„თავად კალანდაძეს უნდა ვკითხოთ, საიდან იცის, რომ რუსებს გადასცეს ინფორმაცია?“

„თავად კალანდაძეს უნდა ვკითხოთ, საიდან იცის, რომ რუსებს გადასცეს ინფორმაცია?“

მთავარმა პროკურატურამ ტრისტან წითელაშვილის საქმის შესწავლა დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მასალების შესწავლა. წითელაშვილის მიერ სამხედრო საიდუმლო ობიექტებზე შესვლისა და გადაღების ფაქტზე, სამსახურებრივ შემოწმებას მანამდე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებდა. ვინაიდან პროკურატურა არც ერთ სამსახურებრივ შემოწმებას არ ზედამხედველობს, ირაკლი შოთაძის უწყებაში აცხადებენ, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია.

მიუხედავად იმისა, რომ მოკვლევა დაწყებულია, პროკურატურას ამ დრომდე კითხვები არ დაუსვამს თავად წითელაშვილისთვის, რომელიც აცხდებს, რომ ის თელეთის ბაზაზე იმოფებოდა და საქმის კურსში ჩააყენა გენერალური ინსპექციის უფროსი ბატონი ხორბალაძე.

„ბუნებრივია, გენერალური ინსპექციის მეშვეობით მინდია ჯანელიძე საქმის კურსში იყო და მინდია ჯანელიძემაც დაიწყო ამ საქმეების ირგვლივ მასშტაბური მუშაობა და გამოძიება. ხიდაშელს ვადანაშაულებ გარიგებაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ამიტომ იყო რომ პირდაპირ უთხრა გოდერძი ორმოცაძეს, შენ ხარ მეგობარი პირადად ჩემი მტრისო, ამიტომ შენ სამსახურში არ უნდა იყოო“, - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

რაც შეეხება ამ სკანდალური ისტორიის კიდევ ერთ ფიგურანტს, გოდერძი ორმოცაძეს, ის კომენტარს არ აკეთებს.

მაშ ასე, სამხედრო სკანდალი გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ხელისუფლებამ საიდუმლო ინფორმაცია გადასცა რუსეთს, თავად ხელისუფლება კი აცხადებს, რომ იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანეს, ძალიან უსამართლოა ბრალდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თურმე ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება განახორციელა.

ქრონოლოგიურად, მოვლენათა განვითარებას თვალს თუ გადავავლებთ, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება - რეალურად ვინ მიაწოდა რუსეთს სამხედრო საიდუმლო ობიექტების ადგილმდებარეობა.

აგვისტოს ომის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ თბილისის გარშემო, თითქმის ყველა სიმაღლეზე თავდაცვითი ნაგებობების შენება დაიწყო. ბეტონის ბუნკერების მშენებლობას ხელისუფლება თბილისის დაცვის მოტივით ხსნიდა. მშენებლობები ისე მიმდინარეობდა, რომ მისი დაფიქსირება საავტომობილო გზიდანაც თავისუფლად შეიძლებოდა.

2013 წელს, მიხიელ სააკაშვილმა პირად ოპერატორთან ერთად, ქვეყნის ყველა საიდუმლო-სტრატეგიული ობიექტი კამერაზე აღბეჭდა და ტელეეთერითაც გადასცა იმ მოტივით, თითქოს, მმართველმა ხელისუფლებამ ყველა საიდუმლო ობიექტზე ინფორმაცია რუსეთს გადასცა.

„ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ თუ რუსეთს ჩრდილოეთიდან გაუჭირდებოდა შემოტევა, მათ ბაზებს გამოიყენებდნენ უკვე სომხეთის ტერიტორიიდან, ეს გეგმა მუშავდებოდა რუსეთში. ამიტომ, ჩვენ წითელი ხიდის მიმართულებით დავიწყეთ ფორთიფიკაციების გაკეთება. ამ ფორტიფიკაციების 70% დამთავრებულია.

ახლა რასაც უყურებთ, ეს არის ანტისატანკო თხრილი, 25 კილომეტრი ავაშენეთ, მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი იყო დარჩენილი. ასევე, რამდენიმე საფორტიფიკაციო ნაგებობა გაკეთდა თბილისის გარშემო, თუმცა მშენებლობა ახლა შეჩერებულია. გენშტაბის ოფიცრებს მთავრობაში აუხსნეს, რომ ამ ნაგებობების მშნებლობით ჩვენ ვაღიზიანებთ და პროვოკაციას ვუწყობთ რუსებს. ეს ობიექტები უკვე აღარ არის საიდუმლო, იმიტომ, რომ რუსებმა ეს იციან“, - ირწმუნებოდა მაშინ მიხეილ სააკაშვილი.

ასე რომ, 2013 წელს, სწორედ, მიხეილ სააკაშვილის მონდომებით გახდა ცნობილი იმ საიდუმლო ობიექტებისა და ტერიტორიის შესახებ, რომელიც წითელი ხიდის მიმდებარედ არსებობს.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, წითელაშვილის გარშემო საკითხის პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფარგლებში განხილვას, ან სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს.

სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ თავდაცვის უწყებიდან ინფორმაციის გატანის საქმეში დანაშაულის ნიშნები იკვეთება, რისი გამოძიების ეფექტური გზა 8 ოქტომბრის შემდეგ იქნება.

„დღევანდელ პირობებში, როდესაც ზეწოლა მოდის თვითონ ხელისუფლების მხრიდან და როდესაც პროკურატურა არის ინსტრუმენტი ამ ზეწოლის, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ რაიმე ეფექტურად შეიცვალოს. შესაძლოა, ეს ნდობის ჯგუფის ფარგლებში მოხდეს, თუმცა ამ საქმეში პირველ რიგში, იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და უნდა იქნეს გამოძიებული შესაბამისი უწყების პირობებში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

for.ge-სთან საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საიდუმლო ობიექტებზე ტრისტან წითელაშვილის შესვლის საკითხი პარლამენტის ნდობის ჯგუფის მიერ შესასწავლი თემა არ არის. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პარლამენტის ნდობის ჯგუფს თავისი კომპეტენცია აქვს, ნდობის ჯგუფის კომპეტენციაში შედის საიდუმლო ხარჯების შესწავლა, გაცნობა, ანალიზი და სპეციალური პროგრამების გაცნობა. მისივე თქმით, საკითხი უკვე პროკურატურის მოკვლევის ქვეშ იმყოფება.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურისგან მივიღებთ შესაბამის პასუხებს. თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მცდელობა, პოლიტიკური ხმაური გამოიწვიონ უსაფუძვლო განცხადებებით და „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო ბადე შეივსოს. მე რამდენიმე საკითხზე გავაკეთებ აქცენტს, პირველი - შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოება, მათ შორის სამხედროებმა გააკეთეს განცხადება, რომ წარმოუდგენელია ასეთ პირებს ჰქონდეს საიდუმლო ობიექტებზე დაშვება და ასეთი რამ არც მომხდარა.

მეორე - როცა კალანდაძე აცხადებს, რომ რუსებს გადასცეს ინფორმაციაო, თავად კალანდაძეს უნდა ვკითხოთ, საიდან იცის, რომ რუსებს გადასცეს ინფორმაცია, თუ მათ არ აქვთ პირდაპირი კავშირი? მიჩნდება კითხვა, რომ ზოგიერთი ოფიცერი, რომელიც დღეს გამოდის, პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს და, რომელსაც სამხედრო მუნდირი ეცვა, ღირსი იყო ამ მუნდირის? ეს ჯარისთვის არ არის კარგი სიგნალი. ამიტომ, მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ცოტა დაფიქრდნენ“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

როგორც დეპუტატი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ ზღვარზე არის, რომელსაც წლების მანძილზე გადადიოდნენ.

„სწორედ იმ ზღვარზე არიან ახლა, რაზეც საბოლოო პასუხს მიიღებენ ოქტომბერში. რუსეთთან კავშირზე საუბრობს ის პოლიტიკური ძალა, რომელთა მმართველობის დროს რუსებმა მიიღეს ის, რაც უნდოდათ - მოახდინეს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. მაშინ მნიშვნელოვნად შეაფერხეს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. რაც რუსებს უნდოდათ ის შედეგი მივიღეთ სააკაშვილის მმართველობის პირობებში. როცა ხარ ხელისუფლება, უნდა გქონდეს იმის ჭკუა და გონება, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა შეძლო, რაც მიხეილ სააკაშვილმა ვერ შეძლო“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით, მისი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სარეჟიმო წესების დარღვევას და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას.

„რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა წითელაშვილს უფლება, გენშტაბის ხელმძღვანელმა ამაზე კომენტარი გააკეთა გუშინ. ბუნებრივია, მეც ვიყავი ამ თემით დაინტერესებული. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აქ ადგილი ჰქონდა სარეჟიმო წესების დარღვევას და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას. შესაბამისად, ტარდება გამოძიება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ თუ საუბარია თელეთის ობიექტზე, ამ ობიექტის ნახვა ნებისმიერს შეუძლია, როგორც შორიდან, ასევე გზიდანაც და კოსმოსიდან, გარდა ამისა Google Map-დანაც ხდება ამ ტერიტორიის დათვალიერება, რომ მეტ-ნაკლებად შეიქმნა წარმოდგენა რა ობიექტია.

„ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტს და განსაკუთრებულ საიდუმლოს. მით უმეტეს, რომ იმ პირველადი დანიშნულებით რაც უნდა იყოს, არ ფუნქციონირებს. რაც შეეხება თვოთონ ამ ფაქტს, როგორც ჩანს, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მასალების მოგროვება, თუ რა და როგორ აშენდა და რა დაიხარჯა. ეტყობა წითელაშვილი აწვდიდა ინფორმაციებს და ასეთი ურთიერთობა იყო მათთან.

დაირღვა თუ არა კანონი სარეჟიმო ობიექტში მისი შეყვანით, ეს უკვე პროკურატურის განსასაზღვრია, მაგრამ ის, რომ ამით მოხდა რაღაცა საოცრება, მნიშვნელოვანდ დაეცა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ვინმემ ძალიან დიდი საიდუმლო გაიგო, ეს თითიდან გამოწოვილია. პოლიტიკური თვალსაზრისით, გაზვიადებული სკანდალია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

რაც შეეხება თავად წითელაშვილს, მისივე თქმით, ეს პიროვენება არ იმსახურებს ნდობას.

„ჯერ კიდევ აფხაზეთის ომიდან და ძალიან ბევრი ფაქტორების გამო, მის მიმართ ნდობის ფაქტორი ძალიან დაბალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ეს გამოიყენოს იმიტომ, რომ პოლიტიკური სიტუაცია დაძაბოს ქვეყანაში. მით უმეტეს ამ პოლიტკურ თამაშებში ჩარიონ თავდაცვის სამინისტრო, რომელიც უნდა იყოს დეპოლიტიზირებული და შორს ასეთი პოლიტიკური თამაშებისგან“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.