ელენე ხოშტარიას დაკავება ოპოზიციის ახალი კამპანიის აგორების მიზეზი ხდება

ელენე ხოშტარიას დაკავება ოპოზიციის ახალი კამპანიის აგორების მიზეზი ხდება

„კოალიცია ცვლილებებისთვის“  ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებამ პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირების ახალი ტალღა გამოიწვია. ხელისუფლება ამას კანონის უზენაესობის დემონსტრაციად წარმოაჩენს, ოპოზიცია კი  პოლიტიკურ დევნად. წინასაარჩევნოდ ეს წინააღმდეგობა კიდევ უფრო ამძაფრებს პოლარიზაციას და აჩვენებს, რომ ბრძოლა ქუჩიდან სამართლებრივ სივრცეში გადადის. მმართველი გუნდის მოსაზრებით, ხოშტარიას დაკავება იმის მტკიცებაა, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირად მოქმედებს. ხელისუფლებაში ამბობენ, ის დრო დასრულდა, როცა პოლიტიკური აქტივისტების ქმედებები შეწყნარებული იყო მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი ოპოზიციური ლიდერები იყვნენ. ახლა მთავარი პრინციპი ქვეყანაში  წესრიგი და სტაბილურობაა.      

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ქვეყანაში არსებობს კანონი, რომელსაც, კეთილი უნდა ინებოს, და ყველამ პატივი უნდა სცეს“, - აცხადებს კახა კალაძე.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ელენე ხოშტარია კი 15 სექტემბერს, საკუთარ სახლთან დააკავეს. მას თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რომელიც ნივთის დაზიანებისა და განადგურების კონტექსტში, 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ოპოზიცია კი ამას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს, რის გამოც წინასაარჩევნო ფონზე, სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს. 

გაათავისუფლებენ თუ არა ხოშტარიას გირაოს საფუძველზე, უცნობია, რადგან მეტწილად, ეს ხოშტარიაზეც არის დამოკიდებული, გადაიხდის თუ არა გირაოს თანხას. თუმცა, აქტივისტ მეგი დიასამიძის მაგალითზე, გამორიცხული არ არის, გირაო ხოშტარიასაც შეეფარდოს. დიასამიძე სწორედ კალაძის ბანერის დაზიანების გამო დააკავეს, ხოლო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. ხელისუფლებაში ეჭვობენ, შესაძლოა, ხოშტარიამ კალაძის ბანერი მიზანმიმართულად დააზიანა, რათა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა არ მიიღოს. ხოშტარია კი ამტკიცებს, რომ მან ბანერის დაზიანება, სწორედ მეგი დიასამიძის მხარდაჭერის გამო გადაწყვიტა, რათა მისთვის სოლიდარობა ამ ფორმით გამოეხატა.

ოპოზიციის ლიდერები დაკავებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ძალადობრივ მეთოდებს მიმართავს. მათი თქმით, მმართველ გუნდს სურს, ოპოზიციის მარგინალიზაცია და არჩევნების ლეგიტიმაციის შესუსტება. ამავე დროს, ოპოზიცია ცდილობს, ბოიკოტის არგუმენტად გამოიყენოს ფაქტი, რომ „სისტემა არ იძლევა სამართლიანი პროცესის გარანტიას“.

„ფლომასტერით მინაწერი სიმართლე, კახა კალაძემაც ძალიან კარგად იცის, იყო ის საბაბი, რის გამოც ახლა უკვე ელენე დააკავეს და წინა დღეებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი. ამიტომ, ისინი ან „ყვარყვარეს ციხეს“ ააშენებენ და ყველას გამოგვკეტავენ, ან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი გავუშვათ დამსახურებულ ადგილას, სადაც ეკუთვნით. ეს უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტით, იმ წინააღმდეგობით, რომელიც 300 დღეზე მეტია, გრძელდება. ეს კიდევ ერთხელ არის იმის ნიშანი, რომ მათ არ აქვთ ძალაუფლების სიმყარე“, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ.     

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხოშტარიას ქმედებას პოლიტიკურ აქციად კი არა, „დესტრუქციულ ქცევად“ აფასებენ. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერებს შორის, თითქოსდა, შეჯიბრი მიმდინარეობს, ვინ უფრო რადიკალური და ექსტრემისტულია.

„ამ კუთხით, გედი ფოფხაძე და ლევან ხაბეიშვილი უკვე წინ წავიდნენ, ახლა კი ხოშტარია ცდილობს, მათ წამოეწიოს. ასეთ ქმედებებს არაფერი აქვს საერთო პოლიტიკურ კულტურასთან და ეს მხოლოდ ქვეყნის დესტაბილიზაციას ემსახურება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ხოშტარიასთვის გირაოს გადახდა პრობლემა არ იქნება, თუმცა საზოგადოებაში ეჭვები ჩნდება მისი დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, როცა ოპოზიციური ძალა ასეთ ფორმებს ირჩევს, ერთადერთი მოგებული რუსეთია. ეს სცენარი ემსახურება ქვეყნის დესტაბილიზაციას და სწორედ ამიტომაა, რომ ხელისუფლება ამას მკაცრად აფასებს“, - დასძინა ვოლსკიმ.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ არის სწორი „არასამართლიანი გარემოს“ პირობებში. თუმცა, ეს მიდგომა ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელია, რადგან მმართველი პარტია საზოგადოებას აჩვენებს: „ოპოზიცია ტოვებს პოლიტიკურ ასპარეზს, ჩვენ კი ვაგრძელებთ სტაბილურ მმართველობას“.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ოპოზიცია, ხელისუფლებას დისკრედიტაციას რამდენიმე გზით ცდილობს. თუმცა, მისივე აზრით, თავად ოპოზიცია იმდენად არის საზოგადოების თვალში დისკრედიტებული, რომ მათი დაკავებები მოსახლეობაში რეაქციას არ იწვევს.

„ოპოზიციის სტრატეგია, ამ შემთხვევაში, რამდენიმე მიმართულებისაა. ის, რომ ხელისუფლება არ ვარგა, ოპოზიციის მთავარი ხაზია, თუმცა საზოგადოების პასუხია, რომ ოპოზიცია უარესია. დღევანდელი ოპოზიცია ცდილობს, რაც შეიძლება, მეტი გააკეთოს იმისთვის, რომ არსებული ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გაიზარდოს, მაგრამ არაფერს სთავაზობს მოსახლეობას საპირწონედ. მაგალითად, გალახეს ქალი, ამ დროს, ის ქალი იგინებოდა, იფურთხებოდა, მერე ვიღაცას ნერვებმა უღალატა და ამ ქალს დაარტყა. მთავარი ისაა, რომ ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოებას აჩვენოს, რომ ეს ქალი ხელისუფლებამ გალახა. ამაზე აქვთ აქცენტი, ისევე, როგორც მზია ამაღლობელზე - როგორ შეიძლება, ქალი ციხეში ჩასვა. არადა, ეს ქალბატონი, ჟურნალისტი, მანამდე თავს დაესხა პოლიციის მაღალჩინოსანს და ხელი გაარტყა. აი, ეს არის ოპოზიციის ტაქტიკა - გამოიწვიოს ხელისუფლება და შემდეგ, მისგან მიღებული ადეკვატური რეაქციის ფონზე იყვიროს, რომ მმართველი გუნდი ძალაუფლებას მათ დასასჯელად იყენებს. ეს არის, სწორედ, ხოშტარიას ქცევის ლოგიკა. მან გამოიწვია ხელისუფლება და სამართალდამცველები, შემდეგ კი აქედან ამბავს ქმნიან. ოპოზიციური მედიით საუბრობენ ამაზე და დასავლეთში აგზავნიან სიგნალს, რომ აი, ქალ პოლიტიკოსებსაც კი სდევნიან. იმას არავინ ამბობს, რომ მან დაარღვია კანონი და კანონითვე პასუხი მოეთხოვება“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ყველაფერი იმისთვის კეთდება, როგორმე, ხალხი აიყოლიონ, მათში პროტესტის განცდა გააღვივონ და ქუჩაში გამოიყვანონ, მაგრამ ანალიტიკოსი ამბობს, რომ აქ ერთი დიდი პრობლემაა.

„შევარდნაძის დროს, როცა იგივე მანერებითა და ტაქტიკით, სააკაშვილი ცდილობდა ხელისუფლების დისკრედიტაციას, მან ეს მოახერხა. შეძლო იმიტომ, რომ შევარდნაძის ხელისუფლება უმძიმეს სისტემურ და კორუფციულ ჭაობში იყო ჩაფლული. თავად ხელისუფლება იყო ძალიან მორყეული და ერთი ხელის დარტყმა უნდოდა. დღეს არ არის ის პოლიტიკური მოცემულობა, რაც 2003 წელს იყო.

ასევე, სააკაშვილი-ჟვანიას სახით, ხალხს ჰყავდა ალტერნატიული პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც ხელისუფლება გადაიბარეს და ხალხისგან ჰქონდათ მხარდაჭერა. დღეს, ისევ იგივე სააკაშვილია და მისი გუნდი, რომელიც ამ ხელისუფლების ალტერნატივაა. ხალხმა უკვე იცის, რას წარმოადგენს ეს ოპოზიცია, ხელისუფლებაში უკვე ნახა. ამიტომ, როგორი დისკრედიტაციაც არ უნდა მოახდინონ „ოცნების“ ხელისუფლების, ხალხისთვის ეს ოპოზიცია უფრო დისკრედიტებულია, ვიდრე ვინმე სხვა. სააკაშვილის ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ხალხს ეს ხელისუფლება ურჩევნია. ამიტომ, ილუზიაა იმაზე საუბარი, რომ 4 ოქტომბერს რევოლუცია კარს არის მომდგარი და ხალხი ქუჩაში იხუვლებს“, - ამბობს საყვარელიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

დოი ხომ არ არიდებენ თავს ეს ე.წ. ლიდერები დაანონსებულ გადატრიალებას იმ მიზნით რომ რაღაც ცუდს გეგმავენ მავანნი?!
2 საათის უკან
თომა არავინ არაფერს არ გეგმავს, ნაცი-ქოცი ერთია, ბიძინას და კალაძეც ყოფილი ნაცები არიან, რომ არ დამუქრებოდა მათ ქონებას დემენცია დღესაც ერთად იქნებოდნენ მაგ ამბავში მოვყევით ის ხალხიც ვინც დემაენციას ხროვას ებრძოდა, ეს მშვიდობის თემაც ეგ ამბავია არ უნდათ ნაშოვნის დაკარგვა იმიტომ, რომ დემენციას უფრო გავლენიანი პატრონები ჰყავს დასავლეთში, ორივე ლიბერალური ძალა, ვისაც არეულობა და ომი არ გვინდა მხოლოდ ამის გამო ვიტანთ ამათ, ჩვენ უფრო ბევრი გვაქვს დასაკარგი, ლაგატკით ვერ მოვიგებთ ომს, არც ის მინდა წინა ხაზე მე მოვკვდე ამათ ბუნკერი შეაფარონ თავი შვილები უცხოეთში გაუშვან სასწავლებლად და მერე კიდევ აქ მოახდენს თავზე ჩემს შვილებს, ომის ვეტერანი კი აბუჩად ასაგდები იყოს, საკრებულოშიც კი აკაცუკი გაჰყავთ პროპორციული სიით, გლდანის გამგებელი თავისუფალი ზონის წევრი ერთ დროს, ძველებზე, რომ არაფერი ითქვას. შუა გაიკრიფა,ნიჰილიზმი გამყარდა ხალხში, ბანკები და მსხვილი ბიზნესები ახრჩობს ხალხს, საპატრიაქოში ყანდურები სხედან, მარტო სნოს ბიზნესი ეყოფათ მაგათ, წყლის ქვეყანაში რა ღირს ერთი ბოთლი წყალი სნო?! რომელი მთავრობაც კორუფციას სახელმწიფო ღალატის რანგში აიყვანს და კორუფციონერს ღალატისთვის გასამართლებს მაშინ იქნება საშველი მაგრამ, კომნისტურ ნომენკლატურის შვილები და შვილიშვილები არიან დღეს პოლიტიკაში და კორუფცია სისხლში აქვთ გამჯდარი ფარისევლებს.
1 საათის უკან
მარბიელი გუშინვე, საღამოს სახლში მისულმა კუჭით მოაზროვნე გუბაზის ასეთივე შვილმა აღმოაჩინა, რომ მისი სახლის სიახლოვეს პოლიციელები იდგნენ
[როგორც გაირკვა, ანტინარლოტიკული ოპერაცია ტარდებოდა და პირები დააკავესს]
გუბაზის ნაშიერი ისტერიკაში ჩავარდა, ჩემს დასაჭერად არიან მოსულიო, ეცა ინტერნეტს, გადარეკა ყველგან ... მხოლოდ მას შემდეგ, რაც მამამ და შვილმა ჩასვრილი მეორე შარვლებიც გამოიცვალეს, გაარლვიეს, რომ თურმე მათ დასაჭერად არ ყოფილა ოპერაცია :))
ამნაირ არსებებს ვინ დაუდგება წინ 4 ოქტომბერს :))
55 წუთის უკან