„დამხობისკენ მოწოდება დანაშაულია, ყოველგვარი სხვა პირობის გარეშე!“

„დამხობისკენ მოწოდება დანაშაულია, ყოველგვარი სხვა პირობის გარეშე!“

ლევან ხაბეიშვილს ბრალი დაუმძიმდა. საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის განცხადებას 4 ოქტომბერს, ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ შესახებ. შესწავლის პროცესშია ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, ასევე კავშირი ასაფეთქებელ ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმესთან. 

ხაბეიშვილი ახლა დაკავებულია, მაგრამ მისი თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ გეგმა ძალაშია და ისინი მხარდამჭერებს მოუწოდებენ, რომ 4 ოქტომებს დილიდან დაიწყონ გამოსვლა რუსთაველის გამზირზე. გარდა ამისა, დაგეგმილია მხარდამჭერების ჩამოყვანა რეგიონებიდან, ორგანიზებულად.

ძალოვან უწყებაში კი აცხადებენ, რომ ყველა კანონდარღვევა იქნება აღკვეთილი. მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი, არის ორი მიმართულებით საქმე აღძრული, როგორც დამხობის, ასევე ქრთამის დაპირების მიმართულებით, დანარჩენი, ბუნებრივია, სასამართლოს საქმეა.

„ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, სულ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე და ა.შ. ათასი განცხადება გაკეთდა ამ დღეების განმავლობაშიც. აქაც პრაქტიკა უნდა იყოს იმისგან განსხვავებული, რაც იყო 3-4 წლის წინ. კანონი უნდა მუშაობდეს საქართველოში მთელი სიმკაცრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები.

ყველას ვპირდები, როგორც სხვა მიმართულებებით გავამკაცრეთ კანონის მოქმედება, ეს ეხება კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს, თუ ნარკოტიკულ დანაშაულს, ძალიან მკაცრი მიდგომები გვექნება პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებითაც. ყველა მიმართულებით გვექნება უფრო მკაცრი მიდგომები კანონის აღსრულების ნაწილში, ვიდრე ეს იყო წარსულში. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობს ნარკომანებს, „ნაცებს“, ორგანიზებულ დამნაშავეებს, მაგრამ ეს აწყობს საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ნებისმიერი სახის დამხობისკენ მოწოდება ისჯება.

„მოკლედ, „ნაცაგენტურის“ თავის მართლებაზე, დამხობის მოწოდებასთან დაკავშირებით: დამხობა, თავისი არსით, არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი და თეორიულად ისეთი იურიდიული ნონსენსი რომც გავიზიაროთ, რომ დამხობას აქვს სხვადასხვა ხასიათი - „მშვიდობიანი“, „წყნარი“, „ელეგანტური“ და ა. შ., ის მაინც ისჯება, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში დამხობის ფორმები არ არის გათვალისწინებული და ისჯება ნებისმიერი სახის დამხობისკენ მოწოდება.

რაც შეეხება ბრალდებული ხაბეიშვილის მხარდასაჭერად, თუ სხვა მიზნით გაკეთებულ იგივე შინაარსის განცხადებებს, დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში, სუს-ი დააკვირდება და შეისწავლის მათ შინაარსს და მომავალში სწორად დააკვალიფიცირებს, რომელი მათგანი ატარებდა მხარდასაჭერი პერფორმანსის და რომელი - დანაშაულებრივ ხასიათს! დამხობისკენ მოწოდება დანაშაულია, ყოველგვარი სხვა პირობის გარეშე!“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, რომელიც აწარმოებს დაბალანსებულ პოლიტიკას, შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს მიზნის მიღწევას.

„ნახეთ, რა კარგად არის ნათქვამი - „შინმოუსვლელი და ომში დაკარგული, ერთი და იგივე არისო“, ანალოგიურია - „მშვიდობიანი დამხობა“. დამხობა, დამხობაა. რატომ არ ხმარობენ სიტყვას - ცვლილებას? ეს არის სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიის დავალება, რომ მოსახლეობის ყური შეაჩვიონ სიტყვა - „დამხობაზე“ და შემდეგ, თუ მოხერხდა და ეს გაკეთდა, „გაპრავება“ ჩვენზე იყოსო. ამიტომ, დღევანდელ დღეს, ჩვენ ვართ სახელმწიფო, ვაწარმოებთ დაბალანსებულ პოლიტიკას. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის განვითარებასა და ეროვნულ ინტერესებზე არის ორიენტირებული. ამიტომ, ვერც ერთ შემთხვევაში, ვერ მოვიხმართ სიტყვას - დამხობა. თუ უნდათ დამხობა, კი, ბატონო, დაამხონ საკუთარი ოჯახები, საკუთარი პარტიები. ჩვენ, ქართველი ხალხი და საქართველო, ხაბეს, პატიკო ბურჭულაძისა და ასეთი ვიგინდარების დასამხობი არ ვართ!

ამათმა ფულები აიღონ და ჩვენ ის უბედურებები დაგვმართონ ისევ, რაც 90-იან წლებში და რაც დღემდე მოგვყვება?! გამორიცხულია, ეს არ მოხდება! სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს შესაბამისად. გადახედეთ, რა ხდებოდა სოციალურ ქსელებში, ხალხი ითხოვდა ამ სისხლის სამართლის დამნაშავეების დაპატიმრებას, რომლებიც უპირველესად უპირისპირდებიან ქვეყანას. ამიტომ, ვისაც არ უნდა „ვირის აბანო“, შეუძლია, სიტყვა „დამხობის“ მაგივრად, თქვას ცვლილება. არავინ, არავის არ ერჩის ამ შემთხვევისათვის, მაგრამ თუ დამხობა იქნება, შემხობა იქნება მაგათი ციხეში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, ედიშერ გვენეტაძე.