ისევ შაჰინი და ისევ უიკერი - როცა ბედკრული პატარა ქვეყანა საკუთარ ქვეყანაზე მეტად გაშფოთებს(?!)

ისევ შაჰინი და ისევ უიკერი - როცა ბედკრული პატარა ქვეყანა საკუთარ ქვეყანაზე მეტად გაშფოთებს(?!)

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ბენეფიციარების პერსონალური მონაცემების გადაცემის მოთხოვნა საერთაშორისო კრიტიკის საგნად იქცა. ამერიკელმა სენატორებმა განაცხადეს, რომ ეს ქმედება დამოუკიდებელი სექტორის წინააღმდეგ მიმართულ ზეწოლად აღიქმება. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მონაცემების გაცემა უარყვეს და განაცხადეს, რომ არ უღალატებენ მათ დაცვაში მყოფი მოქალაქეების ნდობას. 

ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ინფორმაცია კანონიერად, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვეს და ეს არ წარმოადგენს არანაირ ზეწოლას. მთავრობის წარმომადგენლების განმარტებით, „არასამთავრობო სექტორი ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე შესაძლოა, უკავშირდებოდეს დანაშაულის ნიშნებს“.

17 ივნისს საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ სასამართლოს გზით ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას - მათ შორის უფლებადამცველ და მედიის მხარდამჭერ ცენტრებს, მოთხოვნით მიმართა, რომ გადაეცათ მათი ბენეფიციარების პერსონალური მონაცემები. დოკუმენტის თანახმად, უწყება დაინტერესდა, ვის და რატომ დაეხმარნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. სასამართლოს განჩინებით, ორგანიზაციებს ევალებათ ფიზიკური პირების სახელებისა და გვარების, პირადობის ნომრების, ასევე ფოტოსა და ვიდეომასალების გადაცემა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოს განჩინების ნაწილი გაასაჯაროვეს და განაცხადეს, რომ არ აპირებენ სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების გადაცემას. მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მზად არიან სამართლებრივ და პირად პასუხისგებას დაექვემდებარონ, მაგრამ მოქალაქეების ნდობას არ უღალატებენ.

ხელმომწერ ორგანიზაციებს შორის არიან: „საფარი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „მომავლის აკადემია“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „საქართველოს ევროპული ორბიტა“.

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ამ ქმედებას გამოეხმაურნენ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯინ შაჰინი და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერი. სენატორებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც გამოქვეყნდა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის ვებგვერდზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამერიკელი სენატორები გეგმავენ გამოიყენონ კანონმდებლური ბერკეტები მესამე სექტორის დასაცავად. მათ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ორპარტიული მხარდაჭერის მქონე „MEGOBARI აქტის“ წინ წაწევას, როგორც კი სენატის სამუშაო გრაფიკი ამის საშუალებას მისცემს.

გარდა ამისა, განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას და უკავშირდება არასამთავრობო სექტორზე ზეწოლას და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ზეგავლენას.

სენატორებისვე განცხადებით, არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიის გაძლიერებაში, მათ შორის მედიის დამოუკიდებლობის დაცვაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და კრემლის პროპაგანდის საწინააღმდეგო საქმიანობაში. მათი თქმით, დემოკრატიული მთავრობები მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს საფრთხედ არ უნდა აღიქვამდნენ.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში კიდევ უფრო გამკაცრდა პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. საუბარია ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებებზე, რომლებიც სენატორების შეფასებით, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე მოხდა.

დასასრულს, აშშ-ის სენატორები კვლავ ადასტურებენ, რომ მხარს უჭერენ სამოქალაქო საზოგადოების დაცვას, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების დაცვის მიმართულებით და ამ პროცესში საკანონმდებლო გზებითაც იქნებიან აქტიური.

ჯინ შაჰინი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილისთვის არაფრისმომცემი ფიგურაა. როგორც დეპუტატი ამბობს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ განცხადებებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს და, მისი შეფასებით, საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება.

„ის, რაც არ ემსახურება ჩვენს ქვეყანას - კრიტიკა იქნება თუ სხვა ტიპის გამონათქვამი, ჩემთვის, ისევე როგორც ყველა პატრიოტი ქართველისთვის, სრულიად უინტერესოა. სულერთია, ვისი გარემოცვიდან მოდის ეს გზავნილი თუ ის არ არის მიმართული ქართველი ხალხის ინტერესებისკენ, ჩემთვის ის უბრალოდ მნიშვნელობას კარგავს“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებაში ხშირად არის მცდელობა განასხვავონ „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი, რაც მიუღებელია:

„ძალიან ხშირად ცდილობენ ერთმანეთისგან გამიჯნონ ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“, მაგრამ „ოცნება“ რომ ხელისუფლებაშია, ხალხის ნება და არჩევანია. ამ ორის განცალკევება კი, ჩემი შეფასებით, უბრალოდ ღალატია“, - აღნიშნა ზავრადაშვილმა.

 „ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან საუბარში ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს ურჩევს, თავიდან აიცილონ შეცდომების გამეორება. ქართველიშვილის თქმით, სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, სენატორი ბობ მენენდესი, მხილებულია 16 ფედერალური ბრალდების საფუძველზე და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

„ეს ის კომიტეტია, რომელშიც იმავე ცნობილი სენატორების გვარები ფიგურირებს, რაც ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს - ჯიმ რიში, ტედ კრუზი, ჯინ შაჰინი“, - აღნიშნავს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, სასურველია ამერიკელი სენატორები დაინტერესდნენ, როგორ მოხდა დიდ ბრიტანეთში 5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის გაუჩინარება ბიუჯეტიდან და ამ თანხების გადამისამართება არარსებულ ფონდებზე.

„შესაძლოა, მათ შორის ისეთი ფონდებიც ყოფილიყო, რომლებიც წარსულში ჩვენი არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური მედიის დაფინანსებას ემსახურებოდა. ხელისუფლებამ ვეტო დაადო ამ ფინანსურ სქემებს და საქართველოში სარევოლუციო ფულის გათეთრების არხები გადაუკეტა. სწორედ ამ ფინანსების მეშვეობით იგეგმებოდა თბილისში მაიდანიზაციის სცენარი და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“, - ამბობს ანალიტიკოსი.

ქართველიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, რომელიც „ფაიზერ გეითის“ სახელით არის ცნობილი, მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.

„ამ გამოძიებას ორი შესაძლო შედეგი აქვს: პირველი - პოლიტიკური, რაც ევროკავშირის პირველ პირად მის დასასრულს გამოიწვევს და მეორე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი პროკურატურა დანაშაულს დაადგენს“, - აცხადებს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხები სენატორებისთვის, რომლებიც „საქართველოს მეგობრობის აქტის“ უკან დგანან, მნიშვნელოვანია და მათთვის საინტერესო უნდა იყოს - განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ქართულ დემოკრატიაზე მსჯელობენ და ჩვენს ქვეყანას სამართლებრივ დეფიციტებს უსვამენ ხაზს.

„მათი „მეგობრობა“ და წუხილი საქართველოს მიმართ ნელ-ნელა, მხოლოდ უინტერესო კი არა, უკვე ანეკდოტურია. მინდა შევახსენო ამ სენატორებს, რომ ოდიოზურმა და პარტიულმა ტელევიზიამ „ფორმულამ“ პირდაპირი სიცრუე გაავრცელა, როცა მთელ საქართველოს აცნობა, თითქოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებული იყო საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. იმ პირობებში, როცა საელჩომ თავის გვერდზე ვერ გაბედა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მილოცვის გამოქვეყნება მიხეილ ყაველაშვილის მისამართით, ნუთუ მართლა შეშფოთებული იყო ამერიკის ადმინისტრაცია? რომ ყოფილიყო, საელჩო ამას ოფიციალურად, ყველა სოციალურ პლატფორმაზე გამოაქვეყნებდა. ამიტომ ეს ერთობლივი მცდელობა უკვე სიცრუისა და სასოწარკვეთილების ზღვარზეა. ამ ადამიანებზე კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტად მიმაჩნია“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

ქართველიშვილის თქმით, აღნიშნული ორგანიზაციები და მედიასაშუალებები არაერთხელ შემჩნეულან პოლიტიკური მიზნებისთვის მიღებული გრანტებისა და დაფინანსებების არამიზნობრივ ხარჯვაში, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში აისახა.

„შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია ამ თანხების მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. იგივე ხდება აშშ-ში და ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.