აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდი ალბათობით“, სამართალდამცავებმა დააკავეს კონსერვატორი ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ის არის იუტას შტატში მცხოვრები, 22 წლის ტაილერ რობინსონი, რომელიც საკუთარმა მამამ გასცა. „ვფიქრობ, დიდი შანსია, რომ ის დავიჭირეთ“, - განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა, Fox-ის ეთერში.
ტრამპმა დასძინა, რომ სავარაუდო მკვლელის დაჭერაში მას ძალიან ახლობელი პირი დაეხმარა და შემდეგ განმარტა, რომ ის ეჭვმიტანილის მამა იყო: „მამამ დაარწმუნა შვილი“, - თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე, ინფორმაცია, შესაძლოა, არაზუსტი იყოს, რადგან ის იმაზე საუბრობს, რაც მოისმინა.
მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე, FBI-მ განაცხადა, რომ ტაილერ რობინსონის ოჯახის წევრმა ინციდენტის შესახებ ოჯახის მეგობარს უამბო, რომელიც დაუკავშირდა ვაშინგტონის ოლქის შერიფის ოფისს, რის შემდეგაც ინფორმაცია გადაეცა უფროს გამომძიებლებსა და FBI-ს.
იუტას შტატის გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა ტაილერ რობინსონის ოჯახის წევრებს „სწორი ქმედებისთვის“ და მისი სამართალდამცავ ორგანოებში მიყვანისთვის.
ტრამპის თქმით, თავდაპირველად, გამომძიებლებს „აბსოლუტურად არაფერი“ ჰქონდა: „ჩვენ დავიწყეთ ვიდეოთი, სადაც ის ჭიანჭველას ჰგავდა და ეს თითქმის უსარგებლო იყო. უბრალოდ, დავინახეთ, რომ იქ ვიღაც იყო“.
აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ თუ დაკავებული დამნაშავედ სცნეს, მას სიკვდილით დასჯიან: „კირკი საუკეთესო კაცი იყო და ის ამას არ იმსახურებდა“, - თქვა ტრამპმა.
რა არის ცნობილი დაკავებულის შესახებ?
BBC-მ შეისწავლა ტაილერ რობინსონთან დაკავშირებული სოციალური მედიის ანგარიშები. როგორც ჩანს, Facebook-ის ერთ-ერთი გვერდი მის დედას ეკუთვნის და ახლა ტაილერის ფოტოებს შლის. გვერდიდან ჩანს, რომ ოჯახი იუტას შტატის ქალაქ სიდარ-სიტიდანაა, რომელიც უნივერსიტეტიდან, სადაც კირკი მოკლეს, დაახლოებით, სამი საათის სავალზეა.
სოციალურ ქსელში, დედის გვერდზე განთავსებული სხვა პოსტებიდან ჩანს, რომ ტაილერ რობინსონი პაინვიუს საშუალო სკოლაში სწავლობდა. 2022 წელს, ის ლოგანში გადავიდა საცხოვრებლად, რათა იუტას უნივერსიტეტში ესწავლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, ორი საათის სავალზეა. CNN-ის ცნობით, სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, მან იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისთვის სტიპენდია მიიღო, თუმცა საჯარო ჩანაწერების, სოციალური მედიისა და უნივერსიტეტის განცხადების თანახმად, მან სწავლა ერთი სემესტრის შემდეგ მიატოვა.
ამომრჩეველთა ჩანაწერების თანახმად, რობინსონი რეგისტრირებულია პარტიული კუთვნილების გარეშე ამომრჩევლად, თუმცა ის „არააქტიურ“ სიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სულ მცირე, ბოლო ორ საყოველთაო არჩევნებში არ მიუღია მონაწილეობა.
რა არის ცნობილი კირკის მკვლელობის შესახებ?
31 წლის კირკი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე იყო და მის გამარჯვებაში წვლილი შეიტანა, ოთხშაბათს, იუტა ველის უნივერსიტეტის კამპუსში, სიტყვით გამოსვლისას, მოკლეს. აშშ-ის პრეზიდენტმა კირკის მკვლელობაში „რადიკალური მემარცხენეები“ დაადანაშაულა, რადგან კირკი ამერიკულ პოლიტიკაში კონსერვატიული ფრთის ერთ-ერთი, ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა იყო. მემარცხენე პოლიტიკოსებმა ტრამპი სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ კირკის მკვლელობასთან დაკავშირებულ გამოსვლებში, მან სხვა პოლიტიკური ბანაკის წევრებზე განხორციელებული მრავალრიცხოვანი თავდასხმები არ ახსენა.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების თქმით, ჩარლი კირკს, სავარაუდოდ, ლოსის ცენტრის სახურავიდან ესროლეს, საიდანაც კამპუსის მოედანი კარგად ჩანდა. მსროლელი კირკის ადგილიდან, დაახლოებით, 130 მეტრის (142 იარდის) დაშორებით იმყოფებოდა. ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, FBI-ის სპეციალურმა აგენტმა განაცხადა, რომ მკვლელობის სავარაუდო იარაღი ნაპოვნია და ანალიზისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნა. BBC-ის ამერიკელი პარტნიორის, CBS-ის წყაროების ცნობით, ეს იყო იმპორტირებული Mauser-ის შაშხანა - 30-06 კალიბრით. იუტას შტატის გუბერნატორმა კოქსმა, მოგვიანებით განაცხადა, რომ გამომძიებლებმა იპოვეს მუქ პირსახოცში გახვეული თოფი, სამიზნის სამაგრით. პოლიციის თქმით, ეჭვმიტანილი სტუდენტების უმეტესობას ჰგავდა, რაც მას უნივერსიტეტის გარემოში კარგ ადაპტირებასა და შენიღბვაში დაეხმარა.
წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cn4lygvle4ko