რადიკალების უჯარო გენერალი

რადიკალების უჯარო გენერალი

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები გაშიფრულები არიან. დიპლომატები საჯაროდ აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს და მხარს უჭერენ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციას, რომლის მიზანია ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება. გასულ კვირას გურიაში იმყოფებოდა ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, რომელიც  რადიკალური ოპოზიციის აგრესიულ აქტივისტს, ირმა გორდელაძეს შეხვდა. გორდელაძე უკიდურესად რადიკალური განცხადებებით გამოირჩევა, ყველა მისი განცხადება ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას უკავშირდება, შეიცავს შეურაცხმყოფელ ფრაზებსა და სიძულვილის ენას.

ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ჰერჩინსკის ევრობიუროკრატიისგან კონკრეტული დავალება აქვს. მისი თქმით, ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი დარწმუნებულები არიან, რომ ნგრევა, რომელსაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხაბეიშვილებით და სხვა გვარებით გვთავაზობენ, არის გზა, რომელიც ქართულ ოჯახებს დაანგრევს, მომავალ თაობას - ჩვენს შვილებს შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს.

„ჰერჩინსკის ევრობიუროკრატიისგან კონკრეტული დავალება აქვს, როგორმე ხელი შეუწყოს ექსტრემისტული დაჯგუფებების აქტივობებს, რომ ის ცეცხლი არ ჩაქრეს, რომელიც სულ ახლახან დაინთო რუსთაველზე. ამ ფაქტს ადასტურებს ის, რომ იგი ხვდება ადამიანებს, რომლებიც ამ ექსტრემისტულ საქმიანობაში პირდაპირ არიან ჩართულები. თუნდაც ფინანსური-პოლიტიკური მხარდაჭერა ავიღოთ იმ ჯგუფისადმი, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, როგორც გმირობას, ისე წარმოაჩენს.

მინდა გამოვრიცხო, რომ ევროკავშირის ქვეყნები იზიარებენ იმ მოსაზრებას, ჰერჩინსკი ჩავიდეს, შეხვდეს და ხელი ჩამოართვას ადამიანებს, რომლებიც არანაირად არ შეესაბამებიან არც რადიკალური და არც რამე სხვა სახის ოპოზიციის პრინციპებს, რასაც პოლიტიკა ჰქვია. პოლიტიკას მოწყვეტილ ადამიანებს ხვდება, რომლებიც გამოირჩევიან დაუოკებელი სურვილით, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია განავითარონ. გულდასაწყვეტია, უკეთესობას და გაუმჯობესებას ველოდებით, ამისთვის ვმუშაობთ და მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ფაქტი, რომელიც ჰერჩინსკიმ თავისი მოქმედებით გვაჩვენა, მძიმეა, როგორც ჩვენთვის, ასევე ევროპის ავტორიტეტისთვის.

უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს, მაგრამ ეს მოცემულობა, რაც ჰერჩინსკიმ საქართველოში შექმნა, არ შეესაბამება არცერთ სტანდარტს, რომელსაც ორმხრივი ურთიერთობები ჰქვია. ეს აბსოლუტურად მოწყვეტილია სამართალსაც, ლოგიკასაც და იმ პოლიტიკურ სტანდარტსაც, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ევროკავშირის ბიუროკრატების სახე ჩანს მათ ქმედებაში, როდესაც უარი თქვეს ევროპარლამენტში ერთ-ერთ დეპუტატის ინიციატივაზე, ფეხზე წამოდგომით პატივი ეცათ მოკლული ახალგზარდა ჩარლ კირკის ხსოვნისადმი.

„ხომ ნახეთ, რაც მოხდა, როგორი ყვირილი, ბღავილი და ფეხების ბრახუნი იყო იატაკზე? ეს არის დიპლომატია? ეს არის ევროპის ელიტა? რა თქმა უნდა, არა! ესენი არიან გადაგვარებული ლიბერალ-ფაშისტები! რაც შეეხება მათ ქმედებას და რატომ აკეთებენ ამას? - ხედავენ, რომ მათი დღეები ისტორიაში დათვლილია, ისტორიამ მათ გამოუტანა სასტიკი განაჩენი, მაგრამ კირკის მკვლელობა იყო ბოლო წვეთი, რომელმაც საბოლოოდ ბეჭედი დაუსვა მათ აღვირახსნილ ქმედებას. ახლა უკვე ტექნიკის საქმეა, რამდენად წავა ეს პროცესები წინ, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი აუცილებად დასრულდება ამ უსაშინლესი ძალის დამარცხებით. მშვენივრად იციან, როდესაც ეს პროცესი დასრულდება, თითოეული მათგანი აუცილებლად წავა ციხეში, ამიტომ არიან ამ ვითარებაში“, - აცხადებს გვენეტაძე.

რაც შეეხება ევროკავშირის ელჩს და ზოგადად დიპლომატიურ კორპუსს, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ელჩები მოქმედებენ დავალებით და დავალებაა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დამთავრდეს ომი, რადგან ომის დამთავრებისთანავე, ისინი განადგურებულები არიან. ამიტომ, ის პროვოკაციები, რასაც ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში ვხედავთ, ედიშერ გვენეტაძის  განცხადებით, ეს თავად ევროკავშირის მიერ არის დაგეგმილი.

„გურიის შემდეგ, აუცილებლად სამეგრელოში ჩავა, შემდეგ აჭარაში და მთელ საქართველოს მოივლის. იაროს, ბატონო, ეს არის უჯარო გენერალი! ნახეთ, როგორი ხალხი ჰყავთ - ხაბე, მურთაზა ზოდელავა, გუბაზას ბურვაკი, ქმარგატაცებული თინიკო, მევენახე ია და ასეთი უამრავი ოდიოზური ფიგურები. იმდენად დამბლადაცემულები არიან, რომ ვერ ვხდებიან ვერაფერს. თუ მთელი ევროკავშირი გამოიყენებს ფიზიკურ ძალას, მაშინ კი, ბატონო, შეცვლიან ხელისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მელობიე ნანულას და მევენახე იას ქართველი ხალხი ხელისუფლებაში არ მოიყვანს. ამაოა მათი ვნებანი. ამიტომ, ევროკავშირის ელჩს ვურჩევდი, შეეშვას ამ ამბებს, ზოგიერთები შეჩვეულნი არიან ვენახში გართობებს, წავიდეს კახეთში, მასთან ერთად და კარგად გაართობენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, ედიშერ გვენეტაძემ.

პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის განცხადებით, დიპლომატების ჩართულობა პროცესებში, რთული პრობლემაა, მით უმეტეს, რომ სიტუაციას ართულებს ის  ფაქტორი, რის გამოც ვერ იღებს ხელისუფლება შესაბამის ზომებს.

„საკმარისია, მან ელჩს თითი დაუქნიოს და ვიცით, გერმანიის ელჩს რომ დაუქნიეს თითი, გამოექომაგა გერმანიის სამინისტრო. ევროპული ქვეყნების საელჩოები იღწვიან შიდა არეულობის მოწყობის ფრონტზე. საკმარისია, რომელიმე ევროპული ქვეყნის საელჩოს შეუტიოს საქართველოს ხელისუფლებამ და ეგრევე მოგაკრავენ იარლიყს, რომ შენ ანტიევროპულ პოლიტიკას ეწევი. ასე, რომ პრინციპში, დათმობ და გიტევს, თავდაცვის მიზნით შეუტევ და გაბრალებს ანტიევროპულობას, რაც კიდევ უფრო გაზრდის საპროტესტო ტალღას, რომელიც ევროპის დროშით მიმდინარეობს დღეს, საქართველოში.

ქართველებს თავი დავანებოთ და თვითონ ევროპული ქვეყნების მოქლაქეებშიც, რომლებთანაც მქონია დიალოგი, საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული ეს პროზიცია, რომ საქართველო რუსეთისკენ მიდის. რატომ მიდის, როგორ, რით მიდის - მატარებლით თუ თვითმფრინავით, ეს კითხვები არ ისმება. იარლიყი მუშაობს. როცა არგუმენტი არ აქვთ, ჩუმდებიან. ევროკავშირის ელჩი რომ გააძევოს ხელისუფლებამ, ასეთ შემთხვევაში, არგუმენტად გამოიყენებენ იმას, რომ თუ რუსეთისაკენ არ მიდიხართ, მაშინ, რატომ გამოუშვით ჩვენი ელჩიო. მთელი ეს კამპანია - საქართველო რუსეთისკენ მიდის - დაიწყო მას მერე, რაც საქართველომ უარი თქვა რუსეთთან ომში შებმაზე და ახლა ამბობენ, რომ თუ არ ხართ რუსეთთან, მაშინ, რატომ ამბობთ ომზე უარსო. ასეთია მათი ლოგიკა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, რამაზ საყვარელიძე.