„ევროპაში არ ეთანხმებიან ევროპარლამენტარების რადიკალურ გზავნილებს, იციან, რომ რეგიონში მხოლოდ საქართველოშია სიმშვიდე და არ ღირს სიტუაციის დაძაბვა ურეიტინგო ოპოზიციის გამო“

„ევროპაში არ ეთანხმებიან ევროპარლამენტარების რადიკალურ გზავნილებს, იციან, რომ რეგიონში მხოლოდ საქართველოშია სიმშვიდე და არ ღირს სიტუაციის დაძაბვა ურეიტინგო ოპოზიციის გამო“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამართულ დებატებს, რომელიც საქართველოში პოლიტიკური დევნის შესაძლო ფაქტებს ეხებოდა, მმართველი გუნდი სუბიექტურად აფასებს. მათი შეფასებით, ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი არაობიექტურია და ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევის მცდელობას განაგრძობენ.

PACE-ში გამართული დებატები, რომელიც წარიმართა სათაურით - „საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივი გათავისუფლება“, ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩატარდა. ასამბლეის წევრები მსჯელობისას შეეხნენ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და დასავლელი პარტნიორების შეფასებებს.

ნაწილმა მათგანმა თქვა, რომ გამოსავალი საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაა, განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილზე უნდა მოხდეს ზეწოლა, რათა პოლიტიკოსების გათავისუფლება მოხდეს. მათ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-თან მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზე ევროკავშირის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიები საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მორიგი მცდელობაა, რომელიც რეალურ შედეგებს არ გამოიღებს. მისი თქმით, დასავლეთიდან წამოსული განცხადებები, მიუხედავად მკაცრი ტონისა, სუსტდება როგორც შიდა პოლიტიკური განწყობების, ისე საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.

მმართველ პარტიაში კი დებატებს ერთმხრივი და პოლიტიკურად მიკერძოებული უწოდეს. როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, ასამბლეაში არ მოხდა ალტერნატიული პოზიციების სრულფასოვანი წარდგენა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანი არ იყო საქართველოს ინტერესების დაცვა. მათი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპის საბჭოს ფარგლებში სუბიექტური დამოკიდებულება შეინიშნება.

„აშანტაჟებენ როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, აშინებენ იმ რაღაც ბენიფეტების წართმევით, რომელიც ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. მათი განცხადებები ემსახურება ამ ქვეყნის დაშანტაჟებას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს კოლონია და ვიღაც, ვითომ, ჩვენზე უპირატესი ადამიანების დაქვემდებარების ქვეშ“, - აცხადებს ნინო წილოსანი.

მმართველი გუნდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორედ PACE-ის მხრიდან ახალ არჩევნებთან დაკავშირებული მოთხოვნა გახდა მიზეზი, რის გამოც საპარლამენტო დელეგაციამ მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მმართველი პარტიის შეფასებით, დებატები, რეზოლუციები და ზოგადად, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის პოზიცია უსამართლოა და არ ასახავს სინამდვილეს. მათი მტკიცებით, გარკვეული ევროპული სტრუქტურები და ბიუროკრატები არაობიექტური დამოკიდებულებით თავადვე აზიანებენ საკუთარ რეპუტაციას და საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი ნდობას.

„როცა ვუყურებთ, რომ მიმდინარეობს მსჯელობა და ალტერნატიული აზრის მოსმენა არ ხდება და საერთოდ, არ აღნიშნავენ იმ კანონს, რომელიც არსებობს საქართველოში და კანონი არ უნდა დაარღვიო, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უკვე წინასწარ გამიზნული გაქვს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გალაშქრება. საკმარისია, ამას ქედი მოუხარო, რომ საქართველოში შეუქცევადი იქნება ის პროცესები, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მოვიდეს ისეთი, რომელიც აწყობს ევრობიუროკრატიას კონკრეტული მიზნების და ამოცანების შესასრულებლად - ეს ფორმულა არ მოშლილა, ყველა დანარჩენი მოქმედება ექვემდებარება ამ ფორმულის რეალიზაციის ინტერესს“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი ვოლსკი.

დამოუკიდებელი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დებატებს თვალს ადევნებდნენ როგორც დარბაზიდან, ისე თბილისიდან. მათი შეფასებით, ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკული განცხადებები ასახავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაში არსებობს - ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლასა და დემოკრატიული სტანდარტების უკუსვლას.

PACE-ის დებატებს წინ უძღოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრები ასამბლეის პრეზიდენტთან. რამდენიმე დღეა სტრასბურგში იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, „ლელოს“ წევრები და კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები. ისინი საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე თავიანთთვის მისაღებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.

„დებატები საქართველოს საკითხზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით - ჩვენ ამ საკითხებზე სასაუბროდ შევხვდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების აუცილებლობაზე მაშინ, როდესაც ივანიშვილი ყოველდღიურად დგამს ნაბიჯებს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დავით ზარდიაშვილის თქმით, ევროსაბჭოს დებატები, განცხადებები და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოწოდებები კვლავაც „ქართული ოცნებაზე“ ზეწოლის მცდელობად უნდა განვიხილოთ.

„არ არსებობს არავითარი იოტისოდენა საფუძველი, რომ საქართველოს ხელისუფლების ან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს. ეს უფრო შანტაჟს ჰგავს. მივა თუ არა საქმე ამ ეტაპამდე და გადადგამენ თუ არა ევროკავშირის ქვეყნები ამ ნაბიჯს, მალე გამოჩნდება. ფაქტია, რომ ამ ხნის განმავლობაში შანტაჟის ენა არ შეცვლილა, თუმცა რეალური ქმედებები, მათ შორის სანქციების კუთხით, ივანიშვილის მიმართ არ განხორციელებულა. სანქციები, რაც უნდა ბევრი ილაპარაკონ, არ უნდა დააწესონ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. სპეკულაციები იმაზე, თითქოს პოლიციელებზე თავდამსხმელები და სახელმწიფო შენობების დამაზიანებელი პირები ე.წ. პოლიტპატიმრები არიან, ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ რეალობას არ ცვლის. ეს აბსოლუტური სიცრუეა. ვინც სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია, ისინი დაპატიმრებულები არიან ჩადენილი დანაშაულის გამო. არავისთვის ტყუილად არ დაუდიათ ხელბორკილები“, -აცხადებს ზარდიაშვილი.

მისი შეფასებით, დასავლეთიდან მომდინარე განცხადებებს რეალური მნიშვნელობა მხოლოდ ოპოზიციური მედიებისა და იმ პოლიტიკური ძალებისთვის აქვს, რომელთაც ისინი „მაშველ რგოლად“ მიაჩნიათ.

„ეს მუქარის ენა არც ჩვენს ხელისუფლებას აკვირვებს და არც საზოგადოებას. ქვეყანა უკვე იმდენად შეჩვეულია მსგავს განცხადებებს, რომ მნიშვნელობა მხოლოდ იმ პოლიტიკოსებისთვის აქვს, რომელთაც დასავლეთისგან წამოსული გზავნილებით სურთ, პოლიტიკურ დღის წესრიგში დარჩენა“, - ამბობს ანალიტიკოსი.

ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად მკაცრი ტონისა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ ეთანხმებიან ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ რადიკალურ გზავნილებს. მისი თქმით, ეს განცხადებები მხოლოდ „გულის მოფხანისა და შანტაჟის სახეს ატარებს“.

„ევროპაში ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენს რეგიონში დაძაბულობა სერიოზულად მატულობს. მხოლოდ საქართველოა, სადაც ჯერ კიდევ სიმშვიდეა. ამ ფონზე ევროპელები ფიქრობენ, რომ სჭირდებათ ქვეყანა, სადაც სტაბილურობაა. მით უმეტეს, რომ საქართველო სატრანზიტო დერეფნის თვალსაზრისით, მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვერ ბედავენ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ქვეყანას აზიანებს. გარდა ამისა, თავად ხედავენ, რომ ქართულ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ პროტესტი არ არსებობს. ხალხი არ გამოდის ქუჩაში, არ არის საპროტესტო მუხტი, შესაბამისად, არ ღირს სიტუაციის დაძაბვა ურეიტინგო ოპოზიციის გამო. ამიტომ შემოიფარგლებიან მხოლოდ განცხადებებით“, - აღნიშნავს ზარდიაშვილი.

მისივე შეფასებით, ევროპისათვის საქართველოს მიმართ ინტერესი და სტაბილურობის შენარჩუნება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„შეუძლებელია, დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზოს რაიმე სახის გაცვლა - პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ თუნდაც სანქციების არდაწესება. ამას არც „ქართული ოცნება“ მიიღებს და არც ხალხი დაუჭერს მხარს. ზუსტად ეს უნდა ესმოდეთ ევროპარლამენტარებს. საქართველოს ხელისუფლება შანტაჟს არ ექვემდებარება და ამას წლებია აჩვენებს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

amo ლაშა ტუღუში - დეზინტეგრაცია ხდება ევროკავშირთან და არა ინტეგრაცია. არ მ ი ყ ვ ა რ ს ეს კაცი.
55 წუთის უკან