„დასვან კითხვა – სურს თუ არა ხალხს „ქართული ოცნების“ „ნაცმოძრაობით“ და მისი განშტოებებით შეცვლა?“

„დასვან კითხვა – სურს თუ არა ხალხს „ქართული ოცნების“ „ნაცმოძრაობით“ და მისი განშტოებებით შეცვლა?“

ოპოზიცია ყველა მარცხის ფონზე ახალი სცენარის ძიებაშია – უკიდურესობებს შორის არჩევანი და დეზორიენტაციის ფაზა ოპოზიციის ახალი დილემა გახდა. 

საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციაზე უარის მიუხედავად, ოპოზიციური სპექტრი ნაბიჯ-ნაბიჯ უბრუნდება წინასაარჩევნო პროცესებს. მმართველი პარტიის ხისტმა გზავნილებმა ოპოზიცია აიძულა ეძიოს ბალანსი პროტესტსა და საარჩევნო სტრატეგიის კომბინაცის შორის – ერთი ნაწილი ქუჩაში დარჩენას და რადიკალურ სცენარებზე გადასვლას აპირებს, ნაწილი კი „სისტემის შიგნიდან“ ცვლილებების მცდელობას იწყებს. განწყობათა მრავალფეროვნება კი მმართველ გუნდს აძლევს შესაძლებლობას, ოპოზიცია კვლავ ფრაგმენტირებულ ძალად წარმოაჩინოს.

დეზორიენტირებულ ოპოზიციაში მერყეობა იმატებს – პოლიტიკური მარცხისა და ლიდერების დაკავებების შემდეგ, მათი ნაწილი კვლავ ძალადობრივი სცენარისკენ იხრება, ნაწილი კი ცდილობს, მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, წინასაარჩევნო მარათონში რამდენიმე ოპოზიციური ძალა უკვე ჩაერთო. ერთ-ერთი პირველი სიგნალი საარჩევნო დღის წესრიგზე კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ მოვიდა – ალეკო ელისაშვილმა მიანიშნა, რომ მათი მონაწილეობა ადგილობრივი არჩევნებში მოსალოდნელია. ამ პროცესში შესაძლოა, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდიც ჩაერთოს, რომელიც ჯერ საჯაროდ არ აფიქსირებს პოზიციას, თუმცა მოლოდინი აშკარად არსებობს.

ოთხი ბარიერგადალახული პარტიიდან ამ ეტაპზე პრინციპულ ერთგულებას მხოლოდ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ინარჩუნებენ – ეს ძალები საარჩევნო პროცესის ბოიკოტს განაგრძობენ და რევოლუციურ ცვლილებებზე საუბრობენ.

პროტესტის ფრონტზე განსაკუთრებით აქტიურია ელენე ხოშტარია, რომელმაც შიმშილობა დააანონსა და 29 ივნისს ფართომასშტაბიანი აქციისკენ მოუწოდა საზოგადოებას. მისი მტკიცებით, ეს არ არის ემოციური ჟესტი, არამედ ეს მიზანმიმართული ნაბიჯია პოლიტიკური რეჟიმის შესაცვლელად. მან პირდაპირ დაანონსა რევოლუცია და ხალხს მოუწოდა გვერდით დაუდგნენ.

„განაცხადი არის ხალხისთვის - რევოლუცია და გარეთ, ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა. მე ვერავის ვასწავლი ჭკუას, როდის გამოვიდეს ქუჩაში. მე ვერავის მოვუწოდებ, იშიმშილოს, ციხეში ჩაჯდეს. მე მხოლოდ ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ, თავი შევწირო ამ რეჟიმს და შევწირავ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარალელურად, ზურაბ ჯაფარიძის ციხიდან გავრცელებული წერილი კიდევ ერთ სტრატეგიულ იდეას აჟღერებს – საერთო პროტესტის ონლაინ პლატფორმის შექმნა, სადაც მოქალაქეები ღიად გამოხატავენ რეჟიმის შეცვლის მოთხოვნას. ჯაფარიძის აზრით, ეს სიმრავლის დემონსტრირება და შიშის დაძლევა შეიძლება გახდეს პოლიტიკური პროცესის გარდატეხის წერტილი.

„ამ იდეაზე სხვადასხვა ფორმით უკვე ლაპარაკობს ბევრი. ეს გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს. ეს აიძულებს ყველას, აკეთოს ის, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია - დააძლევინოს შიში გარშემომყოფებს და დაარწმუნოს პლატფორმაზე რეგისტრაციის აუცილებლობაში. ეგაა დღეს პოლიტიკა, სხვა პოლიტიკა არ არსებობს. ან ყველა საჯაროდ გამოვდივართ და ვაფიქსირებთ, რომ რუსებმა უნდა გაა...., ან ვერ ვიგებთ. ჩირგვებში ყოფნის დრო დამთავრდა. ონლაინ პლატფორმა არის ჩირგვებიდან გამოსვლა. რასაც ვწერ, ეს არ არის ბიბლია, შეიძლება სხვანაირად გაკეთდეს, მაგრამ პრინციპი რომ სწორია, თავს დავდებ. ეს არის პირველი ეტაპი, რომ დავინახოთ ერთმანეთი, დავძლიოთ შიში, ვირწმუნოთ, რომ დიდი უმრავლესობა ვართ და ვირწმუნოთ გამარჯვების“, - წერს ჯაფარიძე.

მიუხედავად გაყოფისა, ოპოზიციური სპექტრი ერთ საკითხში თანხმდება – ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული ბრძოლა უნდა გახდეს კოორდინირებული და საერთო მიზნებზე ორიენტირებული. თუმცა, კონკრეტული მოდელები – საერთო სია, საერთო კანდიდატები, ბოიკოტი თუ აყოლის გარეშე არჩევნებში მონაწილეობა – კვლავ ღიად რჩება.

სწორედ ამ გაურკვევლობაში ხედავს მმართველი პარტია საკუთარ სტრატეგიულ უპირატესობას. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ველის სრულფასოვან მოთამაშედ ვერ ჩამოყალიბდება და 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებშიც მარცხს განიცდის.

გარდა შიდა დინამიკისა, ოპოზიციის ფლანგებზე ზეწოლა იზრდება საერთაშორისო კონტექსტშიც. ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ამერიკის ელჩთან შეხვედრა, რომელიც მედიისთვის გაუხმაურებელი დარჩა, სწორედ ამ წეზოლის გაძლიერებაზე ამყარებს ეჭვებს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება, მმართველი გუნდი და ოპოზიციაც თანხმდებიან, რომ ამ შეხვედრაზე მეტი განმარტებაა საჭიროა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან აცხადებს, რომ ოპოზიციამ საზოგადოების წინაშე უნდა დასვას პირდაპირი კითხვა – სურს თუ არა ხალხს „ქართული ოცნების“ „ნაციონალური მოძრაობით“ და მისი განშტოებებით შეცვლა?

საყვარელიძის თქმით, ეს საკითხი საზოგადოებაში წლებია დგას და როდესაც არჩევანის დრო დგება, ამ დილემის ფონზე ამომრჩეველი კვლავ მმართველ გუნდს ირჩევს.

„რაც უფრო მეტი საუბარი იქნება რევოლუციაზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე, ხელისუფლების დამხობაზე და ამ თემებით ქუჩაში გამოსვლაზე, მით უფრო უარყოფითად მიიღებს ამას საზოგადოება. შეუძლებელია, რომ ამგვარმა მოწოდებებმა ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს. არჩევნების დროს, როცა მოსახლეობა არჩევანის წინაშე დგება – ნაციონალები თუ „ოცნება“ – საზოგადოება ისევ ამ ხელისუფლებას უჭერს მხარს. არც გარე ზეწოლა და არც საერთაშორისო წნეხი არ იმუშავებს იმ დონეზე, რომ ხალხი ნაცების დასაბრუნებლად ქუჩაში გამოვიდეს. სხვა რეალური ალტერნატივა საქართველოში არ არსებობს და ამიტომაც არის ოპოზიციის მცდელობები ფუჭი“, – ამბობს საყვარელიძე.

მისივე შეფასებით, ზურაბ ჯაფარიძის შეთავაზება ანალოგიური სცენარია, რადგან თავადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან წარმოსული ფიგურაა. იგივე ითქმის ნიკა მელიაზე, ნიკა გვარამიაზე, ელენე ხოშტარიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის ჯგუფზეც.

„ამიტომაც საზოგადოებას ოპოზიციის ლიდერების დაკავებაზე რეაქცია, პრაქტიკულად, არ აქვს. პირიქით, ზოგისთვის ეს გარკვეული შვებაც კია – იმდენად მოაბეზრეს თავი, რომ მათგან დროებით გათავისუფლება გარკვეულად სასიხარულოც კი გახდა. ხალხი კარგად ხედავს, რომ ისინი წლებია იმ გეგმებზე ლაპარაკობენ, რომელთა განუხორციელებლობაც თავიდანვე ცნობილია. 12 წლის განმავლობაში ოპოზიციამ ვერ გააცნობიერა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ პოლიტიკაში დაბრუნებას არ ემხრობა, მიუხედავად ახალი პარტიული სახეებისა თუ იმიჯის ცვლილებებისა“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ხალხს კარგი მეხსიერება აქვს. ოპოზიციის მცდელობები წრეზე ტრიალებს და ამ პროცესში დასავლელი ლობისტებიც იგივე ჩარჩოში რჩებიან.

„ოპოზიცია ვერ აფასებს საზოგადოებრივ განწყობას. მათი ქაოსური განცხადებები ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ დეზორიენტაცია აქვთ. მორიგი მარცხის შემდეგ მათ აღარ იციან, რა ქნან. ამიტომაც ზოგიერთი მათგანი ციხეში წასვლასაც თანხმდება – პოლიტიკური პროცესიდან არ ამოვარდნენ და კრიტიკა დასავლეთიდან არ ჩაცხრეს. იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება“, – დასძენს რამაზ საყვარელიძე.

 

მარბიელი ვიმეორებ: ნაცმოძრაობას, თავისი (ვითომ სხვა) ხოშტარიებით, გვარამიებით, ჩახდილით, მელიებით, გიგაურებით ქვეყანაზე და ხალხზე რომ შესტკიოდეთ გული პარტიულ თვითლიკვიდაციას გამოაცხადებდნენ და ეთერებში არ გამოჩნდებოდნენ! დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ოცნების მხარდამჭერთა მინიმუმ 40% ოცნებას არ მისცემდა ხმას, და უფრო კრიტიკული გაცდებოდა ხელისუფლების მიმართ
მაგრამ როცა კოლექტიურად სარვალჩამხდელები, "ჩემი ფუჩუ ჩემიას" მოყვირლები და მათთან ერთად ცისკარიშვილები, ბოკერიები,გვარამიები, და ბევრი სხვა, რომლებიც წამებასთა და ძარცვასთან არიან ასოცირებული, წაგებული ომის მოგებას ზეიმობდნენ და დღეს ადამიანის უფლებებზე და ქვეყნის სიყვარულზე გველაპარაკებიან, ეს არავის არ სჯერა შიშიცაა, ვაითუ ესენი მართლა დაბრუნდნენო... ხალხის მასა ოცნებას ვერ შორდება!!!
წადით! წადით!
3 საათის უკან
Gami ეს ქალი წონას მაინც ვერ დაიგდებს...
1 საათის უკან