათ შორის იყო მცდელობები, დასუსტებულიყო სახელმწიფო ინსტიტუტები ფარული დაფინანსებით – ლგბტ პროპაგანდით, პოლიტიკური აქციებითა და ეკლესიის დისკრედიტაციით“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ადგილი ჰქონდა სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეშ ჩარევას: „იყო შემთხვევა, როდესაც საელჩოს წარმომადგენელი კონკრეტულ მოსამართლეს იბარებდა და კონკრეტული საქმის თაობაზე პასუხს სთხოვდა. ეს პირდაპირი დარღვევაა როგორც კონსტიტუციის, ასევე ვენის კონვენციის“, - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძემ ასევე ილაპარაკა კანონშემოქმედებით პროცესში გარე გავლენებზე: „მახსოვს, როგორ ისხდნენ უცხოელი დიპლომატები მაგიდასთან და ჩვენი გვერდის ავლით წერდნენ კანონებს. ეს ყველაფერი ხდებოდა იმ რწმენით, რომ სახელმწიფო სუსტი იყო და შესაძლებელი იყო მისი ამ ფორმით მართვა. უცხოელი პარტნიორების მხრიდან იყო მცდელობა, განსაზღვრული ყოფილიყო, ვინ დარჩებოდა შს მინისტრად. ასევე არსებობდა ხელყოფის მცდელობები სტრატეგიულ პროექტებთან მიმართებით. იყო მცდელობა, რომ არ აშენებულიყო სტრატეგიული ჰიდროელექტროსადგური. ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ სახელმწიფოს აღარ ჰქონდა საკმარისი ძალა“.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პერიოდი წარსულს ჩაბარდა და დღეს სახელმწიფო აღარ დაუშვებს თვითნებობას:

„დღეს გვაქვს ახალი რეალობა – არც ქვეყნის შიგნიდან და არც გარედან არ დავუშვებთ ძალადობას და თვითნებობას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - თქვა პრემიერმა.

უსაფთხოების ექსპერტი დავით კუხალაშვილი for.ge-თან ამბობს, რომ პრემიერის განცხადებები სერიოზულად არის აღსაქმელი – ეს არ არის პოლიტიკური რიტორიკა, არამედ რეალური საფრთხის ანარეკლი.

„ჩვენს ქვეყანაში გარე ზემოქმედების ტენდენცია დიდი ხანია შეიმჩნევა, თუმცა განსაკუთრებით თვალსაჩინო 2022 წლიდან გახდა. სწორედ მაშინ დავინახეთ, რომ საქართველოს მიმართ გარე ძალების მხრიდან მიზანმიმართული ზეწოლა და ღია შანტაჟი გააქტიურდა. ვფიქრობ, საქართველო, გარკვეულწილად, იმყოფება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესის ეპიცენტრში და ამ საფრთხის იგნორირება დაუშვებელია“, – აცხადებს კუხალაშვილი.

მისივე შეფასებით, ამ ტიპის ზემოქმედება მიზნად ისახავს ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციას, რის ერთ-ერთ მიზანს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა წარმოადგენს.

„ეს მიზანი აშკარად იკითხება უცხოელი ლიდერების განცხადებებსა და ქმედებებში, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სადაზვერვო ნიშნებს ატარებს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საგარეო ზეწოლა მიმართულია პოლიტიკური დესტაბილიზაციისკენ. თუმცა, დღეს ქუჩის პროტესტს ისეთი მასშტაბი აღარ აქვს, რომ ის რეალურ საფრთხედ იქცეს. ახლა საფრთხის წყარო სხვაგანაა – დეზინფორმაციის კამპანიებში და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით“, – ამბობს ექსპერტი.

კუხალაშვილის თქმით, დეზინფორმაციული შეტევა ღია სივრცეშია გადატანილი და ამ მიმართულებით სახელმწიფოს ქმედითი პასუხი ესაჭიროება.

„საჭიროა, რომ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსმა გააფართოოს მოქმედების არეალიც კიბერუსაფრთხოების კუთხით. თუ ამ მიმართულებით სისტემური პრევენცია არ განხორციელდა, ქვეყანა მაღალი რისკის წინაშე აღმოჩნდება“, – აცხადებს ექსპერტი.

მისი განმარტებით, პრემიერის გაფრთხილებები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ საერთაშორისო მოთამაშეებისკენაც არის მიმართული. კუხალაშვილის აზრით, ეს გზავნილები არის ძალოვანი სტრუქტურებისთვის დამატებითი მანდატი, რომ ქვეყანაში სტაბილური ოპერატიული გარემო განავითარონ.

„ეს ე.წ. ფარული მესიჯებია იმ აქტორებისთვის, რომლებიც საქართველოში დესტრუქციულ პროცესებში არიან ჩართული. სწორედ ამიტომ, ბოლო ცვლილებები სასამართლო კოდექსში და სხვა საკანონმდებლო ინიციატივები უნდა განვიხილოთ, როგორც სტრატეგიული უსაფრთხოების კონტექსტში მიღებული ნაბიჯები. ძალოვან სტრუქტურებს მიეცათ მექანიზმები, რომ უკეთ უზრუნველყონ სახელმწიფო უსაფრთხოება“, – აღნიშნავს კუხალაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების მაღალ დონეზე მუშაობა სწორედ იმით დასტურდება, რომ ქვეყანამ 2022 წლის შემდეგ მოახერხა გარე ზეწოლის მოგერიება და სტაბილურობის შენარჩუნება.

„იმ მძიმე პერიოდში, როცა საქართველო და მისი ხელისუფლება უპრეცედენტო თავდასხმების სამიზნე გახდა, სახელმწიფომ შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება. ეს, ჩემი შეფასებით, სახელმწიფოს და სპეცსამსახურების ერთობლივი მოქმედების შედეგია. თუმცა საფრთხე სრულად არ გამქრალა – უბრალოდ, კიბერსივრცეში გადაინაცვლა და სწორედ ამ მიმართულებით გვჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია“, – ამბობს ანალიტიკოსი.

პრემიერის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ ჩარეულიყვნენ კანონშემოქმედებით პროცესში ქვეყნის შიგნით, რასაც კუხალაშვილი უსაფრთხოების ჭრილში აფასებს.

„ეს არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური აუდიტორიისთვის განკუთვნილი გზავნილი. პრემიერის რიტორიკა ასევე ემსახურება საერთაშორისო პარტნიორებისთვის პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას – ხელისუფლება არ აპირებს ილუზიებში ცხოვრებას და მზად არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ესკალაციას მომზადებული დახვდეს“, – აცხადებს ექსპერტი.

კუხალაშვილი შეეხო ანაკლიის პორტის თემასაც, რომელიც პრემიერ-მინისტრმა სტრატეგიული პროექტების კონტექსტში ახსენა. ექსპერტის თქმით, მიუხედავად აშშ-ის გარკვეული დისტანცირების შთაბეჭდილებისა, ის პორტის განვითარებაში მაინც მონაწილეობს.

„ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩართულია მსხვილი ამერიკული კომპანია, რაც ნიშნავს, რომ აშშ ამ პროექტიდან სრულად გამიჯნული არ არის. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფოთის პორტზე დღეს აშშ-ს სერიოზული გავლენა აქვს, რაც ასევე საქართველოს ხელში არსებული ბერკეტია. აუცილებლობის შემთხვევაში, ქვეყანას შეუძლია მყარი სტრატეგიული პარტნიორების მოძიება სწორედ ამ მიმართულებით და არა მხოლოდ გარე ძალებზე დამოკიდებულება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პრეტენზიების მკაფიო ფორმულირება და ეროვნული ინტერესების დაცვა“, – აცხადებს კუხალაშვილი.

 

მარბიელი "პრემიერმა გაიხსენა წარსულის მაგალითები, როცა უცხოელი დიპლომატები წერდნენ კანონებს საქართველოსთვის-ო" ანუ წლების მანძილზე არა მარტო პრემიერებს და მინისტრებს გვინიშნავდა დიფსტეიტი, არამედ კანონებსაც ისინი გვიწერდნენო ... "ის დრო წარსულს ჩაბარდაო, გვეუბნებიან ყოჩაღად, მაგრამ ... ყოჩაღად მაშინაც გველაპარაკებოდა ოცნება და თურმე კოლონია ვყოფილვათ ... დავიჯეროთ? მიშა მფორთხავმა რომ გვითხრას ახლა წამება და წარსულს ჩაბარდა, მომეცით ხელისუფლება და აგაყვავებთო, დავიჯეროთ? ... იქნებ იმ დასავლეთს ამათი მოსარჯულებელი წამალი ისევ უზურში აქვს?
ნათქვამია ბოზი ბოზად რჩებაო, მატყუარა სიმართლით ვერ ივლისო...ვინც ერთხელ გაყიდა ხალხის ინტერესები რაღაც ფასად, თუ დასჭირდა ისევ იზამსო!!!
3 საათის უკან